11 ფილმი სიყვარულის, სიკვდილის, ეჭვიანობის… უბრალოდ, ცხოვრების შესახებ
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-24

სექცია "ჰორიზონტები" ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია, სადაც ბოლო ორი წლის საუკეთესო აზიური, აფრიკული, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში შექმნილი ფილმებია წარმოდგენილი.

იქნება ეს ტაკეში მიიკეს სამურაის ისტორია, საბუს კულინარი მკვლელის "მისტერ ლონგის" ამბავი, ინდური სათავგადასავლო კინო სექსი დურგათი თუ მარტოსული ქალისა და წყლის მონსტრის სასიყვარულო ამბავი, ვენეციის გამარჯვებული გილიერმო დელ ტოროს ფილმიდან "წყლის ფორმა".

სექციაში "ჰორიზონტები" წარმოგიდგენთ:


"უკვდავი სამურაის ხმალი" ("Blade of the Immortal", იაპონია, დიდი ბრიტანეთი 2017)

ბწყინვალე უნარების მქონე სამურაი მანჯის, ლეგენდარული ბრძოლის შემდეგ, სამუდამო სიცოცხლეს მიუსჯიან. მისი დის სასტიკი მკვლელობა მოსვენებას არ აძლევს მას და ხვდება, რომ მხოლოდ ბოროტებასთან ბრძოლის შემდეგ შეძლებს სულის დაბრუნებას. ის დახმარებას აღუთქვამს ახალგაზრდა გოგონას, სახელად რინს, რომ მისი მშობლების მკვლელობის გამო შურს იძიებს. გოგონას მშობლები პროფესიონალმა მეომრებმა მოკლეს, ულმობელი მებრძოლის ანოცუს მეთაურობით. ეს მისია სრულიად შეცვლის მანჯის და მის ცხოვრებას.

ტაკეში მიიკე დაიბადა პატარა ქალაქ იაოში, ოსაკას გარეუბანში (იაპონია). 18 წლის ასაკში იოკოჰამას კინოსკოლაში შევიდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ვიდეოფილმების ბუმმა მიიკე საკუთარი ფილმების გადაღებამდე მიიყვანა, ვინაიდან ახლადდაარსებული კომპანიები ახალგაზრდა რეჟისორებს სიამოვნებით უღებდა კარს, იაფი ანაზღაურების და დაბალბიუჯეტიანი მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გადაღების გამო. საერთაშორისო სახელი მას მოუტანა ფილმმა „სინჯები" (1999) და მას შემდეგ დასავლეთში სულ უფრო ფართოვდება მისი კულტი. მისი ფილმები ცნობილია სისასტიკის და სექსის გულახდილი და ტაბუირებული თემების წარმოჩენით, მაგალითად, ფილმებში: „სტუმარი Q" (2001), „მკვლელი იჩი" (2001) და ტრილოგია „მკვდარი ან ცოცხალი" (1999, 2000, 2002).

"დამნაშავეები" ("Guilty Men", კოლუმბია 2016)

უილინგტონის ერთადერთი სიყვარული - მარიანა - უილინგტონის ბიძაშვილზე, რენეზე დაქორწინებას აპირებს. უილინგტონი მის დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ ამ დროს რეგიონში არალეგალურ შეიარაღებულ ჯგუფთან დაკავშირებული დემობილიზაციის პროცესი იწყება. ახალი მკვლელობები და გაქცეული ქურდი მარინას ახალ ოჯახს საფრთხეს უქმნის.

ივან გაონა დაიბადა გუეპსაში (სანტანდერი, კოლუმბია). მშენებლობა-დაპროექტების შესწავლის შემდეგ, კოლუმბიის ეროვნულ უნივერსიტეტში დაეუფლა კინო და ტელერეჟისურას. „დამნაშავეები" (2016) მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც სხვა ფესტივალების გარდა, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზეც აჩვენეს. ფილმმა სინელატინოზე FIPRESCI-ის პრიზი დაიმსახურა.


"ჟოაკიმი" ("Joaquim", ბრაზილია, პორტუგალია 2017)

მეთვრამეტე საუკუნის ბრაზილია. ქვეყანას კორუმპირებული კოლონისტი ოფიცრები მართავენ. ლეიტენანტმა ჟოაკიმმა ოქროს კონტრაბანდისტებზე მონადირის სახელი გაითქვა. უკვე დიდი ხანია ელოდება ჯილდოს, რომლის საშუალებითაც უნდა, თავისი შეყვარებული - ფერადკანიანი მონა გამოისყიდოს. სხვა საშუალებით ფულის შოვნის მიზნით, ის გადაწყვეტს, რომ მონაწილეობა მიიღოს ოქროს ახალი საბადოების აღმოსაჩენ სახიფათო ექსპედიციაში. რაც უფრო გრძელდება ძიება, მით უფრო ეჭვი იპყრობს ჟოაკიმს. თანდათან აცნობიერებს იმ უკანონობას, რომელიც მისმა ქვეყანამ კოლონიას მოუტანა.

მარსელო გომესი დაიბადა რესიფიში (ბრაზილია). ადრეულ ასაკში, თავის მშობლიურ ქალაქში კინოკლუბი დააარსა. სწავლობდა ბრისტოლის უნივერსიტეტში და პარალელურად იღებდა მოკლემეტრჟიან ფილმებს, რომელთაც არაერთი ჯილდო დაიმსახურეს. მისი სრულმეტრაჟიანი კინოდებიუტი „კინო, ასპირინი და მტაცებლები" 2005 წელს კანში აჩვენეს. მისი ფილმი „მივემგზავრები იმიტომ, რომ ასეა საჭირო და ვბრუნდები, რადგან მიყვარხარ", რომელიც კარიმ აინუზთან ერთად გადაიღო, 2009 წელს ვენეციაში წარმოადგინეს.

"ძაღლები" ("Los Perros" ჩილე, საფრანგეთი, არგენტინა, პორტუგალია 2017)

42 წლის მარიანა მაღალი წრის ჩილეელთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც პრივილეგიას ნორმად მიჩნევენ. მამის და ქმრის მიერ უარყოფილი მარიანა უჩვეულო ლტოლვას გრძნობს თავისი ჯირითის ინსტრუქტორის, 60 წლის ხუანის მიმართ. ხუანი ყოფილი პოლკოვნიკია, რომელიც დიქტატურის დროს, ადამიანის უფლებათა დარღვევაში იყო ეჭვმიტანილი.

მარსელა საიდ კარესი დაიბადა სანტიაგოში (ჩილე). 2013 წელს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მფრინავი თევზის ზაფხული" პრემიერა კანის რეჟისორების ორკვირეულის ფარგლებში შედგა.

"მალარია" ("Malaria", ირანი 2016)

ახალგაზრდა გოგონა მამამისს ატყობინებს, რომ მოიტაცეს და თხოვს, რომ გამოსასყიდი მიიტანოს. შეშინებული მამა და ძმები თეირანში მის მოსაძებნად მიდიან. მაგრამ მათ არ იციან, რომ სინამდვილეში ის შეყვარებულთან ერთად გაიპარა და ახლა დროს ქუჩის მუსიკოსების გარემოცვაში ატარებს. ჯგუფის ლიდერის დაპატიმრების შემდეგ, თავის ბოიფრენდზე უზომოდ შეყვარებული გოგონა საეჭვო გზას ირჩევს.

ფარვიზ შაჰბაზი დაიბადა თეირანში (ირანი). შაჰბაზიმ თეირანის კინოკოლეჯი კინორეჟისორის სპეციალობით დაამთავრა. 1980-იანი წლების დასაწყისში მან მოთხრობების წერა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო. 2002 წელს მისი მესამე ფილმი „ღრმა ჩასუნთქვა" კანის საერთაშორისო კინოფესტივალის რეჟისორების ორკვირეულის სექციისთვის შეარჩიეს. ფილმმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კინოჩვენების შემდეგ მაყურებელს საშუალება მიეცემა ჩვენი ფესტივალის სტუმარს - ფარვიზ შაჰბაზს შეხვდეს, და დაესწროს კითხვა-პასუხის სესიას.

"ნათება" ("Radiance", იაპონია, საფრანგეთი 2017)

"არაფერია იმაზე ლამაზი, რაც შენი თვალთახვედვიდან ქრება" ამ ფრაზას არაერთხელ იმეორებს ფილმის მთავარი გმირი ნაომი კავასეს სენტიმენტალურ ფილმში. პროტაგონისტი ასაკით უფროს ფოტოგრაფ ნაკამორის ხვდება, რომელიც ნელ-ნელა კარგავს მხედველობას. მისაკო მალე აღმოაჩენს ნაკამორის ფოტოებს. ნაკამორი მას რატომღაც საკუთარ წარსულში დააბრუნებს. ისინი ერთად ისწავლიან იმ მანათობელი სამყაროს დანახვას, რომელიც მისაკოსთვის აქამდე უხილავი იყო.

ნაომი კავასე დაიბადა ნარაში (იაპონია). ის არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით: „ტკბილი ლობიო" (2015), „მშვიდი წყალი" (2014) და „მგლოვიარე ტყე" (2007).

"სექსი დურგა" ("Sexy Durga", ინდოეთი 2017)

ჩრდილოეთ ინდოელი მიგრანტი დურგა და კერალელი ახალგაზრდა, კაბირი, შუაღამისას იპარებიან. ისინი უახლოეს რკინიგზის სადგურზე ტრანსპორტს ელოდებიან, რომ შორეულ მხარეში წავიდნენ. ორი უმნიშვნელო განგსტერი, რომლებსაც იარაღი გადააქვთ, წყვილს დახმარებას შეთავაზებენ...

სანალ კუმარ სასიდჰარანი დაიბადა სოფელ პერუმკადავილაში, თირუვანანთაპურამის რეგიონში, კერალა. 2001 წელს მან, კოლეგებთან ერთად, დააარსა კინოსაზოგადოება, რაც ითვალისწინებს დამოუკიდებელი ფილმებისთვის ხალხის მხრიდან დაფინანსების ხელშეწყობას. 2014 წელს მას კერალას შტატის კინოპრემიის ცერემონიალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს.


"წყლის ფორმა" ("The Shape of Water", აშშ 2017)

არაამქვეყნიური ზღაპარი, რომელშიც მოქმედება ცივი ომის ხანის ამერიკაში, დაახლოებით 1962 წელს ვითარდება. ფარულ, განსაკუთრებულად დაცულ სამთავრობო ლაბორატორიაში ელიზა დატყვევებულია და მარტოსულის ცხოვრებით ცხოვრობს. ელიზას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როდესაც ის, თანამშრომელ ზელდასთან ერთად, საიდუმლო ექსპერიმენტს აღმოაჩენს.

გილიერმო დელ ტორო დაიბადა გუადალახარაში (მექსიკო), სადაც სწავლობდა მექსიკის კინოსკოლაში. მის სრულმეტრაჟიან ნამუშევრებს შორის არის ფესტივალების მონაწილე ფილმები: „ქრონოსი" (1993), „ეშმაკის ხერხემალი" (2001) და „პანის ლაბირინთი" (2006), რომლისთვისაც მან საუკეთესო სცენარის კატეგორიაში ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა


"სიმულაცია" ("Simulation", ირანი 2017)

უიკენდის დროს, სამი ახალგაზრდა მშობლიურ ქალაქში გასართობ ადგილს ეძებს. ისინი რამდენიმე ალტერნატივის შესახებ საუბრობენ. ბოლოს, ერთი მოხუცის სახლში წავლენ, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. მართალია, მოხუცი სიხარულით დათანხმდება მათ ინიციატივას თუმცა შემდგომი მოვლენების განვითარება თითოეულისთვის ტრაგიკულად სრულდება.

აბედ აბესტი დაიბადა ირანში. ის არის თეატრის და კინოს მსახიობი და რეჟისორი. აბედს გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გუშინწინდელ დღემდე ჰოსეინი არ მინახავს" (2011) და საშუალო ხანგრძლივობის ფილმი „კუთხე" (2014). „სიმულაცია" მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც ბერლინალეზე, 2017 წელს შედგა.

კინოჩვენების შემდეგ მაყურებელს საშუალება მიეცემა ჩვენი ფესტივალის სტუმარს - აბედ აბესტს შეხვდეს, და დაესწროს კითხვა-პასუხის სესიას.


"მისტერ ლონგი" ("Mr. Long", იაპონია, ჰონგ კონგი, ჩინეთი, ტაივანი, გერმანია 2017)

პროფესიონალ დაქირავებულ მკვლელს იაპონიაში საქმეზე დაუძახებენ. როდესაც ვითარება აირევა, მას გაქცევა მოუწევს. მძიმედ დაჭრილი ლტოლვილი თავშესაფარს პატარა ქალაქის უდაბურ ნაწილში იპოვის. ლონგი ნახევრადდანგრეულ სახლში დასახლდება, სადაც ის საჭმელს ამზადებს რვა წლის იუნისთვის. იუნის დედა ლილი - ნარკომანია და ლონგის მსგავსად, ისიც ტაივანიდანაა. ლონგის კულინარიული სასწაულების შესახებ ხმა გავარდება და ლონგის მეზობლები მას საკვებ ობიექტს გაუხსნიან

საბუ 1964 წელს, ვაკაიამას იაპონურ პრეფექტურაში დაბადებულმა რეჟისორმა კარიერა მსახიობობით დაიწყო, სანამ სცენარების წერას და ფილმების გადაღებას 1990-იან წლებში დაიწყებდა. 1996 წელს მისი სარეჟისორო დებიუტი იყო ფილმი „მორბენალი ტყვია" (1997 წლის ბერლინალეს პანორამაზე აჩვენეს). მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კინოფესტივალზე, მათ შორის FIPRESCI-ის პრიზი ბერლინში, 2000 წელს, ფილმისთვის „ორშაბათი".

"შემდეგი დღე" ("The Day After", სამხრეთ კორეა 2017)

პატარა გამომცემლობაში არეუმს სამსახურის პირველი დღე აქვს. მის უფროსს, ბონგვანს აქამდე ერთი ქალი უყვარდა, რომელიც მანამდე მასთან მუშაობდა და რომელთანაც ურთიერთობა ცოტა ხნის წინ გაწყვიტა. დღესაც დაოჯახებული ბონგვანი დილაადრიან გამოდის სახლიდან და სამსახურში მიდის. მოსვენებას არ აძლევს იმ ქალზე ფიქრი, რომელმაც მიატოვა. ზუსტად იმ დღეს, ბონგვანის ცოლი პოულობს სასიყვარულო ბარათს, მივარდება ქმრის ოფისში და არეუმი ის ქალი ეგონება, რომელმაც ბონგვანი მიატოვა.

1996 წელს ჰონ სანსუმ შესანიშნავი პირველი მხატვრული ფილმი გადაიღო „როცა ღორი ჭაში ჩავარდა". ის ცნობილია თავისი განუმეორებელი სტილით და უპრეცედენტო კინოესთეტიკით. ჰონ სანსუ თანამედროვე კორეული კინოს ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ რეჟისორად ითვლება.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1811