მე-18 კინოფესტივალის „სპეციალური ჩვენების“ შესახებ
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-27

წლევანდელ კინოფესტივალზე „სპეციალური ჩვენების" ფარგლებში გთავაზობთ სამ ფილმს:


"დიდი მწვანე ველი" ("Big Green Valley", საბჭოთა კავშირი, 1967)

სოსანა მწყემსია, თავის ცოლ-შვილთან ერთად სოფელში ცხოვრობს და სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით აგრძელებს დანატოვარს, წინაპართა საქმეს. სხვა ცხოვრება სოსანას არც წარმოუდგენია; ბუნება, სოფელი, დიდ მწვანე ველი და ოჯახი - ესაა მისი ავლადიდება, მისი სამყარო და ყოველდღიური ცხოვრებაც. მის სოფელში, გეოლოგები ნავთობის საძიებელ სამუშაოებს იწყებენ და თანამედროვე ცივილიზაცია, თავისი ტექნიკის გუგუნითა თუ ხმაურით სოსანას სამყაროში შემოდის. სოსანა წინააღმდეგობაშია ცვლილებებთან და მისი ძალადობრივი შემოჭრა დიდ, მწვანე ველზე, მისთვის ყველაფერი ფასეულის ნგრევასა და განადგურებას მოასწავებს.

კინოსა და ვიდეო-ხელოვნების დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა „არსენალმა", წელს 3 ქართულ ფილმს რესტავრაცია გაუკეთა და ციფრულ ფორმატში გადაიტანა. მათ შორისაა მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი". ჩვენს ფესტივალზე, სპეციალურ ჩვენებაში წარმოდგენილი ქართული კინოკლასიკა, განახლებული ფორმატით იქნება ნაჩვენები.

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი და სცენარისტი. ცნობილია ფილმებით: „ნუცას სკოლა" (2000), „მიხა" (1966) და „ცხელი ზაფხულის სამი დღე" (1981).

„შორს" („Far Away", საფრანგეთი, ესპანეთი 2001)

ტანჟერში, კონტინენტთაშორისი სატვირთო მანქანის მძღოლ სერჟს უყვარს სარა, მაგრამ რაღაც უსიამოვნებაშია გახვეული. ფილმში მოქმედება ვითარდება ტანჟერში, სამი დღის განმავლობაში და მოგვითხრობს სამი ახალგაზრდა მეგობრის ამბავს, რომლებიც კრიტიკულ გადაწყვეტილებას იღებენ თავიანთი გაურკვეველი მომავლის შესახებ.

ანდრე ტეშინე 1964-67 წლებში წერდა კინოს შესახებ ჟურნალისთვის „Cahiers du Cinéma". შემდეგ რეჟისორ ჟაკ რივეტის ასისტენტი გახდა. ჯერ პარიზული თეატრის რეჟისორობით დაიწყო, სანამ 1970-იანი წლების დასაწყისში ფილმებისთვის სცენარებს დაწერდა და გადაიღებდა. დიდი წარმატება მოუტანა ფილმებმა „ჩემი საყვარელი სეზონი" და მრავალი ჯილდოს მფლობელმა დრამამ „ველური ლერწამი".

„სევდის ანგელოზები" („Angels of Sorrow", საქართველო 2017)

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი „სევდის ანგელოზები" გადაღებულია რამდენიმე ქალაქში საიუბილეო საკონცერტო ტურნეს პარალელურად (ბერლინი, ბრიუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი). ხელოვანი, რომლისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი იყო თავისუფლება. საბჭოთა იდეოლოგები მის მუსიკას ნარკოტიკს უწოდებდნენ და წერდნენ, რომ მისი ნაწარმოებები კაპიტალისტურ ქვეყნებში მტრებს ახარებდა. გია ყანჩელი მეგობრებთან ერთად, ყოველ გამოწვევას თავისი შემოქმედებით სცენიდან პასუხობდა... ფილმი მოგვითხრობს არტისტის ბედზე თანამედროვე სამყაროში. ხელოვნება ვერაფერს ცვლის - ომი გრძელდება!

თეონა ჯორბენაძემ დაამთავრა ხელოვნების ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი (1996წ), საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა (2016წ.). 1997-2012 წლებში თანამშრომლობდა გერმანულ ორგანიზაცია „მელხიორსგრუნდთან", რომელთან ერთადაც ერთობლივი თეატრალური დადგმები განახორციელა გერმანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, საქართველოსა და კოსოვოში.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1408