„ექიმ კალიგარის კაბინეტი“ სამეფო უბნის თეატრში
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-27

მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ სექციას „აპოლო - კინოს მეხსიერება", რომელიც მომზადებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ საქართველო-გერმანიის წლის (2017) ფარგლებში.

სექცია 5 დეკემბერს 19:00-ზე, სამეფო უბნის თეატრში გაიხსნება რობერტ ვინეს ფილმით „ექიმ კალიგარის კაბინეტი" („The Cabinet Of Dr. Caligari").

გახსნაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე პაიჩი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი.

დამსწრე საზოგადოებას საინტერესო საღამო ელის, რადგან 1920 წელს გადაღებული პირველი ექსპრესიონისტული ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკის, ჯაზ-ბენდის KÜSPERT & KOLLEGEN (კიუსპერტი და კოლეგები) თანხმლებით ჩაივლის.

რობერტ ვინეს ამ ფილმით მსოფლიომ 1920 წელს პირველად ნახა ექსპრესიონიზმი დიდ ეკრანზე. ექსპრესიული მაკიაჟი, გამოკვეთილი, წვეტიანი ფორმები და დამახინჯებული სამყარო - ასეთია „ექიმ კალიგარის კაბინეტის" ვიზუალური სამყარო.

6 დეკემბერს კი, კინოთეატრ „ამირანში" 21:00-ზე გაიმართება სექციის კიდევ ერთ საინტერესო ნამუშევრის, ფრიდრიჰ ვილჰელმ მურნაუს ფილმის „ნოსფერატუს" („Nosferatu") ჩვენება. ეს ფილმი, მურნაუს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნამუშევარია, რომელიც მან 1922 წელს, ბრემ სტოკერის „დრაკულას" მიხედვით გადაიღო. ეს სეანსიც ჯაზ-ბენდის KÜSPERT & KOLLEGEN მუსიკალური გაფორმებით ჩაივლის.

KÜSPERT & KOLLEGEN ჯაზის კამერული ანსამბლია, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და მუნჯი კინოს შედევრებს მუსიკალურად აფორმებს. მათი მსმენელი, ესაა თანამედროვე ჯაზის და მუნჯი კინოს მოყვარული მაყურებელი, „ჩვენ ყოველთვის პულსზე გვიდევს ხელი - ძალიან თანამედროვე და არაპროგნოზირებად, ტრადიციული მუნჯი კინოს მუსიკისგან განსხვავებულ მუსიკას ვქმნით" - ამბობს გიტარისტი და კომპოზიტორი ვერნერ კიუსპერტი.

ვერნერ კიუსპერტი მუშაობდა ფილმებზე და სატელევიზიო სპექტაკლებზე. თუმცა 2016 წელს სცენას დაბრუნდა და დღეს, მისი ანსამბლი KÜSPERT & KOLLEGEN ჯაზისა და მუნჯი კინოს სინთეზს, მაღალ საშემსრულებლო დონეზე ახორციელებს.

მნახველთა რაოდენობა: 594