კანადური კინო ჩვენს კინოფესტივალზე
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-29

 

 

წელს, კანადის სახელმწიფო დაარსების 150 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, საქართველოში კანადის საელჩოსთან და ტელეფილმ კანადასთან ერთად, ფესტივალზე სპეციალურ სექციას გთავაზობთ - „კანადა 150". სექციაში მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებია წარმოდგენილი, კანადური კინოს ბოლო ხუთი წლის საუკეთესო ნამუშევრები.


"ნიკელისა და ყინულის მთვარე" ("A Moon of Nickel and Ice", კანადა 2016)

არქტიკული ციმბირის შუაგულში არსებული მაღაროელთა ქალაქი ნორილსკი ქარის კედლებს მიღმაა და მისი ქარხნების გამონაბოლქვსა და გოგირდშია ჩაძირული. თუკი თინეიჯერები ამ გათოშილი ქალაქიდან გაქცევაზე ოცნებობენ და ნიკელის მაღაროს მუშები დანგრეული საბჭოთა კავშირის ამხანაგობას ნატრობენ, გულაგის ტყვეთა შთამომავლები და თეატრის მსახიობები ცდილობენ, ნათელი მოფინონ ყინულისა და ცენზურის საფარქვეშ დამარხულ ნორილსკის შავბნელ წარსულს.

ფრანსუა ჟაკობი თვითნასწავლი რეჟისორია, რომელსაც ძირითადად მოკლემეტრაჟიანი ფილმები აქვს გადაღებული. მის ადრეულ ნამუშევრებს შორის საგულისხმოა: „მომღერალი მომავალი" (2014), „მზე" (2010) და „მატარებლის ბოლო" (2008). „ნიკელის მთვარის ქვეშ" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ნამუშევარია. ფრანსუა ჟაკობი ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს მონრეალში.


"მძინარე გოლიათი" ("Sleeping Giant", კანადა 2015)

ახალგაზრდა ადამი საზაფხულო არდადეგებს ოჯახთან ერთად, ტბის პირას ატარებს. მისი მოსაწყენი ყოველდღიურობა მაშინ სრულდება, როდესაც თავზეხელაღებულ რაილისა და ნეიტს გაიცნობს, რომლებიც დროს თავაშვებულობასა და კლდიდან ხტომაში ფლანგავენ. მტკივნეული საიდუმლოს გაცხადება ადამის სამყაროს თავდაყირა აყენებს და ისეთ ამბებს გამოიწვევს, რომელიც ბიჭების ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

კანადელი რეჟისორი ენდრიუ ჩივიდინოს სრულმეტრაჟიანი ფილმის დებიუტი ნამუშევრით „მძინარე გოლიათი" შედგა. ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალმა მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბავშვები ბოლოს შევჭამეთ" 2011 წელს კანადის ათ საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.

"აკრძალული ოთახი" ("The Forbidden Room", კანადა 2015)

აქამდე უცნობი მეტყევე უცნობი გზებით აღმოჩნდება წყალქვეშა გემზე, რომელიც თვეების მანძილზე, წყლის სიღრმეშია დატყვევებული, არასტაბილური ბარგის გამო. შეშინებული ეკიპაჟი გზას იკვლევს განწირული ხომალდის კორიდორებში და ამ დროს ირკვევა, რომ საკუთარ ღრმა შიშებში მოგზაურობენ.

გაი მედინი დაიბადა ვინიპეგში (მანიტობა, კანადა). მედინმა პირველი ფილმი გადაიღო 1985 წელს და მას შემდეგ, მუნჯი კინოს კონვენციებს ხშირად გარდაქმნის და განაახლებს თავისი უნიკალური ხელწერით. საერთაშორისო კრიტიკის შეფასებით, ის კანადის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია.

ევან ჯონსონი სცენარისტი და რეჟისორია. ის სწავლობდა კინოხელოვნებას და ფილოსოფიას მანიტობას უნივერსიტეტში. 2009 წელს ის გაი მედინმა აღმოაჩინა.

"დემონები" ("The Demons", კანადა 2015)

ათი წლის ფელიქსი მშვიდ გარემოში იზრდება და, შეიძლება ითქვას, იდეალური ბავშვობა აქვს. ფილმში მოვლენებს მისი თვალით ვუყურებთ, ამიტომაც თანდათანობით ირკვევა, თუ რამდენ შიშს და მღელვარებას მალავს ე.წ. ნორმალური ბავშვიც ყოველ ნაბიჯზე. მისი მომეტებული მგრძნობელობის წყალობით, ბიჭი თითქოს გრძნობს, როდესაც საფრთხე ახლოა.

ფილიპ ლესაჟი არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით „დემონები" (2015), „გული, რომელიც ფეთქავს" (2010) და „კოპენჰაგენი. სასიყვარულო ისტორია" (2014).

"ლირას ტყე" ("Lira's Forest", კანადა 2017)

მოხუცი ქალის სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება და ის ახლომდებარე ტყიდან უცნაურ სულს ხვდება.

კონორ ჯესაპი დაიბადა ტორონტოში (კანადა). ის თერთმეტი წლიდან მონაწილეობს ფილმებში. მაგრამ ჯესაპი, ასევე, რეჟისორიცაა, რომელსაც გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელთა სცენარის ავტორიც თვითონაა.

"ხარაჩო" ("Scaffold", კანადა 2017)

კანადაში მცხოვრები ემიგრანტები, რომლებიც ხე-ტყის მასალაზე მუშაობენ, არღვევენ სამუშაო რუტინას და აკვირდებიან უბნის ადამიანებს განსაკუთრებული, სარისკო და ეფემერული პოზიციიდან.


კაზიკ რადვანსკი დაიბადა ტორონტოში და კინორეჟისურას რეიერსონის უნივერსიტეტში სწავლობდა. მის მოკლემეტრაჟიან ფილმთაგან აღსანიშნავია: „დედოფალ მარგარეტის ბულვარი" (2008), „შიგ ღრმა ლურჯ ზღვაში" (2009) და „მწვანე ცარცი" (2010), ასევე, კანადის საუკეთესო ათეულში შემავალი „სავიზიტო ბარათი" (2014).

"ხმადაკარგული" ("Voiceless", კანადა 2015)

ედგარი ღორების სასაკლაოზე მუშაობს. მას უყვარს ოპერა და თავისი ოცნების ქალი - სტრიპტიზის მოცეკვავე ჟინეტი. ედგარი მზადაა, რომ ცოლობა თხოვოს, მაგრამ მოულოდნელად შეიტყობს, რომ მის უფროსთან წევს. შოკში ჩავარდნილი ედგარი კარგავს საკუთარ ხმას და, სამწუხაროდ, ღორის ხმის გამოცემაღა შეუძლია.


დავით ულოთმა დაამთავრა კონკორდიას უნივერსიტეტი, კინოწარმოების განხრით და გადაღებული აქვს თოთხმეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც ასობით კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები და არაერთი საერთაშორისო ჯილდოთი აღინიშნა.


"მუტანტები" ("Mutants", კანადა 2016)

1996 წლის ზაფხულში ცხოვრება მოულოდნელ სიურპრიზს მოუვლენს კევენ გენეტს... ბეისბოლის პარალიზებული მწვრთნელის ხელმძღვანელობით, კევენი აღმოაჩენს მუტაციას, სექსს და სიყვარულს.

ალექსანდრ დოსტი დაიბადა კვებეკის გარეუბანში, რაც ამჟამად მის ნამუშევრებში ვლინდება. ის არის პოეტი და პერფორმერი. 2010 წელს მან შექმნა ვებ-სერიალი „სან-სესილი". „მუტანტები" მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია.


"მიპასუხე, დედა გირეკავს!" ("Hi, It's Your Mother", კანადა 2016)

დენიელ სტერლენ-ოლტმანის მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია საოჯახო სიტკომივით ან 1950-იანი წლების სატელევიზიო ფილმივით იწყება და შემდეგ გადაიზრდება საშინელებათა ჟანრში, მერე შავ კომედიად იქცევა და ბოლოს - საწყის წერტილს უბრუნდება. ფილმი, ასევე, გვიჩვენებს, რომ დედა-შვილის ურთიერთობა ყოველთვის საკმაოდ ჩახლართულია.

დენიელ სტერლენ-ოლტმენი დაიბადა ტორონტოში (კანადა). სწავლობდა ანიმაციური ფილმების სპეციფიკას მონრეალის მელ ჰოპენჰაიმის სახელობის კინოსკოლაში და ანიმაციური კინოს რეჟისორი გახდა. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს მელბურნში (ავსტრალია).

 

 

მნახველთა რაოდენობა: 774