ხელოვნება - მე-18 ფესტივალის მთავარი თემა
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-29

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ყოველწლიური ტრადიცია აქვს: მისი თითოეული გამოშვება ახალ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემას ეხმიანება და ფესტივალის მთავარი ლეიტმოტივი ხდება. ის თანამედროვე მოაზროვნეებს, აქტუალური თემებით დაინტერესებულ მაყურებელს და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, საკითხის კინემატოგრაფის საშუალებით ანალიზს სთავაზობს.

ფესტივალის 2016 წლის მთავარი თემა პოლიტიკა იყო, რომელიც სპეციალურ პროგრამაში Bios Politicos გაერთიანდა. წლევანდელი გამოშვება კი ხელოვნებას ეძღვნება, ტრადიციულად ის ახალი სექციით, გამორჩეული ნამუშევრების სპეციალური კომპილაციით აღინიშნება: ფილმები ხელოვნებისა და მისი სხვადასხვა დარგების, თვითგამოხატვის პროცესის, ხელოვნების ფუნქციისა და შექმნის იმპულსის შესახებ მოგვიყვება. გარდა ჩვენებებისა, საფესტივალო სივრცე გამოფენებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან სახელოვნებო აქტებს დაეთმობა:

 

ფესტივალმა მოიწვია ახალი პლატფორმა თანამედროვე ხელოვნებისათვის, ქსელი „პროპაგანდა",

 რომელიც ცნობილი ქართველი არტისტების, კოკა რამიშვილისა და გიო სუმბაძის ნამუშევრებს წარადგენს.
კოკა რამიშვილის 1994 წლის ცნობილი ვიდეო-ნამუშევარი «სიგნალი» ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში ე. წ. ახალი ტექნოლოგიების შემოსვლისა და დამკვიდრების დასაწყისსზე გვიყვება - ამ პროცესის შიდა მძიმე სოციო-კულტურულ სიტუაციასთან თანხვედრაზე.

 სიტყვები ხელოვნებაში და რეკლამაში. როგორ ზემოქმედებენ ისინი ჩვენზე? თითოეულ ჩვენთაგანს შესაძლოა ძალიან განსხვავებული ან გარკვეულად მსგავსი ვიზუალური ასოციაციები გვქონდეს მათზე. მულტიმედია არტისტის გიო სუმბაძის «ყავა» გვთავაზობს სხვა წაკითხვას, სიტყვისადმი ჩვენი ტრადიციული პირობითი დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას. პირველად საფესტივალო ფორმატის ისტორიაში, მოხდება კინოჩვენებებში სახელოვნებო ნამუშევრებით ინტერვენცია.

 

2017 წელს ხელოვნების სამყარომ გამორჩეული მოაზროვნე, ინგლისელი ესსეისტი, ხელოვნების კრიტიკოსი, მწერალი და მხატვარი, ჯონ ბერგერი დაკარგა. მოწინავე ინტელექტუალმა და გავლენიანმა პედაგოგმა დიდი მემკვიდრეობა დატოვა, თუმცა
 თბილისის კინოფესტივალი მისი ყველაზე წარმატებული პროექტით აპირებს მას პატივი მიაგოს. ესეების სერია "როგორ ვხედავთ" დღემდე გამოიყენება საუნივერსიტეტო ტექსტად, მოგვიანებით კი ის BBC-ს ერთ-ერთ ყველაზე შემეცნებით სატელევიზიო გადაცემად იქცა. ფესტივალის დღეებში სწორედ ეს სერიები გარდაიქმნება ინსტალაციებად კინოთეატრ „ამირანის" ფოიეში, სადაც მაყურებელს ექნება საშუალება ოთხივე სერია ნახოს.

 

სექციაში „ხელოვნება" მაყურებელს კინოს 8 გამორჩეული ნამუშევარი ელის:

რომუალდ კარმაკარის ახალი დოკუმენტური ფილმი „თუკი ღამით გერმანიაზე ვფიქრობ", ელექტრონული მუსიკის ხუთ პიონერზე გვიყვება, რომელთათვისაც სამუშაო, არსებობის საზრისია. კარმაკარი ბერლინის ხელოვნების აკადემიის ლექტორი და არტისტია. მისი ფილმების რეტროსპექტივა ხშირად იმართება საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ხოლო 2013 წელს, კარმაკარი რამოდენიმე არტისტთან ერთად გერმანიას წარმოადგენდა ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე.
ფესტივალს ესტუმრება კარმაკარის ფილმის პროდიუსერი ანდრო შტაინბორნი. შტაინბორნი 30-მდე ფილმის პროდიუსერია, მათ შორის ისეთი ცნობილი ფილმების, როგორებიცაა: ტომ ტიკვერის "გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი" და ვოლფგანგ ბეკერის „მშვიდობით, ლენინ!".

კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის" რტოს მფლობელი ფილმი „კვადრატის" რეჟისორია შვედი რუბენ ოსტლუნდი. ეს არის კონტროვერსიული სურათი ხელოვნების ეთიკისა და პოლიტკორექტულობის შესახებ. „კვადრატი" ახალი სამუზეუმო ინსტალაციაა, რომლის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ვირუსული ვიდეო უკუეფექტს გამოიწვევს მაყურებელში, მთავარ გმირს კი უწევს ამ კრიზისის მოგვარებაზე სწორედ მაშინ იზრუნოს, როცა ერთ-ერთ საჯარო სივრცეში ტელეფონსა და საფულეს ამოაცლიან. დაკარგული ნივთების საძებნელად წასვლა მას დიდი ხნის წინ დავიწყებული ადამიანების „ტიპებს" აცნობს და დავიწყებულ რაიონებში ახვედრებს.
ოსტლუნდის ადამიანების სიცივესა და გაუცხოებაზე გადაღებულმა წინა ფილმმა „ფორს მაჟორი", დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებელში. უდაოა, რომ მისი ახალი, კანის ტრიუმფატორი ფილმი ტექნოლოგიურ რეალობაში აღმოჩენილი ხელოვნების შესახებ, დიდ ინტერესს გამოიწვევს ჩვენი სექციის მაყურებელში.

იოზეფ ბოისი - კაცი შლაპით და ფეტრის ტანსაცმლით. მისი გარდაცვალებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, ის წინასწარმეტყველად გვევლინება, რომელმაც გაუსწრო და დღემდე უსწრებს დროს. ის იყო პირველი გერმანელი არტისტი, რომლის სოლო გამოფენაც ნიუ იორკის გუგენჰაიმის მუზეუმში გაიმართა. სამშობლოში კი მის ნამუშევრებს დაცინვით - „ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ნაგავს" უწოდებდნენ. ანდრეს ფაიელის დოკუმენტური ფილმი „ბოისი", სწორედ ამ საინტერესო შემოქმედის ცხოვრებას ასახავს.

 


სარა დრაივერის „ნამდვილი ყვირილი: ჟან-მიშელ ბასკიას თინეიჯერობის ბოლო წლები", დოკუმენტური ფილმია, ერთგვარი ფანჯარა მხატვარ ჟან-მიშელ ბასკიას ცხოვრებაში და 1978-81 წლების ნიუ იორკში. ეს არის მასშტაბურად დანახული მოძრაობა, რომელიც აღელვებდა და შთააგონებდა მას, ისევე როგორც გავლენა, რომელსაც სასტიკი ქალაქი ახდენდა ამ ეპოქალური მნიშვნელობის ხელოვანზე. წლების განმავლობაში, ჟან-მიშელი ამ პერიოდის სიმბოლოდ იქცა. ყველაფერს, რაც ქალაქში ხდებოდა, ის შთაბერავდა სულს - პოლიტიკა, ჰიპ ჰოპი, პანკ როკი, რასობრივი საკითხები და სახელოვნებო სივრცე.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ფილმის რეჟისორი სარა დრაივერი ამერიკის თანამედროვე კინომოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რეჟისორის ჯიმ ჯარმუშის დიდი ხნის კოლაბორატორია.


სასწავლებელში მიღების პროცესი, მთელი წლის მძიმე სამუშაო და გამოსაშვები გამოცდები - ფილმში "კურსის დამთავრება" წარმოდგენილია პორტრეტი, თუ რა მიმართებას ვამყარებთ დაოსტატების ცნების მიმართ; ნაჩვენებია, თუ როგორ ირჩევს პროფესია თავის მემკვიდრეებს. მაგრამ ყველა ჟიურის წევრს ეჭვები არ ასვენებს და კითხვებს უსვამენ საკუთარ თავს... იქ, სადაც კულტურას ქმნიან და თაობები გვერდიგვერდ მუშაობენ, რას ეფუძნება პროფესიონალების არჩევანი, რომლებიც ახალგაზრდებს ამ პრესტიჟულ სკოლაში იღებენ? ფილმის რეჟისორი კლერ სიმონი ორ ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე, დაუღალავად და წარმატებით იღებს მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალებზე პრიზებით აღინიშნებიან.

ანჯეი ვაიდას მიღებული აქვს საპატიო ოსკარი, ოქროს პალმის რტო, ასევე საპატიო ოქროს ლომი და ოქროს დათვი. ის პოლონური კინოსკოლის სახელოვანი წარმომადგენელია. ჩვენს სექციაში მაყურებელი მის ფილმს „შემდგომ სახეებს" ნახავს. ფილმს, ომის შემდგომ პოლონეთში გადავყავართ. მისი გმირი სახელგანთქმული მხატვარი ვლადისლავ სტრჟემინსკი, ლოძის ნატიფი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში, პროფესორად მუშაობს. მისი სტუდენტები ჯერ კიდევ „თანამედროვე ფერწერის მესიად" თვლიან, მაგრამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და კულტურის სამინისტროს განსხვავებული შეხედულება აქვს...

ნიკოლას ვაკერბართი რეჟისორი და მსახიობია, რომელიც ცნობილია ფილმებით: „ტონი ერდმანი" (2016) და „მამხილებელი გული" (2003). ჩვენ სექციაში კი ვაკერბართის ახალ ფილმს "კასტინგს" წარმოგიდგენთ. პირველი სატელევიზიო ფილმისთვის - ფასბინდერის „პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლების" რიმეიკისთვის - რეჟისორი ვერა საუკეთესო მსახიობებს ეძებს. მაგრამ გადაღების პირველი დღეც მალე მოდის და უამრავი მოსმენის მიუხედავად, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ჯერ კიდევ არ უპოვიათ. პროდიუსერი და გადამღები ჯგუფი თანდათან უფრო და უფრო ბრაზდება ვერაზე, გერვინს კი სიამოვნებს დამატებითი სამუშაო, ვინაიდან ის დამატებით გასამრჯელოს გამოიმუშავებს იმით, რომ სხვადასხვა კასტინგზე ვარსკვლავობის კანდიდატებს დიალოგის სიტყვებს ურიგებს.

ოჰად ნაჰარინი - ბა-შევას დასის მხატვრული ხელმძღვანელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქორეოგრაფად ითვლება. ფილმში „მისტერ გაგა" ჩვენ მის ცხოვრებაში კრიტიკული გარდატეხის ხანის მოწმე ვხდებით. ეს შთამბეჭდავი და ინფორმაციული ფილმი წარმოგიდგენთ დიდი შემოქმედებითი პრინციპულობის და უჩვეულო ხედვის მქონე ადამიანს. ფილმის რეჟისორი თომერ ჰეიმანი რვა წელი მუშაობდა მასზე. ის ერთმანეთთან აწყვილებს რეპეტიციის ინტიმურ კადრებს, აქამდე უცნობ საარქივო მასალას და სულისშემძვრელ საცეკვაო ნომრებს.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1102