ექსპერიმენტატორი
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-30

 

მე-18 კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე საპატიო "ოქროს პრომეთე" გადაეცემა კანადელ რეჟისორს დენი კოტეს. ამას გარდა, ფესტივალზე მისი ფილმები: "ვიკი + ფლო დათვის წინააღმდეგ", "კერლინგი" და"სათუთი კანი" წარმოდგენილი იქნება სექციაში "რეჟისორი ფოკუსში".

დენი კოტე ორი ტიპის ფილმებს აკეთებს. ისინი ან დეტალურად გაწერილ სცენარს მიყვება, სადაც ყველაფერი გადამოწმებულ/დაზუსტებულია მაგალითად "ბორისი ბეატრისის გარეშე" ან სპონტანურად, მინიმალური ბიუჯეტით და ყოველგვარი წინასწარი ჩანაფიქრის გარეშე; "ბესტიარი"-ს ბედი ხომ სამონტაჟოში გადაწყდა.

20 წლის იყო როდესაც საკუთარი საპროდიუსერო კომპანია დააარსა. 20 წლის განმავლობაში 12 სრული და 16 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შექმნა. მისმა ფილმებმა არაერთ პრესტიჟულ ფესტივალზე მიიღო პრიზი (ლოკარნო, ბერლინი და სხვ.) ამბობს, რომ მის ფილმებში ირონია და შავი იუმორი სჭარბობს და არასდროს ეზარება საკუთარ წარმომავლობაზე პატარა განმარტების გაკეთება: "ბევრი ადამიანი თვლის, რომ თუ ჩვენ, კვებეკელები ვლაპარაკობთ ფრანგულად, ესეიგი საფრანგეთიდან ვართ. მაგრამ ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ფრანგებისგან. მათსავით ბევრს არ ვიცინით, მაგალითად. ჩვენ უფრო ინლისელები ვართ. ინგლისელები, რომლებიც ფრანგულად საუბრობენ."

ინგლისელი, რომელიც ფრანგულად საუბრობს, ახალგაზრდობაში საშინელებათა ჟანრის ფილმებს უყურებდა. ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც ბევრი წიგნი არ ჰქონდათ. არა, ღარიბები არ ვიყავით, მაგრამ კულტურასთან ნაკლები კავშირი ჰქონდა ჩემს ოჯახსო. როდესაც არ გაქვს ბევრი ფული, ცხოვრობ მონრეალიდან შორს და უეცრად ვიდეოს დამკვრელი ჩაგივარდება ხელთ, რა უნდა ქნა? იჯდე და ფილმს ფილმზე უყურო. 11-დან 17-წლამდე საშინელებათა ჟანრის ევროპულ კინოს ეუფლებოდა. ყველა სისხლიან, ზომბებიან, კანიბალებიანი ფილმი მაქვს ნანახიო და ოდნავი დანანებით ამატებს - საშინელებათა ფილმის ნამდვილი ენციკლოპედია ვარო.

დენი კოტემ მხოლოდ ორი წელი ისწავლა კოლეჯში. ამის შემდეგ, აღარასდროს წასულა კინოს სკოლაში. თვლის, რომ მარტო კინოს სკოლაში სწავლით რეჟისორი ვერ გამოხვალ. ეს უფრო შენს პიროვნებაზეა დამოკიდებული, თუ ხარ ლიდერი და გაქვს ხედვა, აი მაშინ შეძლებ რეჟისორობას. - "დღევანდელი ახალგაზრდა რეჟისორები თავის პირველ ფილმებს HD-ს ხარისხით იღებენ, რის გამოც ხმაც და ვიზუალიც მშვენიერია. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემდეგ ფიქრობენ, რომ მზად არიან სრულმეტრაჟიანისთვის - აი რაშია პრობლემა. მე გადავიღე 15 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სანამ სრულმეტრაჟიანთან მივიდოდი. და მაშინ, 30 წლის ვიყავი. ამიტომ ყოველთვის როცა ახალგაზრდა რეჟისორებს ვხვდები ვეუბნები "ჰეი, დაწყნარდი, შენ ჯერ მხოლოდ 20 წლის ხარ". მერე რა, რომ ქსავიე დოლანმა 19 წლის ასაკში გადაიღო ფილმი, დოლანი - ეს უნიკალური შემთხვევაა, ცალკე პლანეტაა." სწორედ ამ თემაზე ჰქონდა წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე მასტერკლასი, -„დღეს, ამ ინდუსტრიულ დიქტატურაში ალტერნატიული გზების ძიება გვიწევს. ფილმისათვის ფინანსების მოძიებას ძალიან მკაცრ წესებთან თუ კანონებთან მივყავართ; ისეთთან, რომელმაც შეიძლება სულ დაგავიწყოს შენი შემოქმედებითი იდეები", - თქვა მან სტუდენტებთან შეხვედრაზე. შემოქმედებითობას კი, მის კარიერაში ძალიან დიდი ადგილი უკავია.

ჯერ კინოკრიტიკოსი იყო. ფილმებზე წერდა და ფილმებზე ლაპარაკობდა. ვიღაცამ შესთავაზა - სტუდენტურ რადიოში კინოზე 6 წუთიან გადაცემას ხომ არ წაიყვანო. ბევრი არაფერი, ფილმის სინოპსისებზე და პრემიერებზე მოკლედ უნდა ესაუბრა. "დავთანხმდი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მესწავლა კინოზე ლაპარაკი" - ამბობს კოტე. რადიოში მუშაობას კიდევ ერთი საინტერესო შემოთავაზება მოჰყვა - "კინოსთვის ხომ არ დაწერდი? მოიტანე ხვალვე დისკზე ჩაწერილი სტატია და ვნახოთ". 1998 წელი იყო, ამბობს კომპიუტერს მანამდე ცხოვრებაში არ შევხებივარო. მეორე დღეს დისკზე ჩაწერილი სტატია მაინც მიიტანა და გაოცებისგან პირი დააღო, როცა უთხრეს - აყვანილი ხარ, დღეიდან ჩვენი გამოცემის კინო რედაქტორი იქნებიო; - კინოკრიტიკოსი ანუ? თან ხელფასით? - იკითხა ბოლოს. მაგიდა დაუდგეს, ახალი კომპიუტერიც ჩაურთეს და აქ მომიწია იმ ყველაფრის სწავლა, რაც მართალი რომ გითხრათ, არც ისე ძნელი ყოფილაო.

ყოველთვის ზუსტად იცის რატომ აკეთებს ამათუიმ ფილმს და როგორი იქნება შემდეგი. მის პირველ ფილმებში "ჩრდილოეთის შტატები" და "ჩვენი პირადი ცხოვრება" კამერა სულ ცახცახებს, რადგან მაშინ ეჩვენებოდა, რომ რაც უფრო იკანკალებდა გამოსახულება, მით უფრო ცოცხალი იქნებოდა. "არა, ახლა ვიცი რომ ასეა არაა, თუმცა მაშინ..." შემდეგი ფილმი "მას უნდა ქაოსი" მისთვის გარდამავალი ეტაპივით იყო, სადაც სტატიკურ კამერას იყენებდა. თუმცა, რატომაა ეს ფილმი შავ-თეთრი, ამის პასუხი დღემდე არ აქვს. "მართალია, შეიძლება ჩემი ფილმები არ არის შედევრები, მაგრამ სულ მცირე შენ იცი, მე ყოველ ჯერზე რაღაც ახალს გთავაზობ. მთლიანად შეპყრობილი ვარ ფორმით და კინოს ენით. არ ვარ კარგი მთხრობელი და ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები. ჩემს ფილმებზე ჯერ იყო და ამბობდნენ - "ოჰ, ეს ხომ ყოფილი კინომცოდნის ფილმია". მესამე ფილმის ბიუჯეტი ერთი მილიონი დოლარი იყო და მეგონა ვაკეთებდი დიდ ფილმს ვარსკვლავებით. შავ-თეთრს, თხრობის ნელი ტემპით... მაგრამ მაინც, ისევ "ყოფილი კინომცოდნეს კინო იყო ე.წ. მინდა ვიყო კვებეკელი ბელა ტარი".

რეჟისორი ცდილობს მაყურებელი ბოლომდე დაბნეული დატოვოს. აი მაგალითისთვის ავიღოთ ფილმი "ვიკი + ფლო დათვის წინააღმდეგ", სათაური არ გეუბნება რა მოხდება ფილმში და ვისზეა ის: ქალებზე, კაცებზე თუ ცხოველებზე? ასე შეიძლება საბავშვო მულტფილმსაც ერქვას. ადრე ძალიან ნერვიულობდა როდესაც ეუბნებოდნენ "ჩვენ ვერ მოგყვებით, რადგან მუდმივად იცვლებითო". ახლა კი მოსწონს, მოულოდნელობებით აღავსე რეჟისორის სახელი რომ მოიხვეჭა.

დენი კოტეს აზრით დღეს კინო ორ მიმართულებად იყოფა, ის რომელიც გთავაზობს, გპატიჟებს და გაგდებს იმ სამყაროში და ის - რომელიც გკარნახობს რა იგრძნო, როდის იყო ემპათიური გმირისადმი და რა მორალი გამოიტანო. მისი აზრით, დღეს დომინანტური სწორედ მეორე სახის კინოა, ამიტომაც ის ცდილობს შექმნას ფილმი, სადაც შენი სურვილით შეგიძლია შემოაბიჯო და დაინტერესდე. ეს ასევე საშუალებას აძლევს რომ ფორმით ექსპერიმენტები აკეთოს, არ შეიზღუდოს თავი და იპოვოს ახალი ინსპირაცია.

„ჩემს მეზობლად ერთი რუმინელი კაცი ცხოვრობს, რომელსაც ლამის ყოველ დღე ვხვდები. ყოველ ჯერზე, როდესაც ვნახულობ რუმინულ ფილმს ვეუბნები - "ჰეი, გუშინ ერთი რუმინული ფილმი ვნახე "ბატონი ლაზარესკუს სიკვდილი"... ის კი უკმაყოფილო სახით მიყურებს და მეკითხება: "დაბალბიუჯეტიანია, ხო?"; მე ვპასუხობ: "რა მნიშვნელობა აქვს?". მაშინ, ის ხელს მადებს მხარზე და ამბობს: "დენი, ყოველ დილით მივდივარ სამსახურში, სადაც მთელი დღე ვხეხავ იატაკს, ვრეცხავ ფანჯრებს და ვასუფთავებ ხალიჩებს. და საღამოს 6 საათზე აღარ მინდა ვნახო ფილმი კაცზე, რომელიც კვდება ქალაქში, სადაც მე ოდესღაც ვცხოვრობდი. მინდა ვნახო "ადამიანი ობობა" ან "სუპერმენი!". რა თქმა უნდა, ჰოლივუდი და ფენტეზი ბატონობს. მაგრამ მე კინოში არასდროს დავდივარ გასართობად. ჩემთვის გართობა - რეალობაა, მაგრამ ადამიანების 95% ამ რეალობაშია და ის არც ისე მხიარულად ეჩვენებათ. ასე რომ არტ-კინო მათ არ აინტერესებთ. თუმცა "ვიკი + ფლო დათვის წინააღმდეგ" 4 კვირა გადიოდა კვებეკის კინოთეატრებში, რაც მგონი ნორმალურია. მე ექსპერიმენტები მიყვარს, ამიტომ ჰოლივუდი ვერასდროს გახდება ჩემი სათამაშო მოედანი".

ჩვენი ფესტივალი დენი კოტეს მოკლე რეტროსპექტივას შემოგთავაზებთ. 1 კვირის განმავლობაში მაყურებელს საშუალება მიეცემა იხილოს მისი 3 ფილმი: ვიკი + ფლო დათვის წინააღმდეგ, დოკუმენტურ-მხატვრული „სათუთი კანი" და „კერლინგი", რომელშიც მოქმედება საზოგადოებისგან შორს, მიყრუებული კანადის სოფლისპირას ვითარდება და მოგვითხრობს მამისა და ქალიშვილის ცხოვრებაზე.

7 დეკემბერს 17:30 საათზე, ამირანის მე-3 დარბაზში დენი კოტე ჩაატარებს მასტერკლასს და აუდიტორიას, კინორეჟისურაზე ესაუბრება.

 

მნახველთა რაოდენობა: 785