კიდევ ერთი სპეციალური პრიზი თბილისის კინოფესტივალზე
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-03

"ევროკავშირი საქართველოსთვის" აწესებს სპეციალურ პრიზს, რომელიც თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გადაეცემა ადამიანის უფლებების თემაზე გაკეთებულ საუკეთესო ფილმს. ამისათვის შეიქმნა სპეციალური ჟიური, რომელშიც კინომცოდნეების გარდა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან. ჟიურიმ ფილმი მთავარი საკონკურსო პროგრამიდან უნდა აარჩიოს, რომელშიც 10 ევროპელი რეჟისორის დებიუტია წარმოდგენილი.

ადამიანის უფლებებზე გადაღებულ საუკეთესო ფილმს ჟიური 9 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე დაასახელებს.

10 დეკემბერს კი, ევროკავშირისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი პროექტის "კინო სკოლებში" ფარგლებში, გამარჯვებული ფილმის სპეციალური სეანსი გაიმართება, რომელსაც 12-18 წლის 200 ბენეფიციარი დაესწრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ჩვენებას მოყვება დისკუსია, რომელსაც გაუძღვება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმის ჩვენების დღე -10 დეკემბერი არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 484