მერაბ კოკოჩაშვილის დაჯილდოება
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-08

წლევანდელ მე-18 კინოფესტივალზე, რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს საპატიო "პრომეთე" გადაეცა და ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევრის,  „დიდი მწვანე ველის" სპეციალური ჩვენება გაიმართა.

50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი „დიდი მწვანე ველი" გამოვიდა. ფილმი, რომელიც 2006 წელს, ქართველმა კრიტიკოსებმა „საუკეთესო ქართული ფილმის" ჩამონათვალში, პირველ ადგილზე დაასახელეს.

"1967 წელს გადაღებულ ამ სურათს ზოგიერთი კრიტიკოსი დღემდე საუკეთესოდ მიიჩნევს ქართული ხმოვანი კინოს ისტორიაში. იცვლება ეპოქები, თაობები, მაგრამ ამბავი მწყემსზე, რომელიც ვერ ელევა მამა-პაპის ტრადიციებს, თავის კერას, ე.ი. "თავის ბუნებას", განუწყვეტლივ ახლებურად აღიქმება. "დიდ მწვანე ველში" დრო ცვლის აქცენტებს, თავად დრო ამდიდრებს ფილმს აზრით და თავად დრო ამტკიცებს, რომ კოკოჩაშვილს არ გადაუღია ეგრეთ წოდებული "აქტუალური ფილმი"... ამიტომაცაა, ალბათ, რომ მაყურებლის უმრავლესობა და ოფიციალური კრიტიკა "დიდი მწვანე ველის" პრემიერას საკმაოდ ცივად შეხვდა. პრესაში დაიბეჭდა დაკვეთილი სტატიები, სათაურით "როცა მაყურებელი დარბაზს ტოვებს" და ა.შ... სურათის ღირსებები მხოლოდ მოგვიანებით გამოიკვეთა, განსაკუთრებით დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, როცა იდენტურობის შენარჩუნების პრობლემა მთელ მსოფლიოს აღელვებს," - წერს რეჟისორის შემოქმედებაზე კინომცოდნე გოგი გვახარია, „რადიო თავისუფლების" გვერდზე.

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1316