ფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-09

დღეს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია, სადაც გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებული ფილმები.

საერთაშორისო კონკურს აფასებდა ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით. ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული იყო ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი. ჟიურის დანარჩენი წევრები იყვნენ: ამერიკელი კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი მარინა აჟაჟა, სერბი რეჟისორი სრჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო და ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი ლაშა ბაქრაძე.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან:

"ოქროს პრომეთე" (საუკეთესო ფილმი) - "ყორნები" (შვედეთი, 2017), რეჟისორი: იენს ასური.

"ვერცხლის პრომეთე" (საუკეთესო რეჟისურა) - "არშიყი" (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაეცა ანა ურუშაძეს ფილმისთვის "საშიში დედა" (საქართველო, ესტონეთი, 2017) და მათან იაირის ფილმისთვის "ხარაჩოები" (ისრაელი, პოლონეთი, 2017).


რაც შეეხება სექციას "ქართული პანორამა", აქ წარმოდგენილი იყო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს ჟიურის წევრებმა: გერმანელმა კინომცოდნეებმა ერიკა და ულრიხ გრეგორებმა და ბრიტანელმა კინოკრიტიკოსმა კარმენ გრეიმ.

"ქართული პანორამის" გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი - "საშიში დედა", რეჟისორი ანა ურუშაძე (საქართველო, ესტონეთი, 2017).

საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი - "მზის ქალაქი", რეჟისორი რატი ონელი (საქართველო/აშშ/ყატარი/ნიდერლანდები, 2017).

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი - "ანა", რეჟისორი მარგო ზუბაშვილი (საქართველო, 2017).

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაეცა ფილმს "თევზაობა", რეჟისორი თორნიკე ბზიავა (საქართველო/საფრანგეთი, 2017).


ამას გარდა, წელს პირველად "ევროკავშირმა საქართველოსთვის" დააწესა სპეციალური პრიზი, რომელიც გადაეცა ადამიანის უფლებებზე გადაღებულ საუკეთესო ფილმს საერთაშორისო საკონკურსო პროგრამიდან. მათი გამარჯვებული გახდა "არშიყი" (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.


ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ინდუსტრიული დღეები, რომელმაც დაინტერესებულ აუდიტორიას მრავალი საინტერესო მასტერკლასი, ვორქშოფი და პიჩინგი შესთავაზა.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა - ელენე მიქაბერიძე და ალექსანდრე შერვაშიძის პროექტი "თავის-უფალი".

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა გიგიშა აბაშიძის და ლაშა ხალვაშის პროექტი "უხერხემლო".

პიჩინგ ფორუმის გამარჯვებულებისთვის პრიზი დააწესა "ქართული ფილმის განვითარების ფონდმა" და გამარჯვებულებს გადასცა ფულადი პრიზები 3000 ლარი (მოკლემეტრაჟიანი) და 5000 ლარი (სრულმეტრაჟიანი).

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა ზაზა ხალვაშის ქართული პრემიერით, ფილმით - "ნამე".

ფოტო: ნინო კანკავა

 

 

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 3572