ინსბრუკის კინოფესტივალის ფოკუსი საქართველოა
კინოფესტივალი მედიაში
2018-05-25

6 დღე კინოს, საუბრების, მუსიკისა და გართობისათვის - ასეთია ავსტრიის ქალაქ ინსბუკის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი სლოგანი, რომელიც 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

წლევანდელ ფესტივალზე, რომელიც მაყურებელს სრულ და მოკლემეტრაჟიან, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სთავაზობს, წარმოდგენილი იქნება ტაჯიკური, ალჟირული, კანადური, ბრაზილიური, სერბული, იაპონური და იტალიური სურათები.

ფესტივალი პატივს მიაგებს არგენტინელ რეჟისორსა და თეორეტიკოსს, ახალი ლათინოამერიკული კინოს გამორჩეულ ფიგურას ფერნანდო ბირის ხსოვნას და მაყურებელს, მისი ფილმების რეტროსპექტივას სთავაზობს.

ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია ინსბრუკის კინოფესტივალი და მისი დირექტორი ჰელმუტ გროშუპი, რომელიც ჩვენი ფესტივალის საიმედო პარტნიორია. გროშუპი ყოველ წელს სტუმრობს თბილისის კინოფესტივალს და ზუსტად შარშან, ჩვენი ფესტივალის მსვლელობისას საფუძველი ჩაეყარა იმ ერთობლივ პროგრამას, რომელსაც წელს ინსბრუკი თავის მაყურებელს სთავაზობს - საქართველო, ინსბრუკის კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანაა.

ამ სპეციალურ სექციაში წარმოდგენილი იქნება ლევან კოღუაშვილის „გოგიტას ახალი ცხოვრება" (2016) და „შემთხვევითი პაემნები" (2013), ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (2017), გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი" (1969), ოთარ იოსელიანის „პასტორალი" (1975), მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი" (1967) და დიტო ცინცაძის „ზღვარზე" (1993). ამას გარდა, ქართული ფილმები მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრების სექციაშიც იღებენ მონაწილეობას: გიორგი გოგიჩაიშვილისა და დავით აბრამიშვილის „8 წუთი", ხათუნა ხუნდაძის „შეხვედრა მაცივართან" და ანნა სარუხანოვასა და კატალინა ბაქრაძის ფილმი „სრულყოფილი შეკვეთა".

ამ ორ ფესტივალს შორის კიდევ უფრო ძლიერი კომუნიკაციის დასამყარებლად და სამომავლო პროექტების დასაგეგმად, ინსბუკის კინოფესტივალს ჩვენი პროგრამების კოორდინატორი გურამ ღონღაძე დაესწრება, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ინსბრუკის კინოფორუმი 1999 წლიდან იმართება და ძირითად ფოკუსს ლათინოამერიკულ, აფრიკულ, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის კინოპროდუქციაზე აკეთებს.

ფესტივალს 1992 წელს ჩაეყარა საფუძველი, მაშინ როდესაც ოტო პრემინგერის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ინსბრუკში კინოფესტივალის დაარსება გადაწყვიტეს. დასაწყისში მას "ამერიკული კინოფესტივალი" ერქვა, 96-ში სახელი გადაერქვა და "სინევიჟიონ"-ად მოიხსენიებოდა. "ინსბრუკის საერთაშორისო კინოფესტივალის" სახელით ის პირველად მხოლოდ 1999 წელს ჩატარდა.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 593