თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი ხვალ იწყება
კინოფესტივალი მედიაში
2018-05-29

ხვალ, 30 მაისს ოფიციალურად გაიხსნება თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. რიგით მე-11 ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

ფესტივალი გაიხსნება 1935 წელს გადაღებული პირველი ქართული ანიმაციური ფილმით „არგონავტები". ფილმის რეჟისორია ვლადიმერ მუჯირი, მთავარი მხატვარი ლადო გუდიაშვილი, ხოლო კომპოზიტორი - შალვა აზმაიფარაშვილი. წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 25 ქვეყანა მონაწილეობს. მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს: ჩინეთის, გერმანიის, ბელგიის, ისრაელის, რუმინეთის, აშშ-ს, შვეიცარიისა და საქართველოს კინოსკოლების ნამუშევრები. საკონკურსო ფილმებს შეაფასებენ: ნენად დიზდარევიჩი (სარაევოს კინოაკადემია), ორით აზოულაი (სემ შპიგელის კინოსკოლა, ისრაელი), ქართველი მსახიობი ნატო მურვანიძე და კინორეჟისორი ზაზა ხალვაში.

ჩვენებების გარდა, ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „კინოსტუდია ქართული ფილმის" მხარდაჭერით, ფესტივალზე გაიმართება ძველი ფილმების აფიშების გამოფენა. ამას გარდა, ფესტივალი დაინტერესებულ აუდიტორიას მასტერკლასებს სთავაზობს: ორით აზოულაი 31 მაისს გამართავს შეხვედრას თემაზე „ამბის თხრობა და მსახიობის შესრულება", ხოლო 1 ივნისს ქართველი მსახიობი ნატო მურვანიძე შეხვდება მაყურებელს თემით- „მსახიობი სცენაზე და კინოში".

ფესტივალი 3 მაისს დაიხურება განახლებულ თეატრში „სპარტაკი" (რუსთაველის გამზირი 19), რომლის დროსაც 4 გამარჯვებული გამოვლინდება: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი; ფესტივალის გრან-პრის მფლობელი ფილმი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში (აღმაშენებლის 40-ში) გაიხსნება, სადაც ასევე ჩატარდება მასტერკლასები. საკონკურსო ფილმების ჩვენება კი რუსთაველის 19-ში, უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსში გაიმართება. ფესტივალის ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 662