ფესტივალისა და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის შესახებ
კინოფესტივალი მედიაში
2018-05-31


თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარებამდე სულ რაღაც 6 თვეა დარჩენილი. პროგრამაზე მუშაობა ჩვენმა საორგანიზაციო ჯგუფმა მე-18 ფესტივალის დასრულებისთანავე დაიწყო.

ფესტივალის ძირითადი მხარდამჭერია სახელმწიფო, რომელიც მას სამი ინსტიტუციის მონაწილეობით აფინანსებს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის მერიის კულტურის სამსახურისგან მიღებული დაფინანსება, როგორც წესი, ფესტივალის საერთო ბიუჯეტის 50-60%-ს შეადგენს. სახელმწიფო სექტორთან ახლახან გაფორმდა ხელშეკრულებები. კულტურის სამინისტრომ მის ჩასატარებლად 100 000, ეროვნულმა კინოცენტრმა - 120 000, ხოლო მერიის კულტურის სამსახურმა 85 000 ლარი გამოყო.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრო ჩვენს ფესტივალს 2007 წლიდან აფინანსებს (გამონაკლისი იყო 2011 წელი). ეროვნული კინოცენტრი ფესტივალს 2004 წლიდან უწევს ფინანსურ მხარდაჭერას, ხოლო მერიის კულტურის სამსახური - 2003 წლიდან (გამონაკლისი იყო 2006 წელი).

გასულ 2017 წელს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ფესტივალისთვის გამოყოფილმა თანხამ 293 016 ლარი შეადგინა. წელს ეს თანხა გაიზარდა და 305 000 ლარია.

ფესტივალს სხვადასხვა წელს ჰქონდა ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, როგორებიც არიან: „ჰაინრიხ ბიოლის ფონდი", „ქართული ფილმის განვითარების ფონდი", ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო".

ამას გარდა, ფესტივალს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს კერძო სექტორი: „აჭარანეტი", „თბილღვინო", „ბორჯომი", სასტუმრო Rooms-ი და სხვა.

თბილისში აკრედიტებული უცხო ქვეყნის საელჩოებისა და კულტურული ორგანიზაციების თანადგომით უამრავი საინტერესო ფილმის ჩვენება და სტუმრის ჩამოყვანა ხდება შესაძლებელი. ჩვენი პარტნიორები არიან: გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, შვედეთის, ავსტრიის, ბელგიის, ისრაელის, პოლონეთის საელჩოები, ადამ მიცკევიჩის სახელობის ინსტიტუტი და მრავალი სხვა.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 493