ალბერტ სერა თბილისში მასტერკლასს გამართავს
კინოფესტივალი მედიაში
2018-06-05

ახალი პროექტის „თანამედროვე კინოს დიდოსტატების" ფარგლებში თბილისს ეწვევა კატალონიელი რეჟისორი ალბერტ სერა, რომელიც 6-8 ივნისს კინოპროფესიონალებისთვის და სტუდენტებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებს.

პროექტის გენერალური სპონსორია კომპანია „აჭარანეტი", ორგანიზატორი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოკლუბი, ხოლო მასტერკლასს „თიბისი" ბანკი აფინანსებს.

ალბერტ სერა ცნობილი კატალონიელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია. მისი ფილმებიდან აღსანიშნავია „ლუი XIV-ის სიკვდილი" (რომელიც ჩვენს მე-17 ფესტივალზე იყო ნაჩვენები), „ჩემი სიკვდილის ამბავი" და „რაინდის ღირსება". მისი თხრობის მანერა საკმაოდ მწირია და ის არასდროს ცდილობს გმირების ფსიქოლოგიის გახსნას. ზოგი კრიტიკოსი მას ჰიპნოზისტს უწოდებს, ზოგი კი -სალვადორ დალის ადარებს და ალბერტ სერას „პროვოკატორად" მოიხსენიებს.

მისი ფილმები სხვადასხვა წელს იერუსალიმის, ლოკარნოსა და ტორინოს საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზებით აღინიშნა. სერას მიღებული აქვს ლუი დელუკის, ჟან ვიგოსა და გაუდის სახელობის ჯილდოები.

„მე არასდროს გავხდებოდი რეჟისორი დღემდე 35 მილიმეტრიანი ფირი რომ გვქონოდა. რადგან, გადაიღო ასეთ ფირზე - საკმაოდ ძვირი და თან, მოსაწყენიცაა. რა თქმა უნდა, მე არ მინდა გავატარო ჩემი ცხოვრება მოსაწყენი საქმეების კეთებაში. არ მისწავლია რეჟისურა, საიდუმლოს გეტყვით, უნივერსიტეტის პირველ კურსზე კინოს სწავლა დავიწყე და მოკლევადიანი სწავლების რეკორდი მოვხსენი. გადავიხადე ერთი წლის საფასური და მხოლოდ ერთი დღე ვისწავლე. არაფერი მომეწონა იქ: არც ხალხი, არც ატმოსფერი და არც ის, თუ რას მასწავლიდნენ", - აღნიშნა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში კატალონიელმა რეჟისორმა.

„ჩემი მთავარი იდეაა, - განაგრძობს რეჟისორი, - არ გადავიღო იდეები! ალბათ ყველას ჰქონია ასეთი სიტუაცია - შაბათ საღამოს ზიხარ მეგობრებთან ერთად, წრუპავ სასმელს და თან საუბრობ. მაგრამ ყველა ასეთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დღე აღმოჩნდება განსაკუთრებული, ჯადოსნური. და აი აქ დამაინტერესა, შეძლებს თუ არა ვიდეოკამერა ჩემი ინტერპრეტაციის გარეშე აღბეჭდოს ეს ჯადოსნურობა? მიზანსცენებისა და თავს მოხვეული იდეების გარეშე? ციფრული ტექნოლოგია ხომ ამის განხორციელების ერთადერთი ვარიანტია. რას ვაკეთებ მე? ვცდილობ ავღბეჭდო რეალური ცხოვრების ჯადოსნურობა და მთელი ჩემი იდეაც სწორედ ესაა - არ მქონდეს იდეა.

მე გადავწყვიტე გავმხდარიყავი რეჟისორი, რადგან მინდოდა სიამოვნების მიღება. არ მინდა გადასაღებ მოედანზე ვიყო ყვირილში, ნერვიულობასა და ცრემლებში. ეს რომ მდომოდა, მაშინ საფონდო ბირჟაზე დავიწყებდი მუშაობას და უკვე მილიონერიც ვიქნებოდი, რადგან საკმაოდ ჭკვიანი ვარ. ჰოდა რადგან გადავწყვიტე ვიყო რეჟისორი და არ მქონდეს ბევრი ფული, სულ მცირე სიამოვნება მაინც ხომ უნდა მივიღო ამ საქმისგან? არ მჭირდება მუშაობის შეგრძნება. მინდა თავი როკ-კონცერტზე მეგონოს: მოდუნებული, მხიარული, მუსიკითა და რიტმის შეგრძნებით."

ალბერტ სერას მასტერკლასები გაიმართება 6-7 ივნისს, 13:00 საათზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ხოლო საჯარო შეხვედრა შედგება 8 ივნისს, 19:00 საათზე „თიბისი" გალერეაში.

როგორც ამ პროექტის ავტორი ვახო ჯაჯანიძე აღნიშნავს, „თანამედროვე კინოს დიდოსტატები" დაინტერესებულ აუდიტორიას არაერთ გამოჩენილ რეჟისორს შეახვედრებს.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1402