ალბერტ სერა - “რომ არა ციფრული ტექნოლოგია, რეჟისორი არასდროს გავხდებოდი”
კინოფესტივალი მედიაში
2018-06-08

6-7 ივნისს პროექტი "თანამედროვე კინოს დიდოსტატების" ფარგლებში გაიმართა კატალონიელი რეჟისორის ალბერტ სერას მასტერკლასი.

"თანამედროვე კინოს დიდოსტატები" კიდევ არაერთ საინტერესო მასტერკლასსა და უორქშოფს შემოგთავაზებთ და იმ თანამედროვე რეჟისორებს შეგახვედრებთ, რომლებიც დღევანდელ კინოს ქმნიან" - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დარბაზში შეკრებილ დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა პროექტის ავტორმა ვახო ჯაჯანიძემ. "ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იგეგმება ისეთი სტუმრების ჩამოყვანა, როგორებიც არიან: კარლოს რეიგადასი, აპიჩატპონგ ვერასეტაკული, იორგოს ლანთიმოსი, კრისტი პუი, ლუკრეცია მარტელი, პედრუ კოშტა, კრისტიან მუნჯიუ, რუბენ ოსტლუნდი, მატეო გარონე და სხვები. დღეს კი, - განაგრძო პროექტის ავტორმა, - ჩვენი პირველი სტუმარი, აღიარებული და საკმაოდ საინტერესო ხედვის მქონდე კატალონიელი რეჟისორი ალბერტ სერაა".

2 დღიან მასტერკლასზე, რომელსაც თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სერამ კინოწარმოებაზე, სცენარზე მუშაობასა და გადაღებებზე, პოსტ-პროდუქციულ ეტაპზე ისაუბრა და მსმენელს საკუთარი გამოცდილება, ისტორიები გაუზიარა. ჩვენ საშუალება გვქონდა დავსწრებოდით პირველ დღეს გამართულ მასტერკლასს და გთავაზობთ ფრაგმენტებს მისი საუბრიდან.

კინოზე მუშაობის მეთოდი და საერთოდ, მისი კინოენა ძალიან სპეციფიკურია. ამის გასაგებად მნიშვნელოვანია იცოდეთ რა ეტაპი უძღოდა ამას წინ და როგორია ჩემი ფესვები, - აღნიშნა სერამ და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. 6 წელი ლიტერატურას სწავლობდა. ალბათ 26 წლის იქნებოდა, როდესაც ზაფხულის ერთ დღეს მიხვდა - რა მოსაწყენია ყველაფერი! ყოველი ზაფხული კი წინაზე უარესია, არაფერი ხდება. რამე უნდა მექნა, რადგან ასე ვეღარ გავაგრძელებდიო. "თან თუ ლიტერატურას სწავლობ, ესეიგი მწერალი უნდა გამოხვიდე, არა?! არადა ეს ცოტა რუტინული რამაა და თან ესპანეთში ბევრი კარგი მწერალი გვყავს. ჰოდა რა უნდა მექნა? კინო! ჰო, კინო! ამ დროს კი ზუსტად ციფრული ტექნოლოგიების, კომპიუტერების ეპოქა იწყებოდა. და თან რეჟისორებიც ძალიან ცუდი გვყავს!" - დაამატა ბოლოს.

მოწყენილობის გამო დაწყებული ექსპერიმენტი დღესაც გრძელდება და ჟან ვიგოს, ლუი დელუკის და გაუდის სახელობის ჯილდოებით გრძელდება. მართალია, ამბობს მილიონერი რომ ვიყო, საერთოდ არ გადავიღებდი ფილმებსო, მაგრამ იმით მაინც ამაყია, რომ მისი ფილმების უმეტესობა თავადვე დააფინანსა. "როდესაც ფილმებზე მუშობა დავიწყე ყველა ზემოდან მიყურებდა. 80-90იანების თაობა ძალიან აკადემიური იყო და ციფრულ ტექნოლოგიაზე მომუშავე რეჟისორი მათთვის მოყვარულს, დილეტანტს ნიშნავდა".

მაგრამ ციფრული ტექნოლოგიების უპირატესობას სერა ზუსტად იმაში ხედავს, რომ ამ დროს შეგიძლია ლამის მარტომ გააკეთო ფილმი -"რეჟისორი ვერ გახდები, თუ არ სცადე. სკოლაში ჩვენ ვამბობთ ხოლმე, ამას მათემატიკის ნიჭი აქვს, ამას - ენების, მაგრამ თუ რეჟისორობა გინდა, უნდა სცადო. მაშინ როდესაც ხალხი 35 მილიმეტრიან ფირზე იღებდა, ეს შეუძლებელი იყო. ახლა არ გჭირდება ფოკუსის მილიმეტრებში და წამდაუწუმ გასწორება, არ გჭირდება ამ სიმძიმე აპარატის თრევა, რომელშიც მხოლოდ გარკვეული სიგრძის ფირი იდება და კიდევ, არ გჭირდება ამდენი ხალხი ფილმის შექმნისას".

აქ სერა იმ მნიშვნელოვან ამბავს იხსენებს, რომელმაც ბევრი რამ განსაზღვრა მის ცხოვრებაში და რაც, ისევ და ისეც ციფრული ხანის დამსახურებაა - "ადრე თითქმის შეუძლებელი იყო გაგეკეთებინა ფილმი და ფართო აუდიტორიისთვის მიგეწოდებინა. ყველაფერს ინსტიტუციები აგვარებდნენ, ფესტივალები მათ უკავშირდებოდნენ. ციფრული ტექნოლოგიების შემოსვლას კი ეტაპობრივად მოყვა კინოს აგენტების, კერძო საპროდიუსერო კომპანიების გამოჩენა. მახსოვს, ჩემი პირველი ფილმის სცენარი 35 კომპანიას გადავუგზავნე, თანადაფინანსებას ვეძებდი. აქედან მხოლოდ ორმა მიპასუხა და ისიც უარი იყო. როდესაც ეს ფილმი მაინც გავაკეთე, ბარსელონას კინოსკოლაში მივიტანე. ამ დროს ამ სკოლაში კანის კინოფესტივალის წარმომადგენელი ჩამოვიდა, რომელსაც ფილმები უნდა აერჩია. ერთ მშვენიერ დღესაც ის მივიდა სკოლაში, მაგრამ აღმოჩნდა რომ დასვენების დღე იყო და ფილმების სანახავად მისული, ვერც ვერაფერს ნახავდა - არც მექანიკოსი იყო ადგილზე და არც ფირები იყო გამზადებული. თაროზე კი ამ დროს ორად ორი დისკი იდო. აქედან ერთი ჩემი ფილმის.

ასე რომ, არ მესმის ხალხის, რომელიც ამბობს, ფილმი გავაკეთე და ახლა რა ვქნა, ვის ვაჩვენო. გააგზავნეთ ყველგან! გამორიცხულია, თუ ფილმი ვარგა მაშინ ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება. არ მიაქციოთ ყურადღება ვინ რას ფიქრობს. ჩემი ფილმებიდან "ლუი XIV-ის სიკვდილი" ყველაზე წარმატებული გამოდგა, თუმცა ჩემი ფავორიტი სულ სხვა ფილმია - "ჩემი სიკვდილის ისტორია". ფილმი, რომელსაც გაცილებით ნაკლები წარმატება ჰქონდა. ხომ გეუბნებით, რეჟისორობა დავიწყე იმიტომ რომ ძალიან მოწყენილი ვიყავი. მე არ ვმუშაობ კამერაზე, არ ვმუშაობ განათებაზე, ჩემი მთავარი სამუშაო ესაა ადამიანები და იმ გარემოს შექმნა, რომელშიც ისინი კომფორტულად იქნებიან "- თქვა რეჟისორმა ბოლოს.

შეგახსენებთ, რომ დღეს 19:00-ზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ალბერტ სერასთან "თიბისი" ბანკის გალერეაში.

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1200