კინოს, "ექსტაზის" და რუსეთის შესახებ - ყველაფერი რაც ოდესის კინოფესტივალზე უნდა იცოდეთ
კინოფესტივალი მედიაში
2018-07-13

დღეს უკრაინაში ოდესის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება, რომელიც 21 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის წევრად მიწვეულია ქართველი მსახიობი ია შუღლიაშვილი. ხოლო ეროვნული კინოს ჟიურიში რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მიიღებს მონაწილეობას. ოდესის კინოფესტივალს რამდენიმე საკონკურსო პროგრამა აქვს: საერთაშორისო, ეროვნული კინოს კონკურსი, რომელშიც სრულმეტრაჟინი მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმები იღებენ მონაწილეობას და ევროპული დოკუმენტური კინოს კონკურსი.

ფესტივალზე რამდენიმე საინტრესო ევროპული კინოს ჩვენება გაიმართება. გასპარ ნოეს ფილმი „ექსტაზი", რომელსაც წელს კანში საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა, 90-იანებში განვითარებულ ამბავზე გიყვება, ქაოსზე, როგორც ამას რეჟისორი უწოდებს. ფილმში მოყოლილია 20 მოცეკვავეს შესახებ, რომლებიც 3 დღიანი რეპეტიციისთვის ტყეში მდგარ შენობაში დაბინავდებიან. ბოლოს დღეს კი წვეულების გამართვას და სანგრიით დათრობას გადაწყვეტენ. "მე ყოველთვის მხიბლავდა სიტუაციები, სადაც მოულოდნელად ჩნდება ქაოსი და ანარქია. იქნება ეს ქუჩაში გამართული ჩხუბები, ფსიქოტროპული საშუალებებით გაჯერებული შამანური სესიები თუ წვეულებები, სადაც ძლიერი ალკოჰოლური დოზების ქვეშ ადამიანები კონტროლს კარგავენ. განსაკუთრებით მომწონს მუშაობა წინასწარი მომზადების გარეშე, როდესაც საშუალებას აძლევ სიტუაცია თავისით განვითარდეს. ისე, როგორც ეს დოკუმენტურ კინოში ხდება", - ამბობს ნოე.

გას ვან სენტის ფილმი „არ ინერვიულო, ის ფეხით შორს მაინც ვერ წავა" ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულ 21 წლის ჯონის (ხოაკინ ფენიქსი) შესახებ გვიყვება, რომელმაც ცხოვრების აზრი ხელახლა უნდა იპოვოს.

წლევანდელ ფესტივალზე გიამართება ძველი უკრაინული ფილმების რეტროსპექტივა, სადაც ალექსეი მიშურინის „ახალგაზრდობის წლები" (1958), იგორ სავჩენკოს „გარმონი" (1934) და უკრაინული კინოს სხვა მნიშვნელოვანი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

ოდესის კინოფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანა ისრაელია, პროგრამის ფარგლებში მაყურებელი ბოლო პერიოდის საუკეთესო ნამუშევრებს ნახავს.

ამის გარდა, მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს ფესტივალი მასზე აკრედიტირებულ სტუმრებს ინდუსტრიული დღეების ფარგლებში. მასტერკლასების, მრგვალი მაგიდებისა და პანელ დისკუსიების გარდა, შედგება კონფერენცია თემაზე „კინო კულისებს მიღმა: სქესთა თანასწორობა - მითი და რეალობა", რომელსაც ისევე როგორც ინდუსტრიული დღეების რამდენიმე ღონისძიებას, მოდერატორობას ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი თამარ ტატიშვილი გაუწევს.

სამუშაო პროცესში მყოფი პროექტების უორქშოფში კი, სადაც უკრაინული კო-პროდუქციებია წარმოდგენილი, მონაწილეობას იღებენ ზაზა ხალვაში („ანტონი") და ზაზა ბუაძე („ჩერვონი: ფრონტის წინა ხაზის გარეშე").

ოდესის კინოფესტივალზე წელს უკვე მეორედ იმართება პროგრამა „სცენის მიღმა", რომელიც უკრაინული კინოს ქალ კინემატოგრაფისტებს აერთიანებს. 11 ფილმის ჩვენებასთან ერთად გაიმართება გამოფენა, რომელიც ქალი რეჟისორების, ოპერატორების, სცენარისტების, კოსტიუმების მხატვრებისა და პროდიუსერების ვიდეო ინტერვიუების სერიას სთავაზობს მაყურებელს. პროექტის სახეები არიან: ინა ბიჩენკოვა, სვეტლანა ზინოვიევა, კირა მურატოვა და სხვები. ამას გარდა, რამოდენიმე მათგანთან გაიმართება შეხვედრა, სადაც მოწვეული სტუმრები კინოს ინდუსტრიაზე ისაუბრებენ.

შარშან, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს დაფინანსებით ოდესისა და კოტბუსის კინოფესტივალებზე პანელ-დისკუსია გაიმართა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების 6 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა და ბელორუსია. ამ ქვეყნების კინოფესტივალების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეუძლია კინოფესტივალს, მასზე წარმოდგენილი ფილმებით გამართოს დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, ტაბუირებულ თემებზე და რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობა საფესტივალო ცხოვრებაზე. პანელ-დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა ჩვენი ფესტივალის პროგრამების კოორდინატორი ანა ჭყონია. წელს ეს შეხვედრა ისევ გაგრძელდება და ამჯერად მას კიდევ ერთი ქვეყანა - რუსეთი დაემატა. შეხვედრა, რომელსაც წარმოდგენილი ქვეყნების კინოფესტივალების ორგანიზატორები დაესწრებიან გაიხსნება თემით "კინოფესტივალის როლი სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობებსა და პოლიტიკაში", რომლის დროსაც დისკუსიის სტუმრები, მათ შორის ჩვენი ფესტივალიდან მიწვეული ანა ჭყონია, ისაუბრებენ ცენზურასა და რუსეთის ბაზრის გავლენაზე დსთ-ს ამჟამინდელ თუ ყოფილ ქვეყნებში.

როგორც ცნობილია, რუსეთის კინობაზარი დღესაც ექსკლუზიურად ფლობს ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ფილმების გაყიდვებისა და ჩვენებების უფლებას. დსთ-ს ამჟამინდელ თუ ყოფილ წევრ ქვეყნებს და რუსეთს შორის არსებული შეზღუდული ინტერკულტურული დიალოგი მხარეეებს შორის ბევრი გაურკვევლობის, პრობლემისა თუ დაბრკოლების გამომწვევია.

სიახლე იქნება ის, რომ წლევანდელ პანელ დისკუსიაზე გაიმართება უორქშოფი ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების კინოს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის, რომლებიც დაესწრებიან შეხვედრებს და მასზე წამოჭრილ თემებს პრესაში გააშუქებენ.

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1895