ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია
კინოფესტივალი მედიაში
2018-09-10

8 სექტემბერს კუნძულ ლიდოზე ვენეციის 75-ე კინოფესტივალის დახურვა გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ გილიერმო დელ ტოროს ხელმძღვანელობით გამარჯვებულები გამოავლინა.

საუკეთესო სცენარისთვის ვენეციის კინოფესტივალის პრიზი გადაეცათ ეთან და ჯოელ კოენებს ფილმისათვის "The Ballad of Buster Scruggs".

ძმები კოენებისთვის ეს არ არის პირველი ვესტერნი. მათ გადაღებული აქვთ „სულის სიმტკიცე" („True Grit"), რომელმაც ახალგაზრდა მსახიობს 14 წლის ჰეილი სტაინფელდს აღიარება მოუტანა.

ამ ახალი ფილმით კი, ძმებმა გადაწყვიტეს ველურ დასავლეთზე 6 სხვადასხვა პერსონაჟით მოეყოლათ და ფილმი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბებისგან შედგება. დასაწყისში პროექტი ჩაფიქრებული იყო როგორც Netflix-ის სერიალი, თუმცა ბოლოს კოენებმა ფილმის 2 საათიანი ვერსია შექმნეს. ფილმში მონაწილეობენ: ჯეიმს ფრანკო, ლიამ ნისონი, ზოი კაზანი და ტომ უეიტსი.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი უილიამ დეფო გახდა ფილმში „At Eternity's Gate". ფილმი ვან გოგის ცხოვრების შესახებ გვიყვება და მისი სათაურიც, მხატვრის ერთ-ერთი ნამუშევრიდან მოდის. „ეს არის ფილმი მხატვრობასა და მხატვარზე. მათ კავშირზე უსასრულობასთან. ეს არ არის მხატვრის ნამდვილი ისტორია, ეს ჩემი ვერსიაა, რა ვიგრძენი და როგორ დავინახე. ისტორია, რომელიც ვფიქრობ ცოტა კიდევ უფრო დაგვაახლოვებს მასთან" - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორმა ჯულიან შნაბელმა.

საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, ჟიურიმ გამარჯვებულად იოგოს ლანთიმოსის ფილმის „The Favorite" მსახიობი ოლივია კოლმანი დაასახელა. ამ ფილმსვე გადაეცა ფესტივალის ჟიურის გრან-პრი.

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ხელწერის მქონე რეჟისორმა იოგოს ლანთიმოსმა, რომელიც თავისი ფილმებით სიურეალისტურ ამბებს გვთავაზობს ხოლმე, ისევ მოახერხა მაყურებლის გაკვირვება. ამჯერად მისი ფილმის მოქმედება XVIII საუკუნის ინგლისში ვითარდება, რომლის მთავარი გმირი გაუწონასწორებელი დედოფალი ანაა (ოლივია კოლმანი).

„ვერცხლის ლომი" საუკეთესო რეჟისურისათვის გადაეცა ჟაკ ოდიარს ფილმისთვის „The Sisters Brothers".

ჟაკ ოდიარი კრიმინალური დრამის ნამდვილი ოსტატია. მისმა ფილმა „წინასწარმეტყველი" 2009 წელს კანის გრან-პრი აიღო, ხოლო ნამუშევარმა „ჟანგი და ძვალი" მსახიობ მატიას შუნარტს მრავალი პრიზი და აღიარება მოუტანა. "The Sisters Brothers" ოდიარის პირველი ინგლისურენოვანი ფილმია, სადაც მთავარ როლებს ხოაკინ ფენიკსი და ჯეიკ ჯილენჰოლი ასრულებენ. ფილმის სიუჟეტი 1851 წელს ორეგონის შტატში ვითარდება, სადაც კრიმინალი და გახშირებული მკვლელობებია.

რაც შეეხება „ოქროს ლომს"  საუკეთესო ფილმისათვის, მისი მფლობელი ალფონსო კუარონი გახდა, ნამუშევარით „Roma" .

„ოსკარის" მფლობელი მექსიკელი რეჟისორი ალფონსო კუარონი (ფილმი „გრავიტაცია") დიდი ხანია ითვლება ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორად, რომელიც ამავდროულად ოსტატურად ახერხებს საავტორო კინოს ჟანრში მუშაობას. მისი ახალი ფილმი 70-იანი წლების იმ ღარიბი მექსიკელების შესახებ გვიყვება, რომლებიც ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლნი გახდნენ. მაშინ, როდესაც პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩაახშო სტუდენტური აჯანყება.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 449