ბათუმის კინოფესტივალის გამარჯვებულები
კინოფესტივალი მედიაში
2018-09-25

ბათუმის მე-13 საავტორო კინოფესტივალი 23 სექტემბერს დასრულდა. დაჯილდოების ცერემონია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა, რომელსაც მუსიკალურად ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდი აფორმებდა.

8 დღის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ჰქონდა „აპოლოს" კინოთეატრში ფესტივალის სხვადასხვა სექციაში მონაწილე მხატვრული და დოკუმენტური ფილმები ეხილა. განსაკუთრებით საინტერესო იყო პროგრამა „დიდოსტატთა კოლექცია", რომელზეც ჩვენ წინა წერილში ვისაუბრეთ. საინტერესო ჩვენებებს სთავაზობდა ფესტივალი მაყურებელს ერას მოედანზე, სადაც ყოველ საღამოს ღია ცის ქვეშ მოედანზე შეკრებილი მაყურებლისთვის ფილმების ჩვენებები იმართებოდა.

ფესტივალზე სამი საკონკურსო პროგრამა იყო წარმოდგენილი, მათ შორის: საერთაშორისო მხატვრული ფილმების, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრების.

ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის ხელმძღვანელობდა სერგეი რახლინი (აშშ), მასთან ერთად ჟიურიში მუშაობდნენ: ბენსე ფლიგაფი (უნგრეთი), ოლეგ ნეგინი (რუსეთი), ალინ ტასჩიანი (თურქეთი) და ლევან თუთბერიძე (საქართველო).
ჟიურის გადაწყვეტილებით კინოფესტივალის გრან-პრი გადაეცა რიჩარდ ბილინგჰემის ფილმს „რეი და ლიზი". ამავე ფილმის შემსრულებელი ელა სმითი გახდა „საუკეთესო მსახიობი ქალის" ჯილდოს მფლობელი.

საკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა ალიჩე რორვახერი ფილმისათვის „ბედნიერი ლაზარე". აღსანიშნავია, რომ ამ ფილმმა წელს კანში საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო მის 36 წლის რეჟისორს მაყურებელი 20 წუთიანი ოვაციით შეხვდა. ბათუმის კინოფესტივალზე ეს ფილმი უდაო ფავორიტი იყო, რის შედეგადაც დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზების ასაღებად ასვლა არაერთხელ მოუწია ფილმის ერთ-ერთ ქართველ მსახიობს ლუკა ჩიქოვანს. ამავე ფილმმა გაიმარჯვა ნომინაციაში - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და პრიზის მფლობელი ადრიანო ტარდიოლო გახდა.

ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ქართულ ნამუშევარს თინათინ ყაჯრიშვილის ფილმს „ჰორიზონტი". ფილმის პრემიერა წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და ის ერთ ახალგაზრდა კაცზე (მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილი) გვიყვება, რომელიც უკაცრიელ კუნძულზე, ზღვისპირა ქოხში იზოლაციაში ცხოვრობს და ცხოვრების ხელახლა აწყობას ცდილობს.

„ყველა ფილმი შეიძლება ყოფილიყო გამარჯვებული, რადგან დოკუმენტური კინოს სექციაში განსაკუთრებით საინტერესო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, - განაცხადა გამარჯვებულების გამოცხადების წინ დოკუმენტური კინოს ჟიურის პრეზიდენტმა, კინორეჟისორმა ვიტალი მასკიმ, - უბრალოდ სამწუხაროა ის, რომ დოკუმენტური კინოს სანახავად ძალიან ცოტა მაყურებელი დადიოდა. არადა ზუსტად ეს ფილმები გვეხმარება მსოფლმხედველობის გაფართოებაში". დოკუმენტური ფილმებში საუკეთესო ნამუშევარი გახდა ტალალ დერკის „ მამებისა და შვილების შესახებ". ჟიურიმ აქვე გადასცა სპეციალური პრიზი ოდრიუს სტონის ფილმისათვის „დროის ხიდები".

რაც შეეხება მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს, მისი გამარჯვებული გახდა დავით ფირცხლავა ფილმით „საშლელი". შეგახსენებთ, რომ ფირცხალავას ეს მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი წელს ლოკარნოს კინოფესტივალზე, საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. ჟიურის სპეციალური დიპლომი გადაეცა კიდევ ორ ფილმს - ჩარლზ ვილიამსის „ყველა ის არსება" და იაზან ალ გჰაზავის ფილმისათვის „საკვები მიტანით".

წელს ფესტივალზე პირველად შეიქმნა ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური. მისი წევრები: გოგი გვახარია, ლელა ოჩიაური და თეო ხატიაშვილი მთავარ საკონკურსო პროგრამას უყურებდნენ. პრიზის გადასაცემად სცენაზე ავიდა კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული რეჟისორული ხედვისა და პოეტურობისთვის კრიტიკოსთა ჯილდო ალიჩე რორვახერის ფილმს „ბედნიერი ლაზარე" გადასცა. ხოლო სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, ჟიურიმ სპეციალური აღნიშვნით სერგეი ლოზნიცა ფილმით „დონბასი" დააჯილდოვა.

ფესტივალი უკვე მრავალი წელია კინოში შეტანილი წვლილისათვის კინოს მოღვაწეებს აჯილდოებს. მათ შორის სხვადასხვა დროს იყვნენ: ოთარ იოსელიანი, ბელა ტარი, ელდარ შენგელაია, ანჯეი ვაიდა, ალექსანდრე რეხვიაშვილი, რეზო ჭეიშვილი, ნასტასია კინსკი, აბას კიაროსტამი და სხვა. წელს მე-13 ფესტივალის გახსნაზე ეს საპატიო ჯილდო ქართველ კინოოპერატორს ლომერ ახვლედიანს ერგო. დახურვის ცერემონიაზე კი კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა საპატიო ჯილდოები გადასცა გელა კანდელაკს (რეჟისორი, ანიმატორი) და სოსო ბარდანაშვილს (კომპოზიტორი). სოსო ბარდანაშვილი ბათუმში დაბადებული, ამჟამად კი ისრაელში მოღვაწე კომპოზიტორია, რომელსაც 50-ზე მეტი ფილმისთვის აქვს მუსიკა შექმნილი. მათ შორისაა გიორგი ოვაშვილის ფილმები: „გაღმა ნაპირი" და „სიმინდის კუნძული".

 

მნახველთა რაოდენობა: 458