გიორგი შენგელაია - მუდმივი ძიების პროცესში
კინოფესტივალი მედიაში
2018-10-09

წელს თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი კინოში შეტანილი წვლილისთვის „საპატიო პრომეთეს" რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადასცემს და მაყურებელს მის პირველ ფილმს „ალავერდობას" უჩვენებს.

გიორგი შენგელაია 60-იანი წლების ქართული კინოს გამორჩეული ფიგურაა. თუ მის შემოქმედებას გადავავლებთ თვალს, ჟანრობრივმა მრავალფეროვნებამ მაყურებელი შეიძლება დააბნიოს კიდეც, რადგან შენგელაია ყოველთვის ცდილობდა თავი ახალ ჟანრში მოესინჯა და ქართულ კინოში არსებული პოპულარული ჟანრების არეალი გაეფართოებინა.

1959 წელს ქალაქ მოსკოვში დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ალექსანდრ დოვჟენკოს სახელოსნო და მალევე დაიწყო მუშაობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". თავისი პირველი ფილმი ინსტიტუტის დამთავრებიდან 4 წელიწადში გადაიღო და მისი ფილმოგრაფია 12 მხატვრულ ნამუშევარს ითვლის.

მისი პირველი ნამუშევარია მხატვრულ-დოკუმენტურ სტილში გადაღებული „ალავერდობა" (1962წ). გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შექმნილი ფილმი-ამბოხი, რომლის ახალგაზრდა გმირი დამახინჯებულ ტრადიციებს უპირისპირდება. ამას მოჰყვა ხალხურ მოტივებზე გადაღებული „მაცი ხვიტია", რომელსაც თამამად შეგვიძლია პირველი ქართული ვესტერნი ვუწოდოთ.

სრულიად განსხვავებული რიტმი და გარემოა მის შემდეგ ბიოგრაფიულ კინოსურათში "ფიროსმანი" (1969წ). სიმბოლური იყო, რომ ნიკალას როლზე მან ასევე თვითნასწავლი მხატვარი ავთო ვარაზი მიიწვია. „ფიროსმანის" ყურებისას არ გტოვებს განცდა რომ შენ თავად ფიროსმანის ნახატებში მოგზაურობ, რადგან გარემო, მხატვრობა და ვარაზის შესრულება იდეალურად გადმოსცემდა XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი გამორჩეული, თვითმყოფადი მხატვრის სახეს. „ფილმი სავსეა გასაოცარი კადრებით, რომლებიც ფიროსმანის ფერწერის კომპოზიციების მიხედვითაა შექმნილი. არის ერთი სცენა, სადაც სამი გლეხის ქალი, თითქოს ფოტოს გადასაღებად გამზადებულნი სხედან. სამივე წინ იყურება, ნაპირებზე მჯდომ ქალებს ხელები მუხლებზე უდევთ, შუაში მჯდომს კი, კალთაში. მსახიობი ავთო ვარაზი, რომელიც ფიროსმანის როლს თამაშობს, ფილმის ერთ-ერთი მხატვარი იყო. ფილმის ფერებში ლურჯი და ყავისფერი ჩრდილები სჭარბობს, კომპოზიციებს მარტივი კონტურები ქმნის, თეთრი კედლების ფონზე. კამერა, რომელიც თითქმის არ მოძრაობს კადრებს შორის, ფილმს ანიჭებს სიმშვიდესა და საზრიანობას. ჩვენ მომსწრენი ვართ მხატვრის თვალითა და ყურით აღქმული დეტალებისა. ქალები კერავენ, კარები ჭრიალებს, დუქნის შესასვლელში მოხუცი ქალბატონი გამოჩნდება, მისი სილუეტი გარედან შემოსული დღის სინათლის ფონზე იკვეთება", - წერდა 1978 წელს ჟურნალ "The New Yorker"-ის ჟურნალისტი პენელოპ ჯილაიტი.

საოცარ სისადავესა და გამომსახველობის ერთგვარ „სიჩუმეს" მოჰყვა ძალზედ ცოცხალი, მხიარული, იუმორითა და მუსიკით დახუნძლული მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები" (1973წ). XX საუკუნის დასაწყისში ბროდვეის სცენაზე დაბადებულმა ამ ახალმა ჟანრმა კინოში ხმის შემოსვლასთან ერთად ეკრანზე გადმოინაცვლა. გიორგი შენგელაიამ შეძლო ეს სუფთა ამერიკული ჟანრი იდეალურად მოერგო ქართული რეალობისთვის. „ვერის უბნის მელოდიები" პირველი ქართული კინო-მიუზიკლია, რომელშიც რეჟისორმა ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი კომედიისა და მელოდრამის ელემენტები სოციალურ-პოლიტიკური თემებით გააზავა და გიორგი ცაბაძის საოცრად მელოდიური მუსიკის თანხმლებით, მშვენიერი სანახაობა შექმნა.

მართალია, ამ ფილმს თითქოსდა იგივე ჟანრად ჩაფიქრებული „სიყვარული ყველას უნდა" (1980წ) მოჰყვა, თუმცა კახეთის სოფელში დატრიალებული ამბები, უფრო პაროდიისა თუ კარიკატულობის ელემენტებით იყო სავსე. ახალგაზრდა მკერავი გოგოს ისტორია, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჩადის და იქაური მოსახლებისთვის სპეციალური, სტილიზებული სამოსის შექმნას იწყებს, მასობრივი მაყურებლისთვის შენგელაიას ერთ-ერთ საყვარელ ფილმად იქცა.

მხიარული მუსიკა და სასაცილო პერსონაჟები აღარ ჩანან მის მომდევნო ფილმში, ისტორიულ დრამაში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1984წ). დახვეწილად სტილიზებული და ქვეტექსტებით გაჯერებული ფილმის მთავარი გმირი 1905 წელს, რევოლუციის დამარცხების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამოგზაუროდ მიდის, რათა ხალხური სიმღერები შეკრიბოს. მიუხედავად იმისა, რომ მას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებდნენ, ის მაინც, ბავშვური გულუბრყვილობით (მსახიობი ლევან აბაშიძე) ეშვება მოგზაურობაში. „ფილმი იქცევა იგავად შიშზე და ღირსებაზე, არჩევანზე და მის ფასზე, ჭეშმარიტ და ცრუ გმირობაზე; იგავად, რომელიც ახლობელია და გასაგები ყველა დროისა და ყველა ხალხისთვის. ალბათ ყველა ქვეყნის ისტორიამ იცის ეპოქები, როცა ეგზალტაციას ეწირება საღი აზრი, პათეტიკური სიტყვისთვის და ეფექტური პოზისთვის იღუპება საქმე, ჩნდებიან ცრუ გმირები, ზედმეტი და უფრო მეტიც, სახიფათო ხდება ჭკუა, განათლება, ღირსება, ზნეობა. ამის დასტურია ბერლინის კინოფესტივალის ნომინაციაც "ოქროს დათვზე" და დამსახურებული "ვერცხლის დათვიც" საუკეთესო რეჟისურისთვის", - წერდა ფილმზე კინომცოდნე მანანა ლეკბორაშვილი, წერილში „გიორგი შენგელაია - მუდმივი ექსპერიმენტის გზაზე".

„ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობას" მოჰყვა ისტორიულ-სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია" (1987წ), რომელიც რევოლუციის შემდგომ საქართველოს ცარკეულ რეგიონებში შემორჩენილ სახალხო რაზმზე და მათ მიერ გაჩაღებულ ბრძოლაზე გვიყვება. ხოლო 2000 წელს გადაღებული ფილმი „სიყვარული ვენახში", პირველი ქართული ეროტიკული ნამუშევარია. 2005 წელს გიორგი შენგელაიამ კომედიური ჟანრის ფილმი „მიდიოდა მატარებელი" გადაიღო, რომლის ერთ მატარებლში მოქცეული გმირები, თავისი ამბებითა და კოლორიტული ხასიათებით, მიკრო სამყაროს ერთგვარ მოდელს გვთავაზობენ.

„გამოსახულების სიმდიდრე მაყურებლისადმი ნდობასაც ნიშნავს. გიორგი შენგელაია ამ ნდობას არასდროს კარგავს. ქართული კინოს ისტორიაში ძნელია გაიხსენო სხვა ხელოვანი, რომელსაც ასე უყვარდეს ექსპერიმენტი და განსხვავებულ ჟანრში, თუ გნებავთ, სტილში მუშაობა... შეიძლება ითქვას, რომ ეს საკუთარი თავის მიმართ ამბოხიცაა - იგი არასდროსაა კმაყოფილი მიღწეულით. ამიტომაცაა, ალბათ, ერთდროულად სიმბოლო თავისი თაობისა და მარად ახალგაზრდა ხელოვანი, რომელსაც ყველაზე მეტად ახალ თაობასთან ურთიერთობა უყვარს", - წერდა გოგი გვახარია "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

გიორგი შენგელაიას ფილმებს სხვადასხვა დროს მიღებულ პრიზებს შორისაა: ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი" საუკეთესო რეჟისურისათვის ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", ბრიტანეთის კინოინსტიტუტისა და ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოები ფილმისათვის „ფიროსმანი" და სან-სებასტიანის კინოფესტივალზე OCIC-ის საპატიო აღნიშვნა ფილმისათვის „ვერის უბნის მელოდიები".

ფილმოგრაფია:
„ალავერდობა" (1962)
„ჯილდო" (1965)
„მაცი ხვიტია" (1966)
„ფიროსმანი" (1969)
„ვერის უბნის მელოდიები" (1973)
„ქვიშანი დარჩებიან" (1976)
„სიყვარული ყველას უნდა" (1980)
„ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1984)
„ხარება და გოგია" (1987)
„ორფეოსის სიკვდილი" (1996)
„სიყვარული ვენახში" (2000)
„მიდიოდა მატარებელი" (2005)

 

მნახველთა რაოდენობა: 229