თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოებს

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2 -5 ოქტომბერს იტალიის საელჩოსთან ერთად წარმოგიდგენთ ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოებს.
საღამოები გაიმართება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც გელით გამოფენა და კინოსეანსები: „ტკბილი ცხოვრება“, “8 ½”, “ამარკორდი”.

ფედერიკო ფელინის და ტონინო გუერას ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი, ამარკორდი 1973 წელს შეიქმნა. ფილმი ნახევრად ბიოგრაფიულია, მისი სათაური „ამარკორდი“ რიმინულ დიალექტზე ითარგმნება როგორც - „მე მახსოვს“. სწორედ ასე, საკუთარი ბავშვობის მოგონებებზე ააგეს „ამარკორდი“ ფელინიმ და მისმა სცენარისტმა ტონინო გუერამ. სიუჟეტი მოგვითხრობს მოზარდ ბიჭ ტიტოზე, რომელიც ერთ პატარა იტალიურ სოფელში, სოფელ რიმინისთან ახლოს (სადაც თავად ფელინი დაიბადა) უცნაურ და ექსცენტრიულ გარემოში იზრდება, გარემოში რომელიც სრულად გამოხატავს მუსოლინის პერიოდის იტალიას...

„ტკბილი ცხოვრება“ (1960) მოგვითხრობს იტალიელ ჟურნალისტ მარჩელო რუბინიზე (მარჩელო მასტროიანი). ფილმში, ყვითელი პრესის ჟურნალისტის 7 დღიანი მოგზაურობა რომში, სიყვარულისა და ბედნიერების, „ტკბილი ცხოვრების“ საძიებლად, შედგება - პროლოგისგან, 7 ეპიზოდის, ინტერმეცოსა და ეპილოგისაგან. მთლიანობაში თითოეული ეპიზოდი ჟურნალისტის 1 სრულ დღეს წარმოგვიდგენს.
ფელინის „ტკბილმა ცხოვრებამ“ მოიპოვა ოქროს პალმის რტო 1960 წლის კანის კინოფესტივალზე და ოსკარი საუკეთესო კოსტიუმებისათვის. გარდა ამისა ნამუშევარი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთ უდიდეს ნიმუშად.


„8 ½“ (1963) წარმოადგენს ფედერიკო ფელინის მეცხრე ფილმს, რომელის მთავარი პერსონაჟი, იტალიელი კინორეჟისორი გვიდო ანსელმია (მარჩელო მასტროიანი). რეჟისორს სურს გადაიღოს ეპიკური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რის საშუალებასაც მას შემოქმედებითი კრიზისი არ აძლევს.
ფელინის ამ შავ-თეთრი ნამუშევრის ისტორიის მთავარი ინსპირაცია კვლავ საკუთარი თავია და ფილმიც ნახევრად ავტობიოგრაფიული. რეჟისორი თავისი მერვე ფილმის გადაღების შემდგომ შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა და სწორედ ის აბსურდული, ჩაკეტილი წრე წარმოგვიდგინა, რომლის ცენტრშიც თავად იმყოფებოდა - სათაური 8 ½ სწორედ ამიტომ შეირჩა - რეჟისორი არ გვიჩვენებს არც სურათის დასრულებულ სახეს  და არც დასრულებულ სახელს აძლევს მას - მისი დასასრული მაყურებელმა საკუთარ ცნობიერში უნდა ეძიოს..

კინოჩვენებები გაიმართება იტალიურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით.
2020-Oct-08