თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის შესახებ

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ინდუსტრიული დღეების მრავალფეროვანსა და დინამიურ პროგრამას, რომელიც მოიცავს ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების ფართო სპექტრის გარშემო. კინოინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიონალებთან შეხვედრები გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს პროფესიონალებს, დამწყებ რეჟისორებსა და პროდიუსერებს, ფესტივალის მონაწილეებსა და ზოგადად, ფართო საზოგადოებას.

ფიჩინგ ფორუმი Georian-Baltic Bridge

ინდუსტრიული დღეების ფარგლებში წარმოდგენილი ვორქშოფების მთავარი მიზანია მონაწილეების კარიერული განვითარების ხელშეწყობა კინოინდუსტრიაში. ფიჩინგ ვორქშოფებთან ერთად, მონაწილეებს წელს პირველად მიეცემათ საშუალება ჩაერთონ საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმში, რომელიც საქართველოსა და ბალტიისპირეთზე (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) იქნება კონცენტრირებული. პლატფორმის ფარგლებში ჩატარდება ინტენსიური ტრენინგები სიუჟეტის განვითარების, პროექტის პრეზენტაციის, ფიჩინგისა და შეფუთვის საკითხებზე. მონაწილეებს, ასევე, საშუალება მიეცემათ ინდივიდუალური კონსულტაციები გაიარონ პროდიუსერებსა და დარგობრივ ექსპერტებთან. შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი  მრავლისმომცველი პროგრამა ერთგვარი გზამკვლევია კინოს ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის.

ფიჩინგ ფორუმი გაიმართება ოთხშაბათს, 2 დეკემბერს, 11:00 საათზე (ცენტრალური ევროპული დრო)

საერთაშორისო ჟიური სამ საუკეთესო პროექტს გამოავლენს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. ღონისძიებაზე დასაწრებად მიჰყევით ბმულს.

ინდუსტრიული პლატფორმა წელს რამდენიმე საინტერესო პანელ დისკუსიითა და მასტერკლასების სერიითაა წარმოდგენილი. საყოველთაოდ აღიარებული რეჟისორები, როგორებიც არიან აგნეჟკა ჰოლანდი, პიტერ ვებერი, ჟაკო ვან დორმაელი, ნინო კირთაძე და რატი ონელი ინდუსტრიული პლატფორმის  სპეციალური სტუმრები იქნებიან და შემოგვთავაზებენ შეხვედრებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა თემაზე.  

ინდუსტრიული დღეების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება პანელური დისკუსია - კოპროდუქციის საკითხები კინოინდუსტრიაში: ბალტიისპირეთის შედარებითი ანალიზი, რომლის ფარგლებშიც, ასევე, განიხილება კოპროდუქციის წარმატებული მაგალითები: მანდარინები (ესტონეთი-საქართველო) და ნამე (საქართველო-ლიეტუვა). გარდა ამისა, სხვადასხვა კინოფესტივალის პროგრამერები გამართავენ პანელურ დისკუსიას - ფესტივალების დახურულ კარს მიღმა, და განიხილავენ  ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფესტივალის პროგრამის შემუშავების მნიშვნელობა და წამყვანი კინოფესტივალების სელექციის პროცესი. რაც მთავარია, ისინი ისაუბრებენ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საერთაშორისო კინოფესტივალები ქართული კინოს წარმომადგენლებს სთავაზობენ.

ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის მხარდამჭერია თბილისის მერია.

  

2020-Nov-28