თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შესახებ

უჩვეულო მოვლენების გამო, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ონლაინ-პლატფორმაზე გადაინაცვლებს და წინა წლებთან შედარებით მცირერიცხოვანი ფილმებით წარდგება მაყურებლის წინაშე. თუმცა, “პრომეთე” ტრადიციულად წლის ბოლოს, დეკემბერში ტარდება და მაყურებელს წლის საუკეთესო, მრავალფეროვანი და განსხვავებული ფილმებით ანებივრებს.

დამზადებულია გერმანიაში

ყოველწლიური სექცია “დამზადებულია გერმანიაში”, რომელიც თბილისის კინოფესტივალისა და გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით შედგა, წელს 4 ფილმს აერთიანებს. მათ შორისაა ბერლინის კინოფესტივალის ტრიუმფატორი, კრისტიან პეტცოლდის “უნდინე”(Undine), ცნობილი რეჟისორის მორიგი ნამუშევარი, რომელშიც მონაწილეობას მსახიობები ფრანც როგოვსკი და პაულა ბირი ასრულებენ. მაყურებელი “გერმანულ” სექციაში იხილავს ელიზა პეტკოვას ფილმს ევზი, რომელიც თავდაყირა ცურავს“ (A Fish Swimming Upside Down); ელიზა პეტკოვას პირველი ნამუშევარი რამდენიმე წლის წინ კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში იყო ჩასმული და ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, მისი ახალი ნამუშევრის შეფასება. ამაზე სექციაშია დებიუტანტი ფრედერიკ ჰამბალეკის “მოდელ ოლიმპია” (MODEL OLIMPIA), რომელიც დედა-შვილობის მარადიულ თემას უჩვეულო კუთხიდან ასახავს და დაფნე არიზანის „ცეცხლში“(SISTERS APART) - რომელიც გერმანელი ჯარისკაცი ქალის ისტორიას მოგვითხრობს.

მსოფლიო კინო 

დანარჩენი 16 ფილმი გაერთიანებულია სექციაში “მსოფლიო კინო”, სადაც თავმოყრილია ფილმები როგორც ევროპიდან, ასე - აზიიდან და ამერიკის კონტინეტებიდან. მათ შორისაა, ძალიან საინტერესო ბრაზიულიური ნამუშევარი ჟოაო პაულო მირანდა მარიას “ოცნებების სახლი”(MEMORY HOUSE) და თბილისის კინოფესტივალის ერთგული მაყურებლის ერთ-ერთი ფავორიტი კორეელი რეჟისორის - ჰონგ სანსუს “ქალი, რომელიც გაიქცა”(THE WOMAN WHO RAN); ამ უკანასკნელისთვის, ჰონგ სანგსუმ ბერლინალეს კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი - საუკეთესო რეჟისორისთვის - დაიმსახურა.

სექცია სავსეა ისეთი ცნობილი რეჟისორებით, რომელთაც დიდი წარსდგენა არ სჭირდებათ, რადგან მათ უკვე დაიმკვიდრეს ადგილი როგორც კინომოყვარულების წრეებში, ისე - ჩვენი კინოფესტივალის პროგრამაში. ესენია: ფრანსუა ოზონის (SUMMER OF '85) ფილმში, 1985 წლის ცხელი ზაფხულის ერთ დღეს მიამიტ მოზარდს ალექსისს შტორმში ნავი გადაუყირავდება და მას დახრჩობისგან 18 წლის დევიდი იხსნის. ალექსისს ღრმად და საშიშად შეუყვარდება დევიდი. ამის შემდეგ ბიჭები განუყრელად ერთად ატარებენ დროს მზიანი ნორმანდიის პლაჟებსა თუ საცეკვაო მოედნებზე. მაგრამ ვერაგი დევიდი თავს თავისუფალსულად მიიჩნევს და არ უნდა, შებოჭილი იყოს.

 

ტომას ვინტერბერგის „თრობა“(ANOTHER ROUND) განიხილავს თეორიას იმის შესახებ, რომ ადამიანი სისხლში ალკოჰოლის არასაკმარისი რაოდენობით იბადება და რომ ზომიერი თრობა გონებას გვიხსნის, პრობლემებს ამცირებს და კრეატიულობას ამაღლებს. ამ თეორიით ფრთაშესხმული მარტინი (მადს მიკელსენი) და მისი სამი მეგობარი, საშუალო სკოლის დაღლილი მასწავლებლები, ექსპერიმენტს იწყებენ, რომ სამუშაო დღის განმავლობაში თრობის დონე მუდმივ ნიშნულზე შეინარჩუნონ. თუ ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომი მძიმე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მოიგო, ვინ იცის, რამდენიმე წვეთი რას მოუტანს მათ და მათ მოწაფეებს? 

აბელ ფერარას "ციმბირი" (SIBERIA) ფილმის მთავარი პერსონაჟი კლინტი (რომლის როლსაც დანიელ დეფო ასრულებს) გულდამძიმებული ადამიანი, სიმშვიდეს ეძებს და განმარტოებით ცხოვრობს ზამთრის სამთო ქოხში. აქ მას პატარა კაფე აქვს, სადაც იშვიათი მოგზაური ან ვინმე ადგილობრივი თუ შეიხედავს. მაგრამ არც ამ იზოლაციას მოაქვს კლინტისთვის სიმშვიდე. ერთ საბედისწერო საღამოს ის ძაღლებშებმული მარხილით მოგზაურობას იწყებს სამყაროში, რომელსაც ოდესღაც იცნობდა. ის სიზმრებში, მოგონებებსა და წარმოსახვაში მოგზაურობს, რომ თავის ნამდვილ ბუნებას მიაგნოს.

 

აგნიეშკა ჰოლანდის „შარლატანი“ (CHARLATAN) განსაკუთრებული შესაძლებლობებით დაჯილდოებული კაცის გასაოცარი ამბავი, რომელიც ტოტალიტრაული 1950-იანი წლების მოვლენების ფონზე ვითარდება. ცნობილი და წარმატებული ჩეხი მკურნალის იან მიკოლაშეკის ცხოვრება, რომელიც თავისი ინტუიციისა და მცენარეთა შესახებ ცოდნის წყალობით სვამდა დიაგნოზს და კურნავდა ადამიანებს. 

სალი პოტერის (ROADS NOT TAKEN) ფილმი მამა-შვილის ერთ მშფოთვარე დღეს აღწერს. ელ ფენინგის მოლის ხავიერ ბარდემის პერსონაჟის - ლეოს - არეულ ფსიქიკურ მდგომარეობასთან გამკლავება უწევს. სანამ მამა-შვილი ნიუ-იორკის გარშემო მოგზაურობს, მისი ჩვეულებრივი, მაგრამ დატვირთული დღე ჰალუცინაციურ და ეპიკურ ხასიათს იღებს, რადგან ლეოს სამი პარალელური ცხოვრება აქვს და გამუდმებით ერთიდან მეორეში ინაცვლებს. 

ძმები დ’ინოცენცოების „ცუდი ზღაპრები“ (BAD TALES) ერთმანეთთან სხვადასხვა გზით დაკავშირებული ოჯახების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც რომის გარეუბანში ცხოვრობენ. პერსონაჟებს უცნაური მოუსვენრობისა აწუხებთ; მოუსვენრობა, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აფეთქდეს. ღვარძლიანი ეპიზოდების სერია გვაჩვენებს, როგორ სასტიკად ექცევიან მშობლები უნებურად მოზარდ შვილებს, რომლებიც, თავის მხრივ, ქაოსს თესენ და საბოლოოდ მთელი დასახლება განადგურებამდე მიჰყავთ.

 

პოლონური ფილმის „აღარასდროს მოთოვს“ (NEVER GONNA SNOW AGAIN) მთავარი პერსონაჟია ჟენია, რუსულად მოლაპარაკე იმიგრანტი აღმოსავლეთიდან, მასაჟისტად მუშაობს პოლონეთში, მდიდრულ დახურულ რეზიდენციაში. სიმდიდრის მიუხედავად, აქ მცხოვრები ადამიანები შინაგან სევდას და დარდს ასხივებენ. იდუმალებით მოცულ უცხოელს ნიჭი აქვს. მისი ხელები კურნავს, მისი მზერა კი მარტოხელა ქალების სულებში აღწევს. ჟენიას რუსული აქცენტი მათთვის სიმღერას ჰგავს წარსულიდან, მოგონებას ბავშვობაზე, როდესაც თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ.

ივან ტვერდოვსკის „კონფერენცია“ (CONFERENCE) ცნობილი ტერორისტური აქტის გადააზრებისა და გადახალისების მცდელობაა. დუბროვკას თეატრალურ ცენტრზე ტერორისტული თავდასხმიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ ნატალია, რომელიც ახლა მონაზონია, მოსკოვში ბრუნდება, რომ თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემი საღამო გამართოს მათი ოჯახებისთვის. მაგრამ რატომ არის ნატალია, რომელიც ამ საშინელ ტრაგედიას ცოცხალი გადაურჩა, საკუთარი ოჯახისგან მოკვეთილი? და რატომ ცდილობს ის დაჟინებით მოწმეთა ჩვენებების შეგროვებას?

სექციაში მოხვდნენ ისეთი ავტორებიც, რომლის სახელიც კინომოყვარულებმა შეიძლება ჯერ არ იციან, მაგრამ მათი ფილმები უკვე მრავალ ფესტივალზე იქნა ნაჩვენები და უამრავი ჯილდო თუ დადებითი შეფასება დაიმსახურეს; ასევე - თავიანთმა ქვეყნებმა ეს ფილმები ოსკარის კანდიდატად შეარჩიეს, 2021 წლის “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” ნომინაციაში. მაგალითად - ბერძნულსი ფილმი “ვაშლები” (APPLES) და სერბი რეჟისორის სრდან გრდანოვიჩის “მამა”(FATHER).

 

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება, ერთი დოკუმენტური ფილმი, შვედი რეჟისორის - ნათან გროსმანის - მე ვარ გრეტა“(I AM GRETA), რომელიც ცნობილი ახალგაზრდა აქტივისტისა - გრეტა თუნბერგის - ოჯახის, მეგობრებისა და საქმიანობის საინტერესო პორტრეტს ხატავს.

მიუხედავად მცირერიცხოვანი პროგრამისა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთგული მაყურებელი, ერთმანეთისგან განსხვავებულ ჟანრების, სტილისა და სპეციფიკის ფილმებს იხილავს და ნებისმიერი გემოვნების მაყურებელი კმაყოფილი დარჩება. 

2020-Dec-01