თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყებს განაცხადების მიღებას საკონკურსო პროგრამისთვის „ქართული პანორამა“!
ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ქართული ან ერთობლივი წარმოების ფილმები (ქართული თანამონაწილეობით), რომელთა რეჟისორები საქართველოს მოქალაქეები არიან.
კონკურსი ჩატარდება ოთხ კატეგორიაში:
- სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (ანიმაციის ჩათვლით);
- მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (ანიმაციის ჩათვლით);
- სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი;
- მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს გადაეცემათ ფესტივალის ტრადიციული პრიზი – „პრომეთე“. ფესტივალის ოფიციალური ჟიურის შემადგენლობა გამოცხადდება ნოემბრის ბოლოს.
ფილმის კონკურსზე წარსადგენად პირველ ეტაპზე საკმარისია ფილმის მიწოდება ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფისთვის ლინკის სახით, ფესტივალის ოფიციალურ მეილზე: office@tbilisifilmfestival.ge ან ფიზიკური ფორმით ფილმის სათაურის, რეჟისორის, ქრონომეტრაჟის და წარმოების ქვეყნების მითითებით (ერთობლივი წარმოების შემთხვევაში). სათაურის ველში მიუთითეთ „ქართული პანორამა“. ფილმს წარადგენს პროდიუსერი ან საპროდიუსერო კომპანია. ფილმის ფიზიკურად წარმოდგენის შემთხვევაში მოგვმართეთ მისამართზე: 0119 თბილისი, წერეთლის გამზ. 114.
ფილმებს საკონკურსოდ შეარჩევს კომისია, რომლის შემადგენლობა არ გასაჯაროვდება.
ფილმების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 4 ნოემბერი.
ფილმის საკონკურსოდ შერჩევის შემთხვევაში მიიღებთ დადებით პასუხს და წარმოსადგენი მასალების დეტალურ აღწერას.
„ქართული პანორამის“ კოორდინატორი იქნება გვანცა ქოიავა. საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995 558 21 21 08; მეილი: gvantsa_qoiava@yahoo.com.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მიესალმება კინოორგანიზაციებისა თუ სხვა ორგანიზაციების/კომპანების მიერ „ქართული პანორამის“ ფარგლებში დაწესებულ არაოფიციალურ პრიზებს. მსგავსი პრიზის დაწესების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კინოფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს.