მე-16 „ოქროს გარგარი“ და ქართული ფილმების წარმატება
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → მე-16 „ოქროს გარგარი“ და ქართული ფილმების წარმატება
კინოფესტივალი მედიაში
2019-07-15

ერევანის საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი" 2004 წელს სამმა თანამოაზრემ დაარსა - ჰარუტიუნ ხაჩატრიანმა (კინორეჟისორი, ფესტივალის ყოფილი გენერალური დირექტორი), მიკაელ სტამბოლციანმა (კინოკრიტიკოსი, პროგრამების ყოფილი დირექტორი) და სუსანა ჰარუტუნიანმა (კინოკრიტიკოსი, ყოფილი მხატვრული დირექტორი). 2005-2015 წლებში ფესტივალის პრეზიდენტი იყო ცნობილი რეჟისორი ატომ ეგოიანი. გამოჩენილი რეჟისორის სახელმა უდავოდ შეუწყო ხელი ფესტივალის პოპულარიზაციას და „ოქროს გარგარი" მალევე მოექცა უცხოური პრესის ყურადღების ქვეშ.

ყოველწლიურად, ფესტივალის ორგანიზატორები ცდილობდნენ მაყურებლისთვის მაქსიმალურად საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა შეეთავაზებინათ. მოწვეულ სტუმრებს შორის კი სხვადასხვა დროს იყვნენ: ვიმ ვენდერსი, ტონინო გუერა, კლაუდია კარდინალე, ფანი არდანი, თეო ანგელოპულოსი, ლი ჩან დონი, ფატიჰ აკინი, იშტვან საბო, ოთარ იოსელიანი და კინოსამყაროს სხვა ცნობილი წარმომადგენლები.

არც წლევანდელი „ოქროს გარგარი" აღმოჩნდა გამონაკლისი. მით უმეტეს, რომ წელს ის მაყურებლის წინაშე განახლებული სახით წარსდგა: ახალი საორგანიზაციო ჯგუფი, ახალი ლოგო, სრულიად შეცვლილი დიზაინი.

ფესტივალი 7 ივლისს ჯუნ ჰო ბონგის „პარაზიტით" გაიხსნა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად 740 ფილმის ავტორმა გამოთქვა სურვილი. შერჩეული ფილმების დიდი ნაწილი ისეთ ფესტივალებზე იყო ნაჩვენები (პრემირებული თუ საერთაშორისო კონკურსში მონაწილე) როგორებიცაა: კანი, ბერლინი და როტერდამი.

მე-16 ფესტივალს საპატიო სტუმარი ჰყავდა, მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი. წლევანდელ „ოქროს გარგარზე" გაიმართა მისი ფილმების რეტროსპექტივა და რეჟისორს საპატიო პრიზი  გადაეცა.

საერთაშორისო ჟიურის ხელმძღვანელობდა კინორეჟისორი ალექსანდრე მინდაძე, მისი დანარჩენი წევრები კი იყვნენ: ირანელი რეჟისორი რეზა მირკარიმი, ემი ჰობი (ტრაიბეკას კინოფესტივალის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი), რეჟისორი ნიკოლა ვადიმოვი (შვეიცარია), რეჟისორი ნინო კირთაძე (საფრანგეთი), პროდიუსერები: პაოლო ბერტოლინი (იტალია) და ელიზაბეტ კარლსენი (ბრიტანეთი).

ახლა კი, რაც შეეხება სექციებსა და მასში მონაწილე ფილმებს. მთავარ საკონკურსო პროგრამაში 12 ფილმი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო ნინო ჟვანიას ფილმი „აღლუმი", რომელმაც თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის" ჯილდო დაიმსახურა. აქვე წარმოდგენილი იყო დენი კოტეს ფილმი Ghost Town Anthology, რომელიც წელს ბერლინალეს მთავარ საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობდას. ვფიქრობ, ამ რეჟისორს დიდი წარდგენა აღარ სჭირდება, რადგან თბილისის მე-18 კინოფესტივალზე ნაჩვენები მისი ფილმების რეტროსპექტივა, უდაოდ, ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ღონისძიება იყო. ახალ ფილმში დენი კოტე ერთი პატარა დასახლების ყოველდღიურობას აღწერს, სადაც მიცვალებულთა სულები და ცოცხალი ადამიანები თანაცხოვრებას ცდილობენ. „ოქროს გარგარის" საკონკურსო ფილმებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ თეონა სტრუგარ მიტევსკას ფილმი „ღმერთი არსებობს და მისი სახელია პეტრუნია", რომელიც ბერლინალეს საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა.

13 ივლისს გამართულ დაჯილდოების საღამოზე, ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. „ოქროს გარგარის" მფლობელი გახდა ბრიტანული ფილმი Rai & Liz, რეჟისორი რიჩარდ ბილინგემი, „ვერცხლის გარგარი" კი გადაეცა კანტემირ ბალაგოვს ფილმისთვის Beanpole (რუსეთი), ხოლო ჟიურის სპაციალური აღნიშვნა ჰასან ფაზილის ფილმმა Midnight Traveller ( აშშ, ბრიტანეთი, ყატარი, კანადა) დაიმსახურა.

სექციაში „რეგიონალური პანორმა" მონაწილეობას იღებდა ორი ქართული პროდუქცია: თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტები" და გიგიშა აბაშიძის „მეზობლები", ფილმები, რომელთა ნახვის საშუალებაც თბილისის მე-19 კინოფესტივალის მაყურებელს ჰქონდა. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყაჯრიშვილის ფილმმა საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი - ფიპრესის დიპლომი დაიმსახურა.

„რეგიონალური მოკლემეტრაჟიანი ფილმების" კონკურსში, რამდენიმე ქართული ფილმი იყო ჩართული: გიორგი თავართქილაძის „ცუდი ხალხი", დავით ფირცხალავას „საშლელი", ნინა ხატიაშვილის No Budget Film). "ოქროს გარგარი" აიღო ირანულმა ფილმმა Driving Lessons, რეჟისორი მარზიე რიაჰი, ხოლო „ვერცხლის გარგარი" ქართველი რეჟისორის რატი წითელაძის ფილმს „სოციუმის პატიმარი" ხვდა წილად. იმის გამო, რომ ფილმის რეჟისორი არ იმყოფებოდა ფესტივალზე, პრიზის ასაღებად სცენაზე ჩვენი კინოფესტივალის წარმომადგენელი მარიამ ზუბაშვილი მიიწვიეს.

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 318