ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი ოთარ იოსელიანს მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის საპატიო ჯილდოს გადასცემს
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი ოთარ იოსელიანს მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის საპატიო ჯილდოს გადასცემს
კინოფესტივალი მედიაში
2013-05-14

ლოკარნოს 66-ე კინოფესტივალმა ოფიციალურად გამოაცხადა ოთარ იოსელიანისათვის საპატიო ჯილდოს გადაცემა. ფესტივალის „ღია კარის" სექციაში ქართველი რეჟისორის საპატივსაცემოდ სპეციალური პროგრამა იგეგმება. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სიმპოზიუმი, რომელიც ოთარ იოსელიანის შემოქმედებას მიეძღვნება, ნაჩვენები იქნება ფილმები: „იყო შაშვი მგალობელი" (1970), „ყაჩაღები. თავი VII" (1996), „პასტორალი" (1975) და „შანტრაპა" (2010).
წლევანდელი ლოკარნოს ფესტივალის „ღია კარის" სექცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე აკეთებს აქცენტს (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო). სწორედ ამ კონტექსტში მოხდა საპატიო ჯილდოს გადაცემა იოსელიანისათვის, რომელიც უკვე 30 წელია პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
„ოთარ იოსელიანისთვის ამ საპატიო ჯილდოს გადაცემა ემსახურება ფესტივალის მისიას, მაყურებელს გააცნოს ის უაღრესად ინდივიდუალური და გამორჩეული ხმები, რომლებიც საბოლოო ჯამში თანამედროვე კინემატოგრაფის სახეს ქმნიან" - აღნიშნა ლოკარნოს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კარლო კატრიანმა. იოსელიანის ნამუშევრებს ის „თავისუფლების ოდად" მოიხსენიებს.

 

მნახველთა რაოდენობა: 9429