კინოჟურნალისტებისა და კინოკრიტიკოსების საყურადღებოდ!
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → კინოჟურნალისტებისა და კინოკრიტიკოსების საყურადღებოდ!
კინოფესტივალი მედიაში
2013-05-16

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „რეჟისორები საზღვრებს მიღმა" (DAB) იწყებს განაცხადების მიღებას ტრენინგ-პროგრამაზე „კინოჟურნალისტიკა საზღვრებს მიღმა" (CJAB), რომელიც ერევნის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის, "ოქროს გარგრის" ფარგლებში 2013 წლის 4 ივლისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება.
ტრენინგი ორ ნაწილად იყოფა: პირველ, თეორიულ ნაწილში პროფესიონალი კინოკრიტიკოსები ევროპიდან სამდღიან ტრენინგს ჩაატარებენ (4-7 ივლისი), მეორე ნაწილში კი მონაწილეები კინოჟურნალისტიკისა და კინოკრიტიკის პრაქტიკულ მხარეებს გაეცნობიან. პროგრამის წარმატებულად გავლისათვის მონაწილეები ვალდებულნი არიან სრულად დაესწრონ ერევნის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის დღეებს 7-იდან 14 ივლისამდე და ყოველდღიურად იმუშაონ ფესტივალის ვებგვერდზე, ასახონ ფესტივალის სხვადასხვა ღონისძიება (მაგალითად, რეგიონული ფორუმი კო-პროდუქციის შესახებ და სომხურ-თურქული კინოპლატფორმა)
ტრენინგი ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მონაწილეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ ინგლისურ ენაზე საუბარი. განაცხადის მიღების წესი ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ (PDF). პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ვებგვერდზე: www.dabhub.com და სექციაში CINEMA JOURNALISM ACROSS BORDERS იხილეთ ონლაინ-განაცხადის ფორმა (ONLINE SUBMISSION FORM) .

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 1 ივნისი, შერჩეული მონაწილეები გამოვლინდებიან 15 ივნისს. მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელ ხარჯებს პროექტი DAB-ი დაფარავს.

"კინოჟურნალისტიკა საზღვრებს მიღმა" (CJAB) ნაწილია პროექტისა „რეჟისორები საზღვრებს მიღმა" (DAB) რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და ხორციელდება ოქროს გარგრის კინოს განვითარების ფონდის მიერ სომხეთში, მისი ერთ-ერთი პარტნიორია „კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე" - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორი.

მნახველთა რაოდენობა: 9592