კონფერენცია მუნიციპალური კინოთეატრების შესახებ
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → კონფერენცია მუნიციპალური კინოთეატრების შესახებ
კინოფესტივალი მედიაში
2013-05-23

30 მაისს, 11 საათზე გოეთეს ინსტიტუტის შენობაში გაიხსნება კონფერენცია თემაზე „მუნიციპალური კინოთეატრი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში."
კონფერენციის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე", ფინანსური მხარდამჭერები - ქართული ფილმის განვითარების ფონდი და გოეთეს ინსტიტუტი.
გერმანიიდან მოწვეული ექსპერტები, ქრისტიანე შლაინდლი და კორნელია კლაუსი კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ მუნიციპალური (კომუნალური) კინოთეატრების მუშაობის პრინციპებს. არაკომერციული მუნიციპალური კინოთეატრების ქსელს გერმანიაში 50 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კულტურული პროექტია.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული 50-მდე კინო-მენეჯერი და კულტურის მუშაკი. ისინი იმსჯელებენ გაუქმებული კინოთეატრების აღდგენის პერსპექტივებსა და მათი ხელახალი ჩამოყალიბების იურიდიულ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ მხარეებზე, მათ შემდგომ მენეჯმენტსა და სხვა ფუნქციურ თავისებურებებზე.
კონფერენციას დასწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კინოსტუდია „ქართული ფილმისა" და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები.
კონფერენცია ეხმიანება თბილისში კინოთეატრ „აპოლოს" აღდგენასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრის სახელზე გაკეთებულ ღია წერილს.
კონფერენციის შემდეგ მონაწილეები გაემგზავრებიან მცხეთაში, სადაც ისინი დაათვალიერებენ კინოთეატრს, როგორც რეგიონალური კინოთეატრის ერთ-ერთ ნიმუშს, და შეხვდებიან ადგილობრივი კულტურის სამსახურის წარმომადგენლებს.

კონფერენციაზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ, დაუკავშირდნენ პროექტის კოორდინატორებს:

ნინო ჩიმაკაძე
ტელ: +995 32 2356760
მობ: +995 555 10 15 84; +995 577 291021

ელენე ფასური
ტელ: +995 32 2356760
მობ: +995 593 935233

 

მნახველთა რაოდენობა: 8293