კონფერენცია „მუნიციპალური კინოთეატრი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → კონფერენცია „მუნიციპალური კინოთეატრი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“
კინოფესტივალი მედიაში
2013-06-01

30 მაისს კინოხელოვნების ცენტრმა „პრომეთემ" გოეთეს ინსტიტუტის და ქართული ფილმის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა ერთდღიანი კონფერენცია თემაზე „მუნიციპალური კინოთეატრი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში". გერმანელმა ექსპერტებმა კორნელია კლაუსმა და ქრისტიანე შლაინდლმა ისაუბრეს გერმანიის გამოცდილებაზე მუნიციპალური კინოთეატრების ორგანიზებისა და პროგრამის შედგენის სფეროში. ნიურნბერგის კომუნალური კინოთეატრის მაგალითზე ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კინოთეატრის მუშაობის იურიდიული, ქონებრივი, ფინანსური და შემოქმედებითი ასპექტები და ქართველი მონაწილეების მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხეს. დისკუსიაში, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულმა კულტურის სამსახურების თანამშრომლებმა. საინტერესო იყო ქუთაისის, გორის, ბორჯომის, ბაკურიანის, სენაკის, ლაგოდეხის, ცაგერის, რუსთავის, საჩხერის მუნიციალიტეტის წარმომადგენელთა გამოსვლები. ყველამ ერთხმად აღნიშნა რეგიონებში კინოთეატრების

აღდგენისა და კულტურული ცხოვრების გამოცოცხლების აუცილებლობა. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც კულტურის სამინისტროს, ასევე ეროვნული კინოცენტრისა და კინემატოგრაფისტთა კავშირის წარმომადგენლები. სს „ქართული ფილმის" დირექტორმა მერაბ თავაძემ მოკლედ მიმოიხილა სტუდიაში არსებული ამჟამინდელი ვითარება და რეგიონულ კინოთეატრებთან „ქართული ფილმის" მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. საინტერესო იყო ახლადდაარსებული „რეგიონული კინოთეატრების ასოციაციის" პრეზენტაცია, რომელიც მისმა ხელმძღვანელმა თორნიკე ადამაშვილმა ჩაატარა. 

კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დასახული მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს საქართველოს ყველა ქალაქში მუნიციპალური კინოთეატრის აღდგენას, აუცილებელია კულტურის, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების შეთანხმებული ურთიერთქმედება. ამასთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის მისამართით გაიგზავნოს წერილი რეგიონული კინოთეატრების აღდგენისთვის საჭირო საორგანიზაციო ნაბიჯების გადადგმისა და თანხების გამოყოფის თხოვნით.
კონფერენციის შემდეგ სტუმრები და მონაწილეები გაემგზავრნენ მცხეთაში, სადაც ისინი ადგილობრივი კულტურის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და მცხეთის გაუქმებული კინოთეატრი მოინახულეს.

  

ფოტოები: ირაკლი დემეტრაშვილი

სხვა მედია მიმოხილვები იხილეთ: ნეტგაზეთი / 24 საათი

მნახველთა რაოდენობა: 8266