„გრძელი ნათელი დღეები“ ვოლოგდის დამოუკიდებელი ევროპული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → „გრძელი ნათელი დღეები“ ვოლოგდის დამოუკიდებელი ევროპული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია
კინოფესტივალი მედიაში
2013-06-05

ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „გრძელი ნათელი დღეები" ვოლოგდის კინოფესტივალის, VOICES -ის საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება ამ ფილმის რუსული პრემიერა. „გრძელი ნათელი დღეების" გარდა საკონკურსო პროგრამაში შვიდი ფილმი მონაწილეობს. როგორც ფესტივალის დირექტორმა, იგორ ლისენკომ აღნიშნა, პროგრამამ წელს პირველად თითქმის ყველა ჟანრი მოიცვა. კონკურსში ცნობილი ბელგიელი მსახიობი გიიომ გალიენიც მონაწილეობს სადებიუტო ფილმით „მე, ჩემი თავი და დედაჩემი," ასევე წარდგენილია პიტერ სტრიკლანდის ეგზისტენციალური ტრილერიც „ბერბერიანიას ხმის ჩამწერი სტუდია," სადაც მთავარ როლს ცნობილი მსახიობი, ტობი ჯონსი ასრულებს. არასაკონკურსო სექციის პროგრამა ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ვოლოგდის ახალგაზრდა კინოფესტივალი მაყურებელს ყოველ წელს საინტერესო რეტროსპექტივებსა და ცნობილ კინოშედევრებს სთავაზობს დამწყები კინორეჟისორების ნამუშევრებთან ერთად. კინოფესტივალი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსაც აწყობს ქალაქის მასშტაბით. წელს ღია სივრცეში ერთდღიანი პიკნიკი იგეგმება მუსიკალური კონცერტით, საინტერესო ლექციებითა და საერთაშორისო სტუმრებთან კითხვა-პასუხის სესიებით. ვოლოგდის კინოფესტივალი 5 - 10 ივლისს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, პარიზში მცხოვრები იგორ გუსკოვი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი კონსულტანტია და უაღრესადაა დაინტერესებული ქართული კინემატოგრაფით.

მნახველთა რაოდენობა: 8954