ერევნის ოქროს გარგარის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული DAB-ის ფორუმისა და მასტერკლასების მონაწილეები გამოვლინდნენ
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ერევნის ოქროს გარგარის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული DAB-ის ფორუმისა და მასტერკლასების მონაწილეები გამოვლინდნენ
კინოფესტივალი მედიაში
2013-06-07

ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი", რომელიც 2004 წელს დაარსდა, სომხეთის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. ოქროს გარგარი მასშტაბით მცირეა სხვა ფესტივალებთან შედარებით, თუმცა მისი მნიშვნელობა ყოველ წელს იზრდება და საერთაშორისო ყურადღების საგანი ხდება. ფესტივალის მთავარი სექციებია მხატვრული და დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსები, რომელთა გამარჯვებულებსაც მთავარი პრიზი - ოქრის გარგარი გადაეცემათ. წელს ფესტივალი 10 წლის იუბილეს ზეიმობს. საერთაშორისო სტუმრებისა და საინტერესო პროგრამის გარდა, ფესტივალი ყოველ წელსაა დატვირთული შეხვედრებით, სემინარებითა და მასტერკლასებით. ერთ-ერთი ასეთია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „რეჟისორები საზღვრებს მიღმა", რომელიც წელს ორ მნიშვნელოვან ღონისძიებას აერთიანებს:

კოპროდუქციის რეგიონული ფორუმი - ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ტალანტების ხელშეწყობას ერთობლივი კინოწარმოების განვითარების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კერძოდ: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
წლევანდელი ფორუმი მოკლე ტრენინგ-პროგრამის, პიჩინგისა და საერთაშორისო პროფესიონალებთან ინდივიდუალური შეხვედრებისაგან შედგება, ის სრულმეტრაჟიანი ფილმების პროექტებს დაეთმობა. პროდიუსერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საშუალება ეძლევათ განვითარების ფაზაში მყოფი კინოპროექტები კონკურსზე წარადგინონ. ფორუმს ოთხი ქართველი მონაწილე ჰყავს: პროდიუსერი-რეჟისორი ანა ციმინტია პროექტით „ხალიჩა", ლალი კიკნაველიძე („მხის სხივი"), თამთა გაბრიჩიძე („ლევანი") და მარიამ ხაჭვანი („დედე").

ტრენინგ-პროგრამა „კინოჟურნალისტიკა საზღვრებს მიღმა" - პროგრამა კინოჟურნალისტებისა და კრიტიკოსებისათვის. ტრენინგის თეორიულ ნაწილში პროფესიონალი კინოკრიტიკოსები ევროპიდან სამდღიან ტრენინგს ჩაატარებენ (4-7 ივლისი), მეორე ნაწილში კი მონაწილეები კინოჟურნალისტიკისა და კინოკრიტიკის პრაქტიკულ მხარეებს გაეცნობიან. პროგრამის წარმატებულად გავლისათვის მონაწილეები ვალდებულნი არიან სრულად დაესწრონ ერევნის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის დღეებს 7-იდან 14 ივლისამდე და ყოველდღიურად იმუშაონ ფესტივალის ვებგვერდზე, ასახონ ფესტივალის სხვადასხვა ღონისძიება (მაგალითად, რეგიონული ფორუმი კო-პროდუქციის შესახებ და სომხურ-თურქული კინოპლატფორმა). პროგრამაში წელს ერთი ქართველი მონაწილე, მარი მშალაძე იღებს მონაწილეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ფონდი ოქროს გარგარი და ერევნის ოქროს გარგარის კინოფესტივალი მჭიდროდ თანამშრომლობს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან და მისი ოფიციალური პარტნიორია.

მნახველთა რაოდენობა: 7654