თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-08

დღეს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია, სადაც გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებული ფილმები.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული იყო ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისი. ჟიურის დანარჩენი წევრები იყვნენ: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში და სელინ ნუსი.

სექცია „ქართულ პანორამას" ტრადიციულად გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტ „არსენალის" და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის" დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები აფასებდნენ ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან:

"ოქროს პრომეთე" (საუკეთესო ფილმი) - "ბროლის გედი" (ბელარუსი, აშშ, გერმანია, რუსეთის ფედერაცია, 2018), რეჟისორი: დარია ჟუკი.

"ვერცხლის პრომეთე" (საუკეთესო რეჟისურა) - "მშვიდი ღამე " (პოლონეთი, 2018), რეჟისორი: პიოტრ დომალევსკი.

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაეცა მარტინა აპოსტოლოვას, მთავარი როლისთვის ნადეჟდა კოსევას ფილმში „ირინა", (ბულგარეთი, 2018).

რაც შეეხება სექციას "ქართული პანორამა", აქ წარმოდგენილი იყო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

"ქართული პანორამის" გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი - "აღლუმი", რეჟისორი ნინო ჟვანია, (საქართველო, 2018).

საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი - "ლანწკი პაპას მოპარული ხარი", რეჟისორები ელენე ნავერიანი და თომას რაიშლინი (საქართველო, 2018).

აუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი - "საშლელი", რეჟისორი დავით ფირცხალავა (საქართველო, 2018).

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაეცა ფილმს "გამჭვირვალე სამყარო", რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო, 2018).

ამას გარდა, წელს უკე მეორედ ევროკავშირმა საქართველოსთვის დააწესა სპეციალური პრიზი - ადამიანის უფლებები კინოში, რომლის გამარჯვებულიც სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. „ადამიანის უფლებები კინოში" გამარჯვებული გახდა საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი "გოგონა" (ბელგია, ნიდერლანდები, 2018), რეჟისორი: ლუკას დონტი.

„პირველი არხის" გადაცემის „ილუზიონის" ავტორებმა, კინომცოდნეებმა ბაჩო ოდიშარიამ და გური სულთანიშვილმა საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა შორის ტელეპროექტის რჩეული გამოავლინეს. მათი გამარჯვებული ფილმია დამიანო დ'ინოჩენცო და ფაბიო დ'ინოჩენცოს „ბიჭები ტირიან".

ამას გარდა, წელს კიდევ ერთი პრიზი ჰქონდა დაწესებული "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას". სპეციალურმა ჟიურიმ, 300 ლარის ოდენობის ვაუჩერები გადასცა „ქართული პანორამის" გამარჯვებულებს სამივე კატეგორიაში: "აღლუმი" (რეჟისორი ნინო ჟვანია), "საშლელი" (რეჟისორი დავით ფირცხალავა) და "მამაჩემის უხილავი ხელი" (რეჟისორი გიორგი გაგო გაგოშიძე).

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ინდუსტრიული დღეები, რომელმაც დაინტერესებულ აუდიტორიას მრავალი საინტერესო მასტერკლასი, ვორქშოფი და პიჩინგი შესთავაზა.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა - "ხმები წრის გარშემო", ლიკა დაუშვილი (რეჟისორი), ეკატერინე საჩიშვილი (პროდიუსერი).

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა - "ის", გაგა რაზმაძე (პროდიუსერი), ზაზა კოშკაძე (მწერალი).

პიჩინგ ფორუმის გამარჯვებულებისთვის პრიზი დააწესა "ქართული ფილმის განვითარების ფონდმა" და გამარჯვებულებს გადასცა ფულადი პრიზები 3000 ლარი (მოკლემეტრაჟიანი) და 5000 ლარი (სრულმეტრაჟიანი).

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა რუპერტ ევერეტის ფილმით „ბედნიერი უფლისწული".

 

ფოტო: ნინო კანკავა

მნახველთა რაოდენობა: 2791