თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს 90-წამიანი ფილმების კონკურსს.
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს 90-წამიანი ფილმების კონკურსს.
კინოფესტივალი მედიაში
2019-05-01

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორთა საყურადღებოდ!

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს 90-წამიანი ფილმების კონკურსს.

ეს კონკურსი ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალთან (Encounters Short Film & Animation Fesival) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგია. 

თბილისის კონკურსი, რომელიც ბრისტოლის დუბლიკატია, „ბრიტანული სეზონის“ შემადგენელი ნაწილია. „ბრიტანეთი/საქართველო 2019: ახალი ჰორიზონტები“ - ამ სახელწოდებით ტარდება ბრიტანული პროგრამა საქართველოში 2019 წლის შემოდგომა/ზამთარში #UKGeorgia2019.

კონკურსის შესახებ

კონკურსი „დეპიქტის“ (DepicT!) სახელწოდებით უკვე რამდენიმე წელია ტარდება ბრისტოლის კულტურის ცენტრ ­­­„უოთერშედში“ საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.

დეპიქტ! -ი კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს  უნიკალურ შესაძლებლობას, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.

დეპიქტ!-ის მიზანია, აღმოაჩინოს რეჟისორები, რომლებიც ორიგინალურობით, მდიდარი წარმოსახვის უნარით და ახალი ხედვით გამოირჩევიან, და მისცეს მათ საშუალება, იასპარეზონ კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში, როგორიცაა ოსკარი, ბაფტა, ევროპული კინოაკადემიის პრიზები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ რეჟისორებს, ასევე მოყვარულებს. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

დეპიქტ! - ის გამარჯვებულებს მრავალი საინტერესო პრიზი ელოდება:

  • ფილმის ჩვენება თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე;
  • სრულად დაფინანსებული მონაწილეობა ბრისტოლის 2020 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალზე (პირველი პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ფულადი ჯილდო  £500-ის ოდენობით (მეორე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ინგლისური ენის სასერთიფიკაციო გამოცდის  - IELTS-ს დაფინანსება (მესამე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
  • ფილმის ჩვენება ბრისტოლის  2020 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ  ბაფტა-ს (BAFTA) შესარჩევ კონკურსში;

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • კონკურსის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი (18 წლის ან მეტის);
  • ფილმების რეგისტრაციის ბოლო ვადაა ორშაბათი, 30 სექტემბერი.  ნამუშევრების ატვირთვა შეგიძლიათ როგორც Vimeo.com-ზე (ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბმული გამოგზავნოთ ფესტივალის ოფიციალურ მეილზე: office@tbilisifilmfestival.ge), ასევე  https://filmfreeway.com/DepicTGeorgia -ზე (ფილმის ატვირთვის ინსტრუქციების სანახავად გადადით ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=eqeTD6hzcR0);
  • ფილმის მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 90 წამი (ტიტრების ჩათვლით);
  • მიიღება მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც დასრულებულია არაუადრეს 2018 წლისა;
  • კონკურსში დაიშვება ნებისმიერი ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები, მათ შორის ანიმაციური, დოკუმენტური და ექსპერიმენტუ ფილმები;
  • კონკურსში დაიშვება როგორც პროფესიული კამერით, ასევე ფოტოკამერით და სმარტფონით გადაღებული ფილმები. 
  • კონკურსში არ დაიშვება რეკლამები;
  • ერთ მონაწილეს მაქსიმუმ ათი ნამუშევრის წარდგენა შეუძლია;
  • განაცხადის შემომტანი უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს კონკურსში ფილმის წარდგენის უფლება და ფილმში გამოყენებულ მასალაზე მოპოვებული აქვს საავტორო უფლებები;
  • ფილმი უნდა იყოს ქართულენოვანი;
  • ფილმის შორტლისტში მოხვედრის შემთხვევაში, მონაწილეებს მოეთხოვებათ ნამუშევრების მაღალ რეზოლუციაში გამოგზავნა. 
მიიღე DepicT!-ის გამოწვევა და არ გამოტოვო უნიკალური შესაძლებლობა გააცნო შენი ნამუშევარი ფართო აუდიტორიას.
მნახველთა რაოდენობა: 10748