72-ე კანის კინოფესტივალი და ლევან აკინის წარმატებული პრემიერა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → 72-ე კანის კინოფესტივალი და ლევან აკინის წარმატებული პრემიერა
კინოფესტივალი მედიაში
2019-05-21

"დამთხვევაა რომ ფილმის პრემიერა 17 მაისს იმართება?" - ეკითხება კანის კინოფესტივალზე, ინტერვიუს დროს „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი გოგი გვახარია ლევან აკინს, ქართული წარმოშობის შვედ რეჟისორს. „არა, მთლად დამთხვევა არაა", - პასუხობს ლევანი, „ჩვენ ვთხოვეთ ფესტივალის ორგანიზატორებს, რომ თუკი იქნებოდა ამის საშუალება, ფილმის პრემიერა ზუსტად 17 მაისს გამართულიყო. ასეც მოხდა".

72-ე კანის კინოფესტივალზე სექციაში „რეჟისორების ორკვირეული" ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" იყო ნაჩვენები. სექციის 25 ნამუშევარს შორის წარმოდგენილი აკინის ფილმის პოსტერი, ჟურნალი SCREEN-ის ყდაზე იყო დაბეჭდილი. ფილმის პრემიერას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფესტივალზე. გრძელ აპლოდისმენტებს კი - დადებითი რეცენზიები პრესაში: „Indie Wire", „The Hollywood Reporter", "Screen Daily", "Liberation" და სხვა. რა თქმა უნდა, ფილმის წარმატებული პრემიერა არ გამოჰპარვიათ იმ ქართველ ჟურნალისტებსაც, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალს ლაჟვარდოვანი სანაპიროდან აშუქებენ.

ლევან აკინი შვედური კინოს ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია. ის რამდენიმე წარმატებული ფილმის და ტელესერიალის ავტორია. 2011 წელს სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა მისი ფილმის "კატინკას წვეულება" ("Katinkas kalas") ჩვენება, რომელსაც პრესაში დადებითი შეფასებები მოჰყვა. თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „უკანასკნელი საქმე" ("De sista sakerna"), რომელმაც 2008 წელს ჰამბურგის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მთავარი ჯილდო მოიპოვა. აკინის ფილმები საკუთარი თავის ძიების, კულტურათა შეჯახებისა და კლასობრივი განსხვავებების თემებს ეხება.

როგორც ლევანი ამბობს, „და ჩვენ ვიცეკვეთ" არ არის გეი ფილმი. ეს არის ფილმი იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ახალგზრდა და გინდოდეს საკუთარი თავის შეცნობა. გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს ტრადიციები. "მგონია რომ ქართველი და ევროპელი მაყურებელი სხვადასხვანაირად შეხედავს ამ ფილმს. ქართველმა მაყურებელმა შეიძლება სხვა შრეები დაინახოს მასში. ეს ფილმი ჩემთვის ერთგვარი სასიყვარულო წერილია საქართველოსადმი". როგორც თავად ამბობს, ამ ფილმით თითქოს უკან, თავის ფესვებთან დაბრუნდა. ამბავში, სადაც ფილმის გმირების ცხოვრება და ქვეყნაში არსებული სიტუაცია ერთმანეთში იხლართება. სადაც ოკუპაცია, ნარკოპოლიტიკა და სოციალური ფონი ერთ მთლიან სურათს ქმნის. ეს ფილმი თავისუფლებაზეა. თავისუფლებაზე, რომელიც ასე გვჭირდება თითოეულს. „როდესაც ვნახე თუ როგორ ივაჟკაცეს 2013 წელს ახალგაზრებმა, რომელთაც ეკლესიის წარმომადგენლებმა ვეებერთელა ბრბო მიუქსიეს, მივხვდი, რომ საჭირო იყო ამ თემაზე რამის გაკეთება".

ფილმის მთავარი გმირია მერაბი (ლევან გელბახიანი), ქართული ცეკვის ანსამბლის წევრი. მარი (ანა ჯავახიშვილი) მისი მეწყვილე და შეყვარებულია, ისინი ხომ 10 წლიდან ერთად დადიან ცეკვაზე. მოცეკვავეები იყვნენ მერაბის ბებიაც და მამაც, რომელიც ოჯახისთვის ფულის საშოვნელად მანქანების მეორადი ნაწილების გაყიდვაშია ჩართული. მერაბის ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც ანსამბლში ახალი წევრი - ირაკლი (ბაჩი ვალიშვილი) მოდის. ორს შორის მეტოქეობა იწყება, რომელიც ბოლოს თამამ სასიყვარულო სცენებში გადადის.

„საქართველოდან მხარდაჭერა არ მიგვიღია. თანადგომა კი არა, საბოტაჟიც კი მოგვიწყვეს იმ ხალხმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც ფულს იღებენ ევროკავშირის უწყებებისგან და ფონდებისგან და წესით, მხარს უნდა უჭერდნენ დემოკრატიას. მათ უბრალოს გვითხრეს - წადით, თქვენი..." - ჰყვება ინტერვიუში რეჟისორი. როგორც ირკვევა, მუშაობის პროცესში ფილმის გადამღებ ჯგუფს ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა. გარდა იმისა, რომ სიუჟეტის გამო ბევრმა ადამიანმა უარი თქვა მათთან თანამშრომლობაზე, ბევრი გადასაღები ლოკაციაც დაიბლოკა. საინტერესოა, რომ ფილმში მონაწილეობაზე რამდენჯერმე განაცხადა უარი მისი მთავარი როლის შემსრულებელმა ლევან გელბახიანმა (რომლის კარგი თამაშიც არაერთხელ აღინიშნა უცხოურ პრესაში): „არ იყო მარტივი ასეთ ფილმში და თანაც ესეთ როლზე დათანხმება. ჩემს უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ვისაც ბევრ უსიამოვნო კითხვაზე მოუწევდა პასუხის გაცემა. ჩვენი საზოგადოებიდან გამომდინარე, სადაც სიძულვილი და ძალადობა თითქმის ყოველდღიურობად იქცა, ჩემი უსაფრთხოებაც განხილვის თემა გახდა. გამუდმებით ვუსვამდი ჩემს თავს ერთ კითხვას - გადავრჩები, თუ არ გადავრჩები? მაგრამ, მივხვდი, რომ ეს იყო შანსი, თანაც არა მხოლოდ როგორც კარიერული წინსვლის, არამედ როგორც იმ პრობლემებზე სასაუბროდ, რომელიც საქართველოში არსებობს", - ჰყვებოდა მსახიობი „სინემანიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ოპერატორული ნამუშევარი და მთავარი როლის შემსრულებლის შთამბეჭდავი თამაში არ გამოჰპარვია "Awards Daily"-ის ჟურნალისტს, რომელმაც დაწერა: „ლისაბი ფრიდელის ოპერატორული ნამუშევარი არამხოლოდ ქართული ცეკვის გასაოცარ რიტმს და ენერგიას, არამედ აღბეჭდავს კავკასიის მეტროპოლისის თანამედროვე ცხოვრებას. გელბახიანის შესრულება მშვენიერია, ის შთამბეჭდავად გადმოსცემს თავისი გმირის სახეს, რთული ცეკვის ილეთების თუ მისტიკური, აღმაფრთოვანებელი და ამავე დროს დამანგრეველი პირველი სიყვარულის ჩვენებისას. ქვიარ ფილმები ისეთი პოპულარული გახდა ამ ბოლო წლებში, რომ ზოგჯერ გვგონია - ეს ხომ უკვე ნანახი მაქვს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ფილმები, რომლებიც ადამიანების გამოცდილებაზე მოგვიყვება და დაგვეხმარება წარმოვიდგინოთ თუ რას გრძნობენ, როგორ გადიან ადამიანები ბრძოლის იგივე გზებს სხვადასხვა კონტინენტებსა და კულტურებში. სწორედ ამიტომ „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ" თანაგრძნობით სავსე, საჭირო ფილმია".

"Screen Daily"-მ კი მიმოიხილა ფილმის თემატიკა და ხაზი გაუსვა მას: „ქართული ცეკვა მარტო კოდიფიცირებული და მასკულინური კი არ არის, არამედ როგორც მას ცეკვის მასწავლებელი ეძახის „ის, ერის სულია". იმ ერის, რომელსაც ნული ტოლერანტობა გააჩნია ჰომოსექსუალების მიმართ".

„მეშინოდა, რომ "და ჩვენ ვიცეკვეთ" გაიზიარებდა კანში ბედს ქართულ-ამერიკული ფილმისა "აგვისტოს 5 დღე", უსაშველოდ პრიმიტიული სპეკულაციისა, რომელიც დღეს, მგონი, აღარც არავის ახსოვს" - წერს „რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდზე კინომცოდნე გოგი გვახარია, - "აქაც ძალიან დიდი იყო საშიშროება საქართველოში დღითი დღე გაძლიერებული და დაუსჯელი ჰომოფობიით სპეკულაციისა, მაყურებლის - განსაკუთრებით, დასავლელი მაყურებლის - გრძნობებზე თამაშისა, ახალი მითების შექმნისა "ველურ ქართველებზე", რომლებიც ჩოხებისა და ხმლების კულტურიდან ვერა და ვერ გამოდიან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ "და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ" არის ფილმი, რომელშიც ჰომოფობია სულაც არაა მთავარი თემა, უფრო სწორად, ერთადერთი თემა. აღმოჩნდა, რომ ლევან აკინმა გადაიღო ფილმი დროზე, მე ვიტყოდი "გარდამავალ დროზე", როცა ძველი და ახალი არა მარტო ებრძვის ერთმანეთს, არამედ ერთმანეთში შეღწევასაც ცდილობს; როცა ახალგაზრდები ტრადიციული კულტურის ნგრევის ნაცვლად ამ კულტურის წიაღში შეღწევას, ამ კულტურის გაცოცხლებას ცდილობენ. კი, რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგობას უწევენ, რა თქმა უნდა, მათ სცემენ, ემუქრებიან, ქვეყნიდან წასვლას ურჩევენ, მაგრამ ახალგაზრდები მაინც ცეკვავენ. თან ბევრად უკეთესად ფლობენ თავიანთ სხეულს, ვიდრე ისინი, ვინც ძველისკენ, მომაკვდავისკენ ექაჩება".

ლევან აკინის ფილმის ჩვენება საქართველოშიც შედგება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია როდის გაიმართება მისი პრემიერა.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 453