კანის “ოქროს პალმის რტო” ისევ აზიაში მიდის
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → კანის “ოქროს პალმის რტო” ისევ აზიაში მიდის
კინოფესტივალი მედიაში
2019-05-27

წლევანდელი კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში 19 ფილმი იღებდა მონაწილეობას და სანუკვარი "ოქროს პალმის რტოს" მოპოვებაში ერთმანეთს ისეთი რეჟისორები ეცილებოდნენ, როგორებიც არიან: ჯიმ ჯარმუში, კენ ლოუჩი, პედრო ალმოდოვარი, ძმები დარდენები. თუმცა უკვე მეორე წელია კინო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ჯილდო "ოქროს პალმის რტო" აზიურ ფილმს ხვდება წილად. თუ შარშან, ფესტივალის ტრიუმფატორი იაპონელი რეჟისორის ჰიროკაძუ კორეედას "Shoplifters" ("წვრილმანი მძარცველები") იყო, წელს მთავარი პრიზის მფლობელი კორეელი რეჟისორის ჯუნ ჰო ბონგის ფილმი "Parasite" ("პარაზიტი") გახდა. ფილმის სეანსი აპლოდისმენტების თანხმლებით მიმდინარეობდა და ჩვენებიდან გამოსული მაყურებელი, აღტაცებას ვერ მალავდა ეკრანზე გათამაშებული კორეული ტრაგიკომედიის გამო.

"ჩვენ ყველამ გავიზიარეთ ის მისტიკა, რომელიც ფილმიდან მოდიოდა და რომლის ყურებისას, სხვადასხვა კინოჟანრები იუმორით "მოვიარეთ". აქ ყველაფერი, ყოველგვარი შეფასებების გარეშე კეთდება! ყველანი მოვიხიბლეთ ამ ფილმით და რაც უფრო გადიოდა დრო, ეს გრძნობა სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. ამიტომაც, ჟიურის მხრიდან ამ ფილმის გამარჯვება ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე წლევანდელი ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ. "პარაზიტი" ეს არის ამბავი სოციალურად განსხვავებულ ორ ოჯახზე: მდიდრებსა და ღარიბებზე, რომელიც საოცარი იუმორითა და ამავე დროს ტრაგედიით, ძალზედ სახასიათო, დასამახსოვრებელი პერსონაჟებითაა მოყოლილი.  

37 წლიანი სამსახიობო კარიერის შემდეგ ანტონიო ბანდერასმა უდაოდ დაიმსახურა კანის პრიზი. საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ის ალმოდოვარის ნახევრად ბიოგრაფიულ ფილმში "Pain And Glory" ("ტკივილი და დიდება") დაჯილდოვდა. სცენაზე ასულმა ანტონიომ პრიზი პედროს მიუძღვნა და დაამატა - "ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ წითელ ხალიჩაზე ვცხოვრობთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ მსახიობები ბევრს ვიტანჯებით, ბევრს ვწირავთ და რა თქმა უნდა, ბევრ ტკივილს განვიცდით. მაგრამ ამას თან ახლავს დიდებაც და დღეს, ჩემი დიდების ღამეა".

კანის ფავორიტ რეჟისორებს ძმებ დარდენებს "ოქროს პალმის რტო" ორჯერ აქვთ მოგებული ფილმებით: "Rosetta" ("როზეტა") და "L'Enfant" ("ბავშვი"). წელს მათ ფილმზე "Yound Ahmed" ("ახალგაზრდა აჰმედი") ლამის ყველა და ყველგან საუბრობდა. ფილმის გმირი მუსლიმი თინეიჯერია, რომელიც თანამედროვე ბელგიაში ცხოვრობს და მას შემდეგ, რაც მას რადიკალი იმამი "დაამუშავებს", ის საკუთარი მასწავლებელის მოკვლას ცდილობს. თინეიჯერულ თუ რელიგიურ ამბოხზე შექმნილი დარდენების სურათი ფესტივალის გამარჯვებული გახდა, როგორც "საუკეთესო რეჟისორული" ნამუშევარი.

სამწუხაროდ, წლევანდელ კანის კინოფესტივალზე უპრიზოდ დარჩა ჯიმ ჯარმუშის ზომბი-კომედია "The Dead Don't Die" ("მკვდრები არ კვდებიან"), რომელსაც დარწმუნებული ვარ დიდი ინტერესით ელოდება ქართველი მაყურებელი.

ასევე, უპრიზოდ დატოვეს 82 წლის კენ ლოუჩი, რომელსაც "ოქროს პალმის რტო" მიღებული აქვს ფილმებისთვის: "The Wind that Shakes the Barley" ("ქარი, რომელიც ქერს არხევს") და "I, Daniel Blake" ("მე, დენიელ ბლეიკი"). ამ უკანასკნელმა ფილმმა, მისი მძაფრი სოციალური თემატიკის გამო ეკრანებზე გამოსვლის დღიდან დიდი ყურადღება მიიქცია დიდ ბრიტანეთში და უმალ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. წელს კი კანში მისი ბოლო ნამუშევარი, რა თქმა უნდა ისევ სოციალურ თემაზე შექმნილი ფილმი იყო ნაჩვენები - "Sorry We Missed You". რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ, სახლში გემრიელად მოკალათებულები, ონლაინ ვყიდულოთ პროდუქციას და შემდეგ კურიერს ველით. რა ხდება ამ დროს კურიერთან, რა გზას გადის ის, როგორია ანდა ვინ არის ის საერთოდ? ლოუჩის ობიექტივში ამჯერად მიტანის სერვისის მძღოლი მოექცა, რომლის ყოველდღიურობას, მისი პატარა ოჯახის წევრების ცხოვრების სურათები ემატება და მძაფრი სოციალური დრამა ეკრანზე ცოცხლდება.

 

კანის 72-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზები ასე გადანაწილდა:

 

  • "ოქროს პალმის რტო" - ჯუნ ჰო ბონგის "Parasite"
  • "საუკეთესო რეჟისურა" - ძმები დარდენების "Young Ahmed"
  • "ჟიურის გრან-პრი" - სენეგალელი რეჟისორის მატი დიოპის "Atlantics"
  • "ჟიურის სპეციალური ჯილდო" - ლაჯ ლის "Les Misérables" და კლებერ მენდოსა ფილიუს "Bacurau"
  • "საუკეთესო სცენარი" - სელინ შიამას "Portrait of a Lady on Fire"
  • "საუკეთესო მსახიობი მამაკაცი" - ანტონიო ბანდერასი ფილმში "Pain and Glory"
  • "საუკეთესო მსახიობი ქალი" - ემილი ბიჩემი ფილმში "Little Joe"
  • "საუკეთესო დებიუტი" - ცეზარ დიასი "Our Mothers".

 

 

 

 

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 330