BIAFF-ის პრესკონფერენცია ეროვნულ კინოცენტრში
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → BIAFF-ის პრესკონფერენცია ეროვნულ კინოცენტრში
კინოფესტივალი მედიაში
2019-06-10

5 ივნისს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ბათუმის ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე, მენეჯერი ზვიად ელიზიანი და ინდუსტრიული დღეების ორგანიზატორები ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი ესწრებოდნენ.

ბათუმის საავტორო კინოს მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი 15-22 სექტემბერს გაიმართება და მისი ფილმების ძირითადი ნაწილი კინოთეატრ "აპოლოში" იქნება ნაჩვენები. ამ ეტაპზე უცნობია ფესტივალის სრული პროგრამა, რადგან მისი შედგენის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საკონკურსო თუ სხვა სექციებში წარმოდგენილი ფილმების სრული სია ეტაპობრივად, აგვისტოდან გახდება მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი.

თუმცა, უკვე ცნობილია რომ ფესტივალზე გაიმართება გიორგი თავართქილაძის არაერთ ფესტივალზე პრიზირებული მხატვრული ფილმის "ცუდი ხალხის" ქართული პრემიერა. ასევე ნაჩვენები იქნება ქშიშტოფ ზანუსის "ETER", რომელსაც რეჟისორი თავად წარადგენს. წელს ბათუმის ფესტივალზე ელოდებიან ცნობილ ამერიკელ სცენარისტსა და რეჟისორს პოლ შრედერს, რომელსაც კინოში შეტანილი წვლილისათვის საპატიო ჯილდო უნდა გადაეცეს. მეორე საპატიო ჯილდოს კი ფესტივალი ბათუმელ მსახიობსა და კინემატოგრაფისტს მანუჩარ შერვაშიძეს გადასცემს.

ბიაფის ექო - ეს ბათუმის კინოფესტივალის ახალი პროგრამაა, რომელიც გულისხმობს აჭარის მაღალმთიან რეგიონში კინოჩენებების გამართვას. ფესტივალის დაწყებამდე, ჯერ კიდევ ივლისი-აგვისტოს მონაკვეთში ღია კინოჩვენებები გაიმართება ქობულეთსა და ბათუმში, ხოლო ოქტომბერში მაყურებელი ფილმებს ნახავს ხულოში, შუახევსა და ქედაში შეძლებს. აქ დახურული ჩვენებებისთვის სპეციალურად დამონტაჟდება დიდი ზომის ეკრანები.

ტრადიციულად, ბათუმის კინოფესტივალზე წარმოდგენილი მხატვრული, დოკუმენტური თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმები შემდეგ სექციებში იქნება ნაჩვენები: საკონკურსო პროგრამა (მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები), დიდოსტათა კოლექცია, ქართული პანორამა და სპეციალური ჩვენებები.

ფესტივალი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს ინდუსტრიულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მასტერკლასები და უორქშოფები იმართება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წლიდან იმართება ქ.ბათუმის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და აჭარის კულტურის სამინისტროს დახმარებით.

 

მნახველთა რაოდენობა: 790