ქართული ფილმები შანხაის კინოფესტივალზე
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ქართული ფილმები შანხაის კინოფესტივალზე
კინოფესტივალი მედიაში
2019-06-11

15-24 ივნისს შანხაიში 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება. კინოფორუმი 1993 წლიდან იმართება და დღეს უკვე „ა" კლასის კინოფესტივალების რიცხვს მიეკუთვნება. შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი წამყვანი კინოფორუმია.

წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ქართულ/შვედურ/რუსული კო-პროდუქცია, გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე", რომლის გადაღებებიც საქართველოში, ჭიათურაში მიმდინარეობდა.

ფილმის მთავარი გმირი 37 წლის ექიმი ირინაა, რომლიც ციხიდან გამოდის და მას თავიდან სჭირდება ცხოვრების დაწყება, მეგობრებში ნდობის მოპოვება. ფილმში მონაწილეობენ: სალომე დემურია, გიორგი ნაკაშიძე, დარეჯან ხარშილაძე, მაკა შალიკაშვილი და სხვები. ფილმის სცენარის ავტორია ნესტან-ნენე კვინიკაძე, ოპერატორი - გოგა დევდარიანი, პროდიუსერი - რუსუდან გლურჯიძე. როგორც რუსუდან გლურჯიძემ „პრაიმთაიმისთვის" მიცემულ ინტერვუიში აღნიშნა, მათ დიდი იმედი აქვთ რომ პრიზის გარეშე არ დაბრუნდებიან შანხაიდან - „დიდი იმედი მაქვს, რომ ცარიელი ხელით არ ჩამოვალთ, როგორც არ ჩამოდის ბოლო დროის არც ერთ ქართული ფილმი".

ამავე ფესტივალზე, კინოფესტივალის წარმომადგენლებისა და დისტრიბუტორებისათვის დიტო ცინცაძის კიდევ ერთი ახალი ფილმის ჩვენება გაიმართება - „შინდისი", რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს. „ეს ფილმი ჩემი სამშობლოს გმირებზეა, მათზე, ვინც თავი გაწირა ჩვენი კეთილდღეობისთვის და სიმშვიდისთვის!", - აღნიშნა ჯერ კიდევ გადაღებების დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა.

შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელ ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი თურქი რეჟისორი ნური ბილგე ჯეილანი. ფესტივალის მთავარი პრიზის „ოქროს თასის" მფლობელები კი დახურვაზე, 24 ივნისს გამოვლინდებიან.

 

მნახველთა რაოდენობა: 196