მშვიდობით, ძვირფასო მაესტრო
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → მშვიდობით, ძვირფასო მაესტრო
კინოფესტივალი მედიაში
2019-06-17

ფრანკო ძეფირელი ოპერის, თეატრისა და კინოს რეჟისორი იყო. მუშაობდა საოპერო დადგმებზე, აკეთებდა ფილმებს, თანამშრომლობდა ლუკინო ვისკონტისთან, რობერტო როსელინისთან, ვიტორიო დე სიკასთან. მისი ყველაზე ცნობილი ფილმია 1968 წელს შექსპირის მიხედვით გადაღებული „რომეო და ჯულიეტა", რომლის ახალგაზრდა გმირების სიყვარულმა წარუშლელი კვალი დატოვა მაყურებელზე და დღემდე, შექსპირის ეკრანიზაციების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ითვლება.

ფრანკო ძეფირელი 96 წლის ასაკში, თავის სახლში გარდაიცვალა.

ფრანკო ძეფირელი იგივე ჯანფრანკო კორსი ძეფირელი 1923 წლის 12 თებერვალს ფლორენციაში დაიბადა. უკანონო ქორწინებაში დაბადებულ ბავშვს, რომლის ორივე მშობელიც დაოჯახებული იყო, ვერც ერთის გვარს ვერ მისცემდნენ. ამიტომ, დედამ ადელაიდა გაროსიმ გადაწყვიტა ბავშვისთვის „ძეფირეტი" ჩაეწერა დაბადების მოწმობაში, რაც მოცარტის ოპერაში „იდომენეო"-ში იყო ნახსენები და „პატარა ბრიზს" ნიშნავდა. თუმცა, ასოების დამარცვლისას დაშვებული შეცდომის გამო ბავშვს გვარად ძეფირელი ჩაუწერეს. „მამაჩემი რაღაც კადრებად მახსოვს, - ჰყვებოდა ფრანკო 2009 წელს „თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - მახსოვს ვიღაც კაცი, ღამ-ღამობით რომ მოდიოდა და მის ჩრდილს დედასთან ერთად, საწოლში ვხედავდი". დედის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ტუბერკულიოზს ემსხვერპლა, 6 წლის ფრანკო მამის ნათესავებმა გაზარდეს.

არქიტექტურის შესასწავლად ფლორენციის უნივერსიტეტში ჩააბარა. თუმცა, პროფესიული საგნების მაგივრად, ყველაზე მეტ დროს უნივერსიტეტის თეატრალურ ჯგუფში ატარებდა. გერმანიის მიერ იტალიის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ როდესაც ქვეყანა პანიკამ მოიცვა, ფრანკო პარტიზანთა რიგებში ჩაეწერა - ის ბრიტანელი ჯარისკაცების თარჯიმანი გახდა. როგორც ამბობენ, შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, მას შემდეგ რაც მუსოლონის ფაშისტურმა რაზმმა ხელში ჩაიგდო და დაკითხვაზე აღმოჩნდა, მაგიდის ორ მხარეს მსხდომებმა გაარკვიეს - ისინი ერთი კაცის შვილები იყვნენ.

ომის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში მიბრუნებული ლოურენს ოლივიეს დადგმას „ჰენრი V"-ს ნახულობს და ამით შთაგონებული, თეატრში მიდის სამუშაოდ. ფლორენციაში სცენის მხატვრად მუშაობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი და ლუკინო ვისკონტის ნაცნობობა შედგა, ის რამდენიმე წელს ვისკონტის გვერდით ატარებს. მასთან ერთად ცხოვრობს, მასთან ერთად მუშაობს სცენაზე სადაც კოსტიუმების მხატვარი და სცენის დეკორატორია. მასთან ერთად მუშაობს ფილმებზე, როგორც რეჟისორის ასისტენტი: „მიწა ცახცახებს", „ყველაზე ლამაზი" და „გრძნობა". -„ლუკინომ მაჩვენა კინოსა და თეატრის შემოქმედებითი სამყარო, როგორ უნდა ჩაისახოს იდეა და შემდეგ როგორ უნდა დააკავშირო ეს ყველაფერი კულტურის უკიდეგანო სამყაროსთან".

მისი ფილმებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები შექსპირის ადაპტაციებია. 1967 წელს ეკრანზე გამოდის „ჭირვეულის მორჯულება", სადაც მთავარ როლებში რიჩარდ ბარტონი და ელიზაბეტ ტეილორი მონაწილეობენ, თუმცა როგორც ირკვევა, თავდაპირველად ამ როლებზე სოფია ლორენი და მარჩელო მასტროიანი მოიაზრებოდნენ. ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა მის შემდეგ ფილმს, რომელიც ერთ წელიწადში გამოვიდა ეკრანებზე - „რომეო და ჯულიეტა"; ფილმი, რომელზეც ჟურნალისტი როჯერ ებერტი წერდა - "მე მჯერა, რომ ფრანკო ძეფირელის „რომეო და ჯულიეტა" ყველაზე აღმაფრთოვანებელი ფილმია, რომელიც ოდესმე გადაუღიათ შექსპირის მიხედვით". 80-იან წლებში ფრანკო ძეფირელი რამდენიმე ფილმს აკეთებს, უფრო სწორად ეკრანზე ადაპტირებულ საოპერო დადგმებს, რომელსაც დიდი წარმატებით იღებს მაყურებელი. ამის შემდეგ იყო „ჰამლეტი" მელ გიბსონით მთავარ როლში და გამორჩეული ნამუშევრები: „ჯეინ ეარი", „ჩაი მუსოლინისთან ერთად", „კალასი სამუდამოდ".


"მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ოპერა არის პლანეტა, სადაც მუზები ერთად მუშაობენ და ხელიხელჩაკიდებულნი, ხელოვნებას ზეიმობენ", - ამბობდა ფრანკო ძეფირელი. 1950 წლიდან მოყოლებული 21-ე საუკუნის დასაწყისამდე, ის ინტენსიურად დგამდა სპექტაკლებს, იქნებოდა ეს იტალიასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. სცენზე მისი პირველი მნიშვნელოვანი საოპერო ნამუშევარი ლა სკალასთვის დადგმული ჯიაკინო როსინის „იტალიელი ქალი ალჟირში" („L'Italiana in Algeri") იყო. შემდეგ დალასში, მარია კალასთან ერთად შექმნილი „ტრავიატა", ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერისათვის დადგმული - „ტოსკა", „დონ ჯოვანი" და „ტურანდოტი".  

"ფრანკო ძეფირელი, მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი დიდებული კაცი, დღეს დილით გარდაიცვალა. მშვიდობით, ძვირფასო მაესტრო, ფლორენცია არასდროს დაგივიწყებს,"- დაწერა 15 ივნისს ფლორენციის მერმა, დარიო ნორდელამ Twitter-ზე.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 909