კარლოვი ვარის 54-ე კინოფესტივალი დასრულდა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → კარლოვი ვარის 54-ე კინოფესტივალი დასრულდა
კინოფესტივალი მედიაში
2019-07-08

54-ე კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩეხეთში 6 ივლისს, საზეიმოდ დაიხურა. წლევანდელ ფესტივალს 12521 აკრედიტირებული სტუმარი ჰყავდა, რომელთა შორის 395 კინორეჟისორი, 1158 კინოპროფესიონალი და 605 ჟურნალისტი იყო. ფესტივალზე 139271 ბილეთი გაიყიდა და 9 დღის განმავლობაში, მაყურებელმა 501 სეანსი ნახა.

აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კინოფესტივალი 28 ივნისს გაიხსნა. ფესტივალის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა მისი პრეზიდენტი ირჟი ბარტოშკა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც 54-ე კინოფესტივალის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. გახსნის ცერემონიაზე კინოში შეტანილი წვლილისათვის მსახიობს ჯულიანა მურს ბროლის გლობუსი გადაეცა. „მოხარული ვარ რომ აქ ვარ, ჩემ ქალიშვილთან ერთად, - აღნიშნა მსახიობმა, - ყოველთვის ვეუბნები ჩემს შვილებს, რომ მათ ის უნდა აკეთონ, რაც აინტერესებთ. იღბლიანი ვარ, რადგან მე კინოინდუსტრიამ არამარტო გზა გამიკვალა კარიერაში, არამედ ჩემი მეორე ნახევარი მაპოვნინა."

კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო ჯულიანა მურის მეუღლის ბარტ ფრეინდლიხის After the Wedding, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს მური ასრულებს. პირველად ამ ორმა არტისტმა ერთად იმუშავა ფრეინდლიხის სადებიუტო ნამუშევარზე The Myth of Fingerprints (1997) და მას შემდეგ, მსახიობი რეგულარულად ჩნდებოდა მის ფილმებში.

სამი წლის წინ, როდესაც კეისი აფლეკმა ოსკარი აიღო, ის კარლოვი ვარის მსახიობის ამპლუაში ეწვია. წელს კი ფესტივალზე მამისა და ქალიშვილის ურთიერთობაზე გაკეთებული მისი ფილმი Light of My Life იყო ნაჩვენები. თავდაპირველად სცენარი მამისა და ვაჟის ურთიერთობაზე ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა როგორც ფილმის ჩვენების წინ აღნიშნა, დაემორჩილა თავისი შვილების დაჟინებულ მოთხოვნას, არ გაეკეთებინა მათზე ფილმი და ამიტომ, სიუჟეტი მამისა და ქალიშვილის ურთიერთობაზე ააგო. ფილმი ანტიუტოპიურ სამყაროს აღწერს, სადაც თითქმის ყველა ქალი, გაურკვეველ დაავადებას ემსხვერპლება. და ზუსტად ამ დროს, მამაკაცი თავის 11 წლის გოგონასთან სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, დიდ მოგზაურობას იწყებს.

38 დღიანი გადაღებების შემდეგ, ოსკარის მფლობელმა პოლონელმა რეჟისორმა აგნიეშკა ჰოლანდმა კარლოვი ვარიში ფილმი Charlatan წარადგინა, რომლის ოფიციალური პრემიერა 2020 წლის 20 თებერვალს იგეგმება. ფილმი ჩეხეთში გადაიღეს და ის ნამდვილ ამბავს ეფუძნება. ფილმში აღწერილია მკურნალი იან მიკოლასეკის 40 წლიანი ცხოვრება, რომელსაც არასდროს მიუღია სამედიცინო განათლება, თუმცა სამკურნალო ბალახებით უამრავ ავადმყოფს კურნავდა. „სცენარი წავიკითხე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ ის ძალიან ძლიერი იყო. მერე ნელ-ნელა ამ გმირმა ჩემში დაიწყო არსებობა, ვცდილობდი მისი გამეგო," - აღნიშნა „ვარიეტესთვის" მიცემულ ინტერვიუში რეჟისორმა. 

მთავარ საკონკურსო პროგრამაში 12 ფილმი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ფესტივალზე 10-ის მსოფლიო პრემიერა შედგა. წლევანდელ ფესტივალზე გაიმართა ჯიმ ჯარმუშის კანში პრემირებული ფილმის The Dead Don't Die, ჯონა ჰილის ბერლინალეზე ნაჩვენები Mid90s, კარლოს რეიგადასის Our Time, ჯუნ ჰო ბონგის Parasite, ანიეს ვარდას Varda by Agnès, დენი ბოილის Yesterday ჩვენება.


კომიკური სიტუაციებით მოყოლილი ბულგარული დრამა, ფილმი The Father მთავარი საკონკურსო სექციის და 54-ე კარლოვი ვარის კინოფესტივალის მთავარი გამარჯვებული გახდა. ფილმში მოყოლილია შუახნის მამაკაცის ვასილის ისტორია, რომელსაც ცხოვრების პარტნიორი და მეგობარი, მეუღლე ივანკა გარდაეცვლება. დაკრძალვისას ერთ-ერთი ჭირისუფალი მოულოდნელად აცხადებს, რომ გარდაცვლილმა ქალმა მას მობილურზე დაურეკა, რის შემდეგაც ივანკასთან კონტაქტის დასამყარებლად, ვასილი ცნობილ ფსიქიატრთან იწყებს სიარულს. ფილმის რეჟისორები კრისტინა გროზევა და პეტარ ვალჩანოვი არიან. მათ ძველ ნამუშევრებს: „გაკვეთილები" (2014) და „დიდება" (2016), კარლოვის ვარის ფესტივალზე „ბროლის გლობუსი" აქვთ აღებული.


ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა გერმანულ დრამას Lara, რომლის შემსრულებელმა კორინა ჰარფუხმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფესტივალის ჯილდო დაიმსახურა.

სექციის „დასავლეთის აღმოსავლეთი" გამარჯვებული გახდა ბორის აკოპოვი სადებიუტო ფილმით The Bull, ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზი ანტონიო ლუკიჩის უკრაინულმა ფილმმა My Thoughts are Silent დაიმსახურა.

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 90