ნეტფლიქსის, ჯოკერის და უამრავი საინტერესო პროექტის შესახებ ვენეციაში
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ნეტფლიქსის, ჯოკერის და უამრავი საინტერესო პროექტის შესახებ ვენეციაში
კინოფესტივალი მედიაში
2019-07-29

რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს უხუცესმა ვენეციის კინოფესტივალმა 76-ე გამოშვების პროგრამა გამოაქვეყნა. წლევანდელი ჟიურის პრეზიდენტია ლუკრეცია მარტელი, რომელიც თავის გუნდთან ერთად ფილმებს შემდეგ პრიზებს გადასცემს: "ოქროს ლომი" საუკეთესო ფილმისათვის, ჟიურის გრან-პრი, "ვერცხლის ლომი" საუკეთესო რეჟისურისათვის, ჟიურის სპეციალური პრიზი, ჯილდოები სამსახიობო შესრულებისათვის და საუკეთესო სცენარისათვის, ასევე მარჩელო მასტროიანის სახელობის ჯილდო, რომელიც საუკეთესო დამწყებ მსახიობებს გადაეცემა. კრისტენ სტიუარტი, ბრედ პიტი, მერილ სტრიპი, ხოაკინ ფენიქსი, რობერტ დე ნირო, რობერტ პატისონი, ჯონი დეპი, გაელ გარსია ბერნალი, ადამ დრაივერი, სკარლეტ იოჰანსონი, ტიმოთე შალამე - ეს მსახიობების ის არასრული ჩამონათვალია, რომელთაც წელს, ვენეციაში ელოდებიან.

ჰიროკაძუ კორეედას ფილმი The Truth, კეტრინ დენევით, ჯულიეტ ბინოშითა და ითან ჰოუკით მთავარ როლებში, ფესტივალის გამხსნელ ფილმად შეირჩა. დედისა და ქალიშვილის ურთიერთობაზე აგებული ფილმი, კორეედას პირველი ევროპული ნამუშევარია, რომელსაც მაყურებელი 28 აგვისტოს, ფესტივალის პომპეზური გახსნის ცერემონიალის შემდეგ იხილავს.

76-ე ფესტივალის საკონკურსო პროგრამა ძალზედ საინტერესოდ გამოიყურება და მასში 21 ფილმი იღებს მონაწილეობას.

ბრედ პიტი ჯეიმს გრეის ფილმში Ad Astra-ში მონაწილეობს და ასტრონავტ როი მაკბრაიდს განასახიერებს. კაცს, რომელიც სოლარული სისტემის უკიდეგანო სივრცეში დიდი ხნის წინ დაკარგული მამის მოსაძებნად მიდის.

ნოა ბაუმბახის ფილმი Marriage Story განქორწინების პირას მყოფი წყვილის ერთგვარი კვლევაა, სკარლეტ იოჰანსონითა და ადამ დრაივერით მთავარ როლებში. ასევე კონკურსშია საკმაოდ ხმაურიანი პროექტი, ტოდ ფილიპსის კომიქსის მიხედვით გადაღებული Joker-ი, ხოაკინ ფენიქსით მთავარ როლში. „უნდა გითხრათ რომ ეს მართლაც გასაოცარი ფილმია. ყველაზე გასაოცარი, რაც კი წელს ჩვენს ფესტივალზე იქნება ნაჩვენები. დარწმუნებული ვარ ის „ოსკარის" კანდიდატია, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიუჟეტი ძალადობითაა სავსე. მას საოცარი ამბიცია და მასშტაბი აქვს", აღნიშნა ფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ფესტივალი, მაგალითად კანი, დიდ ბოიკოტს უცხადებს „ნეტფლიქსს", ვენეციაში მისი პროდუქციისთვის კარი მუდამ ღიაა. წელს ფესტივალზე „ნეტფლიქსის" ორი ფილმი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის სტივენ სოდერბერგის პანამის დოკუმენტებზე დაფუძნებული The Laundromat, სადაც მთავარ როლებში მერილ სტრიპი, გარი ოლდმანი და ანტონიო ბანდერასი მონაწილეობენ.

მოძრაობა #MeToo-ს გამო საზოგადოებისგან გარიყული 85 წლის რომან პოლანსი ვენეციაში ახალ ფილმს წარადგენს - An Officer and a Spy. დრეიფუსის საქმეზე გადაღებულ ფილმში, მთავარ როლში პოლანსკიმ ჟან დუჟარდენი მიიწვია. რომან პოლასკი ვენეციის მთავარი პრიზის „ოქროს ლომის" მფლობელი რეჟისორია და 1993 წელს, ამავე ფესტივალზე მას კინოში შეტანილი წვილილისათვის საპატიო ჯილდო აქვს მიღებული. პოლანსკიმ ცოტა ხნის წინ სარჩელიც კი შეიტანა სასამართლოში, რათა ამერიკის კინოაკადემიამ მისი სრულუფლებიანი წევრობა აღადგინოს, საიდანაც ჰარვი ვაინშტაინთან ერთად, სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო გარიცხეს.

ხაიფა ალ-მანსური პირველი ქალია, რომელმაც ფილმი გადაიღო საუდის არაბეთში. The Perfect Candidate ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები.

ფესტივალზე ასევე გაიმართება პაოლო სორენტინოს მრავალსერიანი ფილმის The New Pope-ის ორი ახალი ეპიზოდის ჩვენებაც, სადაც ჯუდ ლო და ჯონ მალკოვიჩი თამაშობენ.

და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი. ცნობილია რომ ვენეციის ფესტივალზე სექციაში „ჰორიზონტები" გაიმართება დიმიტრი მამულის ფილმის „ბოროტმოქმედი" მსოფლიო პრემიერა. ეს არის საქართველო-რუსეთის ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც ქარხნის ინჟინერზე გვიყვება, 25 წლის გმირზე, რომელიც სრულიად შემთხვევით, მკვლელობის მოწმე გახდება. ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარისტები: დიმიტრი მამულია და არჩილ ქიქოძე, ხოლო მთავარ როლებში: გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი მონაწილეობენ.

კინოში შეტანილი წვლილისათვის 76-ე ფესტივალის საპატიო ჯილდოები ჯული ენდრიუსსა და პედრო ალმოდოვარს გადაეცემათ.

ვენეციის 76-ე ფესტივალის გამარჯვებულები 7 სექტემბერს გახდება ცნობილი.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 820