ბათუმის კინოფესტივალის და საკონკურსო ფილმების შესახებ
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ბათუმის კინოფესტივალის და საკონკურსო ფილმების შესახებ
კინოფესტივალი მედიაში
2019-09-25

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი 15 სექტემბერს გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში, მაყურებელს საინტერესო ჩვენებები, მასტერკლასები და უორქშოფები შესთავაზა. ფესტივალის გახსნაზე, რომელიც ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა, კინოში შეტანილი წვლილისათვის საპატიო ჯილდოები გადაეცათ ამერიკელ სცენარისტს პოლ შრედერს, ფრანგ მსახიობს დენი ლავანს და მსახიობ მანუჩარ შერვაშიძეს. ხოლო დახურვაზე ეს საპატიო ჯილდო რეჟისორ ალექსანდრე მინდაძეს ერგო.

რამდენიმე სექციასთან ერთად, ყველაზე საინტერესო ჩვენებები მაყურებელმა პროგრამაში - „დიდოსტატთა კოლექცია" იხილა, სადაც ნაჩვენები იყო ბერლინალესა და კანის საკონკურსო პროგრამის ფილმები - ჟან და ლუკ დარდენების „ახალგაზრდა აჰმედი", ბრილანტე მენდოზას „ალფა: მკვლელობის უფლება", ქშიშტოფ ზანუსის „ეთერი", ფატიჰ აკინის „ოქროს ხელთათმანები", კენ ლოუჩის „უკაცრავად, ვერ მოგისწარით" და სხვა.

ფესტივალის მთავარ საკონკურსო სექციაში 10 მხატვრული ფილმი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც თავისი გამომსახველობითი ხერხებით, თემატურობითა თუ ამბის მოყოლის სტილით გამახსოვრებდა თავს. მაგალითად, ასეთი იყო წარმოშობით აზერბაიჯანელი ელმან იმანოვის ფილმი „სეზონის დასასრული". ამ ფილმში ერთი ოჯახის ერთი ჩვეულებრივი დღეა აღწერილი. მისი სამი გმირი: მამა სამირი, დედა ფიდანი და 18 წლის შვილი მაჰმუდი, თითქოს მთლიანად არიან გამოფიტულნი, დაცლილნი ყოველგვარი ემოციებისგან, სიყვარულისგან, გრძნობებისგან და ერთმანეთში მხოლოდ მექანიკურად ურთიერთობენ. ეჭვი, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს და გალღვეს, მას შემდეგ გებადება, რაც სანაპიროზე გასულები დედას კარგავენ. არავინ იცის სადაა ფიდანი, სადმე ან იქნებ ვინმესთან ერთად გაიქცა თუ წყალში დაიხრჩო, ზუსტად მაგ დროს ხომ წყალში მაშველებმა ადამიანი შენიშნეს, რომელიც შველას ითხოვდა და მოულოდნელად გაუჩინარდა. მსხვილი ხედებით აგებული ფილმი დიალოგებითაა დატვირთული და ადამიანების მარტოობის, ერთმანეთთან გაუცხოების თემას გადმოსცემს. ხოლო გარემო, იქნება ეს ფიდანისა და სამირის სახლი, თითქმის უკაცრიელი სანაპირო ასევე ცარიელი ბარით თუ მაჰმუდის დაქირავებული, ლამის გაპარტახებული ბინა, ამ გაუცხოებასა და გამოფიტულობას კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.

თურქი რეჟისორის ემინ ალპერის ფილმი „სამი დღის ზღაპარი" წელს ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. თურქეთის მიყრუებულ სოფელში, მთაში სამი და, მამასთან ერთად ცხოვრობს. სამივეს სურვილია დროზე მოსცილდეს აქაურობას და ქალაქში, მოახლედ დაიწყოს მუშაობა. სამივე განსხვავებულია და სამივე დარწმუნებულია, რომ ნამდვილი ცხოვრების დაწყებას მხოლოდ ცივილიზაციისგან მოწყვეტილი სოფლიდან თავის დაღწევის შემდეგ თუ შეძლებენ. მაღალმთიანი, მოწყვეტილი რეგიონები და მისი ბინადარნი, ქალები ამ პატრიარქალურ სამყაროში - ალპერი ცდილობს ეს ყველაფერი პოეტური ენით გადმოსცეს.

სრულიად განსხვავებული და გამორჩეული იყო, საკონკურსო ფილმების საუკეთესო ნამუშევარი - ირანელი რეჟისორის რეზა მირკარიმის ფილმი „ოცნებების სასახლე". მძიმედ დაავადებული დედა საავადმყოფოშია. მამა კი ბავშვების წასაყვანად მოდის, რომელსაც ისინი წლებია არ უნახავს. ჯალალს, რომელიც ციხიდან ახალი გამოსულია, სულ არ უნდა ამ ზედმეტი ტვირთის (სარა და ალი) აკიდება და მათი, საკუთარი შვილების თავისთან წაყვანა. თუმცა მას, სხვა გზა არ რჩება. თითქმის მთელი ფილმის სიუჟეტი ერთ მანქანაში ვითარდება, რომელშიც მოკალათებული ერთი ოჯახის უცხო წევრები გრძელ გზას გადიან. ეს არის ფილმი, რომლის 86 წუთში ჩატეულია სიყვარული, სევდა, წყენა, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, ოცნებების კოშკების მსხვრევა და ადამიანურობა, ჰუმანურობა. ალის, რომელიც 7-8 წლისა იქნება, საოცარი სიფაქიზით შეუძლია მოეპყრას ამ თითქმის უცნობ მამაკაცს, ამ ზნედაცემულ მამას და მას მაგალითი უჩვენოს. მაშინ როდესაც მისი პატარა და სარა, მთელი ფილმის განმავლობაში შეუჩერებლად, ბავშვური გულწრფელობით ლაქლაქებს და წლების უნახავ მამას, გაუთავებლად უსვამს კითხვებს. საინტერესოა, რომ რამდენადაც დიდ ემოციურ ზეგავლენას ახდენს ფილმი მაყურებელზე, იმდენად თავშეკავებული აღმოჩნდა მისი ფინალი. გამოცემამ „ჰოლივუდრეპორტერი" მირკარიმის „ოცნებების სასახლე" ვიტორიო დე სიკას „ველოსიპედის გამტაცებლებს" შეადარა.

დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 22 სექტემბერს გაიმართა. ფესტივალის ხუთკაციან ჟიურის ხელმძღვანელობდა რეჟისორი ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი), მისი დანარჩენი წევრები იყვნენ: ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო). ჟიურიმ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში გამოავლინა:

გრანპრი - "და იქმნა ნათელი", რეჟისორი: მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019

საუკეთესო რეჟისურა - "ოცნებების სასახლე", რეჟისორი: რეზა მირკარიმი, ირანი, 2019

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - კაიან აჩიკგოზი, ფილმი „სამი დის ზღაპარი", რეჟისორი: ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019

საუკეთესო მსახიობი ქალი - ჩემრე ებუზზია, ფილმი „სამი დის ზღაპარი", რეჟისორი ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019

ჟიურის სპეციალური პრიზი - "სეზონის დასასრული", რეჟისორი: ელმარ იმანოვი, გერმანია/აზერბაიჯანი/საქართველო, 2019

 

ფესტივალზე წელს მეორედ იყო ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური, რომელშიც შედიოდნენ: ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე და სალომე კიკალეიშვილი. მათი რჩეული გახდა რეზა მირკარიმის "ოცნებების სასახლე".

 

ამას გარდა, BIAFF 2019-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ქშიშტოფ გიერატი (პოლონეთი) - ჟიურის თავჯდომარე, გასიდე გოლმაკანი (ირანი), კარენ ავეტისიანი (სომხეთი), ოლეს იანჩუკი (უკრაინა) და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „მაფიის გადაღება", კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019

ჟიურის სპეციალური პრიზი - „სიყვარულის ავტომობილი", ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019 და „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ", ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019.

 

ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურის ხელმძღვანელი იყო ოთარ შამათავა (საქართველო). ფილმებს მასთან ერთად აფასებდნენ პოლ თილჯესი (ლუქსემბურგი) და დავიდ ლორენცი (გერმანია).

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა - "ცხოველი", ამირან დოლიძე, საქართველო, 2019

ჟიურის დიპლომი - გადაეცა ორ ფილმს: "იმედი", ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019 და "საზამთროს წვენი", ირინე მორეი, ესპანეთი, 2019

 


კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდა BIAFF 2019 ინდუსტრიული პლატფორმის გამარჯვებული პროექტები და გადაეცათ შემდეგი პრიზები:

ვროცლავის აუდიოვიზუალური ცენტრის (CETA) პრიზი - 10,000 ევროს ექვივალენტი კინოპროდუქციის სერვისი - პროექტს „ნარინჯისფერი ცა" - რეჟისორი და პროდიუსერი შალვა შენგელი, თანასცენარისტი ალექსანდრე ქურხული.

BIAFF კინოფესტივალის პრიზი - საერთაშორისო კინოფესტივალზე BERLINALE დასწრება - პროექტს „ტვირთი"- რეჟისორი და პროდიუსერი ანა იოსავა, თანასცენარისტი ოთარ ქათამაძე.

სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „Meeting on the Bridge" პრიზი - სატამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე დასწრება - პროექტს „შენ გავხარ მამას" - რეჟისორი ლევან ლომჯარია, პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 321