საერთაშორისო კონკურსში მონაწილე ფილმები
საერთაშორისო კონკურსში მონაწილე ფილმები
კინოფესტივალი მედიაში
2013-11-18

 

საერთაშორისო კონკურსი ისევ ყველაზე მნიშვნელოვან სექციად რჩება. წელს ათი მხატვრული დებიუტი შეეჯიბრება ერთმანეთს ოქროსა და ვერცხლის პრომეთესთვის, რომელიც საუკეთესო ფილმსა და საუკეთესო რეჟისორს გადაეცემა. ტრადიციისამებრ, კონკურსში მონაწილე ფილმები აქტუალურ თემებსა და ადამიანის პრობლემებს ეხმიანება თანამედროვე სამყაროში, სადაც ფილმის გმირი თავის ადგილს ეძებს. წლევანდელი კონკურსის მონაწილეები უკვე გახმაურებული დებიუტებია, ისინი საერთაშორისო ყურადღების ქვეშ უკვე მოექცნენ.

ელვინ ადიგოზელისა და რუფატ ჰასანოვის აზერბაიჯანული ფილმი „ქამელეონი“   ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა. ახალგაზრდა ნიჯატი, რომელიც უცხოეთში მუშაობს თავის სამშობლოში, გოიჩაიში ბრუნდება. მას ფინანსური პრობლემები აქვს და საკუთარ ქვეყანასთან საბოლოო კავშირების გასაწყვეტად გარდაცვლილი მამის სახლის გაყიდვას აპირებს. სანამ ნიჯატის სახლის მყიდველი მოიძებნება, ყველას, ვინც ამ გარიგებაში მონაწილეობს, პირველად მოუწევს მორალური და ეთიკური ხასიათის ზოგიერთ საკითხზე დაფიქრება.

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის 2012 წლის  გრანპრის მფლობელია პოლონური ფილმი „ქალთა დღე“, რომელსაც თავად რეჟისორი მარია სადოვსკა „ფემინისტურ ვესტერნს“ უწოდებს.  ფილმის მთავარი გმირი მარტოხელა დედაა, რომელიც პატარა ქალაქის სუპერმარკეტში მუშაობს. დაწინაურების  შემდეგ ის კონსიუმერიული საზოგადოების ყოველდღიურობას ეჯახება  და მნიშვნელოვან მეტამორფოზას განიცდის. ფილმს თბილისში რეჟისორთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელი კატარჟინა კვიატკოვსკა წარადგენს.

თურქმა რეჟისორმა, ერდემ ტეპეგოზმა წელს მოსკოვის 35-ე კინოფესტივალზე მთავარი პრიზი, „ოქროს გიორგი“ მიიღო საუკეთესო ფილმისთვის „ნაწილაკი“. მტვრიან გარეუბანში, დასანგრევად დაცლილ სახლში მცხოვრები ზეინეპი ყოველდღიური არსებობისათვის იბრძვის და მოხუც დედასა და ინვალიდ ქალიშვილს უვლის, სამსახურის დაკარგვის შემდეგ ის იძულებული ხდება ქალაქი დატოვოს, სადაც ჩვეულებრივი სამსახურის პოვნა შეუძლებელია...

კონკურსში რუსული ფილმი, იური ბიკინის „მაიორიც“ მონაწილეობს.  სერგეი სობოლევი, რომელიც ახალდაბადებული შვილის სანახავად ავტომანქანით მიიჩქარის, პატარა ბიჭს წაართმევს სიცოცხლეს.  მაიორს არჩევანი აქვს: ციხეში ჩაჯდეს ან დანაშაული დაფაროს და თავისუფალი დარჩეს. ფილმის პრემიერა წელს კანში, „კრიტიკოსთა კვირეულის“ ფარგლებში შედგა, ხოლო შანხაის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალზე მან მთავარი პრიზი, „ოქროს თასი“ მოიპოვა საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის.

მარტოობისა და მიჯაჭვულობის სურათს გვიხატავს ბერძენი პენი პანაიოტოპულუ ფილმში „სექტემბერი“, რომელიც შუა ხნის ქალზე, კარჩაკეტილი ცხოვრების მქონე ანაზე გვიყვება. ანა პატარა ბინაში თავის ძაღლთან, მანუსთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მისთვის ყველაფერია. მანუს დაღუპვის შემდეგ ანა იძულებულია საგულდაგულოდ დაცული სივრცე დაანგრიოს. ფილმი 2013 წლის კარლოვი ვარის კინოფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა  და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები.

სომხეთიდან მარია სააკიანის ნამუშებარი იქნება წარდგენილი.  „ეს მე არ ვარ“  სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებულ მოგზაურობას განაგრძობს და თოთხმეტი წლის ევრიდიკაზე მოგვითხრობს, რომელიც ზრდასთან ერთად ფუნდამენტურ შეკითხვებზე ეძებს პასუხებს და თანდათან თავის პირად სამყაროში იკეტება. მას უნდა, სახელი შეიცვალოს და სხვა ადამიანად იქცეს.

იგნას იონისასის ლიტვური პროდუქცია „მოთამაშე“ აზარტული თამაშებით გატაცებული რეალიზებული ადამიანის ამბავს გვიყვება. ვინსენტასი წარმატებული პარამედიკოსია რომელიც ცხოვრებას სასწორზე დებს. ფილმმა ვარშავის კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი აიღო და სან-სებასტიანის კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

ქართული ფილმი „კომა“ რომელიც არჩილ ქავთარაძემ გადაიღო,  ძალადობისა და ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლზე, ტიტე გოგიაზე გვიამბობს, რომელიც ავარიის შედეგად დააპატიმრეს. „კომა“ არჩილ ქავთარაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია და საფუძვლად ნამდვილი ამბები უდევს.

სოფელში მცხოვრები ერთი ოჯახის ინტიმურ პორტრეტს გვიხატავს იტალიელი ანდრეა პალაოროს ფილმი „მედეა“,  რომლის პრემიერა ვენეციის ბიენალეზე შედგა და სპეციალური პრიზი მიიღო. ფილმი ადამიანების ქცევის თავისებურებებს, თავისუფლებისა და სიახლოვის საზღვრებს იკვლევს.

უკრაინულ-თურქული ფილმი „შემიყვარე“ თანამედროვე სასიყვარულო ისტორიაა. მეჰმეტ ბაჰადირისა და მარინა გორბაჩის მელოდრამა კულტურულ კონფლიქტებსა და ბარიერებზე გვიყვება. ნამუშევარმა  კოსოვოს კინოფესტივალზე Ferfilm საუკეთესო ფილმისათვის მთავარი პრიზი მიიღო.

საკონკურსო ჩვენებები 3 დეკემბერს დაიწყება და 7 დეკემბრამდე გაგრძელდება, ამ დღესვე გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებულებიც. 

მნახველთა რაოდენობა: 8842