რეზა მირკარიმის ფილმი ,,ქალიშვილი'' მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია
კინოფესტივალი მედიაში
2016-07-06

30 ივნისს მოსკოვში საზეიმოდ დაიხურა 38-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალის მთავარი პრიზით ირანელი რეჟისორის, რეზა მირკარიმის ფილმი ,,ქალიშვილი’’ დაჯილდოვდა. ფილმი მკაცრი და კონსერვატორი აზიზის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავის ოჯახთან ერთად სამხრეთ ირანში, ნავთობის მომპოვებელ ქალაქში ცხოვრობს. ერთ დღეს მამის ავტორიტარიზმით აღშფოთებული სეთარე გადაწყვეტს თეირანში წასვლას, იმ მიზნით, რომ გამოემშვიდობოს საუკეთესო მეგობარს, რომელიც ირანს სამუდამოდ ტოვებს. ოჯახი მისი წასვლის წინააღმდეგია, რადგან აზიზის  უმცროსი ქალიშვილი ქორწილისთვის ემზადება, სეთარე კი აუცილებლად უნდა დესწროს ამ დღესასწაულს. მამის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად სეთარე მაინც გადაწყვეტს თეირანში წასვლას, და სწორედ აქედან იწყება მისი დამოუკიდებელი ცხოვრების ისტორიაც.

რეზა მირკარიმი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მისი ფილმები სხვადასხვა დროს წარდგენილი იყო  კანისა და ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. რეჟისორის ნამუშევართან ერთად მოსკოვის კინოფესტივალზე, ამერიკაში მოღვაწე დანიელი რეჟისორის პუკ გრასტენის ფილმი ,,37’’, სებასტიან ბეტბედერის ,,მარია და უიღბლოები’’, ნიკოლაი დოსტალის ,, ბერი და ეშმაკი’’, ავტრიელი რეჟისორის იაკობ მ. ერვას ,,ჩემი სამყაროს ცენტრი’’ და სხვა გამორჩეული ფილმები იბრძოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს რეზა მირკარიმი თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალს ეწვია და საერთაშორისო ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. ასევე მან ფესტივალის ფარგლებში ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის  მასტერ-კლასი  ჩაატარა თემაზე ,,რეჟისურა’’.

მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი, პირველად 1935 წელს ჩატარდა, რომლის დროსაც ჟიურის თავმჯდომარე რუსი კინორეჟისორი და კინოთეორეტიკოსი, სერგეი ეიზენშტეინი იყო, თუმცა ფესტივალის რეგულარული ღონისძიებები 1959 წლიდან იმართება. მოსკოვის კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში სამი საკონკურსო სექციაა, მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. არასაკონკურსო პროგრამები კი ყოველწლიურად იცვლება. მიმდინარე წელს კინოფესტივალმა სპეციალური ჩვენებების გარდა კინომოყვარულებს სხვადასხვა სექციები შესთავაზა: ევროპული ეიფორია: სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ქალების დრო, 8 ½ , ჰოლანდია პლიუსი, აღმოჩენა: მღელვარე არაბული აღმოსავლეთის კინო და სხვა.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 6199