თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანთან“ ერთად მაყურებლებს, მხარდამჭერებს, კინომოყვარულებს, ფესტივალის პარტნიორებსა და სპონსორებს განსაკუთრებულ სეანსზე ეპატიჟება.
17 ნოემბერს, წელს მეცხრედ აღინიშნება ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე, რის აღსანიშნავადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორის, ჟაკ დერეს 1969 წლის ფილმის, “აუზის“ (La Piscine), რესტავრირებული, ციფრული ვერსია.
ამ დღეს, ევროპის 40 ქვეყნის 700-მდე კინოთეატრში მოეწყობა არტ-ჰაუს ფილმების სეანსები, გამოფენები, დისკუსიები, შეხვედრები კინემატოგრაფისტებთან და უამრავი სხვა ღონისძიება. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინიციატივით კი კინოთეატრი „ამირანიც“ შეუერთდება კინოს ამ ზეიმს.
ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღის ინიციატივა ეკუთვნის არტ-ჰაუს კინოთეატრების საერთაშორისო კონფედერაციას (CICAE), ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე თანადაფინანსებულია „შემოქმედებითი ევროპის“, „ევრიმაჟის“, „ევროპა სინემას“ და გერმანიის ფედერალური კინოცენტრის მიერ.
ამ ჩვენებით პატივს მივაგებთ ევროპული კინოს ვარსკვლავს – ალენ დელონს, რომელიც 2024 წელს გარდაიცვალა და “აუზში” ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
ინფორმაცია რეჟისორისა და ფილმის შესახებ: ფრანგი რეჟისორი ჟაკ დერე ძირითადად კრიმინალური თრილერებით იყო ცნობილი, “აუზი” მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია, რომელშიც მთავარ როლებს ალენ დელონი, რომი შნაიდერი, მორის რონე და ჯეინ ბირკინი ასრულებენ.
ფილმი მოგვითხრობს ახლადშერიგებულ წყვილზე, რომელსაც მდიდრულ ვილაზე დასვენებისას, ქალის ყოფილი საყვარელი და საყვარლის 18 წლის ქალიშვილი ესტუმრება. “აუზი” უმოქმედობისა და დეპრესიის, გამოუთქმელი გრძნობების, ეჭვიანობისა და აგრესიის შესახებ გვიყვება, ფილმში წარუშლელ სახეს ქმნის ალენ დელონისა და რომი შნაიდერის ვარსკვლავური წყვილი.
ფილმის ხანგრძლივობა: 122 წთ
ბილეთის ღირებულება – 9, 00 ლარი.