ექვსი კვირის განმავლობაში მთელი ევროპის ტერიტორიაზე 40 ქვეყნის 700-მდე კინოთეატრში მოეწყობა კინოპრემიერები, რეტროსპექტივები, სპეციალური კინოპროგრამები, არტ-ჰაუს ფილმების სეანსები, გამოფენები, დისკუსიები, შეხვედრები კინემატოგრაფისტებთან და უამრავი სხვა ღონისძიება. კინოს ამ ზეიმს თბილისიც უერთდება.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინიციატივით კავეა კინომაყურებელს სთავაზობს ახალგაზრდულ თემატიკაზე შექმნილ შვიდ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს.
კინოსეანსები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში კავეა გალერიაში გაიმართება.
გარდა ამისა ართ-ჰაუს სტრიმინგ პლატფორმა „მუბი“ და დოკუმენტური კინოს ონლაინ პლატფორმა ვოდი დიდ ყურადღებას უთმობს ევროპულ ფილმებს და სპეციალურ პროგრამას სთავაზობს კინომოყვარულებს.
პროექტი ევროპის კინოაკადემიის ორგანიზებით ხორციელდება და მხარდაჭერილია „შემოქმედებითი ევროპის“, ართ-ჰაუს კინოთეტარების საერთაშორისო კონფედერაციის (CICAE) და „ევროპა სინემას“ მიერ.
მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული „ევროპული კინოს თვე“ 1 ნოემბერს დაიწყო და 9 დეკემბერს ბერლინში დაიხურება.