2 დეკემბერს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალი გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდა.
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის პრომეთე ერგო რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმს «ლოტო», ხოლო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა მარიამ ბიწაძის ფილმმა «სუფრა».
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში პრომეთე გადაეცა რეჟისორ გიორგი ფარქოსაძეს ფილმისთვის «რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს», ხოლო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში – რეჟისორ აკი მანუკის ფილმისთვის «იგი».
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა:
- სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში – ელენე ნავერიანის ფილმმა «შაშვი შაშვი მაყვალი».
- სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში – ლუკა ბერაძის ფილმმა «ღიმილიანი საქართველო».
- მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში – სალომე კინწურაშვილის ფილმმა «გაქცევა».
- მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში – გიორგი ფარქოსაძის ფილმმა «მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარგვაში». აღსანიშნავია, რომ ამ ფილმისთვის რეჟისორს საქართველოს კინოინსტიტუტის ჯილდოც გადაეცა.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში ევროკავშირის ჯილდო “ადამიანის უფლებები კინოში” გადაეცათ ირანელ რეჟისორ აბას ამანს მხატვრული ფილმისთვის «უსასრულო საზღვრები» და რეჟისორ ლუკა ბერაძეს დოკუმენტური ფილმისთვის «ღიმილიანი საქართველო», ხოლო საქართველოს დოკუმენტური ასოციაციის ჯილდო ერგო დანიელ რეჟისორს ლეა გლობს ფილმისთვის «აპოლონია, აპოლონია».
კვირას, 3 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთი წლით დაემშვიდობება კინომაყურებლებს.