წელს სომხური კინო ასი წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში, სომხეთის კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, სომხური ფილმების კინოსეანსები გაიმართება.
სექცია: „ქვეყანა ფოკუსში“ ნაჩვენები იქნება xx საუკუნის ოციან წლებში თბილისში მოღვაწე კინორეჟისორის, სომხური კინოს პიონერის, პირველი სომხური მხატვრული ფილმის ავტორის, ამო ბეკ-ნაზაროვის მხატვრული ფილმები.
„სახლი ვულკანზე“ (House on the Volcano – USSR 1929, 63’) და „ნაირის ქვეყანა“ (The Land of Nairi – USSR 1930, 67’)
სექცია „აპოლო: კინოს მეხსიერება“ თბილისში დაბადებული, წარმოშვებით სომეხი ამერიკელი რეჟისორის, რუბენ მამულიანის რეტროსპექტივას უმასპინძლებს. აღნიშნული რეტროსპექტივა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.
ნაჩვენები იქნება რუბენ მამულიანის ფილმები:
„აპლოდისმენტები“ (Applause) – აშშ, 1929 წ.
„შემიყვარე“ (Love Me Tonight) – აშშ, 1932 წ.
„ზოროს ნიშანი“ (Mark of Zorro) – აშშ, 1940 წ.
„სისხლი და ქვიშა“ (Blood and Sand) აშშ, 1941 წ.
„აბრეშუმის წინდები“ (Silk Stockings) – აშშ, 1957 წ.
სომხური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი, რუბენ მამულიანი დაიბადა თბილისში, 1897 წლის 8 ოქტომბერს. რუბენის მამა ბანკირი იყო, დედა კი თბილისის სომხურ თეატრში მუშაობდა. დედის გავლენით, რუბენი პატარაობიდანვე დაინტერესდა და აქტიურად ჩაერთო თეატრალურ ხელოვნებაში, 1918 წელს კი თბილისში საკუთარი დრამატული წრე ჩამოაყალიბა.
თეატრალური კარიერა რუბენ მამულიანმა 25 წლის ასაკში დაიწყო, როცა მის პირველ სასცენო დადგმას ლონდონში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რის შემდეგაც ის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ნიუ-იორკის შტატში, ჯორჯ ისტმენის თეატრში ოპერებსა და ოპერეტებს დგამდა.
კინოში რუბენ მამულიანის მოღვაწეობა ჰოლივუდში ხმოვანი კინოს შემოსვლას დაემთხვა. მამულიანი კინოს ახალ გამოწვევას შემოქმედებითად მიუდგა. მან პირველმა განახორციელა ორი მიკროფონით ხმის სინთეზური სტერეო ჩაწერა. რეჟისორმა კადრს მიღმა ხმა გმირის ფიქრების გამოხატვისთვის გამოიყენა, ხოლო კინოგადაღებები პავილიონიდან მთლიანად ქალაქის ქუჩებში გაიტანა. ასევე, მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ორი კამერით გადაღება, რითაც ერთ მოქმედებას დამატებითი ხედვის კუთხე შესძინა.
მამულიანი ინოვაციურად მიუდგა ფერადი კინოს შემოსვლასაც. რეჟისორმა გამოიყენა ამერიკელი სწავლულის, ჰერბერტ კალმუსის სამფეროვანი სისტემა და გადაიღო მსოფლიოში პირველი სრულყოფილად ფერადი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ბეკი შარპი“ (1935 წ.). შემდგომში ამ სისტემამ ფერადი კინოს ფორმირებაში ახალი საწარმოო სტანდარტი შექმნა.
მამულიანის ფილმებში, სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად, მონაწილეობდენ მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, მორისონ შევალიე და ელიზაბეტ ტეილორი.
რუბენ მამულიანის ფილმები: „აპლოდისმენტები“, „ბეკი შარპი“ და „ზოროს ნიშანი“ ამერიკული ფილმების ნაციონალურ რეესტრშია შეტანილი, ჰოლივუდის დიდების ხეივანში კი მისი ვარსკვლავია გახსნილი. 1982 წელს, სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, მამულიანს ამერიკის რეჟისორთა გილდიის უმაღლესი ჯილდო – დევიდ უორკ გრიფიტის სახელობის პრიზი გადაეცა.
რუბენ მამულიანის ბავშვობა და ახალგაზრდობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის მშობლიურ ქალაქთან – თბილისთან. როგორც ცნობილია, რუბენ მამულიანი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ კინოფესტივალზე ყოფნისას თბილისს ესტუმრა და ბავშვობის დროინდელი ეზო მოინახულა. ეზოში შესული, უკვე ასაკოვანი მამულიანი მისივე თაობის მამაკაცმა იცნო და აივნიდან გადმოსძახა: „რუბენ, შენ ხარ, ბიჭო?”
თბილისში, სანქტ-პეტერბურგის ქუჩის 13 ნომრის კედელზე დღესაც არის მემორიალური დაფა, რომელიც გვამცნობს: „ამ სახლში 1897 წელს დაიბადა და 1922 წლამდე ცხოვრობდა რუბენ მამულიანი”.