• 2019
ჟიური
ერიკა გრეგორი

გოტინგენში, ლონდონში, მიუნხენსა და ბერლინში ერიკა გრეგორი გერმანულ და ბრიტანულ ლიტერატურას, ისტორიას და ფილოსოფიას სწავლობდა. 1963 წელს მეუღლესთან, ულრიხ გრეგორთან ერთად დააარსა ასოციაცია „გერმანული კინემათეკის მეგობრები". კინოთეატრ „არსენალის" დაარსების დღიდან ერიკა გრეგორი კინოჩვენებების ორგანიზატორი და კინოპროგრამების შემდგენელი იყო. კინოფესტივალების ორგანიზატორი და კოორდინატორი, მრავალი ჟიურის წევრი, აგრეთვე კინოდაფინანსების კომისიების წევრი. 1971-2004 წლებში ის ბერლინის კინოფესტივალის ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის შესარჩევი კომისიის წევრია, 1980-90-იან წლებში ერიკა გრეგორი რეტროსპექტივების, ეროვნული და თემატური კინოპროგრამების („მოდერნიზმის მსოფლმხედველობა", „ებრაული ცხოვრების წესი", „იაპონია და ევროპა, „მოსკოვი-ბერლინი", „გერმანული სახეები") კურატორი იყო. ულრიხ გრეგორთან ერთად გამოსცემს კატალოგებს, წიგნებსა და პერიოდულ სერიას „კინემათეკის რვეულები".

2010 წელს ერიკა და ულრიხ გრეგორებს გადაეცათ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, „კამერა“, კინოს სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

ჰეზერ სტიუარტი

დაიბადა და განათლება მიიღო შოტლანდიაში, შემდეგ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო კვალიფიკაცია კინოხელოვნებაში. კინოს სფეროში მუშაობდა, როგორც ლექტორი და კურატორი, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, იტალიაში, ნიდერლანდებში, ნიგერიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამჟამად არის ბრიტანეთის კინოინსტიტუტის (BFI) კრეატიული დირექტორი, პასუხისმგებელი BFI-ის ეროვნულ არქივზე, რომელიც კინოსა და ტელევიზიის და მოძრავი სურათების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან კოლექციას წარმოადგენს. გარდა ამისა, მისი საქმიანობა მოიცავს  BFI-ის ლონდონის კინოფესტივალს და ფესტივალს Flare, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ლგბტ+ ფესტივალია, პროგრამების შედგენას BFI-ის ეროვნული კინოთეატრისთვის, DVD ფორმატში და BFI-ის საკუთარ VoD-პლატფორმაზე, ფილმების დისტრიბუციას დიდ ბრიტანეთში და საერთაშორისო მასშტაბით: იმ რწმენით, რომ ფიმლების მრავალფეროვნება საკუთარი თავისა და სამყაროზე ჩვენი წარმოდგენის შეცვლაში გვეხმარება. ჰეზერ სტიუარტის პოტრფოლიოში შედის აგრეთვე კვლევითი სამუშაო და BFI-ის ბიბლიოთეკა (Reuben Library), თანამშრომლობა საერთშორისო კინოჟურნალთან Sight & Sound. წლების განმავლობაში მას არაერთი კინოფესტივალის ჟიურის მუშაობაში მიუღია მონაწილეობა.

ნიკოლას სელისი

მექსიკელი პროდიუსერი, საპროდიუსერო კომპანია Pimienta Films-ის დამფუძნებელი. ცნობილი გახდა მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ორიგინალური პროექტებით, რომლებმაც საერთაშორისო აუდიტორიის ინტერესი გამოიწვია. ჟურნალმა Variety კომპანია Pimienta Films მექსიკის სამ საუკეთესო საპროდიუსერო კომპანიას შორის დაასახელა. კომპანიის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების თემები მრავალფეროვანია, თუმცა არსებობს სოციალური საკითხების კვლევის ტენდენცია, რაც უკავშირდება მიგრაციას, ეკონომიკურ უთანასწორობას. ოჯახურ ურთიერთობებს და ნარკოკარტელების გავლენას ლათინური ამერიკის მცხოვრებთა ყოველდღიურობაზე.

 

ნიკოლასს მრავალი მექსიკური ფილმის შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის არის ამატ ესკალანტეს „ჰელი“, რომელმაც 2013 წელს კანის კინოფესტივალზე პრიზი მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის, და გამოჩენილი რეჟისორის, ალფონსო კუარონის ფილმი „რომა“ (2018), რომელმაც 200-ზე მეტი პრიზი მოიპოვა, მათ შორის, ვენეციის კინოფესტვალის „ოქროს ლომი“ საუკეთესო ფილმისთვის, ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიის ოთხი ჯილდო, მექსიკის კინოაკადემიის ათი ჯილდო „არიელი“, ორი „ოქროს გლობუსი“ და სამი „ოსკარი“.  ის მუშაობდა უცხოელ რეჟისორებთანაც, როგორებიც არიან ტატიანა ჰუეზო, რაფი პიტსი, ჩირო გუერა, კრისტინა გალეგო და სხვა.

 

პროდიუსერად მუშაობის გარდა, ნიკოლასი პროდიუსერებისა და დისტრიბუტორების მომავალ თაობაზეც ზრუნავს. ის რეგულარულად ატარებს სემინარებსა და მასტერკლასებს აკადემიურ და კულტურულ კონტექსტში როგორც მექსიკაში, ისე სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ის მონაწილეობდა შეხვედრებსა და სემინარებში, როგორიცაა ACE Mundus, EAVE Puentes, პროდიუსერთა ქსელი და TorinoFilmLab. ნიკოლასი განსაკუთრებით უჭერს მხარს დამოუკიდებელი კინოთეატრებისა და დისტრიბუციის დამოუკიდებელი სქემების განვითარებას. 2019 წლის ივნისში ის იყო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჟიურის წევრი.

პაბლო დე ვიტა

დაიბადა ბუენოს აირესში, არგენტინა. ბუენოს აირესის უნივერსიტეტი დაასრულა გამოსახულებისა და ხმის დიზაინის სპეციალობით, შემდეგ მადრიდის უნივერსიტეტის ორტეგა ი გასეტის ინსტიტუტში გაიარა სამაგისტრო კურსი კულტურის მენეჯმენტის, მემკვიდრეობისა და მდგრადი ტურიზმის სფეროში და პრაღის კარლის უნივერსიტეტში – კურსი სლავისტიკაში.  

 

ამჟამად პაბლო დე ვიტა კინოკრიტიკოსად მუშაობს გაზეთში La Nación და თანამშრომლობს რამდენიმე არგენტინულ ჟურნალთან, როგორიცაა History (დამფუძნებელი –ფელიქს ლუნა), Criterio (დაარსდა 1928 წელს; სარედაქციო კოლეგიის წევრი), აგრეთვე ჟურნალებთნ CineArte16 (ესპანეთი) და El País (ურუგვაი). არის ბუენოს აირესის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის პროფესორი კინოსა და თეატრის სფეროში. გარდა ამისა, არის ვენის უნივერსიტეტის, ბარსელონის რამონ ლულის უნივერსიტეტის, ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტისა და პრაღის კინოსკოლის (FAMU) მიწვეული პროფესორი. ახლანახ ის მიიწვიეს კინოინდუსტრიის მენეჯმენტში სამაგისტრო პროგრამის გახსნის კონფერენციაზე კარლოს III-ის უნივერსიტეტში მადრიდში. პაბლო დე ვიტა რამდენიმე წიგნის თანაავტორია, მათგან უკანასკნელ დროს გამოიცა: „ევროპული ქალაქები კინოში“ (Akal Editions, ესპანეთი) და "მასწავლებლების ხატი კინოში" (კულტურისა და მეცნიერების ასოციაცია, მადრიდი). ავტორია წიგნისა „დიალოგი პოლონურ კინოსთან“ (პოლონეთის საელჩო არგენტინაში).

 

სხვადასხვა დროს მიწვეული იყო ჟიურის წევრად კინოფესტივალებზე სან სებასტიანში, მარ დელ პლატაში, ბუენოს აირესში, პირაპოლისში და გიჟონში. აშუქებდა  პუნტა დელ ესტეს, ბერლინის, კარლოვი ვარის, ვარშავისა და ვენეციის კინოფესტივალებს.

 

პაბლო დე ვიტას მიღებული აქვს ხელოვნებისა და კულტურის სფეროში საუკეთესო ჟურნალისტის ჯილდო იტალიის საელჩოსგან და პარაგვაის საერთაშორისო კინოიფესტივალის „საპატიო ჯილდო“. დაჯილდოებულია ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს იან მასარიკის სახელობის ვერცხლის საპატიო მედლით.

 

არის ესპანეთის იბერიულ-ამერიკული ურთიერთობების კვლევის საზოგადოების წევრი; ესპანეთის კინოპრესის ასოციაციის წევრი, პენ-კლუბის წევრი და ბუენოს აირესის უნივერსიტეტის რაულ კასტანინოს ინსტიტუტის მკვლევარი. არის არგენტინის კომუნიკაციურ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ულრიხ გრეგორი

კინოისტორიკოსი და კინოკრიტიკოსი, თბილისის კინოფესტივალთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. კინოისტორიის პროფესორი ბერლინის კინოსა და ტელევიზიის გერმანულ აკადემიაში და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში. კინოსა და ვიდეოარტის დამოუკიდებელი ინსტიტუტის „არსენალის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. ბერლინალეს ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის დირექტორი 2001 წლამდე. 1981 წლიდან 2000-მდე ულრიხ გრეგორი მორიტც დე ჰადელნთან ერთად ბერლინის კინოფესტივალის დირექტორი იყო.

 

მეუღლესთან, ერიკა გრეგორთან ერთად, მას კურატორული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კინოს განვითარების საქმეში. 2010 წელს ერიკა გრეგორთან ერთად გადაეცა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, „კამერა“, კინოს სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის. ულრიხ გრეგორი მუდმივად თანამშრომლობს ტელევიზიასა და რადიოსთან, მისი სტატიები რეგულარულად ქვეყნდება საერთაშორისო კინოჟურნალებში (Nuovo Cinema, Cinema 56).