ერიკა გრეგორი

გოტინგენში, ლონდონში, მიუნხენსა და ბერლინში ერიკა გრეგორი გერმანულ და ბრიტანულ ლიტერატურას, ისტორიას და ფილოსოფიას სწავლობდა. 1963 წელს მეუღლესთან, ულრიხ გრეგორთან ერთად დააარსა ასოციაცია „გერმანული კინემათეკის მეგობრები". კინოთეატრ „არსენალის" დაარსების დღიდან ერიკა გრეგორი კინოჩვენებების ორგანიზატორი და კინოპროგრამების შემდგენელი იყო. კინოფესტივალების ორგანიზატორი და კოორდინატორი, მრავალი ჟიურის წევრი, აგრეთვე კინოდაფინანსების კომისიების წევრი. 1971-2004 წლებში ის ბერლინის კინოფესტივალის ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის შესარჩევი კომისიის წევრია, 1980-90-იან წლებში ერიკა გრეგორი რეტროსპექტივების, ეროვნული და თემატური კინოპროგრამების („მოდერნიზმის მსოფლმხედველობა", „ებრაული ცხოვრების წესი", „იაპონია და ევროპა, „მოსკოვი-ბერლინი", „გერმანული სახეები") კურატორი იყო. ულრიხ გრეგორთან ერთად გამოსცემს კატალოგებს, წიგნებსა და პერიოდულ სერიას „კინემათეკის რვეულები".

2010 წელს ერიკა და ულრიხ გრეგორებს გადაეცათ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, „კამერა“, კინოს სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.