ნიკოლას სელისი

მექსიკელი პროდიუსერი, საპროდიუსერო კომპანია Pimienta Films-ის დამფუძნებელი. ცნობილი გახდა მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ორიგინალური პროექტებით, რომლებმაც საერთაშორისო აუდიტორიის ინტერესი გამოიწვია. ჟურნალმა Variety კომპანია Pimienta Films მექსიკის სამ საუკეთესო საპროდიუსერო კომპანიას შორის დაასახელა. კომპანიის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების თემები მრავალფეროვანია, თუმცა არსებობს სოციალური საკითხების კვლევის ტენდენცია, რაც უკავშირდება მიგრაციას, ეკონომიკურ უთანასწორობას. ოჯახურ ურთიერთობებს და ნარკოკარტელების გავლენას ლათინური ამერიკის მცხოვრებთა ყოველდღიურობაზე.

 

ნიკოლასს მრავალი მექსიკური ფილმის შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის არის ამატ ესკალანტეს „ჰელი“, რომელმაც 2013 წელს კანის კინოფესტივალზე პრიზი მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის, და გამოჩენილი რეჟისორის, ალფონსო კუარონის ფილმი „რომა“ (2018), რომელმაც 200-ზე მეტი პრიზი მოიპოვა, მათ შორის, ვენეციის კინოფესტვალის „ოქროს ლომი“ საუკეთესო ფილმისთვის, ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიის ოთხი ჯილდო, მექსიკის კინოაკადემიის ათი ჯილდო „არიელი“, ორი „ოქროს გლობუსი“ და სამი „ოსკარი“.  ის მუშაობდა უცხოელ რეჟისორებთანაც, როგორებიც არიან ტატიანა ჰუეზო, რაფი პიტსი, ჩირო გუერა, კრისტინა გალეგო და სხვა.

 

პროდიუსერად მუშაობის გარდა, ნიკოლასი პროდიუსერებისა და დისტრიბუტორების მომავალ თაობაზეც ზრუნავს. ის რეგულარულად ატარებს სემინარებსა და მასტერკლასებს აკადემიურ და კულტურულ კონტექსტში როგორც მექსიკაში, ისე სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ის მონაწილეობდა შეხვედრებსა და სემინარებში, როგორიცაა ACE Mundus, EAVE Puentes, პროდიუსერთა ქსელი და TorinoFilmLab. ნიკოლასი განსაკუთრებით უჭერს მხარს დამოუკიდებელი კინოთეატრებისა და დისტრიბუციის დამოუკიდებელი სქემების განვითარებას. 2019 წლის ივნისში ის იყო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჟიურის წევრი.