ფილმის ჩვენება - „ვეფხვები“

„ვეფხვები“ დანის ტანოვიჩის 2014 წელს გადაღებული ფილმია, რომლის ჩვენებაც მოეწყო სექციაში - „განსაკუთრებული სეანსები“. ჩვენების შემდეგ მსახიობ მარიამ დ’აბოსთან გაიმართა შეხვედრა.

აიანი, პაკისტანში ფარმაცევტული პროდუქტების გამყიდველი, ჯანდაცვის მულტინაციონალურ კორპორაციას უპირისპირდება, რომლისთვისაც მუშაობს, როდესაც დაადგენს, რომ კორპორაცია შეგნებულად ყიდის ბავშვის საკვებს, რომელსაც ყოველდღე ასობით ბავშვის სიცოცხლე ეწირება.

დანის ტანოვიჩი იუგოსლავიელი რეჟისორია, რომელსაც სხვადასხვა დროს ისეთ ფესტივალზე აქვს მიღებული პრიზები, როგორებიცაა კანისა და ბერლინის კინოფესტივალები.

 

2019-Dec-03

ნილ ბრენდის ვორქშოფი

დღეს \"ფაბრიკაში\" თბილისის კინოფესტივალისა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, ინგლისელი დრამატურგისა და კომპოზიტორის, ნილ ბრენდის ვორქშოპი გაიმართა. 30 წელზე მეტია, რაც ნილი უხმო ფილმების აკომპანიატორია. მას რეგულარულად უწევს მუშაობა ლონდონში, ბარბიკანის ცენტრში, ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტის ეროვნულ კინოთეატრში, დიდ ბრიტანეთსა და სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ვორქშოპზე ნილ ბრენდმა კინოსა და მუსიკის ისტორიული კავშირების შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც მაყურებელს შესვენების საშუალება მიეცა. შემდეგ კომპოზიტორმა კინომუსიკაზე ასახული ტექნოლოგიური ცვლილებების თემა განიხილა.

 

2019-Dec-02
uploads/9J0A3380.jpg

ფოტოები: გახსნის ცერემონია

1 დეკემბერს, კინოთატრ ამირანში თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა.

ფოტო: თორნიკე შენგელია, ვახო სუქნიძე.

 

2019-Dec-02
<

დღეს თბილისის მე-20 კინოფესტივალი გაიხსნა

დღეს კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. გახსნის საღამოს უძღვებოდნენ ფესტივალის დირექტორები - გაგა ჩხეიძე და ნინო ანჯაფარიძე. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი და ბრიტანელი კომპოზიტორი ნილ ბრენდი.

გახსნის ცერემონიის შემდეგ, მაყურებელმა ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი „შანტაჟი“ ცოცხალი მუსიკის თანხლებით იხილა. ფილმს მუსიკალური აკომპანიმენტი გაუწია „ალტერ-ორკესტრი“ მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.

ფილმს ჩვენების შემდეგ, კინოთეატრ \"ამირანის\" ფოიეში შეკრებილ სტუმრებს ბრიტანეთის საბჭომ უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ კინოფესტივალი მაყურებელს სხვადასხვა სექციებში გაერთიანებულ 100-მდე ნამუშევარს უჩვენებს.

კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის საპატიო პრომეთე გადაეცემათ ქართველ რეჟისორ ირაკლი კვირიკაძეს და მექსიკელ რეჟისორს კარლოს რეიგადასს.

ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვივნენ გერმანელი კინოოპერატორი ფრედ კელემენი და ბრიტანელი ოსკაროსანი სცენარისტი ქრისტოფერ ჰემფტონი.

კინოფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ბრიტანეთის საბჭო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გენერალური სპონსორები: აჭარა ჯგუფი, თიბისი სტატუსი TBC STATUS.

2019-Dec-05

დღეს თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაა

დღეს თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება. გახსნის ცერემონიის შემდეგ ცოცხალი მუსიკის თანხლებით ნაჩვენები იქნება ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი „შანტაჟი“. ცერემონიალს დაესწრება სპეციალურად „შანტაჟისთვის“ შექმნილი მუსიკის ავტორი - ნილ ბრენდი. ფილმს მუსიკალურ აკომპანიმენტს გაუწევს „ალტერ-ორკესტრი“ მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.

კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება. „ოქროს პრომეთე“ გადაეცემა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ფესტივალის დახურვაზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი „ქორწილი“.

ეროვნული კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ჰეზერ სტიუარტია. ჟიურის დანარჩენი წევრები იქნებიან: ულრიხ და ერიკა გრეგორები, პაბლო დე ვიტა და ნიკოლას სელისი.

კინოფესტივალის ოფიციალური პრიზების გარდა, ჯილდოებს გასცემენ ევროკავშირის წარმომადგენლობა, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კინოკომპანია „ტერა ინკოგნიტა ფილმს“.

წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელოვანი სიახლეა 90-წამიანი ფილმების კონკურსი - „დეფიქტ!“(DepicT!). შორთლისთში მოხვედრილი ფილმების ჩვენება 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, „ამირანის“ პირველ დარბაზში გაიმართება. სპეციალურად შექმნილი ჟიურის წევრები არიან: დავით ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი და რიჩ უორენი.

 თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალს საპატიო სტუმრის რანგში გერმანელი კინოოპერატორი ფრედ კელემენი, ბრიტანელი ოსკაროსანი სცენარისტი ქრისტოფერ ჰემფტონი  და ბრიტანელი სცენარისტი და რეჟისორი კლერ პეპლო ეწვევიან.

წელს თბილისის კინოფესტივალი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის საპატიო პრომეთეს მექსიკელ რეჟისორს კარლოს რეიგადასს და ქართველ რეჟისორსა და სცენარისტს ირაკლი კვირიკაძეს გადასცემს.

კინოფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ბრიტანეთის საბჭო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გენერალური სპონსორები: აჭარა ჯგუფი, თიბისი სტატუსი TBC STATUS

ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში“.

კინოფესტივალის მასპინძელია სასტუმრო „რუმსი“.

2019-Dec-01

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზების შესახებ

წელს თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი მხოლოდ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოვებს. პრიზები გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. სამივე კატეგორიაში გამარჯვებული მიიღებს „ოქროს პრომეთეს“.

ამასთან ერთად, კინოკომპანია „ტერა ინკოგნიტა ფილმს” საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულს უზრუნველყოფ კამერის სრულ კომპლექტით მომავალი ფილმის გადასაღებად. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი 20 000 ლარით დააჯილდოვებს მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ კატეგორიებში გამარჯვებულ პროექტებს.

ამავე დროს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში დააწესა პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში“, რომელიც „ქართული პანორამის“ ფარგლებში გადაეცემა ადამიანის უფლებების თემატიკის საუკეთესოდ ამსახველ ფილმს. ამ კონკურსისთვის შეირჩა შემდეგი შვიდი ფილმი: „თორმეტი გაკვეთილი“ (გიორგი მრევლიშვილი), „კომეტები“ (თამარ შავგულიძე), „ოქროს ძაფი“ (ლანა ღოღობერიძე), „სანამ მამა დაბრუნდება“ (მარი გულბიანი), „უარყოფითი რიცხვები“ (უტა ბერია), „ღორი“ (გიგა ლიკლიკაძე), „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“  (დიტო ცინცაძე).

უკვე მესამე წელია, რაც „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი“ ატარებს კონკურსს - „წერე ქართულ კინოზე“. კონკურსში მონაწილეობენ ქართული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული სტუდენტი. პირველ ადგილზე გასული  სტუდენტი დაესწრება ბერლინის  საერთაშორისო  კინოფესტივალს. კინოცენტრი მას დაუფინანსებს ფესტივალის აკრედიტაციას, მგზავრობის, დღიურ და  სასტუმრო ხარჯებს. მეორე ადგილზე გასული სტუდენტი დაჯილდოვდება უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის  დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი). მესამე ადგილზე  გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის  დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).

2019-Dec-01

ქვეყანა ფოკუსში - დიდი ბრიტანეთი

წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანა დიდი ბრიტანეთია. ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ 2019 წლის ოთხ გამორჩეულ ნამუშევარს.

 

„სატყუარა“ (Bait, დიდი ბრიტანეთი, 2019) რეჟისორი: მარკ ჯენკინი.

მარტინ უორდი – მეთევზე ნავის გარეშე – გაცოფებულია თავის ძმაზე, რომელიც ოჯახის ნავს ტურისტების გასასეირნებლად იყენებს, და ბრაზობს შეძლებულ ლონდონელებზე, რომლებმაც მისი ბავშვობის სახლი იყიდეს. ზაფხულის სეზონის მიწურულს დაძაბულობა მატულობს და როდესაც სულელური ხუმრობა და შურისგება ტრაგედიად გადაიქცევა, ძმები იძულებულები ხდებიან, გაერთიანდნენ და მომავალზე ერთად იზრუნონ.

მარკ ჯენკინი დაიბადა 1976 წელს. იღებს ექსპერიმენტულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, არის დოკუმენტური და რამდენიმე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ავტორი. ასწავლის ფალმუტის უნივერსიტეტში (კორნუოლი, ინგლისი). 2012 წელს შექმნა კინომანიფესტი ‘Silent Landscape Dancing Grain 13’, რომელიც 13 წესს მოიცავს, რომელსაც რეჟისორი საკუთარი ფილმების შექმნისას მისდევს. ცხოვრობს კორნუოლში, რომელიც მისი ფილმების მუდმივი თემაა.

 

„ჰოუპ გეპი“ (Hope Gap, დიდი ბრიტანეთი, 2019) რეჟისორი: უილიამ ნიკოლსონი

გრეისი და ედვარდი უკვე 33 წელია, დაქორწინებულები არიან. როდესაც მათი ვაჟი, ჯეიმი, მშობლების სანახავად ლონდონიდან სასექსის პატარა ზღვისპირა ქალაქში ჩადის, სადაც ჰოუპ გეპის ულამაზესი კლდეები გაშლილ ზღვას უყურებს, ედვარდი შვილს ეუბნება, რომ გრეისის მიტოვებას აპირებს. 

უილიამ ნიკოლსონი დაიბადა 1948 დიდ ბრიტანეთში. არის მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი. ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც სცენარისტი, ფილმებისთვის „აჩრდილების ქვეყანა“ (1993, რეჟისორი – რიჩარდ ატენბორო) და „გლადიატორი“ (2000, რეჟისორი – რიდლი სკოტი). 1970-1980-იან წლებში 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული „ბი-ბი-სისთვის“.

 

„ვწუხვართ, გვაკლდით“ (Sorry We Missed You, დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი/ბელგია, 2019) რეჟისორი: კენ ლოუჩი.

რიკი და ები ტერნერები ორ შვილთან ერთად ნიუკასლში ცხოვრობენ. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ რიკის ოჯახი ვალებისგან თავის დასაღწევად იბრძვის. ერთგვარი დამოუკიდებლობის აღდგენის შანსს აჩენს მბზინავი ახალი ფურგონი და გადაზიდვის სერვისში ფრანშიზის მართვის შესაძლებლობა თვითდასაქმებული მძღოლის რანგში. ეს მძიმე სამუშაოა და არც რიკის ცოლის სამუშაოა ადვილი, რომელიც მოხუცებს უვლის. გაუძლებს ოჯახი ამ გამოცდას?

ფილმი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

კენ ლოუჩი დაიბადა 1936 წელს დიდი ბრიტანეთში. სწავლობდა სამართალს ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა პეტრეს კოლეჯში. თეატრში მსახიობად მუშაობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, 1963 წელს ლოუჩი BBC-ში იწყებს მუშაობას ტელერეჟისორად. აქედან იწყება მისი, როგორც რეჟისორის ხანგრძლივი კარიერა კინოსა და ტელევიზიაში. მისმა ფილმებმა, რომლებსაც 100-ზე მეტი კინოჯილდო აქვს მიღებული, კენ ლოუჩს დიდი ევროპელი კინორეჟისორების პანთეონში დაუმკვიდრა ადგილი.

 

„სუვენირი“ (სუვენირი, დიდი ბრიტანეთი, 2019) რეჟისორი: ჯოანა ჰოგი

ინგლისი, 1980-იანი წლები. კინოსკოლის ახალგაზრდა სტუდენტი ჯული სამყაროს შეცნობას კამერის დახმარებით ცდილობს. სკოლის წვეულებაზე ის ენტონის გაიცნობს, ქარიზმატულ და იდუმალებით მოცულ კაცს. ასე იწყება ჯულის პირველი სერიოზული სიყვარული. ენტონი საიდუმლოს ფარავს, რომელსაც ჯული მხოლოდ გვიან აღმოაჩენს და რომელიც ყველაფერს დრამატულად შეცვლის.

ჯოანა ჰოგი დაიბადა 1960 წელს დიდ ბრიტანეთში. სცენარისტმა და რეჟისორმა კინოკარიერა ტელევიზიაში მუშაობით დაიწყო. 2007 წელს გადაიღო სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „უცხო“, რომელმაც „ფიპრესის“ პრიზი და Evening Standard-ის კინოჯილდო მიიღო იმედისმომცემი დებიუტისთვის. ბრიტანეთის კინოისტიტუტის შეფასებით, ის „ბრიტანეთში დღეს მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი რეჟისორია“.

2019-Nov-29

უახლესი სექცია - „ამერიკები“ წარმოგიდგენთ

წელს თბილისის კინოფესტივალი შემოგთავაზებთ განსხვავებულ სექციას - „ამერიკები“.   მაყურებელს საშუალება მიეცემა, აღნიშნულ სექციაში გაერთიანებული რვა ფილმი იხილოს.

 

„ბაკურაუ“ (Bacurau, ბრაზილია/საფრანგეთი, 2019) რეჟისორი: კლებერ მენდონსა ფილიო.

უახლოეს მომავალში... ბაკურაუ, პატარა ქალაქი ბრაზილიის უდაბურ რაიონში, თავისი მატრიარქის, კარმელიტას, დაკარგვას გლოვობს, რომელიც 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქის მცხოვრებლები აღმოაჩენენ, რომ მათი დასახლება რუკებიდან გაქრა.

ფილმმა კანის კინოფესტივალზე სპეციალური ჟიურის პრიზი მიიღო.

კლებერ მენდონსა ფილიო დაიბადა 1968 წელს ბრაზილიაში. დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მუშაობდა კინოკრიტიკოსად და კინოპროგრამების შემდგენელად. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „უბნის ხმები“ (2012) 100-ზე მეტ კინოფესტივალზე იყო მიწვეული და 32 პრიზით აღინიშნა. ფილმი „ბაკურაუ“ წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა, სადაც ჟიურის პრიზი დაიმსახურა (ჟულიანო დორნელესთან ერთად).

 

„ოჯახის წევრები“ (Family Members, არგენტინა, 2019) რეჟისორი: მატეო ბენდესკი.

ლუკასი და მისი უფროსი და ჯილდა დიდი ხანია, ერთმანეთს ვერ უგებენ, მაგრამ ახლა ერთად მიემგზავრებიან ოჯახის სააგარაკო სახლში ოკეანის სანაპიროზე, რომ უკანასკნელი პატივი მიაგონ დედას, რომელიც ახლახან გარდაიცვალა. და-ძმა დილით უკან დაბრუნებას აპირებს, მაგრამ ავტობუსის მძღოლების გაფიცვის გამო მოსაწყენ ზღვისპირა ქალაქში აღმოჩნდება გაურკვეველი დროით გამოკეტილი. კარტის გაშლა, წვეულებები და ფიტნესი პლაჟზე ლუკასს და ჯილდას დროის გაყვანაში ეხმარება. თანდათან სულ უფრო მეტი ადამიანი შემოდის მათ მიკროსამყაროში და წარსულის კვალის ძიება აწმყოს საიდუმლოებს ააშკარავებს.

მატეო ბენდესკი 1989 წელს არგენტინაში დაიბადა. 2011 წელს დაამთავრა ბუენოს აირესის კინემატოგრაფიის უნივერსიტეტი (FUC) კინორეჟისორის სპეციალობით. 2016 წელს ის შერჩეული იყო ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის Talent Lab-ში მონაწილეობის მისაღებად და მოიპოვა მაკდაუელის სტიპენდია ფილმის „ოჯახის წევრების“ სცენარის დასასრულებლად. ფილმი წელს მონაწილეობდა ბერლინის საერთშორისო კინიფესტივალის სექციაში „ფორუმი“.

 

„გენეზისი“ (Genesis, კანადა, 2018) რეჟისორი: ფილიპ ლესაჟი.

ბიჭების კერძო სკოლაში 16 წლის გიიომს ფარულად უყვარს თავისი საუკეთესო მეგობარი. მის ნახევარდას, 18 წლის შარლოტს, შიში იპყრობს, როდესაც მეგობარი ბიჭი მას გახსნილ ურთიერთობას სთავაზობს. ყველაფერი იცვლება. და-ძმა თავის ადგილს ეძებს სამყაროში და იბრძვის უფლებისთვის, უყვარდეს და იყოს თავისუფალი.

2018 წელს, ფილმი ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილი იყო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

ფილიპ ლესაჟი დაიბადა კანადაში. სწავლობდა მაკგილის უნივერსიტეტში მონრეალში და დანიის ევროპულ კინოსკოლაში. თავდაპირველად დოკუმენტურ ფილმებს იღებდა, ემდეგ მხატვრულ კინოში გადაინაცვლა და 2015 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დემონები“.

„გამქრალი ქალაქის ანთოლოგია“ (Ghost Town Anthology, კანადა, 2019) რეჟისორი: დენი კოტე.

კანადის ერთ პატარა, იზოლირებულ ქალაქში, სადაც მხოლოდ 215 ადამიანი ცხოვრობს, ავტოკატასტროფაში იღუპება სიმონ დიუბე. ქალაქის გაოგნებული მაცხოვრებლები ტრაგედიის გარემოებებზე ლაპარაკს თავს არიდებენ. ამიერიდან დრო თითქოს მნიშვნელობას კარგავს და დღეები უსასრულოდ იწელება. გარემო ნელა ნისლში ეხვევა. გლოვის ჟამს ამ ნისლში უცხო ადამიანები ჩნდებიან. ვინ არიან ისინი? რა მოხდა?

ფილმი წარდგენილი იყო ბერლინის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაში.

დაიბადა 1973 წელს ნიუ ბრუნსვიკში, კანადა. რამდენიმე წელი ჟურნალისტად და კინოკრიტიკოსად მუშაობდა. მისი კინოსარეჟისორო დებიუტი 2005 წელს შედგა ფილმით „ჩრდილოეთის შტატები“, რომელმაც ლოკარნოს კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდი“ მიიღო ვიდეოფილმების კონკურსში. მისი 2013 წლის ფილმი „ვიკმა და ფლომ დათვი დაინახეს“ ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა, სადაც ალფრედ ბაუერის პრიზით აღინიშნა. თბილისის კინოფესტივალზე დენი კოტეს საპატიო „პრომეთე“ აქვს მიღებული.

 

„მომეცი თავისუფლება!“ (Give Me Liberty, აშშ, 2019) რეჟისორი: კირილ მიხანოვსკი.

ვიკი, ახალგაზრდა რუსი-ამერიკელი, სამედიცინო ფურგონის მძღოლია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ემსახურება მილუოკიში. ის სამსახურის დაკარგვას რისკავს, როდესაც ხანდაზმული ადამიანების ხმაურიანი ჯგუფისა და რუსი მოკრივის დაკრძალვაზე წაყვანას თანხმდება, ამ დროს კი მანქანაში ისეთი კლიენტები უზის, როგორიც ტრეისია, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ახალგაზრდა ქალი.

კირილ მიხანოვსკი დაიბადა მოსკოვში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადასახლდა აშშ-ში, სადაც სამედიცინო ტრანსპორტის მძღოლად მუშაობდა და ლინგვისტიკას სწავლობდა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლის დამთავრების შემდეგ გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „თევზის ოცნებები“ (2006), რომელიც კანის კინოფესტივალზე აჩვენეს პროგრამაში „კრიტიკოსთა კვირეული“, სადაც მან ახალგაზრდული პრიზი მიიღო. ამ ფილმით მიხანოვსკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმარი იყო 2007 წელს. ფილმი „მომეცი თავისუფლება“ მიწვეული იყო კანის წლევანდელ კინოფესტივალზე სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული“.

„მათიასი და მაქსიმი“ (Matthias & Maxime, კანადა, 2019) რეჟისორი: ქსავიე დოლანი.

სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისას ბავშვობის ორ საუკეთესო მეგობარს, მაქსიმს და მათიასს, სთხოვენ, კამერის წინ ერთმანეთს აკოცონ. ამის შემდეგ მათ შორის რაღაც იცვლება, რაღაც, რასაც სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ ვერც მის მძლავრ ზემოქმედებას უარყოფენ...

ფილმი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

დოლანი დაიბადა 1989 წელს მონრეალში, კვებეკი, კანადა. კანადელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, მემონტაჟე, კოსტიუმების მხატვარი და პროდიუსერი. საერთაშორისო აღიარება მოუტანა პირველივე მხატვრულმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „მე მოვკალი დედაჩემი“ (2009). 2014 წელს ფილმით „დედიკო“ დოლანმა კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მოიპოვა და ‘სეზარი’ მიიღო საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში. 2016 წელს ფილმმა „ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია“ კანის კინოფესტივალის გრან-პრი დაიმსახურა. მისი უახლესი ფილმის „მათიასი და მაქსიმი“ პრემიერა კანის წლევანდელი კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა.

 

„მაიმუნები“ (Monos, კოლუმბია/აშშ, 2019) რეჟისორი: ალეხანდრო ლანდესი.

რვა მოზარდისგან შემდგარი გასამხედროებული რაზმი მძევალთან ერთად კოლუმბიის მთებში იმალება. რაც ერთი შეხედვით ჰედონისტურ საზაფხულო ბანაკს ჰგავს, სინამდვილეში დავალების შესრულებაა: პატარა ჯარისკაცებმა, რომლებსაც საომარი სახელები აქვთ, იმაზე უნდა იზრუნონ, რომ გატაცებული ამერიკელი ქალი ცოცხალი დარჩეს. მაგრამ როდესაც ბრძოლა ახლოვდება და ძვირფასი მეწველი ძროხა „შაკირა“ შემთხვევას ეწირება, თამაში მთავრდება.

ფილმი ბერლინის კინოფესტივალზე სპეციალურ პრიზზე „ტედი“ იყო წარდგენილი. სანდენსის წლევანდელ კინოფესტივალზე კი ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო სექციაში „მსოფლიო კინო“.

ალეხანდრო ლანდესი დაიბადა 1980 წელს ბრაზილიაში. იგი იზრდებოდა ეკვადორსა და კოლუმბიაში. პოლიტიკურ ეკონომიკას სწავლობდა ბრაუნის უნივერსიტეტში, რომელიც 2003 წელს დაამთავრა. მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „პორფირიო“ კანში „რეჟისორთა ორკვირეულში“ აჩვენეს.

 

„დამშვიდობება“ (The Farewell, ჩინეთი/აშშ, 2019) რეჟისორი: ლულუ ვონგი.

შეუპოვარი ჩინელ-ამერიკელი ქალი ჩინეთში ბრუნდება, როდესაც მის საყვარელ ბებიას უკანასკნელი სტადიის კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ. ბილი არ ეთანხმება ოჯახის წევრებს, რომლებიც გადაწყვეტენ, არაფერი უთხრან ბებიას მისი მდგომარეობის შესახებ და ამის ნაცვლად ქორწილი გამართონ, რომ მთელმა ოჯახმა უკანასკნელად შეძლოს ბებიას გარშემო შეკრება.

ლულუ ვანი ჩინური წარმოშობის ამერიკელი პიანისტი და რეჟისორია. დაიბადა პეკინში, გაიზარდა მაიამიში, განათლება მიიღო ბოსტონში. 2014 წელს მოიპოვა ჩეზ და როჯერ ებერტების სტიპენდია რეჟისურაში, რომელიც ამერიკული კინოპრემიის „დამოუკიდებელი სულის“ (Independent Spirit) ფარგლებში მიენიჭა. „დამშვიდობება“ მისი მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

2019-Nov-29

განსაკუთრებული სეანსები

„განსაკუთრებული სეანსები“ თბილისის კინოფესტივალის მუდმივი პროგრამაა, რომელშიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, განსაკუთრებულ ფილმები მოიყრიან ხოლმე თავს. წელს სექციაში ექვსი ფილმი გაერთიანდება, მათ შორის ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის ირაკლი კვირიკაძის „ირაკლი კვირიკაძის გიჟური ისტორიები“.

 

„ჰორსტ ბუხჰოლცი... მამაჩემი“ (Horst Buchholz… Mein Papa, გერმანია, 2005) რეჟისორი: კრისტოფერ ბუხჰოლცი, ზანდრა ჰაკერი.

ერთ დროს ცნობილი დასავლეთგერმანელი კინოვარსკვლავის ჰორსტ ბუხჰოლცის შვილები მამის გარდაცვალების შემდეგ ცარიელ სახლში ბრუნდებიან და უკანასკნელ წლებში მასთან ჩაწერილი ინტერვიუებისა და კლიპების საშუალებით მის ცხოვრებას იხსენებენ.

კრისტოფერ ბუხჰოლცი დაიბადა 1962 წელს ლოს-ანჯელესში. კრისტოფერი ჰორსტ ბუხჰოლცის ვაჟია, ის მამის კვალს გაჰყვა და მსახიობი გახდა. მთავარი როლები აქვს შესრულებული ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან მიქელანჯელო ანტონიონი, პიტერ იეტსი, პიერ შოენდორფერი, ფოლკერ შლოენდორფი, ვირგილ ვიდრიხი და კიჰან ინანი. როგორც მსახიობი და რეჟისორი მუშაობს როგორც თეატრში, ისე კინოში. 2010 წლიდან ხელმძრვანელობს საერთაშორისო ფრანკოფონულ კინოფესტივალს ტიუბინგენსა და შტუტგარტში.

ზანდრა ჰაკერი დაიბადა 1975 წელს აუგსბურგში, გერმანია. თავდაპირველად აუგსბურგში სწავლობდა გერმანულ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ სწავლა განაგრძო ბადენ-ვიურტემბერგის კინოაკადემიაში. კინოში 1998 წლიდან მუშაობს როგორც დამოუკიდებელი მემონტაჟე, რეჟისორი და პროდიუსერი.

 

ჩემს სიკვდილით დასჯაზე გიწვევთ“ (I Invite You to My Execution, საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: ნინო კირთაძე.

„ცივი ომის“ პერიოდში ბორის პასტერნაკის რომანის „დოქტორი ჟივაგოს“ გამოქვეყნების დრამატული ამბავი, როდესაც ლიტერატურა შეიძლება საშიში იყოს სახელმწიფოსთვის, მისი გამოქვეყნება კი – სიცოცხლისთვის საშიში.

ფილმი ლაიფციგის დოკუმენტური კინოფესტივალის საერთაშორისო პროგრამაში იყო ჩართული.

ნინო კირთაძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1997 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს პარიზში. მის ფილმებს მოპოვებული აქვთ არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის, ევროპული კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის („მილსადენი მეზობლად\", 2005), დოკუმენტურ კინოში გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო, ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი („ჩეჩნური იავნანა\", 2002) და შემოქმედებით კინოდოკუმენტალისტიკაში საფრანგეთის მთავარი ჯილდო, ოქროს FIPA (უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მოვკვდი\", 2004). ნინო კირთაძე არის ფრანგ ავტორთა გაერთიანების La SCAM-ისა და ევროპული კინოაკადემიის წევრი. 2005 წლიდან, გახლავთ ევროპული აკადემიის წევრი. 2019 წლის 16 ივლისიდან, წარმოადგენს საქართველოს „ევრიმაჟში\".

 

„იტალიელი მოგზაური” (The Italian Traveler, საფრანგეთი, 1982) რეჟისორი: ფერნან მოშკოვიჩი.

კინორეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი თავის ბავშვობას იხსენებს და კინოს საკუთარი კონცეფციის შესახებ საუბრობს.

ფერნან მოშკოვიჩი გახლავთ რეჟისორის ასისტენტი და რეჟისორი. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის „სასურველი“ (1967) მიღებული აქვს ჟან ვიგოს სახელობის პრიზი. ფერნან მოშკოვიჩი ბერნარდო ბერტოლუჩისთან მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად ფილმზე „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ და მეორე გადამღები ჯგუფის რეჟისორად ფილმზე „ცის საბურველქვეშ“.

 

„ვეფხვები“ (Tigers, ინდოეთი/საფრანგეთი, 2014) რეჟისორი: დანის ტანოვიჩი.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა მსახიობ მარიამ დ’აბოსთან.

აიანი, პაკისტანში ფარმაცევტული პროდუქტების გამყიდველი, ჯანდაცვის მულტინაციონალურ კორპორაციას უპირისპირდება, რომლისთვისაც მუშაობს, როდესაც დაადგენს, რომ კორპორაცია შეგნებულად ყიდის ბავშვის საკვებს, რომელსაც ყოველდღე ასობით ბავშვის სიცოცხლე ეწირება.

დანის ტანოვიჩი დაიბადა 1969 წელს იუგოსლავიაში. მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ სწავლა სარაევოს კინოაკადემიაში განაგრძო, მაგრამ ბოსნიაში ომის დაწყებამ სწავლა შეაწყვეტინა. ომის დროს ის ბოსნიის არმიას ახლდა თავისი კამერით, შემდეგ კი ბრიუსელში წავიდა სწავლის გასაგრძელებად. მისი სადებიუტო მხატვრული ფილმი „არავის მიწა“ პრიზით აღინიშნა კანში საუკეთესო სცენარისთვის 2001 წელს და „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ მიიღო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. ფილმმა „ეპიზოდი ჯართის შემგროვებლის ცხოვრებიდან“ ორი „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2013 წელს, ხოლო 2016 წელს ამავე ფესტივალზე ფილმმა „სიკვდილი სარაევოში“ ჟიურის გრან-პრი და „ფიპრესის“ პრიზი მიიღო.

 

„უჟმური“ (Uzhmuri, საქართველოს სსრ, 1934) რეჟისორი: ნუცა ღოღობერიძე.

ლეგენდის თანახმად, უჟმურის ველი მწვანე დედოფალ გომბეშოს სამშობლოა. სამეგრელოში გავრცელებული ვერაგი სენის, მალარიის დასამარცხებლად მთავრობა ველზე არხის გაყვანას გადაწყვეტს. არხის დასაგეგმად ველზე გასულ ქავთარსა და გვადის კულაკი ფარნა გაუვალ ჭაობში შეიტყუებს. დასაღუპად განწირულ ქავთარს კომკავშირლები გადაარჩენენ.

ნუცა (ნინო) ღოღობერიძე (1902 – 1966, ქალიშვილობის გვარი – ხუციშვილი) პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმის დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მოგვიანებით, 1923-25 წლებში, სწავლა განაგრძო გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1926 წელს მუშაობა დაიწყო „სახკინმრეწვში“, სადაც 1937 წლამდე მუშაობდა ჯერ თანარეჟისორად, ხოლო შემდეგ – რეჟისორად. პირველი დოკუმენტური ფილმი „მათი სამეფო“ მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად გადაიღო 1928 წელს, რასაც მოჰყვა დამოუკიდებლად გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ბუბა“ (1930), რომლის მხატვარი დავით კაკაბაძე იყო. მხატვრული ფილმი „უჟმური“ ნუცა ღოღობერიძის უკანასკნელი ნამუშევარია კინოში. ფილმი 1934 წელს გამოვიდა ეკრანებზე, თუმცა ის საბჭოთა ცენზურამ აკრძალა და უკანასკნელ დრომდე რუსეთის ფილმსაცავში ინახებოდა.

 

„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine, საქართველო, 2016) რეჟისორი: ნინო ჯორჯაძე.

ახალგაზრდა კაცი, რომელიც ემიგრაციაზე ოცნებობს და ცხოვრებაში თავის ადგილს ეძებს, ღვინის მარშრუტის გავლით მოგზაურობას იწყებს. ღვინოსთან დაკავშირებული მისი თავგადასავლის დროს გაკეთებული აღმოჩენები ახალგაზრდას ღვინის დაბადების ადგილზე აბრუნებს, რომელიც მისი საკუთარი დაბადების ადგილია: საქართველო.

ფილმის ჩვენება წარმატებული გამოდგა ჰოლივუდის დამოუკიდებელი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო უცხოური ფილმი, საუკეთესო პროდიუსერი, საუკეთესო სცენარის ავტორი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი.

ნანა ჯორჯაძე დაიბადა 1948 წელს თბილისში. თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის შემდეგ დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (1980). კინოში მუშაობა 1977 წლიდან დაიწყო, იყო კოსტიუმების მხატვარი, დამდგმელი მხატვარი და მსახიობი. 1987 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა\", რომელმაც მას კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერა\" მოუტანა საუკეთესო დებიუტისთვის. 1996 წელს გადაღებული ფილმი „შეყვარებული კულინარის ათასერთი რეცეპტი\" არაერთი ფესტივალის პრიზიორი გახდა და „ოსკარზე\" იყო ნომინირებული. ნანა ჯორჯაძე ევროპული კინოაკადემიის წევრია 1994 წლიდან.

2019-Nov-29

„ჰორიზონტები“ წარმოგიდგენთ

“ჰორიზონტები” თბილისის კინოფესტივალის ყოველწლიური პროგრამაა. იქიდან გამომდინარე, რომ კინოფესტივალი ევროპულ ფილმებზეა ორიენტირებული, საჭირო ხდება სექცია, რომელიც მაყურებელს არა ევროპულ ფილმებსაც წარუდგენს. წლევანდელ „ჰორიზონტების“ პროგრამაში შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ექვსი აზიური ფილმი:

 

„ძაღლი მთვარეს უყეფს“ (A Dog Barking at the Moon, ჩინეთი/ესპანეთი, 2019). რეჟისორი: სიან ცზი

„ძაღლი მთვარეს უყეფს“ დროის სხვადასხვა პერიოდში ნაამბობი ჩინური ოჯახის საგაა. ცოლი აღმოაჩენს, რომ მისი ქმარი ჰომოსექსუალია, თუმცა, როდესაც ზრდასრული ქალიშვილი ფრანგ ქმართან ერთად მშობლების სანახავად ამერიკიდან ბრუნდება, თანდათან სხვა საიდუმლოებიც აშკარავდება.

სიან ცზის ამ სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა წლევანდელ ბერლინის კინოფესტივალზე სექციაში „პანორამა“ დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი „ტედი“ მოიპოვა.

სიან ცზი დაიბადა 1987 წელს პეკინში, ჩინეთი. თავდაპირველად ეკონომიკას სწავლობდა პეკინში, შემდეგ კინემატოგრაფიის შესწავლა დაიწყო ნიუ-იორკში. თანაკურსელთან, კინორეჟისორ ხოსე ვალ ბალთან დაქორწინების შემდეგ ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქმართან ერთად დოკუმენტურ ფილმებზე და ვებსერიალებზე მუშაობდა.

 

„აბუ ლეილა“ (Abou Leila, ალჟირი/საფრანგეთი/ყატარი, 2019). რეჟისორი: ამინ სიდი-ბუმედიენი.

ალჟირი, 1994 წელი. ქვეყნის ჩრდილოეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. პოლციის ოფიცრები, ს. და ლოტფი, ბავშვობის მეგობრები, უდაბნოში საშიშ ტერორისტს, აბუ ლეილას, ეძებენ. საჰარას უკიდეგანობაში ეს ძებნა აბსურდული ჩანს, მაგრამ ლოტფის მხოლოდ ერთი პრიორიტეტი აქვს: რაც შეიძლება მეტად დააშოროს ს. დედაქალაქს, რადგან ფიქრობს, რომ  მისი მგრძნობიარე მეგობარი მეტ სისხლისღვრას ვეღარ გაუძლებს. მაგრამ რაც უფრო ღრმად შედიან უდაბნოში, მით უფრო მეტად აწყდებიან საკუთარ  სისასტიკეს.

სურათი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალის პრიზზე „ოქროს კამერა“.

ამინ სიდი-ბუმედიენი დაიბადა 1982 წელს საფრანგეთში. 2005 წელს დაამთავრა პარიზის კინოსკოლა CLCF (Conservatoire Libre du Cinéma Français) კინორეჟისორის სპეციალობით. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები უამრავ კინოფესტივალზე იყო მიწვეული. ალჟირში გადაღებული მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, „აბუ ლეილა“, შერჩეული იყო კანის 2019 წლის კინოფესტივალის პროგრამისთვის „კრიტიკოსთა კვირეული“.

 

„ოცნების კოშკი“ (Castle of Dreams, ირანი, 2019). რეჟისორი: რეზა მირკარიმი.

როდესაც დედა უიმედო მდრომარეობაში საავადმყოფოში ხვდება, წლების წინ სახლიდან წასული მამა შინ ბრუნდება. აღელვებულს და დაბნეულს სხვა გზა არ აქვს – მცირეწლოვანი შვილები თან უნდა წაიყვანოს. მაგრამ საით? მან ხომ ვერ შეძლო ოცნების კოშკის აგება, რომელიც ბავშვებს დედამ დაუხატა.

რეზა მირკარიმი დაიბადა 1967 წელს თეირანში, ირანი. დაამთავრა თეირანის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი გრაფიკოსის სპეციალობით. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ბავშვი და ჯარისკაცი“ (1999) პრიზებით აღინიშნა ფესტივალებზე ისპაჰანში, ნანტსა და ზლინში. მომდევნო ფილმმა, „მთვარის შუქზე“ (2000), კრიტიკოსთა კვირეულის გრან-პრი მოიპოვა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2001 წელს. ფილმმა „ოცნების კოშკი“ წელს შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი პრიზი დაიმსახურა: საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის (ჰამედ ბეჰდადი).

 

„სიყვარულის ტრილოგია: მიჯაჭვული“ (Love Trilogy: Chained, ისრაელი/გერმანია, 2019). რეჟისორი: იარონ შანი.

რაში უკვე 16 წელია, პოლიციაში მუშაობს. ორი წლის წინ ცოლად აბიგაილი შეირთო, მოზარდი ქალიშვილის მარტოხელა დედა. რაშის ხისტი ხასიათი გერის გამომწვევ ქცევას ვერ ეგუება, სამსახურშიც მუდმივად ძალადობასთან აქვს საქმე, მაგრამ ეს ვერ ჩრდილავს მის იმედს, რომ აბიგაილთან შვილი შეეძინება. რაშის სამყარო თავდაყირა დგება, როდესაც ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ორი ახალგაზრდა მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

იარონ შანი დაიბადა 1973 წელს თელ-ავივში, ისრაელი. კინორეჟისურას სწავლობდა თელ-ავივის უნივერსიტეტში. შანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „აჯამი“ (2009), რომელიც მან სკანდარ კოპტისთან ერთად გადაიღო, ნომინირებული იყო „ოსკარზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, ფილმმა კანში „ოქროს კამერა – სპეციალური აღნიშვნა“ დაიმსახურა და ისრაელის კინოაკადემიის ხუთი პრიზი „ოფირი“ მოიპოვა, მათ შორის, საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის და საუკეთესო სცენარისთვის. ფილმმა „სიყვარულის ტრილოგია: გადაჯაჭვულები/გადაბმულები“ 2019 წელს ისრაელის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო საუკეთესო რეჟისორისთვის.

 

„მშვიდობით, ჩემო ბიჭო“ (So Long, My Son, ჩინეთი, 2019). რეჟისორი: სიაოშუაი ვანი.

„სიბერის მოლოდინით ვცხოვრობთ“. ეს მოკლე ფრაზა იაოიუნის და მისი ცოლის, ლიიუნის, ცხოვრების მწარე სინამდვილეს იტევს. მათ ერთ დროს ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, სანამ მათი ვაჟი თამაშის დროს წყალსატევში არ დაიხრჩო. უბედურების შემდეგ იაოიუნი და ლიიუნი  დიდ ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც არავის იცნობენ და ადგილობრივი დიალექტიც კი არ ესმით. ცოლ-ქმარი მუდმივად იგონებს წარსულ ცხოვრებას და ბოლოს ისევ დაკარგული იმედების ადგილს უბრუნდება.

ფილმი „მშვიდობით, ჩემო ბიჭო“ წელს ბერლინის კინოფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა, წილად კი ორი „ვერცხლის დათვი“ ხვდა – საუკეთესო მამაკაცი მსახიობისა (ჯინჩუნ ვანი) და საუკეთესო ქალი მსახიობის როლისათვის (მეი იონი).

სიაოშუაი ვანი დაიბადა 1966 წელს შანხაიში, ჩინეთი, 1990-იანი წლების ჩინური კინოს ნოვატორი რეჟისორი. ფილმმა „პეკინური ველოსიპედი“ (2001), რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის გრან-პრით დაჯილდოვდა, რეჟისორს ნამდვილი საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. ფილმი „შანხაის ოცნებები“ (2005)  კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის პრიზით აღინიშნა 2005 წელს.

 

„გარეული ბატების ტბა“ (The Wild Goose Lake, ჩინეთი/საფრანგეთი, 2019). რეჟისორი: იინან დიაო.

ბანდის დევნილი მეთაური ხსნის ძიებაში ხვდება ქალს, რომელიც მზადაა, ყველაფერი გარისკოს საკუთარი თავისუფლების დასაბრუნებლად.

2019 წელს, ფილმი „გარეული ბატების ტბა“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა.

დაიბადა 1969 წელს სიანში, შანსის პროვინცია, ჩინეთი. 1992 წელს დაამთავრა თეატრის ცენტრალური აკადემია პეკინში. მისი პირველი ორი მხატვრული ფილმის, „უნიფორმა“ (2003) და „ღამის მატარებელი“ (2007), პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა პროგრამაში „განსაკუთრებული ხედვა“. 2014 წელს ფილმმა „შავი ნახშირი, თხელი ყინული“ (2014) ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს დათვი“ მოიპოვა საუკეთესო ფილმისთვის.

2019-Nov-28

სექციაში "ევროპული ფორუმი" წარმოდგენილი იქნება

ევროპული კინოს ფორუმი წლევანდელი კინოფესტივალის ერთ-ერთი პროგრამაა, სადაც უახლესი წლების ის გამორჩეული ფილმები იქნება ნაჩვენები, რომლებმაც სხვადასხვა პრესტიჟულ კინოფესტივალებზე მიაღწიეს წარმატებას.

ფესტივალის განმავლობაში მაყურებელს მიეცემა საშუალება ნახოს:

 

„უსასრულობის შესახებ“ (About Endlessness, შვედეთი, 2019) რეჟისორი: როი ანდერსონი.

სურათი გახლავთ რეფლექსია ადამიანის ცხოვრებაზე მთელი მისი მშვენიერებითა და სისასტიკით, ბრწყინვალებითა და ბანალურობით. მთხრობელი, შაჰრაზადის მსგავსად, ზღაპარში გვამოგზაურებს. უმნიშვნელო მომენტები იგივე წონას იძენს, რაც ისტორიული მოვლენები. მარად ადამიანურის კალეიდოსკოპი, არსებობის სიმყიფის უსასრულო ამბავი.

ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისათვის „ვერცხლის ლომი“ მიიღო.

როი ანდერსონი 1943 წელს შვედეთში დაიბადა. პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „შვედური სიყვარულის ამბავი\" ანდერსონმა 1970 წელს გადაიღო. ფილმი იმავე წელს ბერლინის კინოფესტივალზე ოთხი პრიზით აღინიშნა და შვედური კინოს მთავარი პრიზი „ოქროს ხოჭო“ მიიღო საუკეთესო ფილმისთვის. 1975 წლიდან რეჟისორმა უჩვეულო და ძალიან წარმატებული სარეკლამო რგოლების გადაღება დაიწყო, რომლებმაც უამრავი ჯილდო დაიმსახურა. 25-წლიანი პაუზის შემდეგ როი ანდერსონი მხატვრულ კინოს დაუბრუნდა ფილმით „სიმღერები მეორე სართულიდან\" (2000), რომელმაც კანის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

„თავისუფლება“ (Freedom, ესპანეთი, 2019) რეჟისორი: ალბერტ სერა.

ლუი XVI-ის პურიტანული კარიდან გაძევებული ლიბერტენები, მადამ დე დიუმევალი, ჰერცოგი ფონ ტესისი და ჰერცოგი ვანდი, მხარდაჭერას გერმანელ ჰერცოგ ფონ ვალჰენთან ეძებენ. ის ერთადერთია, ვინც თავისუფლად აზროვნებს ქვეყანაში, სადაც ფარისევლობა და ცრუ სათნოება სუფევს. ლიბერტენების განზრახვა მათი ფილოსოფიის, რომელიც მორალსა და ავტორიტეტს უარყოფს, გერმანიაში გავრცელებაა.

ფილმი კანის კინოფესტივალზე  არასაკონკურსო პროგრამაში იყო ჩართული და ჟიურის სპეციალური პრიზიც დაიმსახურა.

სერა დაიბადა 1975 წელს ბანიოლესში, კატალონია, ესპანეთი. სწავლობდა ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობას ბარსელონას უნივერსიტეტში. სადებიუტო მხატვრული ფილმი „რაინდთა ღირსება“ 2006 წელს გადაიღო და ბარსელონას კინოპრიზით დაჯილდოვდა საუკეთესო ახალბედა რეჟისორისთვის. 2013 წელს მისმა ფილმმა „ჩემი სიკვდილის ამბავი“ ლოკარნოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ლეოპარდი“ მიიღო.

„მისტერ ჯონსი“ (Mr Jones, პოლონეთი/დიდი ბრიტანეთი/უკრაინა, 2019) რეჟისორი: აგნეშკა ჰოლანდი.

1993 წელს უელსელი ჟურნალისტი გარეტ ჯონსი მატარებლით მოსკოვიდან ხარკობში მიემგზავრება. სადგურიდან ფეხით იწყებს მოგზაურობას და შიმშილობის საზარელი სურათის უშუალო მოწმე ხდება. კოლექტივიზაციამ უბედურებები მოიტანა: სტალინის პოლიტიკას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. „ნიო-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტის, ადა ბრუყკსის დახმარებით, ჯონსი ახერხების შოკისმომგვრელი სიმართლის გავრცელებას.

ფილმი წარდგენილი იყო ბერლინის კინოფესტივალის მთავარ პრიზზე „ოქროს დათვი“. მიღებული აქვს „ოქროს კენგურუ“ პოლონეთის კინოფესტივალზე.

აგნეშკა ჰოლანდი 1948 წელს ვარშავაში დაიბადა. პრაღის კინოსკოლის დამთავრების შემდეგ, ქშიშტოფ ზანუსისთან და ანჯეი ვაიდასთან ასისტენტად მუშაობდა. სანამ ფილმებს გადაიღებდა, ვაიდასთან ერთად რამდენიმე სცენარი შექმნა. 1981 წელს, ჰოლანდი ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. გადაღებული აქვს 30-ზე მეტი ფილმი და მიიღო არაერთი ჯილდო: „ოქროს გლობუსი“ და ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვი“.

„ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია“ (God Exists, Her Name is Petrunya, მაკედონია, 2019) რეჟისორი: ტეონა სტრუგარ მიტევსკა.

მაკედონიის პატარა ქალაქ სტიპში ადგილობრივი მღვდელი ყოველი წლის იანვარში მდინარეში ხის ჯვარს აგდებს და ასობით მამაკაცი წყალში ხტება მის ამოსაღებად. მას, ვინც ჯვარს დაისაკუთრებს, იღბალი და კეთილდღეობა არ მოაკლდება. ამჯერად კი წყალში პეტრუნია ჩაყვინთავს და ყველაზე სწრაფი აღმოჩნდება. კაცები გაცოფებულები არიან – როგორ გაბედა ქალმა მათ რიტუალში გარევა? მაგრამ პეტრუნიამ ჯვარი მოიპოვა და მას არაფრით დათმობს.

ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე ეკუმენური ჟიურის პრიზი დაიმსახურა.

ტეონა სტრუგარ მიტევსკა 1874 წელსმაკედონიაში დაიბადა. აქვს ხარისხი გრაფიკულ დიზაინში, კინორეჟისურას სწავლობდა თიშის ხელოვნების სკოლაში ნიუ-იორკში. მისი ფილმი “მე ტიტოს ველესიდან ვარ“ (2007) 80-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც 20-ზე მეტი პრიზით აღინიშნა. თავის და-ძმასთან, ვუკ და ლაბინა მიტევსკებთან ერთად ხელმძღვანელობს კინოსაპროდიუსერო კომპანიას Sisters and Brother Mitevski.

„მოღალატე“ (Triator, იტალია/საფრანგეთი/ბრაზილია/გერმანია, 2019) რეჟისორი: მარკო ბელოკიო.

1980-იანი წლების დასაწყისში, სიცილიური მაფია ჰეროინის ვაჭრობის გამო ერთმანეთში დიდ ომს იწყებს. ერთ-ერთი წევრი, ტომაზო ბუშეტა, თავს ბრაზილიას აფარებს. თუმცა იტალიაში მასზე შურისძიება იწყება, ბუშეტა იგებს, რომ პალერმოში მის შვილებსა და ძმას ხოდავენ და იცის, რომ მისი დროც მოვა. ბრაზილიაში დაპატიმრებისა და იტალიაში ექსრადირების შემდეგ ის გადაწყვეტს „კოზა ნოსტრას“ ფიცი დაარღვიოს და მოსამართლე ჯოვანი ფალკონეს შეხვდეს.

ფილმი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოზე“, იტალიის ოქროს გლობუსზე კი საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო.

ვეტერანი რეჟისორი, მარკო ბელოკიო 1939 წელს პიაჩენცაში დაიბადა. კინოსკოლაში სწავლამდე, ფილოსოფიას ეცნობოდა. 1965 წელს, ოჯახის წევრებისაგან მიღებული დაფინანსებით პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მუშტები ჯიბეში“ გადაიღო, რომელმაც ლოკარნოს კინოფესტივალზე „ვერცხლის იალქანი“ დაიმსახურა. ფილმისათვის „მსჯავრი“ მარკო ბელოკიომ 1991 წელს ბერლინის კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ - ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო, ხოლო 2011 წელს, კინემატოგრაფისთვის გაწეული წვლილისათვის ვენეციის 68-ე კინოფესტივალზე საპატიო „ოქროს ლომით“ დაჯილდოვდა.

 

„სიმართლე“ (The Truth, საფრანგეთი/იაპონია, 2019) რეჟისორი: ჰირუკაძუ კორეედა.

ფაბიენი ვარსკვლავია, ფრანგული კინოს ვარსკვლავი, მამაკაცების სიყვარულითა და თაყვანისცემით გარემოცული. ფაბიენის მოგონებების გამოქვეყნების შემდეგ პარიზში ნიუ-იორკიდან მისი ქალიშვილი ბრუნდება ქმართან და პატარა შვილთან ერთად. დედისა და ქალიშვილის შეხვედრა მალე დაპირისპირებად იქცევა: სიმართლე უნდა გამოითქვას, ანგარიშები – გასწორდეს, სიყვარული და წყენა – გამჟღავნდეს.

ფილმი წარდგენილი იყო ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზზე „ოქროს ლომი“ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

ჰიროკაძუ კორეედა 1962 წელს იაპონიში დაიბადა. სარეჟისორო კარიერა ტელევიზიაში დაიწყო, იღებდა დოკუმენტურ ფილმებს. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ფანტომი“ (Maboroshi no hikari, 1995) პრიზებით აღინიშნა ვენეციაში და ჩიკაგოში. 2013 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კორეედამ ჟიურის პრიზი მოიპოვა ფილმისთვის „მამა და შვილი“ (Soshite chichi ni naru, 2013), ხოლო 2018 წელს ფილისთვის „მაღაზიის ქურდები“ (Manbiki kazoku, 2018) კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ მიიღო.

„სახლში ვიყავი, მაგრამ...“ (I Was at Home, But, გერმანია, 2019) რეჟისორი: ანგელა შანელეკი.

ასტრიდის 13 წლის ვაჟი ერთკვირიანი გაუჩინარების შემდეგ შინ ბრუნდება, მაგრამ გაუჩინარების მიზეზებზე არაფერს ამბობს. დედა და მასწავლებლები ვარაუდობენ, რომ ბიჭის საქციელი შეიძლება მამის გადრაცვალებას უკავშირდებოდეს. ძალიან ნელა ცხოვრება ისევ ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. ასტრიდი ეგზისტენციური პრობლემების წინაშე დგება, რაც სრულიად ცვლის მის წარმოდგენას ცხოვრებაზე. მას სულ უფრო უჭირს იმასთან შეგუება, რომ მისი ვაჟი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. ოჯახი ინგრევა, მაგრამ ინგრევა, რომ ახლებურად აღსდგეს.

ფილმი ბერლინის კინოფესტივალის პრიზით - „ოქროს დათვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის დაჯილდოვდა.

ანგელა შანელეკი დაიბადა 1962 წელს სამხრეთ გერმანიაში. ფრანკფურტში სწავლობდა სამსახიობო ხელოვნებას, შემდეგ მუშაობდა თეატრებში Thalia (ჰამბურგი) და Schaubühne (ბერლინი). 1990-1995 წლებში რეჟისურას სწავლობდა გერმანიის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში ბერლინში. დღეს ნარატიული კინოს პროფესორია ჰამბურგის ხელოვნების უნივერსიტეტში.

„ალმოდებული ქალის პორტრეტი“ (Portrait of a Lady on Fire, საფრანგეთი, 2019) რეჟისორი: სელინ სკიამა.

საფრანგეთი, 1770 წელი. მარიანას, მხატვარს, ახალგაზრდა ქალის, ელოიზის საქორწინო პორტრეტის შექმნას ავალებენ. ელოიზს, რომელმაც ახლახან დატოვა მონასტერი, მისი ნების წინააღმდეგ უპირებენ გათხოვებას და ის უარს ამბობს პორტრეტისთვის პოზირებაზე. ამიტომ მარიანამ პორტრეტი მისგან მალულად უნდა დახატოს. ის დღისით აკვირდება ელოიზს, რომ ღამით მის პორტრეტზე იმუშაოს.

ფილმი „ახალგაზრდა ქალის პორტრეტი“ წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა, სადაც სკიამამ „ქვიარ პალმის რტო“ და პრიზი საუკეთესო სცენარისთვის დაიმსახურა.

სელინ სკიამა  დაიბადა 1978 წელს. სწავლობდა ფრანგულ ლიტერატურას უნივერსიტეტში პარიზი-ნანტერი, შემდეგ დაამთავრა პარიზის კინოსკოლა La Fémis სცენარისტის სპეციალობით. მისი სარეჟისორო დებიუტი 2007 წელს შედგა ფილმით „წყლის შროშანები“, რომლის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა და საერთაშორისო წარმატება მოუტანა რეჟისორს.

“ვიტალინა ვარელა” (Vitalina Varela, პორტუგალია/კაიმანის კუნძულები, 2019) რეჟისორი: პედრუ კოშტა.

ვიტალინა ვარელა, 55 წლის ქალი კაბო ვერედან, ლისაბონში ჩადის, სადაც სამი დღის წინ მისი ქმარი დაკრძალეს. თვითმფრინავის ბილეთს ვიტალინა 25 წლის განმავლობაში ელოდა. ქალაქში გარდაცვლილი ქმრის ნაკვალევს მიყვება და მის დაფარულ უკანონო ცხოვრებას აღმოაჩენს.

„ვიტალინა ვარელა“ ლოკარნოს კინოფესტივალის ტრიუმფატორი ფილმია - გარდა მთავარი ჯილდოსი („ოქროს ლეოპარდი“), საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზითაც დაჯილდოვდა.

პედრუ კოშტა 1958 წელს ლისაბონში დაიბადა. თეატრისა და კინოს სკოლაში პოეტისა და კინორეჟისორის ანტონიუ ხეისის კურსზე სწავლობდა. სადებიუტო ფილმის „სისხლი“ პრემიერია ვენეციის კინოფესტივალზე შედგა 1989 წელს. „ახალგაზრდობა წინ!“ კი, 2006 წლის კანის კინოფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა. ფილმით „ცხენის ფული“ კოშტამ ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.

„ახალგაზრდა აჰმედი“ (Young Ahmed, ბელიგა/საფრანგეთი, 2019) რეჟისორი: ჟან-პიერ და ლუკ დარდენები.

ყურანის ექსტრემისტული ინტერპრეტაციის გავლენით ბელგიელი მოზარდი თავისი მასწავლებლის მოკვლას გეგმავს.

ფილმი მონაწილეობდა კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, სადაც ძმებმა დარდენებმა  საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღეს.

ბელგიელი ძმები ჟან-პიერ (დ. 1951) და ლუკ (დ. 1954) დარდენები მრავალი წელია ერთად იღებენ ფილმებს საკუთარი სცენარით და თვითონვე არიან ფილმების პროდიუსერები ან თანაპროდიუსერები. დარდენებმა 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყეს დოკუმენტური ფილმების გადაღება. პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა მხატვრულმა ფილმმა „დაპირება\" (1996). ძმები დარდენები კინორეჟისორთა იმ იშვიათ რიცხვს ეკუთვნიან, ვისაც ორჯერ აქვს მიღებული კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო\" – 1999 წელს ფილმისთვის „როზეტა\" და 2005 წელს ფილმისთვის „ბავშვი\".

„ერთი წელი მოხალისედ“ (A Voluntary Year, გერმანია, 2019) რეჟისორი: ულრიხ კოლერი, ჰენერ ვინქლერი.

„ატლანტიდა“ (Atlantis, უკრაინა, 2019) რეჟისორი: ვალენტინ ვასიანოვიჩი.

„ვალდებულება“ (Commitment, თურქეთი, 2019) რეჟისორი: სემიჰ კაპლანოღლუ.

„ექო“ (Echo, ისლანდია, 2019) რეჟისორი: რუნარ რუნარსონი.

„გუნდერმანი“ (Gundermann, გერმანია, 2018) რეჟისორი: ანდრეას დრეზენი.

 „პატარა ჯო“ (Little Joe, ავსტრია/გერმანია/დიდი ბრიტანეთი, 2019) რეჟისორი: ჟესიკა ჰაუსნერი.

„მარტინ იდენი“ (Martin Eden, იტალია/საფრანგეთი, 2019) რეჟისორი: პიეტრო მარჩელო.

„ბატონი ჩენგი“ (Master Cheng, ფინეთი/ჩინეთი, 2019) რეჟისორი: მიკა კაურისმიაკი.

 „სინონიმები“ (Synonyms, საფრანგეთი/ისრაელი/გერმანია, 2019) რეჟისორი: ნადავ ლაპიდი.

„პორტუგალიელი ქალი“ (The Portuguese Woman, პორტუგალია/გერმანია, 2019) რეჟისორი: რიტა აზევედო გომესი.

„მსტვენელები“ (The Whistlers, რუმინეთი/საფრანგეთი/გერმანია, 2019) რეჟისორი: კორნელიუ პორუმბოიუ.

2019-Nov-28

ქართული პანორამა

წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი პრიზებს მხოლოდ ეროვნულ კონკურსში შემდეგ კატეგორიებში გასცემს:  საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს: ულრიხ და ერიკა გრეგორები, პაბლო დე ვიტა, ნიკოლა სელი და ჰიზერ სტიუარტი.

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსში მონაწილე ნამუშევრების სია ასეთია:

 

„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ (Inhale-Exhale, 2019) რეჟისორი: დიტო ცინცაძე.

„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ 37 წლის ექიმის და მისი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ციხეში გატარებული ხანგრძლივი დროის შემდეგ, ირინა სახლში ბრუნდება და ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადება. მან ახლობლების დაკარგული ნდობა უნდა დაიბრუნოს.

ფილმის ჩვენება შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებული აღმოჩნდა - „ოქროს თასი - ჟიურის გრან-პრი“ დიტო ცინცაძემ, ხოლო „ოქროს თასი“ საუკეთესო მსახიობი ქალისათვის დაწესებული ჯილდო სალომე დემურიამ მიიღო.

დიტო ცინცაძე 1957 წელს თბილისში დაიბადა. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „თეთრი ღამე“ 1984 წელს გადაიღო. მისი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ზღვარზე“ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის ლეოპარდით“ აღინიშნა. დიტო ცინცაძე 1996 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. გერმანიაში გადაღებული პირველი ფილმი „დაკარგული მკვლელები“ კანის კინოფესტივალის სექციაში „განსაკუთრებული ხედვა“ უჩვენეს. ამავე ფილმმა მოიპოვა გრან-პრი კოტბუსის კინოფესტივალზე. ცინცაძის უკანასკნელი ფილმია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე გადაღებული სურათი „შინდისი“.

 

„უარყოფითი რიცხვები“ (Negative Numbers, 2019) რეჟისორი: უტა ბერია.

ფილმი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული. „უარყოფითი რიცხვები“ არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში მიმდინარე კრიმინალურ ისტორიებს აღწერს. კოლონიაში რაგბის ვარჯიშები ინიშნება, რათა პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გაჯანსაღება მოხდეს. ფილმის მთავარ გმირ ნიკას არჩევანის გაკეთება ციხეში მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის უწევს.

„უარყოფითი რიცხვები“ უჩვენეს პროექტ „ნახე პირველად ბაკურიანში“ ფარგლებში, სადაც ქართველ მაყურებელთა და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

უტა ბერია დაიბადა 1987 წელს. 2009 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელესარეჟისორო ფაკულტეტი, თინათინ ჭაბუკიანის სახელოსნო. 2011 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა კინოდრამატურგიის სპეციალობით (კოტე ჯანდიერის სახელოსნო).

„კომეტები“ (Comets, 2019) რეჟისორი: თამარ შავგულიძე.

ნანა (55) და ირინა (55) ბავშვობის მეგობრები იყვნენ. თინეიჯერობის ასაკში მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. როდესაც ამის შესახებ მათ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, ამ ორის ცხოვრება აუტანელი გახდა. ამიტომ ირინამ ნანა მიატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ნანა თბილისში დარჩა, გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა, მეგობრებს დაშორდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წლების შემდეგ ირინა თბილისში ბრუნდება. ქალები ერთმანეთს სააგარაკო სახლში ხვდებიან, სადაც ადრე საუკეთესო წლები გაატარეს ერთად.

ფილმი წარმოდგენილი გახლდათ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში „აღმოჩენები“.

თამარ შავგულიძე 1980 წელს თბილისში დაიბადა. 2002 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით (დათო ჯანელიძის სახელოსნო) დაამთავრა. სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დაბადებულები საქართველოში“ 2011 წელს გადაიღო. „კომეტები“ შავგულიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

„ოქროს ძაფი“ (The Golden Thread, 2019) რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე.

„ოქროს ძაფი“ ლანა ღოღობერიძის უკანასკნელი სურათია, რომელიც გრძელვადიანი პაუზის შემდგომ გადაიღო. ფილმის პრემიერა თბილისის მე-20 კინოფესტივალზე გაიმართება.

ფილმის მთავარი გმირი, 80-ს მიტანებული ელენე, მწერალი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოთხ კედელშია გამოკეტილი.

უეცრად მის ყოველდღიურობას არღვევს მათ სახლში მირანდას, მისი მძახალის, გადმობარგება. ალცჰაიმერით დაავადებული მირანდა ყოფილი საბჭოთა მაღალი ფუნქციონერია, რომელმაც ერთ დროს აკრძალა ელენეს წიგნი.

ამასობაში ყველას დაავიწყდა ელენეს დაბადების დღე. მაგრამ მას მოულოდნელად ურეკავს ახალგაზრდობის დროინდელი შეყვარებული – არჩილი, რომელსაც ასევე “ფეხებმა უმტყუნა”. ორ მარტოსულ ადამიანს შორის იფეთქებს ოდესღაც უარყოფილი სიყვარული.

ამ სატელეფონო რომანის ფონზე მიმდინარეობს ორი ქალის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება. მით უმეტეს, რომ მირანდას მტკიცებით, არჩილი წარსულში მისი თაყვანისმცემელი იყო.         

მირანდა მიდის სახლიდან და იკარგება. მხოლოდ მაშინ გაიაზრებს ელენე, რომ ვერ გუგო მირანდას, ვერ აუღო ალღო მის მარტოობას. ხვდება, რამდენად სჭირდება არჩილი.

თავიანთ ბინებში გამომწყვდეული ელენე და არჩილი “ცეკვავენ”. ერთად, როგორც მაშინ, 60 წლის წინათ.

ლანა ღოღობერიძე 1928 წელს თბილისში დაიბადა. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1958 წელს – კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1958 წლიდან კინოსტუდია \"ქართულ ფილმში\" დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა. 1983–1988 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო სახელოსნოს. მისი ფილმები ნაჩვენები იყო არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათ შორის, კანში, ბერლინში, ვენეციაში, ტოკიოში, სან-რემოსა და ჟენევაში. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროსაბჭოში. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, გამოცემული აქვს პოეზიის თარგმანების რამდენიმე კრებული.

„ღორი“ (Pig, 2019) რეჟისორი: გიგა ლიკლიკაძე.

„ღორი“ გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული  ბაჩანა ავტობუსს ვერ უსწრებს და მინდორში იკარგება. რადგან ძალიან შია, ბუჩქებში მაყვლის ჭამას იწყებს, ასე მიუყვება გზას და გამტაცებლების ხელში ხვდება. გამტაცებლები ბაჩანას გათავისუფლებისთვის 300 ლარს ითხოვენ. რადგან ფული არ აქვთ, ბაჩანას ახლობლები იმედოვნებენ, რომ მას ღორში გაცვლიან. გამტაცებლებთან ერთად გატარებული სამი დღის შემდეგ ბაჩანას შინ დაბრუნება აღარ უნდა...

„ღორი“ ნაჩვენები იყო „ნახე პირველად ბაკურიანში“ ფარგლებში, სადაც დადებითი შეფასებები მიიღო.

გიგა ლიკლიკაძე დაიბადა 1985 წელს. 2000-2003 წლებში სწავლობდა კინოკოლეჯში, შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 2009 წელს დაამთავრა. „ღორი“ მისი პირველი სრულმატრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

„ბოროტმოქმედი“ (The Criminal Man, 2019) რეჟისორი: დიმიტრი მამულია.

ფილმის „ბოროტმოქმედი“ პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. სურათი დიმიტრი მამულიას რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.

ფილმი ინჟინრის უფერულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. როდესაც ის უნებლიედ მკვლელობას შეესწრება, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, ღრმად შეძრული მუდმივად უბრუნდება დანაშაულის ადგილს, რადგან მკვლელობა ვირუსივით შეეყრება და აკვიატებად ექცევა. შეპყრობილივით იწყებს ყველაფრის კვლევას, რაც დანაშაულს უკავშირდება.

დიმიტრი მამულიას გარდა, „ბოროტმოქმედის“ სცენარის ავტორი ქართველი მწერალი არჩილ ქიქოძეცაა. მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე სურათმა საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მუსიკის კატეგორიაში მიიღო პრიზები.

დიმიტრი მამულია 1969 წელს თბილისში დაიბადა. გახლავთ კინორეჟისორი, სცენარისტი, ლიტერატურისა და კინოს თეორეტიკოსი, პოეტური და ფილოსოფიური ტექსტების ავტორი. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, 2007 წელს – მოსკოვის სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები. 2010 წელს გადაიღო სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სხვა ზეცა“, რომელმაც ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და ეკუმენური ჟიურის პრიზი დაიმსახურა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, ხოლო 2011 წელს მიიღო პრემია „ნიკა“ კატეგორიაში „წლის აღმოჩენა“. დიმიტრი მამულია არის მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და თბილისის ახალი კინოს სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

დოკუმენტური ფილმები:

 

„თორმეტი გაკვეთილი“ - გიორგი მრევლიშვილი, 2019, 74’

„თორმეტი გაკვეთილი“ გიორგი მრევლიშვილის ბოლო დოკუმენტური პროექტია. ფილმი ვალერიან კოტრიკაძის და მისი შვილიშვილის შესახებ მოგვითხრობს. ისინი დედაქალაქიდან სამასი კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბუკნარში ცხოვრობენ. ვაკოს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, ვალერიანი კი ყოფილი სამხედროა, რომლისთვისაც წესრიგი და დისციპლინა უმთავრესია. ბაბუა ძალას არ იშურებს, რომ ვაკო დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ხელობა ისწავლოს და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს.

 

გიორგი მრევლიშვილი დაიბადა 1983 წელს თბილისში. 2006 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით საერთაშორისო ჟურნალისტიკაში, ხოლო 2013 წელს ვისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ) მიიღო მაგისტრის ხარისხი კინოხელოვნებაში. გიორგი მრევლიშვილს გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ექსპერიმენტული ფილმი. ამჟამად მუშაობს წიგნზე დოკუმენტურ კინოში ექსპერიმენტული ხერხების გამოყენების შესახებ.

 

 „სანამ მამა დაბრუნდება“ - მარი გულბიანი, 2019, 75’

ბნელი ოთახი. დაბზარული კედლები… პროექტორიდან გამოსული შუქი სიბნელეს არღვევს, სოფლის პატარა სკოლაში ბავშვებისთვის პირველი კინოჩვენება იწყება. მოსწავლეებს შორის არიან ქისტი გოგონები - იმანი და ევა. კინო მათი ახალი და დიდი შთაბეჭდილებაა, რომლის შთაგონებით მოკლე ფილმების გადაღებას იწყებენ. გოგონები ცხოვრობენ პანკისის ხეობაში, რომელიც ბევრმა მამაკაცმა დატოვა...

 

მარი გულბიანი 1971 წელს ქუთაისში დაიბადა. 1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 2006 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კინორეჟისორის სპეციალობით. გაიარა ‘ატელიე ვარანის’ დოკუმენტური კინოსახელოსნოს სრული კურსი. მუშაობს როგორც დოკუმენტურ, ისე მხატვრულ ფილმებზე. 2007 წელს დააარსა საპროდიუსერო კომპანია „მიდიფილმი“.

 

 „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ - ნანა ჯორჯაძე, 2019 70’

ახალგაზრდა კაცი, რომელიც ემიგრაციაზე ოცნებობს და ცხოვრებაში თავის ადგილს ეძებს, ღვინის მარშრუტის გავლით მოგზაურობას იწყებს. ღვინოსთან დაკავშირებული მისი თავგადასავლის დროს გაკეთებული აღმოჩენები ახალგაზრდას ღვინის დაბადების ადგილზე აბრუნებს, რომელიც მისი საკუთარი დაბადების ადგილია: საქართველო.

 

ნანა ჯორჯაძე დაიბადა 1948 წელს თბილისში. თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის შემდეგ დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (1980). კინოში მუშაობა 1977 წლიდან დაიწყო, იყო კოსტიუმების მხატვარი, დამდგმელი მხატვარი და მსახიობი. 1987 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა\", რომელმაც მას კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერა\" მოუტანა საუკეთესო დებიუტისთვის. 1996 წელს გადაღებული ფილმი „შეყვარებული კულინარის ათასერთი რეცეპტი\" არაერთი ფესტივალის პრიზიორი გახდა და „ოსკარზე\" იყო ნომინირებული. ნანა ჯორჯაძე ევროპული კინოაკადემიის წევრია 1994 წლიდან.

 

„მარილი და პური“ - სალომე რაზიკაშვილი, 2019, 13’

12 წლის მამუკა ზაფხულს მთაში ატარებს. გარშემო მისი თანატოლი არავინაა, ვისთანაც თამაშს შეძლებდა. რაკი მარტოა, კომპანიას სოფლის ხნიერი მამაკაცები უწევენ, რომლებიც მას ქართული სუფრის ტრადიციებს აზიარებენ.

 

ბალინტ ბირო კინოწარმოებას სწავლობდა ბორნმუთის ხელოვნების უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში. ამჟამად სწავლობს დოკუმენტური კინოს რეჟისურის სამაგისტრო კურსებზე DocNomads.

 

„მოსავალი“ - მიშო ანთაძე, 2019, 70’

კახეთის რეგიონში კრიპტოვალუტის „ოქროს ციებ-ცხელებაა“. ფილმი ელექტროენერგიის ნაკადს მიჰყვება – ელექტროსადგურიდან კომპიუტერებამდე, რომლებიც კრიპტოვალუტას მოიპოვებენ. ვენახის თავზე დრონი დაფრინავს, ძროხები ტელესაკომუნიკაციო ანძის ძირში ძოვენ ბალახს, ადამიანები და მანქანები თავიანთ სამუშაოს ასრულებენ. დაკვირვება ინტერნეტის ეპოქაში ბუნებრივსა და ვირტუალურს შორის საზღვრების წაშლაზე.

 

მიშო ანთაძე დაიბადა 1993 წელს თბილისში. 2011 წლიდან კინო- და ვიდეოხელოვნებას სწავლობდა კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში (CalArts). 2015 წელს სწავლის დასრულების შემდეგ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში მემონტაჟედ, თარჯიმნად და რეჟისორად. „მოსავალი“ მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომლის პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა 2019 წელს.

 

„სხვა მეზობლები“ - ნიკა წიკლაური, 2019, 37’

ქალაქში, სადაც ცხოვრობ, მარტო არ ხარ. შეიძლება, ვერც ამჩნევდე, მაგრამ ამ ქალაქში შენთან ერთად გარეული ცხოველები და ფრინველებიც ცხოვრობენ.  ქალაქი იზრდება, იცვლება და ჩვენი მეზობლების საარსებო გარემოც დღითიდღე მცირდება, თუმცა ისინი მაინც ჩვენ ირგვლივ არიან. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ მელა, კვერნა, წავი, არწივი და სხვები თანამედროვე დედაქალაქის ბეტონის ჯუნგლებში.

 

ნიკა წიკლაური დაიბადა 1979 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. შემდეგ გაიარა სასცენარო კურსი რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოგრაფიის, მხატვრული და დოკუმენტური კინოს და ეკოტურიზმის სფეროებში. მისი გატაცებაა ველური ბუნების გადაღება, ბერდვოჩინგი, ტურიზმი, მეკლდეურობა, მშვილდოსნობა. 2012 წელს დააფუძნა დოკუმენტური ფილმების საპროდიუსერო კომპანია EcoFilms.

 

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები და ანიმაციები:

 

„მამული“ - გიორგი სიხარულიძე, 2019 16’

„ცხოველი“ - ამირან დოლიძე, 2019 30’

„ტრადიცია“ - იოსებ ბლიაძე 

„თემო“ - ლაშა ცქვიტინიძე, 2019 30’

„დასასრულის დასაწყისი“ - გიორგი ქასრაშვილი, 2019 10’

„აცახცახებული გული“ - ვაჟიკო ჩაჩხიანი, 2019 11’

„სელფი გაზქურასთან“ - ირინა ჯავახაძე

„Volume Control“ - გიორგი სულაძე, 2019 15’

„ვიდრე წავიდოდე“ - ელენა ცაგარეიშვილი, 2019 16’

„მესამე ზედმეტი“ - ოთარ ბერძენიშვილი, 2019 15’

„კახეთის მატარებელი“ - ლალი კიკნაველიძე, 2019 45’ 

„When Money Had Its Body“ - თამარ მაღრაძე, 2019 8’

„სამაია“ - ლევან შუბაშვილი, 2019 7’

„უბიუჯეტო ფილმი“ - ნინა ხატიაშვილი, 2019 8’

„არჩევანი“ - გიორგი ვარსიმაშვილი, 2019 12’

„მარქსის ქუჩა 12“ - ირინე ჟორდანია, 2019 16’

„Loop“ - ანანო ბაკურაძე, 2019   

2019-Nov-28

რეჟისორი ფოკუსში - კარლოს რეიგადასი

1971 წელს, მეხიკოში დაიბადა კარლოს რეიგადას კასტილო, მექსიკელი ხელოვანი, რომელსაც ხშირად „ერთკაციანი მექსიკური მესამე ტალღის“ რეჟისორსაც უწოდებენ. სანამ რეჟისორი გახდებოდა, მექსიკის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს, მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და ამასთანავე, ეროვნულ ნაკრებში რაგბს თამაშობდა. სწავლის დასრულების შემდეგ, სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრა.

პირველად კინემატოგრაფით 1987 წელს, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ანდრეი ტარკოვსკის ფილმები ნახა. 1997 წელს, რეიგადასმა საკუთარი პროფესიით მუშაობაზე უარი თქვა და გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ხშირად სტუმრობდა ადგილობრივ სინემათეკას. უყურებდა როსელინის, დრაიერის, ტარკოვსკისა და ბრესონის ფილმებს. სწავლობდა რეალობის კინემატოგრაფიულ ასახვას (როსელინი), არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობას (ბრესონი). ანდრეი ტარკოვსკის შემოქმედებამ კი სულ სხვა თვალით დაანახა კინემატოგრაფი - “როდესაც მისი ფილმები ვნახე, მივხვდი, რომ შესაძლოა ემოცია პირდაპირ ხმითა და გამოსახულებით გადმოსცე და არა მხოლოდ ამბის მოყოლით“.

რეიგადასის სურვილი - ჩაებარებინა კინოსკოლაში, უარყოფილ იქნა მოტივით, რომ ის უკვე შემდგარი რეჟისორი გახლდათ და ახალს ვერაფერს ისწავლიდა.

მისი ფილმები ორიგინალური ვიზუალური ხედვითა და სხვადასხვა ექსპრესიული გადაწყვეტებით გამოირჩევიან. მექსიკელი ხშირად იყენებს ხანგრძლივი კადრებით გადაღების ტექნიკას და ძირითადად ფართო კადრების საშუალებით ცდილობს აღწეროს პერიფერიული ცხოვრება. მის შემოქმედებაში შეინიშნება ინსპირაციები იტალიური ნეორეალიზმიდან, კარლ თეოდორ დრეიერის, ანდრეი ტარკოვსკის, იშვიათად ლუის ბუნუელის ფილმებიდან.

სანამ სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებდა, რეიგადასმა რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი შექმნა, მათ შორის, 1997 წელს გადაღებული „მაქსჰუმაინი“.

ორი წლის შემდეგ, პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე „იაპონია“ დაიწყო მუშაობა, რომლის პროდიუსერი თავადაა. ორი წლის განმავლობაში, მექსიკელი ტექნიკურ ჯგუფს კრებდა. საბოლოოდ, ფილმის გადაღებები 2001 წელს დაიწყო, ერთ წელიწადში დასრულდა და როტერდამისა და კანის კინოფესტივალებზე უჩვენეს. კანში წარმატებასაც მიაღწია, გაიმარჯვა რა ნომინაციაში - „ოქროს კამერა - სპეციალური აღნიშვნა“. ცხოვრებისაგან დაღლილი, ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი პროტაგონისტი მექსიკას ტოვებს და მთებში ჩაკარგულ პატარა სოფელში თავის მოსაკლავად მიემგზავრება, სადაც საბოლოოდ თავშესაფარს ადგილობრივი მოხუცი ქვრივი ქალის ქოხში იპოვის. მის წინაშე გადაშლილი სამყაროს სილამაზე და ქვრივის სიკეთე მხატვარს სიცოცხლისა და სიყვარულის სურვილს უღვიძებს. ერთი შეხედვით, სცენარმა შესაძლოა ბანალური მელოდრამის შთაბეჭდილება დატოვოს. თუმცა...

...თუმცა როგორც კი ფილმის პირველივე კადრს დაინახავთ, მელოდრამის მოყვარულებს იმედი გაგიცრუვცდებათ, სხვებს შეიძლება კითხვაც გაგიჩნდეთ - რა ხდება ფილმში? რაც იმთავითვე არასწორი იქნება, რადგან თუკი რეიგადასის სიტყვებსვეა დავიმოწმებ, ფილმს არა ამბავი (სცენარი), არამედ თხრობის სტილი და ავტორის მიერ სუბიექტურად აღქმული გამოცდილების ეკრანზე ასახვა განსაზღვრავს. 16 მილიმეტრიანი ფირით გადაღებული, სიზმრისეული გამოსახულების მქონე „იაპონია“, ნამდვილად განსხვავებული სტილით გვიჩვენებს ამბავს, რომელიც მომაჯადოებელი გამოსახულების ფონზე მეორეხარისხოვანი ხდება. ფილმს არვო პერტის მუსიკალური გაფორმებაც გამოარჩევს.  ჯერ კიდევ სადებიუტო ფილმში, რეიგადასმა ორიგინალური ხედვა და ექსპრესიული თხრობის სტილი შესთავაზა მაყურებელს, რამაც დიდწილად შემდეგი ფილმების მოლოდინი განაპირობა. ხშირად იმასაც აღნიშნავენ, რომ „იაპონია“ იმ ფილმთაგანია, რომელმაც მექსიკურ კინემატოგრაფში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია.

მისი შემდეგი ფილმი „ბრძოლა ზეცაში“, როგორც რეიგადასი აღწერს - „მეხიკოში განვითარებული ეგზისტენციალური დრამაა, რომელიც ადამიანის მორალურ ელემენტებს ეხმიანება“. ფილმი კანში უჩვენეს და მაყურებელში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია, იყო შეძახილებიც. რეჟისორი ამჯერადაც არაპროფესიონალ მსახიობებთან ითანამშრომლა; რეალურ ცხოვრებაში, ფილმის მთავარი გმირი, მარკოსი რეიგადასის მამის მძღოლი იყო.

„ბრძოლა ზეცაში“ ფელაციოს სცენით იწყება, რაც მიანიშნებს, რომ ნარატივი გარკვეულწილად პროვოკაციულ და უკომპრომისო ფუნდამენტზე იქნება აგებული. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, რეიგადასი ამბობს, რომ „ნამდვილი“ ადამიანების სექსუალური აქტის აღწერა და მეინსტრიმ კულტურაში რეპრეზენტირებული „გაპრიალებული“ სექსის სცენებისაგან თავის დაღწევა სურდა. საინტერესოა რეჟისორის კომენტარიც მის ფილმებში სიშიშვლისა და ეროტიკული სცენების შესახებ: „როდესაც საშხაპეში შევდივართ, ყველანი შიშვლები ვართ. დღეში ორჯერ ან სამჯერ შიშვლები ვართ. კვირის განმავლობაში, უმეტეს ჩვენგანს ერთხელ ან მეტჯერ აქვს სექსი. ეს ხშირად განმეორებადი აქტია, მაგრამ მისი კინოში რეპრეზენტირება არ ხდება. ნორმალური იქნება, ამის შესახებ  სხვა რეჟისორებს თუ შეეკითხებით - რატომ არ აქვთ სექსის სცენები ფილმში - და არა მე, მე ერთადერთი ნორმალური ვარ.“ გარდა განზრახ პროვოკაციული ნოტებისა, რეიგადასი ფილმში პროტაგონისტის ონტოლოგიურ კვლევასაც გვთავაზობს. მარკოსი ცოლთან ერთად ბავშვს გამოსასყიდის მიღების მიზნით მოიტაცებს. როცა შემთხვევით ბავშვი მოკვდება, მარკოსი მძიმე მდგომარეობაში ვარდება და ჩადენილ დანაშაულს თავის უფროსის ქალიშვილთან აღიარებს. ფილმში მხოლოდ რამდენიმე პერსონაჟი მონაწილეობს და მათი მეშვეობით სურათი ისეთ ემოციებზე რეფლექსირებს, როგორებიცაა: სიბრაზე, შიში, სიხარბე სულიერი ამაღლება და ა. შ. „ეს ფილმი ჩემს პრობლემურ ბავშვობაზეა, შესაბამისად ჩემს შემოქმედებაში ყველაზე მეტად მიყვარს“ ამბობს რეიგადასი „ზეციური ბრძოლის“ შესახებ.

წარმატებული გამოდგა რეიგადასის შემდეგი, 2007 წელს გადაღებული ფილმი „ჩუმი სინათლე“. ბევრი კრიტიკოსის აზრით, „ჩუმი სინათლე“ ნულოვანი წლების კინოს საუკეთესო ნიმუშია. მარტინ სკორსეზემ ფილმს „გასაოცარი და მოძრავი სურათი“ უწოდა. „გასაოცარი ამბავი მიმტევებლობის შესახებ, რომელშიც გამოსახულებები არაჩვეულებრივ სურათს ქმნიან“ - წერს „New-York Times“ კრიტიკოსი ფილმზე. ჟურნალმა „Sight & Sound” 2007 წლის ფილმებში მას მეექვსე ადგილი მიუჩინა. „ჩუმი სინათლე“ კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოსათვის“ ბრძოლაში ფილმთან  „4 თვე, 3 კვირა და  2 დღე\" (კრისტიან მუნჯიუ) დამარცხდა, თუმცა  ჟიურის  პრიზი საუკეთესო ფილმისთვის დაიმსახურა.

ჩრდილოეთ მექსიკასთან მოგზაურობისას, რეიგადასი მოხიბლული დარჩა მენონიტების საზოგადოებით. ამიტომ, უმეტესობა მსახიობებისა ამ საზოგადოების წევრები არიან. „ჩუმ სინათლეში“ ნარატივი მენონიტი კაცის ირგვლივ ვითარდება. იოჰანი ესთერზეა დაქორწინებული და შვიდი შვილი ყავს, თუმცა სხვა ქალი, მარიანა უყვარდება. სურათი პროტაგონისტი კაცის ეგზისტენციალურ მდგომარეობას აღწერს, რომელმაც ორ ქალს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას, რეიგადასმა თქვა, რომ ინსპირაციის წყარო კარლ თეოდორ დრაიერის ფილმის „სიტყვა“ ფინალი გახლდათ. შესაბამისად, „ჩუმი სინათლე“-ს დასასრული რეიგადასის მიერ გადათამაშებული „სიტყვა“-ს ფინალია.

ნახევრად ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს მისი მომდევნო, 2012 წლის ფილმი „წყვდიადის შემდეგ ნათელი“. სწორედ ამიტომ, რეიგადასმა ფილმი ყველა იმ ქვეყანაში გადაიღო, სადაც უცხოვრია - მექსიკა, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და ბელგია. აღნიშნულ სურათში, მექსიკელი რეჟისორი კიდევ უფრო სუბიექტურ გამოცდილებებს გვიზიარებს. ხუანი და ნატალია ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქალაქურ ცხოვრებას ტოვებენ და მეხიკოდან სოფელში გადადიან საცხოვრებლად. ახალ გარემოში განმარტოებულ ცხოვრებას სიხარულიც მოაქვს და ტკივილიც. თუმცა არავინ იცის, ეს ორი სამყარო ერთმანეთს ავსებს თუ გამორიცხავს.

„წყვდიადის შემდეგ ნათელი“ გროტესკული ფილმია, რომელიც წარსულის, მომავლის, ოცნებების, ფანტაზიებისა და იმედების ნაზავს წარმოადგენს. სურათი კონტროვერსიული აღმოჩნდა, რაც მნახველების რეაქციაში გამოიხატა; ერთი მხარე კრიტიკოსებისა თვლიდა, რომ ფილმი რეიგადასის მორიგი შედევრია, თუმცა სხვები ფორმალიზმსა და ავანტიურაში დებდნენ ბრალს.

კარლოს რეიგადასის რიგით  მეექვსე ფილმის „ჩვენი დრო“ პრემიერა 2019 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სურათი ერთგვარი გაგრძელებაა იმ ავტობიოგრაფიული ხაზის, რომელსაც რეიგადასი 2012 წლიდან  ფილმით „წყვდიადის შემდეგ ნათელი“ მიუყვება. რეჟისორი, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სანუკვარ  რწმენასა და ინსტიტუტებს, ამჯერადაც „არაკანონიერი“ ურთიერთობებით ინტერესდება,  ქორწინების მიღმა არსებული სიყვარულით, რომელიც პარტნიორების ურთიერთობას დანგრევით ემუქრება.

 

2019-Nov-28

ინფორმაცია მაყურებლისა და აკრედიტებული პროფესიონალებისთვის!

კინოფესტივალის ბილეთების გაყიდვა დაიწყება ხუთშაბათს, 28 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანის“ სალაროში. სალარო იმუშავებს 11:00-დან 21:30 საათამდე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ასევე ონლაინ: kinoafisha.ge და tkt.ge
ბილეთების ფასია 5 ლარი.

გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე ბილეთები არ გაიყიდება. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევებით.

აბონემენტის ფასია 60 ლარი. აბონემენტების მფლობელებისთვის ადგილები გამოყოფილია მხოლოდ ამირანის პირველი დარბაზის სეანსებზე. აბონემენტების რაოდენობა შეზღუდულია.

აკრედიტაციის ბეჯების მიღება შეგიძლიათ:
შაბათს, 30 ნოემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე ფესტივალის ძირითად ოფისში (აღმაშენებლის 164);
კვირას, 1 დეკემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე ფესტივალის დროებით ოფისში („ლოლიტა“-ს მე-3 სართულზე, თამარ ჭოველიძის 7).
ორშაბათიდან, 2 დეკემბრიდან აკრედიტაციები გაიცემა კინოთეატრ „ამირანში“ ყოველდღე 10:00-დან 21:00 საათამდე.
აკრედიტაციების მფლობელებს საშუალება ექნებათ სასურველ სეანსამდე 1 საათით ადრე კინოთეატრის სალაროში მიიღონ უფასო (ნულოვანი) ბილეთი. ყოველ დარბაზზე გაიცემა ნულოვანი ბილეთების გარკვეული რაოდენობა.

ადგილების მთლიანი რაოდენობა დარბაზების მიხედვით: ამირანი 1 - 450 ადგილი, ამირანი 2 – 46 ადგილი, ამირანი 3 – 82 ადგილი, ამირანი 4 - 31 ადგილი.

კინოთეატრ \"ამირანის\" მისამართი: კოსტავას 36/1, საკონტაქტო ტელეფონი: +995 32 255 50 00.

2019-Nov-27

ევროკავშირის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში 2019“

სამი წელია, რაც ევროკავშირმა დააწესა პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში“, რომელიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ადამიანის უფლებების თემატიკის საუკეთესოდ ამსახველ ფილმს გადაეცემა.

პრიზი დაწესდა საერთაშორისო ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველი წლის 10 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღეს, 1948 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საუოველთაო დეკლარაცია მიიღო.

ფესტივალში მონაწილე ფილმებიდან შეირჩა შვიდი, ადამიანის უფლებების თემატიკის ამსახველი ფილმი, რომელთაგან ჟიურის მიერ დასახელებულ საუკეთესო ფილმს გადაეცემა ევროკავშირის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში 2019“.

 

ფილმების ჩამონათვალი:

  • გიგა ლიკლიკაძე - ღორი
  • თამარ შავგულიძე - კომეტები
  • უტა ბერია - უარყოფითი რიცხვები
  • დიტო ცინცაძე - ჩაისუნთქე ამოისუნთქე
  • ლანა ღოღობერიძე - ოქროს ძაფი
  • მარი გულბიანი - სანამ მამა დაბრუნდება
  • გიორგი მრევლიშვილი - თორმეტი გაკვეთილი
2019-Nov-26

90-წამიანი ფილმების კონკურსი „დეფიქთ“

ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის კინოფესტივალი წარმოგიდგენთ 90-წამიანი ფილმების კონკურსს „დეფიქთ“ (DepicT!). ამ კონკურის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

პროექტის ფარგლებში სულ 130 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან მომდევნო ეტაპზე 30 პროექტი გადავიდა. შემდეგ ეტაპზე გადასული ფილმების ჩვენება 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, კინოთეატრ ამირანის პირველ დარბაზში გაიმართება. ჩვენების შემდეგ გამოცხადდება სამი გამარჯვებული, რომელთაც სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს: რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი, რეჟისორი დავით ჯანელიძე და ბრისტოლის კინოფესტივალ “Encounters”-ის დირექტორი რიჩ უორენი.

 

მოკლე სიაში მოხვედრილი ფილმების სია:

  1. ბასარია თამრიკო, ჩაკაბერია დავით - „Rabbit“
  2. ბრეგვაძე ნათია - „The Steps“
  3. ბერიძე ლიზი - „მონსტრები“
  4. გეგუჩაძე გურამ - „DeAD“
  5. გელაშვილი ლევან - „Apolo“
  6. გოგოლაძე ტარიელ - „სახლიდან, რომელიც მქონდა“
  7. თევზაძე შორენა - „Celebration“
  8. თოდრია გიორგი - „Doubles“
  9. იანტბელიძე კოტე - „თბილისი“
  10. იანტბელიძე კოტე - „Georgia“
  11. კანდელაკი მზეო - „ქალური ბედნიერება“
  12. კოხრეიძე ნიკა - „Is It Possible“
  13. კოჩალიძე თამუნა „The Doggy“
  14. მემეთხანოვა გულგუნ - „16-years-old Wives“
  15. მარგველაშვილი თორნიკე - „მგზავრობა“
  16. მეგრელიშვილი გურამ - „Ex Parte Mea“
  17. მუმლაძე მარიამ - „Death“
  18. ნაცვლიშვილი ქეთი - „ცხოვრება 90 წამში“
  19. სამუშია მარიამ - „3..2..1..“
  20. ჟღენტი ანი - „Motivation“
  21. ქანთარია ვახტანგ - „WAR WAR WAR“
  22. ქამუშაძე ქეთი- „I Prefer Living In Colors“
  23. შეყრილაძე დავით, ხარაძე გიორგი - „Party People“
  24. ჩხეიძე სოფი - „ხმების ატელიე“
  25. ჩხეიძე სოფი - „სად ვიპოვოთ სიყვარული“
  26. ჩიხლაძე ანა- „123“
  27. ცხაკაია კობა - „Tengo (The Parable)“
  28. ჯობავა გაბრიელ - „მემორია / Memoria“
  29. ჯანჯღავა გიორგი - „Time“
  30. Circe Platform – „Magicians of the Black Sea“
2019-Nov-28

ალფრედ ჰიჩკოკის "შანტაჟის" (Blackmail) შესახებ

1 დეკემბერს, თბილისის მე-20 კინოფესტივალი დიდი ბრიტანელი რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის ადრეული ნამუშევრით, „შანტაჟით“ გაიხსნება. ფილმს მუსიკალურ აკომპანიმენტს გაუწევს \"ალტერ-ორკესტრი\" მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.

კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რეჟისორი, 1899 წელს ინგლისში დაიბადა. ჰიჩკოკი კინოინდუსტრიას 1919 წელს შეუერთდა და სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტდა კინოს გადაღებას. მისი სარეჟისორო დებიუტი 1925 წელს, ფილმით  “ნეტარების ბაღში“ შედგა.

1924 წელს, გერმანიაში ვიზიტამდე, ჰიჩკოკის ადრეული ფილმები კომედიურ და მელოდრამატულ ჟანრებს მოიცავდა.  ბერლინში ვიზიტის შემდეგ, ახალგაზრდა რეჟისორი  შემოქმედებითად გააქტიურდა. მუშაობა რეჟისორის ასისტენტად და სცენარების წერა, მოგვიანებით  სამხატვრო ხელმძღვანელობით დაგვირგვინდა.  ბერლინში  ჰიჩკოკს საშუალება მიეცა გადასაღებ მოედანზე ემუშავა გერმანული კინოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეჟისორთან, ფრიდრიხ მურნაუსთან. შეხვედრა მურნაუსთან, მოგვიანებით, ისევე აისახა ალფრედ ჰიჩკოკის  შემოქმედებაზე, როგორც მისგან მიღებული რჩევა:  “არ აქვს მნიშვნელობა, რასაც გადასაღებ მოედანზე ხედავ. მთავარია, რას ხედავ ეკრანზე“.

გერმანული ვოიაჟი, მურნაუ და მისი კოლეგები ალფრედ ჰიჩკოკს ბევრს ასწავლიან, განსაკუთრებით, ვიზუალურ ხელოვნებაში სათქმელის გამოსახულებით გადმოცემის საჭიროებას (გასათვალისწინებელია, რომ მისი გერმანიაში ვიზიტისას კინემატოგრაფი ჯერ კიდევ უხმო იყო). გერმანული ექსპრესიონიზმი ბრიტანელი რეჟისორის ფილმებს მისტიკურ ელფერს შესძენს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ვიზუალურ თხრობაზე, რომელსაც თავად ჰიჩკოკი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა.

საგულისხმოა, რომ  ბრიტანეთში მუშაობისას ჰიჩკოკის შემოქმედება ცენზურათან მუდმივი პრობლემების ფონზე ვითარდებოდა. ადანაშაულებდნენ იმ  წესების დარღვევაში, რომელიც  სიშიშვლესა და ქრისტეს სხეულებრივ  ასახვას (მატერიალიზაციას) კრძალავდა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ამერიკა ყოფილა.  1940 წლიდან, შტატებში გადასვლის შემდეგ,  ჰიჩკოკს ხშირად უხდებოდა ფილმების კორექტირება. მაგალითისათვის, პოლიტიკურ ცენზურას დაექვემდებარა ნამუშევრები: „უცხოელი კორესპონდენტი“ და „დივერსანტი“. ცენზურა შეეხო ისეთ ნამუშევრებსაც, როგორიც „რებეკა“ და „უცნობები მატარებელშია“. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ისე აღიარებული ფილმიც კი,  როგორიც „ვერტიგოა“ ვერ გადაურჩა ჩარევას. რეჟისორს ავალდებულებდნენ სცენარში ცვლილება შეეტანა, ფილმის ფინალში რადიოს მკვლელი პერსონაჟის დაჭერის შესახებ გამოეცხადებინა (მაყურებელმა „ვერტიგოს“ სხვადასხვა ვარიანტი იხილა).

თბილისის კინოფესტივალზე მაყურებელი „შანტაჟს“ იხილავს. ევროპული ხმოვანი კინოს პირველ წარმატებულ ნიმუშს, რომლის პრემიერაც იმ დროინდელი კინოთეატრების კონიუნქტურის ფონზე, უხმო რეჟიმშიც შედგა. თავდაპირველად, ფილმი ჩაიფიქრეს, როგორც უხმო, თუმცა პროდიუსერების თანხმობის შედეგად, ჰიჩკოკმა გაახმოვანა. „შანტაჟი“   ბრიტანული ხმოვანი კინოს პირველი ნიმუშია, რომელიც ვერ გადაურჩა იმ დროინდელ ცენზურას (რამდენიმე წუთი ამოჭრეს).

„შანტაჟი“ ჩარლზ ბენეტის ამავე სახელწოდების პიესას ეფუძნება. 2017 წელს, მსახიობების, რეჟისორების, სცენარისტების, პროდიუსერებისა და კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად, ჟურნალმა “Time Out” ნამუშევარს საუკეთესო ბრიტანული ფილმების სიაში 59-ე ადგილი მიუჩინა.

მისტიკურობის გარდა, „შანტაჟს“ ფილმ-ნუარის ძლიერი გავლენაც გამოარჩევს. ფილმ-ნუარისა, რომელიც თავის მხრივ, გერმანულ იმპრესიონიზმს ბევრს დაესესხა. ფილმის პროტაგონისტი, ელის უაითი ქერა, ე. წ. საბედისწერო ქალია (femme fatale), რომელიც ქმარს თავდაცვის დროს მოკლავს.

„შანტაჟში“ ნაწილობრივ გამოიკვეთა ახალგაზრდა რეჟისორის ინტერესები და ხედვა, რომელიც მოგვიანებით ფუნდამენტურად ვითარდებოდა, მანამ, სანამ შედევრების „ფსიქოს“, „ვერტიგოს“, „ჩიტების“ და სხვა შედევრების გადაღებით არ დასრულდა.

ინტერესების ფართო სპექტრი: შიში და მღელვარება, მკვლელობა, დანაშაული, დევნა - ეს ის თემებია, რომელზეც ბრიტანელი რეჟისორის კინო  ახდენს რეფლექსიას. შემთხვევითი არაა, რომ ბავშვობაში, მამის მიერ პოლიციის განყოფილებაში, დასჯის მიზნით მიყვანილ ჰიჩს, სამუდამოდ გაჰყვება საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებების ტრავმა, რომელიც  მისი შემოქმედების ლაიტმოტივად იქცევა.

2019-Nov-27

ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში

„ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში“ დაარსდა 2015 წელს. პრიზი განკუთვნილია ევროპის აღმოსავლეთ პარტნირობის ქვეყნებში მოღვაწე ჟურნალისტების, სამაუწყებლო და პროდიუსერული კომპანიების, აუდიო ვიზუალური მედიის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც რეგიონში არსებულ ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ თემებს ასახავენ.
ყოველწლიური საპრიზო კონკურსის პარალელურად ADAMI Media Prize არაერთ ინიციატივას ახორციელებს - სემინარები, კონფერენციები, დიალოგის პლატფორმები, სტაჟირება საერთაშორისო მედიაორგანიზაციებში, გაცვლითი პროგრამები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების მედია თუ კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის. ამ ინიციატივების მიზანია, კულტურული მრავალფეროვნების, როგორც პოზიტიური ფაქტორის წარმოჩენა რეგიონში. ADAMI მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) და ისეთ დიდ მაუწყებლებთან როგორებიცაა: MDR, ZDF, Deutsche Welle და ARTE.
ADAMI მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის დაფინანსებულია
ფედერაციული საგარეო საქმეთა სამინისტროს (გერმანია) და პროკრედიტ ჰოლდინგის მიერ.
დაფინანსებულია:

                                   

                                 

       

 

5-7 დეკემბერს თბილისში ADAMI Media Prize-ის ორგანიზებას უკეთებს სამონტაჟო
სახელოსნოს „ADAMI Studio თბილისი“. სახელოსნო განკუთვნილია აზერბაიჯანელი,
სომეხი და ქართველი რეჟისორებისა და მემონტაჟეებისთვის, რომელთა მხატვრული
თუ დოკუმენტური ფილმები მონტაჟის ეტაპზეა და ასახავს კულტურული
მრავალფეროვნების თემებს. ღონისძიება ჩატარდება თბილისის საერთოშორისო
კინოფესტივალთან და საქართველოს საზოგადოებრივ არხთან პარტნიორობაში.
სახელოსნოს თემატიკა და მიმართულებაა - პრაქტიკული მონტაჟი, სცენარის და
დრამატურგიული ხაზის დახვეწა და განვითარება.
„ADAMI Studio თბილისი“ ეს არის საუკეთესო პლატფორმა საკუთარი ხედვის
გაზიარების და სხვისი გამოცდილების მისაღებად. საერთაშორისო ექსპერტების
ჩართულობით სახელოსნოს მონაწილეები იმუშავებენ თავიანთი სცენარის
დრამატურგიის გაუმჯობესებაზე და გადაღებული მასალის მონტაჟზე. რაც მისცემს მათ
საშუალებას სხვა კუთხით შეხედონ და შეაფასონ თავიანთი ნამუშევრები, გახადონ
ისინი უფრო დახვეწილი და შესაფერის საერთაშორისო პლატფორმებისათვის.
ADAMI-ის 2019 წლის აქტივობების მხარდამჭერი:

2019-Nov-22

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია

დღეს, „ლოლიტაში“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა. პროგრამის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ფესტივალის დირექტორებმა გაგა ჩხეიძემ და ნინო ანჯაფარიძემ ისაუბრეს. პრესკონფერენციას ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასთინ მაქენზი სმიტი და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ზაზა ფურცელაძე ესწრებოდნენ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი.

ბრიტანეთის ელჩმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წლევანდელი ფესტივალი კიდევ უფრო ამყარებს თანამშრომლობას საქართველოსა და ბრიტანეთს შორის , რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს.

გაგა ჩხეიძის თქმით, წელს ფესტივალის „ ძლიერი ნაწილი“ ქართული პანორამაა. მისი თქმით, გამორჩეული იქნება წლევანდელი წელი მხატვრული კინოს ხარისხითაც.

წელს მხოლოდ ეროვნული კონკურსი გაიმართება. „ქართული პანორამის“ ფარგლებში გამარჯვებული სამ ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ეს ტრადიციული სექციაა, სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება იმართება. პროგრამის მიზანია, ქართველ კინემატოგრაფისტებს ფართო მაყურებლის წინაშე საკუთარი ნამუშევრის წარდგენაში შეუწყოს ხელი.

წლევანდელი, მე-20 საიუბილეო კინოფესტივალის ფოკუს-ქვეყანა დიდი ბრიტანეთია. ბრიტანეთის საელჩო და ბრიტანეთის საბჭო, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ახორციელებენ მასშტაბურ პროექტს - „დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019“ ანუ “ ბრიტანული სეზონი“, რომელიც უამრავ ღონისძიებას და აქტივობას მოიცავს. კინოფესტივალსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობაც, სწორედ „ბრიტანული სეზონის“ ფარგლებში ხორციელდება .
ფესტივალის და ბრიტანული სეზონის ინიციატივით, პროგრამა უახლესი გამორჩეული ფილმების ჩვენებას, ბრიტანული კლასიკური კინოს მცირე რეტროსპექტივას და სხვა აქტივობებს მოიცავს.

წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანულ ფოკუსს „PLAY UK“ ერქმევა.

სექცია „ რეჟისორი ფოკუსში“ წელს მექსიკელ რეჟისორს, კარლოს რეიგადასს მასპინძლობს. 8 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი თიბისი სტატუსთან ერთად, კინომოყვარულებს ლეგენდარულ რეჟისორთან შეხვედრის საშუალებას მისცემს.

მასტერკლასი სპეციალურად სტუდენტებისთვის და კინოპროფესიონალებისთვის პროექტ - „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში გაიმართება, რომლის მხარდამჭერია თბილისის მერია და ეროვნული კინოცენტრი.

როგორც მედიის წარმომადგენლებს ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალის მნიშვნელოვანი სიახლეა ბრიტანული პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტი - 90- წამიანი ფილმების კონკურსი „დეპიქტ!“, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას თბილისის და ბრისტოლის კინოფესტივალებს შორის.
ჟიური, რომლის წევრები დავით ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი და რიჩ უორენი (ბრისტოლის კინოფესტივალის დირექტორი) არიან, პირველ ეტაპზე გამოგზავნილი ფილმებიდან შეარჩევს ოც ფილმს, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში იქნება ნაჩვენები. გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.


ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ სექციებში „ჰორიზონტები“, „ამერიკები“, „ევროპული ფორუმი“.

თბილისის მე-20 საიუბილეო ფესტივალი 1 დეკემბერს, 19:30 საათზე, კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „ შანტაჟი“ “Blackmail” (1929წ) გაიხსნება. ფილმი ნაჩვენები იქნება ცოცხალი მუსიკის თანხლებით. სპეციალურად „ შანტაჟისთვის“ 2007 წელს შექმნილი მუსიკის ავტორი, კომპოზიტორი ნილ ბრენდი დაესწრება გახსნის ცერემონიალს. კომპოზიციას შეასრულებს სიმფონიური ორკესტრი „ალტერ ორკესტრა“ მირიან ხუხუნეიშვილის დირიჟორობით.

უკვე მესამე წელია, რაც  თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის  ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში”. წელს ამ კატეგორიაში ნომინირებულია შვიდი ფილმი, რომელთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ევროკავშირის პრიზით. დაჯილდოვება მოხდება 7 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე .
დახურვაზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი „ქორწილი“.
რაც შეეხება საპატიო პრომეთეს, ის წელს მექსიკელ რეჟისორ კარლოს რეიგადასს და ქართველ რეჟისორსა და სცენარისტს, ირაკლი კვირიკაძეს გადაეცემა.

 

 

 

2019-Nov-20

კარლოს რეიგადასის მასტერკლასი

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ პროექტს - „თანამედროვე კინოს დიდოსტატები“ - კარლოს რეიგადასის მასტერკლასი.

კარლოს რეიგადასი მექსიკელი კინორეჟისორი. მისი დებიუტი 2002 წელს შედგა ფილმით „იაპონია“. ამ ფილმმა, რომლის პროდიუსერიც თავად რეიგადასია, კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა - სპეციალური პრიზი“ მიიღო. ხოლო 2007 წელს გადაღებულმა ფილმმა „მდუმარე სინათლე“ მას ამავე ფესტივალის ჟიურის გრანპრი მოუტანა. აღსანიშნია, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი „მდუმარე სინათლეს“ ათწლეულის საუკეთესო ფილმად მიიჩნევს. 2012 წელს გადაღებული ფილმი „ნათელი წყვდიადის შემდეგ“ რეიგადასისთვის კვლავ წარმატების მომტანი გახდა - ამჯერად, კანის კინოფესტივალზე მან საუკეთესო რეჟისურისათვის განკუთვნილი პრიზი მიიღო. მისი უკანასკნელი ნამუშევარი „ჩვენი დრო“ ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა. ეს ფილმი 2018 წელს ჩვენს ფესტივალზეც იყო ნაჩვენები.

3 და 4 დეკემბერს, 14:00 საათზე, სტუდენტებისთვის და კინომოყვარულებისათვის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში (აუდიტორია N1) შემდეგი სახის მასტერკლასები ჩატარდება:
3 დეკემბერი: იდეისა და მომავალი ფილმის მხატვრული კონცეფციის ჩამოყალიბება, სცენარის შექმნის მეთოდოლოგია, ფილმის გადაღებისთვის მოსამზადებელი პერიოდი, მსახიობთან მუშაობის თავისებურება, გადაღების პროცესი.
4 დეკემბერი: პოსტ-პროდუქციის პერიოდი: მონტაჟი, ფერის კორექცია, ხმის დიზაინი, მუსიკა.

აღნიშნული პროექტი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მასტერკლასი გაიმართება ინგლისურ ენაზე, ქართული თარგმნის თანხლებით.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი N19.
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/724528901363382/?event_time_id=724528904696715

2019-Nov-20