ლაიფციგის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე ნინო კირთაძის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

\"I Invite You to My Execution\" ქართველი რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარია, რომელიც ლაიფციგის დოკუმენტური კინოფესტივალის საერთაშორისო პროგრამაში იქნება ჩართული. გარდა ფილმის ჩვენებისა, გაიმართება პანელ დისკუსია სახელწოდებით - „რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს ფილმს\", რომელშიც ქართველი ავტორიც მიიღებს მონაწილეობას. 

ნინო კირთაძე სარეჟისორო საქმიანობასთან ერთად, გახლავთ ჟურნალისტი. მუშაობდა კონფლიქტის ზონებში. აშუქებდა აფხაზეთის, ჩეჩნეთისა და ყარაბახის ომებს.

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში. ავტორია ფილმების: „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე\", „უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ\", „მილსადენის მეზობლები\", \"Durakovo: Village of Folls\" და სხვ. გადაღებულია ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი\". მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო: ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი (ბერლინი, 2002), საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ჯილდო (2003), ევროპული ოსკარი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის (2005).

2005 წლიდან, გახლავთ ევროპული აკადემიის წევრი.

2019 წლის 16 ივლისიდან, წარმოადგენს საქართველოს „ევრიმაჟში\".

2019-Oct-24

"შინდისმა" ვარშავის კინოფესტივალზე გაიმარჯვა

19 ოქტომბერს, ვარშავის კინოფესტივალი დაჯილდოვების ცერემონიალით დაიხურა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ფესტივალის მთავარი პრიზი, გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმ „შინდისს\" გადაეცა. თავად რეჟისორმა კი, პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის მიიღო.

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, რა დროსაც რუს ჯარისკაცებთან არათანაბარ ბრძოლაში, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

2019-Oct-21
/web/uploads/11/Martin_Hagemann.jpg

საერთაშორისო კოპროდუქციის შემუშავება

მარტინ ჰაგემანის მიერ ჩატარებულ სემინარზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან დამწყები კინორეჟისორები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, რომელიც 7-8 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. სემინარი მიეძღვნება საერთაშორისო კოპროდუქციების სტრუქტურებს და მოიცავს საქმის წარმოებას, პროექტებზე პრაქტიკულ სამუშაოებს და გაცნობით შეხვედრებს. თითოეული ქვეყნიდან შეირჩევა ორი კინოპროექტი და მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იქნებიან პროდიუსერები და რეჟისორები. შერჩეული მონაწილეების მგზავრობისა და განთავსების ღირებულებები ანაზღაურებული იქნება ორგანიზატორების მიერ.

სემინარზე მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოგზავნონ:
1. მოკლე სინოფსისი (ნახევარი გვერდი)
2. თრითმენთი (მაქსიმუმ 15 გვერდი)
3. რეჟისორისა და პროდიუსერის განაცხადები
4. საპრეზენტაციო ბროშურა (ბიუჯეტისა და ფინანსური გეგმის ჩათვლით)
5. რეჟისორისა და პროდიუსერის წინა ნამუშევრების ბმული

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ოქტომბერი.
განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ მოცემულ ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/1FNCVZ9kckF1k_t1CIgLDRzhOsarOho1ySdx3tJMHS9Y

მარტინ ჰაგემანი არის თანადამფუძნებელი მწარმოებელი კომპანიებისა \"Zero Film\" და „Zero Fiction Film\", რომლებიც 1990-იანი წლებიდან მრავალ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს ქმნიან. 2009 წელს, ბაბელბერგის კონრად ვოლფის კინოს უნივერსიტეტში, მარტინ ჰაგემანი გახდა კინოსა და სატელევიზიო წარმოების პროფესორი. ამჟამად, ასევე არის საერთაშორისო საქმეთა ვიცე-პრეზიდენტი. მისი სასწავლო მიდგომა კონცენტრირდება დაფინანსების, ახალი ბაზრების, კინოპოლიტიკის და კინემატოგრაფიული პროექტების წარმოებასა და განაწილებაზე.

სემინარი ორგანიზებულია \"GAIFF Pro\"-სა და თბილისის საერთაშორის კინოფესტივალის მიერ.

 

2019-Oct-18
/web/uploads/11/72221848_2614314561963636_5105569564834398208_o.jpg

"ნახე პირველად ბაკურიანში" - ბაკურიანმა ყოველწლიურ კინოფორუმს უმასპინძლა

10-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით, ბაკურიანმა ეროვნული კინოცენტრისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ ორგანიზებულ კინოფორუმს - „ნახე პირველად ბაკურიანში\" უმასპინძლა. რიგით მესამე პროექტის ფარგლებში მოწვეული იყვნენ კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, კინომცოდნეები, რეჟისორები და მსახიობები. 4 დღის განმავლობაში, მათ ადგილობრივ მაყურებელთან ერთად საშუალება ჰქონდათ ენახათ ფილმები, რომლებიც ფართო აუდიტორიისათვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია.

აღსანიშნავია, რომ ყოველი ჩვენების შემდეგ იმართებოდა დისკუსია, სადაც მაყურებლები და კრიტიკოსები შემოქმედებით ჯგუფს კითხვებს უსვამდნენ და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.

ღონისძიება გახსნა საქართველოდან ოსკარზე წარდგენილმა ნამუშევარმა „შინდისი\". ფილმის რეჟისორის, დიმიტრი ცინცაძის კიდევ ერთი ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე\" მეორე დღეს იქნა ნაჩვენები.

მაყურებელს ახალგაზრდა რეჟისორთა ნამუშევრების ნახვის საშუალებაც მიეცა - უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები\" და გიგა ლიკლიკაძის „ღორი\" მათი სადებიუტო ფილმებია, რომლებმაც მაყურებლისგან საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურეს.

პროგრამაში გახლდათ დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი\", რომლის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა.

გამოსარჩევია დოკუმენტური ფილმებიც. პროგრამაში იყო გიორგი მრევლიშვილის „თორმეტი გაკვეთილი\", რომლითაც კინოფორუმი დაიხურა, ხოლო პროგრამის მიღმა ნაჩვენები ლაშა ოთხმეზურისა და ვახო ვარაზის ერთობლივი ნამუშევარი „დაკარგული რვანახევარი\", დიდი ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

გარდა კინოჩვენებებისა, ბაკურიანის კინოფორუმზე იმართებოდა პანელ-დისკუსიებიც. „შემოქმედებითი ევროპის\" ქართული მხარე გაუძღვა დისკუსიას კინომემკვიდრეობის შესახებ, ხოლო კინოცენტრის წარმომადგენლებმა ქართული კინოინდუსტრიის პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

საბოლოოდ, ოთხდღიანმა კინოფორუმმა აჩვენა, რომ კრიტიკოსების, რეჟისორებისა და სხვა მაყურებლების მიერ გამართული ერთობლივი დისკუსიები ქართული კინემატოგრაფისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ყველა მხარეს თანაბრად ეძლევა საშუალება, გამოთქვას აზრი, ისაუბროს არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

 

 

2019-Oct-16
/web/uploads/69288344_2639872329365019_5387720943059599360_o.jpg

ბათუმის კინოფესტივალის და საკონკურსო ფილმების შესახებ

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი 15 სექტემბერს გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში, მაყურებელს საინტერესო ჩვენებები, მასტერკლასები და უორქშოფები შესთავაზა. ფესტივალის გახსნაზე, რომელიც ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა, კინოში შეტანილი წვლილისათვის საპატიო ჯილდოები გადაეცათ ამერიკელ სცენარისტს პოლ შრედერს, ფრანგ მსახიობს დენი ლავანს და მსახიობ მანუჩარ შერვაშიძეს. ხოლო დახურვაზე ეს საპატიო ჯილდო რეჟისორ ალექსანდრე მინდაძეს ერგო.

რამდენიმე სექციასთან ერთად, ყველაზე საინტერესო ჩვენებები მაყურებელმა პროგრამაში - „დიდოსტატთა კოლექცია\" იხილა, სადაც ნაჩვენები იყო ბერლინალესა და კანის საკონკურსო პროგრამის ფილმები - ჟან და ლუკ დარდენების „ახალგაზრდა აჰმედი\", ბრილანტე მენდოზას „ალფა: მკვლელობის უფლება\", ქშიშტოფ ზანუსის „ეთერი\", ფატიჰ აკინის „ოქროს ხელთათმანები\", კენ ლოუჩის „უკაცრავად, ვერ მოგისწარით\" და სხვა.

ფესტივალის მთავარ საკონკურსო სექციაში 10 მხატვრული ფილმი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც თავისი გამომსახველობითი ხერხებით, თემატურობითა თუ ამბის მოყოლის სტილით გამახსოვრებდა თავს. მაგალითად, ასეთი იყო წარმოშობით აზერბაიჯანელი ელმან იმანოვის ფილმი „სეზონის დასასრული\". ამ ფილმში ერთი ოჯახის ერთი ჩვეულებრივი დღეა აღწერილი. მისი სამი გმირი: მამა სამირი, დედა ფიდანი და 18 წლის შვილი მაჰმუდი, თითქოს მთლიანად არიან გამოფიტულნი, დაცლილნი ყოველგვარი ემოციებისგან, სიყვარულისგან, გრძნობებისგან და ერთმანეთში მხოლოდ მექანიკურად ურთიერთობენ. ეჭვი, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს და გალღვეს, მას შემდეგ გებადება, რაც სანაპიროზე გასულები დედას კარგავენ. არავინ იცის სადაა ფიდანი, სადმე ან იქნებ ვინმესთან ერთად გაიქცა თუ წყალში დაიხრჩო, ზუსტად მაგ დროს ხომ წყალში მაშველებმა ადამიანი შენიშნეს, რომელიც შველას ითხოვდა და მოულოდნელად გაუჩინარდა. მსხვილი ხედებით აგებული ფილმი დიალოგებითაა დატვირთული და ადამიანების მარტოობის, ერთმანეთთან გაუცხოების თემას გადმოსცემს. ხოლო გარემო, იქნება ეს ფიდანისა და სამირის სახლი, თითქმის უკაცრიელი სანაპირო ასევე ცარიელი ბარით თუ მაჰმუდის დაქირავებული, ლამის გაპარტახებული ბინა, ამ გაუცხოებასა და გამოფიტულობას კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.

თურქი რეჟისორის ემინ ალპერის ფილმი „სამი დღის ზღაპარი\" წელს ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. თურქეთის მიყრუებულ სოფელში, მთაში სამი და, მამასთან ერთად ცხოვრობს. სამივეს სურვილია დროზე მოსცილდეს აქაურობას და ქალაქში, მოახლედ დაიწყოს მუშაობა. სამივე განსხვავებულია და სამივე დარწმუნებულია, რომ ნამდვილი ცხოვრების დაწყებას მხოლოდ ცივილიზაციისგან მოწყვეტილი სოფლიდან თავის დაღწევის შემდეგ თუ შეძლებენ. მაღალმთიანი, მოწყვეტილი რეგიონები და მისი ბინადარნი, ქალები ამ პატრიარქალურ სამყაროში - ალპერი ცდილობს ეს ყველაფერი პოეტური ენით გადმოსცეს.

სრულიად განსხვავებული და გამორჩეული იყო, საკონკურსო ფილმების საუკეთესო ნამუშევარი - ირანელი რეჟისორის რეზა მირკარიმის ფილმი „ოცნებების სასახლე\". მძიმედ დაავადებული დედა საავადმყოფოშია. მამა კი ბავშვების წასაყვანად მოდის, რომელსაც ისინი წლებია არ უნახავს. ჯალალს, რომელიც ციხიდან ახალი გამოსულია, სულ არ უნდა ამ ზედმეტი ტვირთის (სარა და ალი) აკიდება და მათი, საკუთარი შვილების თავისთან წაყვანა. თუმცა მას, სხვა გზა არ რჩება. თითქმის მთელი ფილმის სიუჟეტი ერთ მანქანაში ვითარდება, რომელშიც მოკალათებული ერთი ოჯახის უცხო წევრები გრძელ გზას გადიან. ეს არის ფილმი, რომლის 86 წუთში ჩატეულია სიყვარული, სევდა, წყენა, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, ოცნებების კოშკების მსხვრევა და ადამიანურობა, ჰუმანურობა. ალის, რომელიც 7-8 წლისა იქნება, საოცარი სიფაქიზით შეუძლია მოეპყრას ამ თითქმის უცნობ მამაკაცს, ამ ზნედაცემულ მამას და მას მაგალითი უჩვენოს. მაშინ როდესაც მისი პატარა და სარა, მთელი ფილმის განმავლობაში შეუჩერებლად, ბავშვური გულწრფელობით ლაქლაქებს და წლების უნახავ მამას, გაუთავებლად უსვამს კითხვებს. საინტერესოა, რომ რამდენადაც დიდ ემოციურ ზეგავლენას ახდენს ფილმი მაყურებელზე, იმდენად თავშეკავებული აღმოჩნდა მისი ფინალი. გამოცემამ „ჰოლივუდრეპორტერი\" მირკარიმის „ოცნებების სასახლე\" ვიტორიო დე სიკას „ველოსიპედის გამტაცებლებს\" შეადარა.

დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 22 სექტემბერს გაიმართა. ფესტივალის ხუთკაციან ჟიურის ხელმძღვანელობდა რეჟისორი ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი), მისი დანარჩენი წევრები იყვნენ: ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო). ჟიურიმ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში გამოავლინა:

გრანპრი - \"და იქმნა ნათელი\", რეჟისორი: მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019

საუკეთესო რეჟისურა - \"ოცნებების სასახლე\", რეჟისორი: რეზა მირკარიმი, ირანი, 2019

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - კაიან აჩიკგოზი, ფილმი „სამი დის ზღაპარი\", რეჟისორი: ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019

საუკეთესო მსახიობი ქალი - ჩემრე ებუზზია, ფილმი „სამი დის ზღაპარი\", რეჟისორი ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019

ჟიურის სპეციალური პრიზი - \"სეზონის დასასრული\", რეჟისორი: ელმარ იმანოვი, გერმანია/აზერბაიჯანი/საქართველო, 2019

 

ფესტივალზე წელს მეორედ იყო ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური, რომელშიც შედიოდნენ: ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე და სალომე კიკალეიშვილი. მათი რჩეული გახდა რეზა მირკარიმის \"ოცნებების სასახლე\".

 

ამას გარდა, BIAFF 2019-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ქშიშტოფ გიერატი (პოლონეთი) - ჟიურის თავჯდომარე, გასიდე გოლმაკანი (ირანი), კარენ ავეტისიანი (სომხეთი), ოლეს იანჩუკი (უკრაინა) და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „მაფიის გადაღება\", კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019

ჟიურის სპეციალური პრიზი - „სიყვარულის ავტომობილი\", ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019 და „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ\", ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019.

 

ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურის ხელმძღვანელი იყო ოთარ შამათავა (საქართველო). ფილმებს მასთან ერთად აფასებდნენ პოლ თილჯესი (ლუქსემბურგი) და დავიდ ლორენცი (გერმანია).

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა - \"ცხოველი\", ამირან დოლიძე, საქართველო, 2019

ჟიურის დიპლომი - გადაეცა ორ ფილმს: \"იმედი\", ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019 და \"საზამთროს წვენი\", ირინე მორეი, ესპანეთი, 2019

 


კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდა BIAFF 2019 ინდუსტრიული პლატფორმის გამარჯვებული პროექტები და გადაეცათ შემდეგი პრიზები:

ვროცლავის აუდიოვიზუალური ცენტრის (CETA) პრიზი - 10,000 ევროს ექვივალენტი კინოპროდუქციის სერვისი - პროექტს „ნარინჯისფერი ცა\" - რეჟისორი და პროდიუსერი შალვა შენგელი, თანასცენარისტი ალექსანდრე ქურხული.

BIAFF კინოფესტივალის პრიზი - საერთაშორისო კინოფესტივალზე BERLINALE დასწრება - პროექტს „ტვირთი\"- რეჟისორი და პროდიუსერი ანა იოსავა, თანასცენარისტი ოთარ ქათამაძე.

სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „Meeting on the Bridge\" პრიზი - სატამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე დასწრება - პროექტს „შენ გავხარ მამას\" - რეჟისორი ლევან ლომჯარია, პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე.

 

 

2019-Sep-25
/web/uploads/mamulia-criminal.jpg

„ბოროტმოქმედი“ - ვენეციაში დიმიტრი მამულიას ფილმის პრემიერა გაიმართა

5 სექტემბერს ვენეციაში ნაჩვენები იყო დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი\", რომელიც საკონკურსო სექციაში „ჰორიზონტები\" იყო წარმოდგენილი. მოკლედ რომ ვთქვათ, \"ბოროტმოქმედი\" - ესაა ისტორია ახალგაზრდა კაცზე, რომელიც მაღაროში მუშაობს და სრულიად შემთხვევით, ერთ დღეს, ცნობილი ფეხბურთელის მკვლელობას შეესწრება.

„მინდოდა ქართული მასალა ყოფილიყო, ოღონდ ყოველგვარი ეგზოტიკის გარეშე\" - განაცხადა მამულიამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რუსულ-ქართული კო-პროდუქციაა, ის მთლიანად საქართველოშია გადაღებული. ოდესღაც არსებული იდეა დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის\" მიხედვით გაეკეთებინა ფილმი, „ბოროტმოქმედში\" ტრანსფორმირდა.

თავის ფილმში მამულია მკველობაზე საუბარს თუ ამ ფენომენის ძიებას მოულოდნელი ფიგურით იწყებს. ის არც დამნაშავეა და არც მსხვერპლი, ის შემთხვევითი მოწმეა. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ფეხბურთელის მკვლელობას შეესწრება არ მიდის პოლიციაში. ამ საიდუმლოს თავისთვის ინახავს და საკუთარ გამოძიებას თუ თვალთვალს იწყებს, რომელიც მკვლელობის ხილვისას რაღაც ავადმყოფურ ემოციურ კავშირად თუ მიჯაჭვულობად ჩამოუყალიბდა. მუდმივად ადევნებს თვალს მკვლელის ძიების პროცეს, უყურებს საინფორმაციო საშუალებებში გასულ სიუჟეტებს, გადის კონტაქტზე გარდაცვლილის ახლობლებთან, დაკრძალვაზეც კი მიდის. ხშირად უბრუნდება დანაშაულის ადგილს და გარდაცვლილის ქვრივსა და შვილს უთვალთვალებს. მამულიას ნუარის ჟანრის ფილმი დეტექტიური თრილერია, რომლის გმირი, იმდენად აღმოჩნდება ჩაფლული ამ „დავალების\" თუ თავსატეხის ამოხსნით, რომ ბოლოს ყველანაირ ზღვარს სცდება - ხვდება, იმისათვის რომ გაარკვიოს თუ ვის ეძებს ის სინამდვილეში, მათსავით მოქცევა უნდა ისწავლოს. ანუ, მოკვლა უნდა ისწავლოს.

კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი მის ფილმზე საუბრისას ალექსანდრე მინდაძის ნამუშევრებს იხსენებს და ნური ბილგე ჯეილანის ფილმებს ადარებს. ხაზს უსვამს მშვენიერ ოპერატორულ ნამუშევარს (ოპერატორები ალიშერ ხამიხოჯაევი და ანტონ გრომოვი). ამბობს, რომ უცნაურად სიტყვაძუნწი პერსონაჟებით სავსე ფილმის ნახვის შემდეგ, მაყურებელს თავად შეუძლია უსახელო გმირების ბიოგრაფიებისა და მათი ქმედებების მოტივების მოფიქრება. რომ მისი მთავარი გმირი, ორ სამყაროს შორისაა გახლეჩილი: ქარხანა, სადაც ის მუშაობს და ადამიანისგან სრულიად თავისუფალი პეიზაჟები, რომელიც ერთდროულად იდილიისა და ავის მომასწავალებლია - „სოციალური და პოლიტიკური განზომილების, ფსიქოლოგიური ახსნების უარყოფითა და დაკვირვებებით - იქნება ეს ინჟინერი იარაღით, ცხვრების ფარა თუ ველური ჩიტი - რეჟისორი უფსკრულში ჩახედვას გთავაზობს და ამ უკანასკნელს შენში ახედებს. ხო, ეს არ არის ახალი, მარამ საოცრად თავშესაქცევი ატრაქცონია\".

„ბოროტმოქმედი\" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარისტები: დიმიტრი მამულია და არჩილ ქიქოძე, ხოლო მთავარ როლებში: გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი მონაწილეობენ.

 

2019-Sep-10
/web/uploads/67685533_2298757700160186_5943401522598510592_n.jpg

განაცხადების მიღება დაიწყო!!!

განაცხადების მიღება დაიწყო!!!

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი (2019 წლის 1-8 დეკემბერი) აცხადებს ფილმების მიღებას სექციისთვის \"ქართული პანორამა\".

ფესტივალის ოფიციალური ჯილდოებია: ოქროს პრომეთე - საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმისთვის, ვერცხლის პრომეთე - საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმისთვის და ბრინჯაოს პრომეთე - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმისთვის.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა (ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ) და გამოგზავნეთ საჭირო მასალასთან ერთად კინოხელოვნების ცენტრში „პრომეთე\" (დეტალურად მასალისა და სხვა მოთხოვნების შესახებ იხილეთ ფესტივალის რეგლამენტი).

ფესტივალის მისამართია:
კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი,
აღმაშენებლის 164,
0112 თბილისი,
საქართველო

განაცხადის შემოტანამდე გთხოვთ, იხილოთ ფესტივალის რეგლამენტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:
2019 წლის 25 სექტემბერი

 

 

2011-Dec-07
/web/uploads/ad-astra.jpg

ნეტფლიქსის, ჯოკერის და უამრავი საინტერესო პროექტის შესახებ ვენეციაში

რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს უხუცესმა ვენეციის კინოფესტივალმა 76-ე გამოშვების პროგრამა გამოაქვეყნა. წლევანდელი ჟიურის პრეზიდენტია ლუკრეცია მარტელი, რომელიც თავის გუნდთან ერთად ფილმებს შემდეგ პრიზებს გადასცემს: \"ოქროს ლომი\" საუკეთესო ფილმისათვის, ჟიურის გრან-პრი, \"ვერცხლის ლომი\" საუკეთესო რეჟისურისათვის, ჟიურის სპეციალური პრიზი, ჯილდოები სამსახიობო შესრულებისათვის და საუკეთესო სცენარისათვის, ასევე მარჩელო მასტროიანის სახელობის ჯილდო, რომელიც საუკეთესო დამწყებ მსახიობებს გადაეცემა. კრისტენ სტიუარტი, ბრედ პიტი, მერილ სტრიპი, ხოაკინ ფენიქსი, რობერტ დე ნირო, რობერტ პატისონი, ჯონი დეპი, გაელ გარსია ბერნალი, ადამ დრაივერი, სკარლეტ იოჰანსონი, ტიმოთე შალამე - ეს მსახიობების ის არასრული ჩამონათვალია, რომელთაც წელს, ვენეციაში ელოდებიან.

ჰიროკაძუ კორეედას ფილმი The Truth, კეტრინ დენევით, ჯულიეტ ბინოშითა და ითან ჰოუკით მთავარ როლებში, ფესტივალის გამხსნელ ფილმად შეირჩა. დედისა და ქალიშვილის ურთიერთობაზე აგებული ფილმი, კორეედას პირველი ევროპული ნამუშევარია, რომელსაც მაყურებელი 28 აგვისტოს, ფესტივალის პომპეზური გახსნის ცერემონიალის შემდეგ იხილავს.

76-ე ფესტივალის საკონკურსო პროგრამა ძალზედ საინტერესოდ გამოიყურება და მასში 21 ფილმი იღებს მონაწილეობას.

ბრედ პიტი ჯეიმს გრეის ფილმში Ad Astra-ში მონაწილეობს და ასტრონავტ როი მაკბრაიდს განასახიერებს. კაცს, რომელიც სოლარული სისტემის უკიდეგანო სივრცეში დიდი ხნის წინ დაკარგული მამის მოსაძებნად მიდის.

ნოა ბაუმბახის ფილმი Marriage Story განქორწინების პირას მყოფი წყვილის ერთგვარი კვლევაა, სკარლეტ იოჰანსონითა და ადამ დრაივერით მთავარ როლებში. ასევე კონკურსშია საკმაოდ ხმაურიანი პროექტი, ტოდ ფილიპსის კომიქსის მიხედვით გადაღებული Joker-ი, ხოაკინ ფენიქსით მთავარ როლში. „უნდა გითხრათ რომ ეს მართლაც გასაოცარი ფილმია. ყველაზე გასაოცარი, რაც კი წელს ჩვენს ფესტივალზე იქნება ნაჩვენები. დარწმუნებული ვარ ის „ოსკარის\" კანდიდატია, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიუჟეტი ძალადობითაა სავსე. მას საოცარი ამბიცია და მასშტაბი აქვს\", აღნიშნა ფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ფესტივალი, მაგალითად კანი, დიდ ბოიკოტს უცხადებს „ნეტფლიქსს\", ვენეციაში მისი პროდუქციისთვის კარი მუდამ ღიაა. წელს ფესტივალზე „ნეტფლიქსის\" ორი ფილმი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის სტივენ სოდერბერგის პანამის დოკუმენტებზე დაფუძნებული The Laundromat, სადაც მთავარ როლებში მერილ სტრიპი, გარი ოლდმანი და ანტონიო ბანდერასი მონაწილეობენ.

მოძრაობა #MeToo-ს გამო საზოგადოებისგან გარიყული 85 წლის რომან პოლანსი ვენეციაში ახალ ფილმს წარადგენს - An Officer and a Spy. დრეიფუსის საქმეზე გადაღებულ ფილმში, მთავარ როლში პოლანსკიმ ჟან დუჟარდენი მიიწვია. რომან პოლასკი ვენეციის მთავარი პრიზის „ოქროს ლომის\" მფლობელი რეჟისორია და 1993 წელს, ამავე ფესტივალზე მას კინოში შეტანილი წვილილისათვის საპატიო ჯილდო აქვს მიღებული. პოლანსკიმ ცოტა ხნის წინ სარჩელიც კი შეიტანა სასამართლოში, რათა ამერიკის კინოაკადემიამ მისი სრულუფლებიანი წევრობა აღადგინოს, საიდანაც ჰარვი ვაინშტაინთან ერთად, სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო გარიცხეს.

ხაიფა ალ-მანსური პირველი ქალია, რომელმაც ფილმი გადაიღო საუდის არაბეთში. The Perfect Candidate ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები.

ფესტივალზე ასევე გაიმართება პაოლო სორენტინოს მრავალსერიანი ფილმის The New Pope-ის ორი ახალი ეპიზოდის ჩვენებაც, სადაც ჯუდ ლო და ჯონ მალკოვიჩი თამაშობენ.

და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი. ცნობილია რომ ვენეციის ფესტივალზე სექციაში „ჰორიზონტები\" გაიმართება დიმიტრი მამულის ფილმის „ბოროტმოქმედი\" მსოფლიო პრემიერა. ეს არის საქართველო-რუსეთის ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც ქარხნის ინჟინერზე გვიყვება, 25 წლის გმირზე, რომელიც სრულიად შემთხვევით, მკვლელობის მოწმე გახდება. ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარისტები: დიმიტრი მამულია და არჩილ ქიქოძე, ხოლო მთავარ როლებში: გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი მონაწილეობენ.

კინოში შეტანილი წვლილისათვის 76-ე ფესტივალის საპატიო ჯილდოები ჯული ენდრიუსსა და პედრო ალმოდოვარს გადაეცემათ.

ვენეციის 76-ე ფესტივალის გამარჯვებულები 7 სექტემბერს გახდება ცნობილი.

 

 

2019-Jul-29
/web/uploads/5Bc3txy8rgtvKkCCH527OHu4QxyrYgF9.jpg

მოკლედ, ოდესის მე-10 კინოფესტივალზე

ეს არის ის ძირითადი პლატფორმა, რომელიც უკრაინელ და უცხოელ კინოპროფესიონალებს ერთ სივრცეში აერთიანებს. რომელიც უკრაინული ფილმების პოპულარიზაციაზე ზრუნავს და უკვე მეათე წელია, რაც მაყურებელს, პომპეზურ გახსნა-დახურვას, საინტერესო პრემიერებს და საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზირებულ ახალ ფილმებს, საინტერესო უორქშოფებსა და ზოგადად, უნიკალურ საფესტივალო ატმოსფეროს სთავაზობს. ოდესის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 12-20 ივლისს ჩატარდა.

ფესტივალს რამდენიმე საკონკურსო პროგრამა აქვს: ეროვნული მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ევროპული დოკუმენტური კინო და საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები. როგორც წესი, ფესტივალის გრან-პრის მაყურებელი ანიჭებს. დანარჩენ ნომინაციებში (საუკეთესო ფილმი, რეჟისურა და სამსახიობო შესრულება) ფილმებს ფესტივალზე მოწვეული ჟიური აფასებს. წლევანდელი ჟიურის ხელმძღვანელი იყო ბელგიელი რეჟისორი პეტერ ბროსენი, ხოლო მისი დანარჩენი წევრები: უკრაინელი მსახიობი ივანა სახნო, კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი კარელ ოხი, ირლანდიელი მსახიობი ბარი უორდი და ქართველი მწერალი და რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი.

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში 12 ფილმი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ\"; ფილმი, რომელმაც დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა კანში და საკმაოდ გახმაურებული ბრიტანული ნამუშევარი, ტილდა სუინტონით მთავარ როლში, ჯოანა ჰოგის The Souvenir.

20 ივლისს გამართულ დახურვის ცერემონიაზე თავდაპირველად ფესტივალის გრან-პრის, ანუ მაყურებლის ფავორიტი ფილმები (ამჯერად ორი) გამოვლინდა - ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ\" და ნარიმან ალიევის Homeward, რასაც ჟიურის გამარჯვებულის გამოცხადება მოჰყვა. ოდესის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ლევან აკინი გახდა მისი სასიყვარულო ისტორიით „და ჩვენ ვიცეკვეთ\". -„ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა მამაც ახალგაზრდას, ის ეკუთვნის საქართველოში 2013 წელს ჩატარებული პირველი გეიპრაიდის ორგანიზატორებს და მათ, ვინც ახლა პარლამენტის წინ დგას\", - ლევან აკინის სიტყვები წაიკითხა პრიზის ასაღებად, სცენაზე ასულმა ფილმის პროდიუსერმა ქეთი დანელიამ. ლევან გელბახიანმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს აკინის ფილმში საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო დაიმსახურა.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული კი ანტონიო ლუკიჩის ფილმი My Thought Are Silent გახდა, რომელმაც წინა დღეს, ფიპრესის ჯილდო მიიღო. სხვათაშორის, ამავე ფილმმა წლევანდელი კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში „დასავლეთის აღმოსავლეთი\" ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

დახურვაზე მაყურებელმა ნახა თეონა სტრუგარ მიტევსკას ფილმი „ღმერთი არსებობს და მისი სახელია პეტრუნია\", რომელიც ამავე დროს კონკურსში მონაწილეობდა და მან ეკუმენიკური ჟიურისა და არტ-ჰაუს კინოს გერმანული ასოციაციის პრიზები დაიმსახურა.

ფესტივალზე გაიმართა კატრინ დენევის მონაწილეობით შექმნილი ფილმების რეტროსპექტივა და თავად მსახიობიც ეწვია ოდესას, რომელმაც მისი მაყურებლისთვის სპეციალური შეხვედრა გამართა. ფილმის Farewell to the Night ჩვენების წინ მან თქვა: „მე ძალიან მიყვარს ეს ფილმი, მომწონს მისი ამბავი და თემა. მიყვარს ის გმირი, რომელსაც განვასახიერებ. ამ ფილმს გამოკვეთილი პოზიცია აქვს და დარწმუნებული ვარ, ეს თემა ბევრი ქალისთვის იქნება ნაცნობი\".

ფაქტობრივად, რომ გადახედოთ ოდესის კინოფესტივალის წლევანდელ პროგრამას, ადვილად დარწმუნდებით იმაში, რომ ამ ფესტივალმა მაყურებელს წლის საუკეთესო ფილმები შესთავაზა. მაგალითად სექციაში „ფესტივალების ფესტივალი\" ნაჩვენები იყო საერთაშორისო კინოფესტივალებზე აღიარებული ახალი ფილმები: ნავად ლაპიდის Sunonymes (ბერლინალეს გამარჯვებული), ისაკი ლაკუესტას Between Two Waters (სან-სებასტიანის გამარჯვებული), ჯუნ ჰო ბონგის Parasite (კანის გამარჯვებული), კანტემირ ბალაგოვის Beanpole („ოქროს გარგარის\" გამარჯვებული).

სექციაში „დიდი პრემიერები\" მაყურებელმა ნახა: კენ ლოუჩის სოციალური დრამა Sorry We Missed You, ჯიმ ჯარმუშის The Dead Dont Die, ფატიჰ აკინის The Golden Glove და მრავალი სხვა.

„სპეციალურ ჩვენებებში\" კი წარმოდგენილი იყო სერგეი ლოზნიცას The Trial, მილოშ ფორმანის Loves of a Blonde და ანიეს ვარდას Varda by Varda. ამას გარდა, ფესტივალზე მაიკ ლის რეტროსპექტივაც გაიმართა და მაყურებელმა კიდევ ერთხელ ისიამოვნა ბრიტანელი რეჟისორის ფილმებით.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორ ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმი \"და ჩვენ ვიცეკვეთ\" კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ხოლო ამერიკულმა ჟურნალმა W 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა და მათ შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი.

სხვადასხვა წლებში ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული ქართული ფილმები იყო: ლევან კოღუაშვილის „ბრმა პაემნები\" და ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი\".

 

 

2019-Jul-23
/web/uploads/1563299917-727FFC17-903F-4486-8C38-BEB0C2069A0E_w1023_r1_s.jpg

ნინო კირთაძე - საქართველოს ახალი წარმომადგენელი „ევრიმაჟში“

ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე, რომელიც უკვე წლებია პარიზში ცხოვრობს, „ევრიმაჟში\" საქართველოს წარმომადგენელი იქნება. ცნობა ამ სიახლის შესახებ, გუშინ, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა.

საქართველო „ევრიმაჟის\" წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, 8 წლის განმავლობაში კინოცენტრის ყოფილი დირექტორი, თამარ ტატიშვილი იყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფონდის მიერ პროექტებზე 3,092 322 ევრო გაიცა და 15 ქართულ-უცხოური კო-პროდუქცია შეიქმნა.

ნინო კირთაძე დაიბადა თბილისში 1968 წელს. ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად. 1994-95 წლებში მუშაობდა ჩეჩნეთში საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის კორესპონდენტად. 1997 წელს ნინო კირთაძემ ითამაშა ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი\", რომელიც ოსკარის ნომინაციაში მოხვდა. საერთაშორისო ფესტივალებზე მას უამრავი პრიზი აქვს მიღებული: ფილმმა „ნავთობსადენი მეზობლად\" მოიპოვა ევროპული კინოაკადემიის პრიზი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის (ბერლინი, 2005), აგრეთვე ტემპლტონის მთავარი პრიზი (შვეიცარია, 2005), ხოლო ფილმი „გადაეცი მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ\" აღინიშნა პრიზით „ოქროს ფიპა\" (აუდიოვიზუალური პროგრამების საერთაშორისო ფესტივალი, ბიარიცი, 2004) და ლუი მარკორელის პრიზით (სინამდვილის კინო, პარიზი 2004).

ნინო მუშაობდა ისეთ მსახიობებთან, როგორებიც არიან ვიტორიო გასმანი, ბენ კასარა, ჟაკ დიუტრონი და შარლოტ რემპლინგი. ამჟამად, ის ახალ ფილმზე და ორი მხატვრული ფილმის სცენარზე მუშაობს, როგორც ლექტორი, აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთისა და შვეიცარიის კინოსკოლებთან, კოლუმბიის უნივერსიტეტთან.

 

 

2019-Jul-17
/web/uploads/golden-apricot2.jpg

მე-16 „ოქროს გარგარი“ და ქართული ფილმების წარმატება

ერევანის საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი\" 2004 წელს სამმა თანამოაზრემ დაარსა - ჰარუტიუნ ხაჩატრიანმა (კინორეჟისორი, ფესტივალის ყოფილი გენერალური დირექტორი), მიკაელ სტამბოლციანმა (კინოკრიტიკოსი, პროგრამების ყოფილი დირექტორი) და სუსანა ჰარუტუნიანმა (კინოკრიტიკოსი, ყოფილი მხატვრული დირექტორი). 2005-2015 წლებში ფესტივალის პრეზიდენტი იყო ცნობილი რეჟისორი ატომ ეგოიანი. გამოჩენილი რეჟისორის სახელმა უდავოდ შეუწყო ხელი ფესტივალის პოპულარიზაციას და „ოქროს გარგარი\" მალევე მოექცა უცხოური პრესის ყურადღების ქვეშ.

ყოველწლიურად, ფესტივალის ორგანიზატორები ცდილობდნენ მაყურებლისთვის მაქსიმალურად საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა შეეთავაზებინათ. მოწვეულ სტუმრებს შორის კი სხვადასხვა დროს იყვნენ: ვიმ ვენდერსი, ტონინო გუერა, კლაუდია კარდინალე, ფანი არდანი, თეო ანგელოპულოსი, ლი ჩან დონი, ფატიჰ აკინი, იშტვან საბო, ოთარ იოსელიანი და კინოსამყაროს სხვა ცნობილი წარმომადგენლები.

არც წლევანდელი „ოქროს გარგარი\" აღმოჩნდა გამონაკლისი. მით უმეტეს, რომ წელს ის მაყურებლის წინაშე განახლებული სახით წარსდგა: ახალი საორგანიზაციო ჯგუფი, ახალი ლოგო, სრულიად შეცვლილი დიზაინი.

ფესტივალი 7 ივლისს ჯუნ ჰო ბონგის „პარაზიტით\" გაიხსნა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად 740 ფილმის ავტორმა გამოთქვა სურვილი. შერჩეული ფილმების დიდი ნაწილი ისეთ ფესტივალებზე იყო ნაჩვენები (პრემირებული თუ საერთაშორისო კონკურსში მონაწილე) როგორებიცაა: კანი, ბერლინი და როტერდამი.

მე-16 ფესტივალს საპატიო სტუმარი ჰყავდა, მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი. წლევანდელ „ოქროს გარგარზე\" გაიმართა მისი ფილმების რეტროსპექტივა და რეჟისორს საპატიო პრიზი  გადაეცა.

საერთაშორისო ჟიურის ხელმძღვანელობდა კინორეჟისორი ალექსანდრე მინდაძე, მისი დანარჩენი წევრები კი იყვნენ: ირანელი რეჟისორი რეზა მირკარიმი, ემი ჰობი (ტრაიბეკას კინოფესტივალის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი), რეჟისორი ნიკოლა ვადიმოვი (შვეიცარია), რეჟისორი ნინო კირთაძე (საფრანგეთი), პროდიუსერები: პაოლო ბერტოლინი (იტალია) და ელიზაბეტ კარლსენი (ბრიტანეთი).

ახლა კი, რაც შეეხება სექციებსა და მასში მონაწილე ფილმებს. მთავარ საკონკურსო პროგრამაში 12 ფილმი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო ნინო ჟვანიას ფილმი „აღლუმი\", რომელმაც თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის\" ჯილდო დაიმსახურა. აქვე წარმოდგენილი იყო დენი კოტეს ფილმი Ghost Town Anthology, რომელიც წელს ბერლინალეს მთავარ საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობდას. ვფიქრობ, ამ რეჟისორს დიდი წარდგენა აღარ სჭირდება, რადგან თბილისის მე-18 კინოფესტივალზე ნაჩვენები მისი ფილმების რეტროსპექტივა, უდაოდ, ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ღონისძიება იყო. ახალ ფილმში დენი კოტე ერთი პატარა დასახლების ყოველდღიურობას აღწერს, სადაც მიცვალებულთა სულები და ცოცხალი ადამიანები თანაცხოვრებას ცდილობენ. „ოქროს გარგარის\" საკონკურსო ფილმებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ თეონა სტრუგარ მიტევსკას ფილმი „ღმერთი არსებობს და მისი სახელია პეტრუნია\", რომელიც ბერლინალეს საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა.

13 ივლისს გამართულ დაჯილდოების საღამოზე, ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. „ოქროს გარგარის\" მფლობელი გახდა ბრიტანული ფილმი Rai & Liz, რეჟისორი რიჩარდ ბილინგემი, „ვერცხლის გარგარი\" კი გადაეცა კანტემირ ბალაგოვს ფილმისთვის Beanpole (რუსეთი), ხოლო ჟიურის სპაციალური აღნიშვნა ჰასან ფაზილის ფილმმა Midnight Traveller ( აშშ, ბრიტანეთი, ყატარი, კანადა) დაიმსახურა.

სექციაში „რეგიონალური პანორმა\" მონაწილეობას იღებდა ორი ქართული პროდუქცია: თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტები\" და გიგიშა აბაშიძის „მეზობლები\", ფილმები, რომელთა ნახვის საშუალებაც თბილისის მე-19 კინოფესტივალის მაყურებელს ჰქონდა. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყაჯრიშვილის ფილმმა საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი - ფიპრესის დიპლომი დაიმსახურა.

„რეგიონალური მოკლემეტრაჟიანი ფილმების\" კონკურსში, რამდენიმე ქართული ფილმი იყო ჩართული: გიორგი თავართქილაძის „ცუდი ხალხი\", დავით ფირცხალავას „საშლელი\", ნინა ხატიაშვილის No Budget Film). \"ოქროს გარგარი\" აიღო ირანულმა ფილმმა Driving Lessons, რეჟისორი მარზიე რიაჰი, ხოლო „ვერცხლის გარგარი\" ქართველი რეჟისორის რატი წითელაძის ფილმს „სოციუმის პატიმარი\" ხვდა წილად. იმის გამო, რომ ფილმის რეჟისორი არ იმყოფებოდა ფესტივალზე, პრიზის ასაღებად სცენაზე ჩვენი კინოფესტივალის წარმომადგენელი მარიამ ზუბაშვილი მიიწვიეს.

 

 

 

2019-Jul-15
/web/uploads/the-delegation-of-the-film-the-father.jpg

კარლოვი ვარის 54-ე კინოფესტივალი დასრულდა

54-ე კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩეხეთში 6 ივლისს, საზეიმოდ დაიხურა. წლევანდელ ფესტივალს 12521 აკრედიტირებული სტუმარი ჰყავდა, რომელთა შორის 395 კინორეჟისორი, 1158 კინოპროფესიონალი და 605 ჟურნალისტი იყო. ფესტივალზე 139271 ბილეთი გაიყიდა და 9 დღის განმავლობაში, მაყურებელმა 501 სეანსი ნახა.

აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კინოფესტივალი 28 ივნისს გაიხსნა. ფესტივალის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა მისი პრეზიდენტი ირჟი ბარტოშკა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც 54-ე კინოფესტივალის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. გახსნის ცერემონიაზე კინოში შეტანილი წვლილისათვის მსახიობს ჯულიანა მურს ბროლის გლობუსი გადაეცა. „მოხარული ვარ რომ აქ ვარ, ჩემ ქალიშვილთან ერთად, - აღნიშნა მსახიობმა, - ყოველთვის ვეუბნები ჩემს შვილებს, რომ მათ ის უნდა აკეთონ, რაც აინტერესებთ. იღბლიანი ვარ, რადგან მე კინოინდუსტრიამ არამარტო გზა გამიკვალა კარიერაში, არამედ ჩემი მეორე ნახევარი მაპოვნინა.\"

კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო ჯულიანა მურის მეუღლის ბარტ ფრეინდლიხის After the Wedding, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს მური ასრულებს. პირველად ამ ორმა არტისტმა ერთად იმუშავა ფრეინდლიხის სადებიუტო ნამუშევარზე The Myth of Fingerprints (1997) და მას შემდეგ, მსახიობი რეგულარულად ჩნდებოდა მის ფილმებში.

სამი წლის წინ, როდესაც კეისი აფლეკმა ოსკარი აიღო, ის კარლოვი ვარის მსახიობის ამპლუაში ეწვია. წელს კი ფესტივალზე მამისა და ქალიშვილის ურთიერთობაზე გაკეთებული მისი ფილმი Light of My Life იყო ნაჩვენები. თავდაპირველად სცენარი მამისა და ვაჟის ურთიერთობაზე ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა როგორც ფილმის ჩვენების წინ აღნიშნა, დაემორჩილა თავისი შვილების დაჟინებულ მოთხოვნას, არ გაეკეთებინა მათზე ფილმი და ამიტომ, სიუჟეტი მამისა და ქალიშვილის ურთიერთობაზე ააგო. ფილმი ანტიუტოპიურ სამყაროს აღწერს, სადაც თითქმის ყველა ქალი, გაურკვეველ დაავადებას ემსხვერპლება. და ზუსტად ამ დროს, მამაკაცი თავის 11 წლის გოგონასთან სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, დიდ მოგზაურობას იწყებს.

38 დღიანი გადაღებების შემდეგ, ოსკარის მფლობელმა პოლონელმა რეჟისორმა აგნიეშკა ჰოლანდმა კარლოვი ვარიში ფილმი Charlatan წარადგინა, რომლის ოფიციალური პრემიერა 2020 წლის 20 თებერვალს იგეგმება. ფილმი ჩეხეთში გადაიღეს და ის ნამდვილ ამბავს ეფუძნება. ფილმში აღწერილია მკურნალი იან მიკოლასეკის 40 წლიანი ცხოვრება, რომელსაც არასდროს მიუღია სამედიცინო განათლება, თუმცა სამკურნალო ბალახებით უამრავ ავადმყოფს კურნავდა. „სცენარი წავიკითხე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ ის ძალიან ძლიერი იყო. მერე ნელ-ნელა ამ გმირმა ჩემში დაიწყო არსებობა, ვცდილობდი მისი გამეგო,\" - აღნიშნა „ვარიეტესთვის\" მიცემულ ინტერვიუში რეჟისორმა. 

მთავარ საკონკურსო პროგრამაში 12 ფილმი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ფესტივალზე 10-ის მსოფლიო პრემიერა შედგა. წლევანდელ ფესტივალზე გაიმართა ჯიმ ჯარმუშის კანში პრემირებული ფილმის The Dead Dont Die, ჯონა ჰილის ბერლინალეზე ნაჩვენები Mid90s, კარლოს რეიგადასის Our Time, ჯუნ ჰო ბონგის Parasite, ანიეს ვარდას Varda by Agnès, დენი ბოილის Yesterday ჩვენება.


კომიკური სიტუაციებით მოყოლილი ბულგარული დრამა, ფილმი The Father მთავარი საკონკურსო სექციის და 54-ე კარლოვი ვარის კინოფესტივალის მთავარი გამარჯვებული გახდა. ფილმში მოყოლილია შუახნის მამაკაცის ვასილის ისტორია, რომელსაც ცხოვრების პარტნიორი და მეგობარი, მეუღლე ივანკა გარდაეცვლება. დაკრძალვისას ერთ-ერთი ჭირისუფალი მოულოდნელად აცხადებს, რომ გარდაცვლილმა ქალმა მას მობილურზე დაურეკა, რის შემდეგაც ივანკასთან კონტაქტის დასამყარებლად, ვასილი ცნობილ ფსიქიატრთან იწყებს სიარულს. ფილმის რეჟისორები კრისტინა გროზევა და პეტარ ვალჩანოვი არიან. მათ ძველ ნამუშევრებს: „გაკვეთილები\" (2014) და „დიდება\" (2016), კარლოვის ვარის ფესტივალზე „ბროლის გლობუსი\" აქვთ აღებული.


ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა გერმანულ დრამას Lara, რომლის შემსრულებელმა კორინა ჰარფუხმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფესტივალის ჯილდო დაიმსახურა.

სექციის „დასავლეთის აღმოსავლეთი\" გამარჯვებული გახდა ბორის აკოპოვი სადებიუტო ფილმით The Bull, ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზი ანტონიო ლუკიჩის უკრაინულმა ფილმმა My Thoughts are Silent დაიმსახურა.

 

 

 

2019-Jul-08
/web/uploads/1561298247-65056211_2392593497471875_5116843415899734016_n.jpg

„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შანხაის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელია

\"არც ისე ბევრ ფილმს ჰყოფნის იმის გამბედაობა, ისე ღრმად ჩაყვინთოს საზოგადოების ბნელ გამოქვაბულებში, როგორც ამას დიტო ცინცაძე თავის ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე\" ახერხებს. გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, საოცარი სიმარტივითა და ამავე დროს ოსტატურობით აღწერს მაღაროელთა პროვინციული ქალაქის მომაკვდინებელ ცრურწმენებს ნებისმიერი განსხვავებული ადამიანისა თუ მოსაზრებისადმი\", - წერს დიტო ცინცაძის ახალ ფილმზე გამოცემა The Hollywood Reporter-ი.

ფილმი, რომლის პრემიერაც შანხაის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, ფესტივალის მთავარი პრიზის - გრან-პრის მფლობელი გახდა. ამას გარდა, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დაჯილდოვდა მთავარი როლის შემსრულებული სალომე დემურია.

შეგახსენებთ, რომ შანხაის კინოფესტივალი 1993 წლიდან იმართება და დღეს უკვე „ა\" კლასის კინოფესტივალების რიცხვს მიეკუთვნება. შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი წამყვანი კინოფორუმია.

2019-Jul-01
/web/uploads/9e26a5b5534f3a5e8354521f9fc2ac3a.jpg

ქართული კინოს დღეები რომში

16-18 ივნისს რომში ქართული კინოს დღეები გაიმართა. მაყურებელმა, რომის კინოს სახლში სხვადასხვა დროს გადაღებული 5 ქართული ფილმი ნახა. თითოეული მათგანი გამორჩეული ნამუშევარია, რომელთაც თავის დროზე აღიარება მოიპოვეს საერთაშორისო კინოფესტივალებზე:

ზაზა ურუშაძის „მანდარინები\" (ოსკარის ნომინანტი პირველი ქართული ფილმი, 2013)

ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები\" (აბუ-დაბის, ოდესის, სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებული, 2013)

ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები\" (ბრწყინვალედ გადაღებული ალეგორიული კომედია, რომელიც საბჭოთა ბიუროკრატიას დაუპირისპირდა, 1984)

თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე\" (რიგის, კარლოვი-ვარის, თეირანის, ჩიკაგოს კინოფესტივალების მთავარი პრიზისა და იტალიაში, დავიდ დი დონატელოს ჯილდოს მფლობელი საუკეთესო უცხოური ფილმისათვის, 1976)

კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია\" (ფორმალიზმში დადანაშაულებული ავტორის ეს ფილმი, დიდხანს აკრძალული იყო. ქართული კინოექსპრესიონიზმის მშვენიერი მაგალითი, ანტიბიუროკრატიული ფილმია, რომელსაც ქართული კინოს ისტორიაში, თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული, 1929).


ქართული კინოს დღეები კონცერტით გაიხსნა, რომელზეც ცნობილ ქართულ ფილმებში გამოყენებული მუსიკა შესრულდა. ხოლო დახურვაზე, 18 ივნისს კოტე მიქაბერიძის ფილმის „ჩემი ბებია\"-ს ჩვენებამ, ცოცხალი მუსიკალური შესრულებით ჩაიარა, რომელსაც მუსიკოსი რეზო კიკნაძის ტრიო აფორმებდა.

ქართული კინოს სანახავად მოსულ მაყურებელს, საშუალება ჰქონდა დასწრებოდა გამოფენას, სადაც ქართული კინოპოსტერები, ისტორიული ფოტომასალა და წერილების ექსპოზიცია გაიმართა. ექსპონატთა ძირითადი ნაწილი ქართველი და იტალიელი კინემატოგრაფისტების მეგობრობასა და საქმიან თანამშრომლობას შეეხებოდა.

\"ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს არც ისე ადვილია\" - რომის კინოს სახლის ვებ-გვერდზე, ქართული კინოს დღეების ღონისძიებას ფედერიკო ფელინის სიტყვები ჰქონდა წამძღვარებული.

 

2019-Jun-19
/web/uploads/merlin_29543854_a7c1d78e-547e-4073-8bbc-0e98d7ec960f-jumbo.jpg

მშვიდობით, ძვირფასო მაესტრო

ფრანკო ძეფირელი ოპერის, თეატრისა და კინოს რეჟისორი იყო. მუშაობდა საოპერო დადგმებზე, აკეთებდა ფილმებს, თანამშრომლობდა ლუკინო ვისკონტისთან, რობერტო როსელინისთან, ვიტორიო დე სიკასთან. მისი ყველაზე ცნობილი ფილმია 1968 წელს შექსპირის მიხედვით გადაღებული „რომეო და ჯულიეტა\", რომლის ახალგაზრდა გმირების სიყვარულმა წარუშლელი კვალი დატოვა მაყურებელზე და დღემდე, შექსპირის ეკრანიზაციების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ითვლება.

ფრანკო ძეფირელი 96 წლის ასაკში, თავის სახლში გარდაიცვალა.

ფრანკო ძეფირელი იგივე ჯანფრანკო კორსი ძეფირელი 1923 წლის 12 თებერვალს ფლორენციაში დაიბადა. უკანონო ქორწინებაში დაბადებულ ბავშვს, რომლის ორივე მშობელიც დაოჯახებული იყო, ვერც ერთის გვარს ვერ მისცემდნენ. ამიტომ, დედამ ადელაიდა გაროსიმ გადაწყვიტა ბავშვისთვის „ძეფირეტი\" ჩაეწერა დაბადების მოწმობაში, რაც მოცარტის ოპერაში „იდომენეო\"-ში იყო ნახსენები და „პატარა ბრიზს\" ნიშნავდა. თუმცა, ასოების დამარცვლისას დაშვებული შეცდომის გამო ბავშვს გვარად ძეფირელი ჩაუწერეს. „მამაჩემი რაღაც კადრებად მახსოვს, - ჰყვებოდა ფრანკო 2009 წელს „თაიმსისთვის\" მიცემულ ინტერვიუში, - მახსოვს ვიღაც კაცი, ღამ-ღამობით რომ მოდიოდა და მის ჩრდილს დედასთან ერთად, საწოლში ვხედავდი\". დედის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ტუბერკულიოზს ემსხვერპლა, 6 წლის ფრანკო მამის ნათესავებმა გაზარდეს.

არქიტექტურის შესასწავლად ფლორენციის უნივერსიტეტში ჩააბარა. თუმცა, პროფესიული საგნების მაგივრად, ყველაზე მეტ დროს უნივერსიტეტის თეატრალურ ჯგუფში ატარებდა. გერმანიის მიერ იტალიის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ როდესაც ქვეყანა პანიკამ მოიცვა, ფრანკო პარტიზანთა რიგებში ჩაეწერა - ის ბრიტანელი ჯარისკაცების თარჯიმანი გახდა. როგორც ამბობენ, შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, მას შემდეგ რაც მუსოლონის ფაშისტურმა რაზმმა ხელში ჩაიგდო და დაკითხვაზე აღმოჩნდა, მაგიდის ორ მხარეს მსხდომებმა გაარკვიეს - ისინი ერთი კაცის შვილები იყვნენ.

ომის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში მიბრუნებული ლოურენს ოლივიეს დადგმას „ჰენრი V\"-ს ნახულობს და ამით შთაგონებული, თეატრში მიდის სამუშაოდ. ფლორენციაში სცენის მხატვრად მუშაობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი და ლუკინო ვისკონტის ნაცნობობა შედგა, ის რამდენიმე წელს ვისკონტის გვერდით ატარებს. მასთან ერთად ცხოვრობს, მასთან ერთად მუშაობს სცენაზე სადაც კოსტიუმების მხატვარი და სცენის დეკორატორია. მასთან ერთად მუშაობს ფილმებზე, როგორც რეჟისორის ასისტენტი: „მიწა ცახცახებს\", „ყველაზე ლამაზი\" და „გრძნობა\". -„ლუკინომ მაჩვენა კინოსა და თეატრის შემოქმედებითი სამყარო, როგორ უნდა ჩაისახოს იდეა და შემდეგ როგორ უნდა დააკავშირო ეს ყველაფერი კულტურის უკიდეგანო სამყაროსთან\".

მისი ფილმებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები შექსპირის ადაპტაციებია. 1967 წელს ეკრანზე გამოდის „ჭირვეულის მორჯულება\", სადაც მთავარ როლებში რიჩარდ ბარტონი და ელიზაბეტ ტეილორი მონაწილეობენ, თუმცა როგორც ირკვევა, თავდაპირველად ამ როლებზე სოფია ლორენი და მარჩელო მასტროიანი მოიაზრებოდნენ. ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა მის შემდეგ ფილმს, რომელიც ერთ წელიწადში გამოვიდა ეკრანებზე - „რომეო და ჯულიეტა\"; ფილმი, რომელზეც ჟურნალისტი როჯერ ებერტი წერდა - \"მე მჯერა, რომ ფრანკო ძეფირელის „რომეო და ჯულიეტა\" ყველაზე აღმაფრთოვანებელი ფილმია, რომელიც ოდესმე გადაუღიათ შექსპირის მიხედვით\". 80-იან წლებში ფრანკო ძეფირელი რამდენიმე ფილმს აკეთებს, უფრო სწორად ეკრანზე ადაპტირებულ საოპერო დადგმებს, რომელსაც დიდი წარმატებით იღებს მაყურებელი. ამის შემდეგ იყო „ჰამლეტი\" მელ გიბსონით მთავარ როლში და გამორჩეული ნამუშევრები: „ჯეინ ეარი\", „ჩაი მუსოლინისთან ერთად\", „კალასი სამუდამოდ\".


\"მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ოპერა არის პლანეტა, სადაც მუზები ერთად მუშაობენ და ხელიხელჩაკიდებულნი, ხელოვნებას ზეიმობენ\", - ამბობდა ფრანკო ძეფირელი. 1950 წლიდან მოყოლებული 21-ე საუკუნის დასაწყისამდე, ის ინტენსიურად დგამდა სპექტაკლებს, იქნებოდა ეს იტალიასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. სცენზე მისი პირველი მნიშვნელოვანი საოპერო ნამუშევარი ლა სკალასთვის დადგმული ჯიაკინო როსინის „იტალიელი ქალი ალჟირში\" („LItaliana in Algeri\") იყო. შემდეგ დალასში, მარია კალასთან ერთად შექმნილი „ტრავიატა\", ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერისათვის დადგმული - „ტოსკა\", „დონ ჯოვანი\" და „ტურანდოტი\".  

\"ფრანკო ძეფირელი, მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი დიდებული კაცი, დღეს დილით გარდაიცვალა. მშვიდობით, ძვირფასო მაესტრო, ფლორენცია არასდროს დაგივიწყებს,\"- დაწერა 15 ივნისს ფლორენციის მერმა, დარიო ნორდელამ Twitter-ზე.

 

 

2019-Jun-17
/web/uploads/c87117616034c6473869ca731539db3a_thumb.jpg

ქართული ფილმები შანხაის კინოფესტივალზე

15-24 ივნისს შანხაიში 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება. კინოფორუმი 1993 წლიდან იმართება და დღეს უკვე „ა\" კლასის კინოფესტივალების რიცხვს მიეკუთვნება. შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი წამყვანი კინოფორუმია.

წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ქართულ/შვედურ/რუსული კო-პროდუქცია, გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე\", რომლის გადაღებებიც საქართველოში, ჭიათურაში მიმდინარეობდა.

ფილმის მთავარი გმირი 37 წლის ექიმი ირინაა, რომლიც ციხიდან გამოდის და მას თავიდან სჭირდება ცხოვრების დაწყება, მეგობრებში ნდობის მოპოვება. ფილმში მონაწილეობენ: სალომე დემურია, გიორგი ნაკაშიძე, დარეჯან ხარშილაძე, მაკა შალიკაშვილი და სხვები. ფილმის სცენარის ავტორია ნესტან-ნენე კვინიკაძე, ოპერატორი - გოგა დევდარიანი, პროდიუსერი - რუსუდან გლურჯიძე. როგორც რუსუდან გლურჯიძემ „პრაიმთაიმისთვის\" მიცემულ ინტერვუიში აღნიშნა, მათ დიდი იმედი აქვთ რომ პრიზის გარეშე არ დაბრუნდებიან შანხაიდან - „დიდი იმედი მაქვს, რომ ცარიელი ხელით არ ჩამოვალთ, როგორც არ ჩამოდის ბოლო დროის არც ერთ ქართული ფილმი\".

ამავე ფესტივალზე, კინოფესტივალის წარმომადგენლებისა და დისტრიბუტორებისათვის დიტო ცინცაძის კიდევ ერთი ახალი ფილმის ჩვენება გაიმართება - „შინდისი\", რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს. „ეს ფილმი ჩემი სამშობლოს გმირებზეა, მათზე, ვინც თავი გაწირა ჩვენი კეთილდღეობისთვის და სიმშვიდისთვის!\", - აღნიშნა ჯერ კიდევ გადაღებების დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა.

შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელ ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი თურქი რეჟისორი ნური ბილგე ჯეილანი. ფესტივალის მთავარი პრიზის „ოქროს თასის\" მფლობელები კი დახურვაზე, 24 ივნისს გამოვლინდებიან.

 

2019-Jun-11
/web/uploads/62192791_2508860969132823_3484374733791690752_n.jpg

BIAFF-ის პრესკონფერენცია ეროვნულ კინოცენტრში

5 ივნისს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ბათუმის ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე, მენეჯერი ზვიად ელიზიანი და ინდუსტრიული დღეების ორგანიზატორები ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი ესწრებოდნენ.

ბათუმის საავტორო კინოს მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი 15-22 სექტემბერს გაიმართება და მისი ფილმების ძირითადი ნაწილი კინოთეატრ \"აპოლოში\" იქნება ნაჩვენები. ამ ეტაპზე უცნობია ფესტივალის სრული პროგრამა, რადგან მისი შედგენის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საკონკურსო თუ სხვა სექციებში წარმოდგენილი ფილმების სრული სია ეტაპობრივად, აგვისტოდან გახდება მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი.

თუმცა, უკვე ცნობილია რომ ფესტივალზე გაიმართება გიორგი თავართქილაძის არაერთ ფესტივალზე პრიზირებული მხატვრული ფილმის \"ცუდი ხალხის\" ქართული პრემიერა. ასევე ნაჩვენები იქნება ქშიშტოფ ზანუსის \"ETER\", რომელსაც რეჟისორი თავად წარადგენს. წელს ბათუმის ფესტივალზე ელოდებიან ცნობილ ამერიკელ სცენარისტსა და რეჟისორს პოლ შრედერს, რომელსაც კინოში შეტანილი წვლილისათვის საპატიო ჯილდო უნდა გადაეცეს. მეორე საპატიო ჯილდოს კი ფესტივალი ბათუმელ მსახიობსა და კინემატოგრაფისტს მანუჩარ შერვაშიძეს გადასცემს.

ბიაფის ექო - ეს ბათუმის კინოფესტივალის ახალი პროგრამაა, რომელიც გულისხმობს აჭარის მაღალმთიან რეგიონში კინოჩენებების გამართვას. ფესტივალის დაწყებამდე, ჯერ კიდევ ივლისი-აგვისტოს მონაკვეთში ღია კინოჩვენებები გაიმართება ქობულეთსა და ბათუმში, ხოლო ოქტომბერში მაყურებელი ფილმებს ნახავს ხულოში, შუახევსა და ქედაში შეძლებს. აქ დახურული ჩვენებებისთვის სპეციალურად დამონტაჟდება დიდი ზომის ეკრანები.

ტრადიციულად, ბათუმის კინოფესტივალზე წარმოდგენილი მხატვრული, დოკუმენტური თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმები შემდეგ სექციებში იქნება ნაჩვენები: საკონკურსო პროგრამა (მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები), დიდოსტათა კოლექცია, ქართული პანორამა და სპეციალური ჩვენებები.

ფესტივალი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს ინდუსტრიულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მასტერკლასები და უორქშოფები იმართება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წლიდან იმართება ქ.ბათუმის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და აჭარის კულტურის სამინისტროს დახმარებით.

 

2019-Jun-10
/web/uploads/rexfeatures_10235956j.jpg

კანის “ოქროს პალმის რტო” ისევ აზიაში მიდის

წლევანდელი კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში 19 ფილმი იღებდა მონაწილეობას და სანუკვარი \"ოქროს პალმის რტოს\" მოპოვებაში ერთმანეთს ისეთი რეჟისორები ეცილებოდნენ, როგორებიც არიან: ჯიმ ჯარმუში, კენ ლოუჩი, პედრო ალმოდოვარი, ძმები დარდენები. თუმცა უკვე მეორე წელია კინო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ჯილდო \"ოქროს პალმის რტო\" აზიურ ფილმს ხვდება წილად. თუ შარშან, ფესტივალის ტრიუმფატორი იაპონელი რეჟისორის ჰიროკაძუ კორეედას \"Shoplifters\" (\"წვრილმანი მძარცველები\") იყო, წელს მთავარი პრიზის მფლობელი კორეელი რეჟისორის ჯუნ ჰო ბონგის ფილმი \"Parasite\" (\"პარაზიტი\") გახდა. ფილმის სეანსი აპლოდისმენტების თანხმლებით მიმდინარეობდა და ჩვენებიდან გამოსული მაყურებელი, აღტაცებას ვერ მალავდა ეკრანზე გათამაშებული კორეული ტრაგიკომედიის გამო.

\"ჩვენ ყველამ გავიზიარეთ ის მისტიკა, რომელიც ფილმიდან მოდიოდა და რომლის ყურებისას, სხვადასხვა კინოჟანრები იუმორით \"მოვიარეთ\". აქ ყველაფერი, ყოველგვარი შეფასებების გარეშე კეთდება! ყველანი მოვიხიბლეთ ამ ფილმით და რაც უფრო გადიოდა დრო, ეს გრძნობა სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. ამიტომაც, ჟიურის მხრიდან ამ ფილმის გამარჯვება ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო\", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე წლევანდელი ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ. \"პარაზიტი\" ეს არის ამბავი სოციალურად განსხვავებულ ორ ოჯახზე: მდიდრებსა და ღარიბებზე, რომელიც საოცარი იუმორითა და ამავე დროს ტრაგედიით, ძალზედ სახასიათო, დასამახსოვრებელი პერსონაჟებითაა მოყოლილი.  

37 წლიანი სამსახიობო კარიერის შემდეგ ანტონიო ბანდერასმა უდაოდ დაიმსახურა კანის პრიზი. საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ის ალმოდოვარის ნახევრად ბიოგრაფიულ ფილმში \"Pain And Glory\" (\"ტკივილი და დიდება\") დაჯილდოვდა. სცენაზე ასულმა ანტონიომ პრიზი პედროს მიუძღვნა და დაამატა - \"ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ წითელ ხალიჩაზე ვცხოვრობთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ მსახიობები ბევრს ვიტანჯებით, ბევრს ვწირავთ და რა თქმა უნდა, ბევრ ტკივილს განვიცდით. მაგრამ ამას თან ახლავს დიდებაც და დღეს, ჩემი დიდების ღამეა\".

კანის ფავორიტ რეჟისორებს ძმებ დარდენებს \"ოქროს პალმის რტო\" ორჯერ აქვთ მოგებული ფილმებით: \"Rosetta\" (\"როზეტა\") და \"LEnfant\" (\"ბავშვი\"). წელს მათ ფილმზე \"Yound Ahmed\" (\"ახალგაზრდა აჰმედი\") ლამის ყველა და ყველგან საუბრობდა. ფილმის გმირი მუსლიმი თინეიჯერია, რომელიც თანამედროვე ბელგიაში ცხოვრობს და მას შემდეგ, რაც მას რადიკალი იმამი \"დაამუშავებს\", ის საკუთარი მასწავლებელის მოკვლას ცდილობს. თინეიჯერულ თუ რელიგიურ ამბოხზე შექმნილი დარდენების სურათი ფესტივალის გამარჯვებული გახდა, როგორც \"საუკეთესო რეჟისორული\" ნამუშევარი.

სამწუხაროდ, წლევანდელ კანის კინოფესტივალზე უპრიზოდ დარჩა ჯიმ ჯარმუშის ზომბი-კომედია \"The Dead Dont Die\" (\"მკვდრები არ კვდებიან\"), რომელსაც დარწმუნებული ვარ დიდი ინტერესით ელოდება ქართველი მაყურებელი.

ასევე, უპრიზოდ დატოვეს 82 წლის კენ ლოუჩი, რომელსაც \"ოქროს პალმის რტო\" მიღებული აქვს ფილმებისთვის: \"The Wind that Shakes the Barley\" (\"ქარი, რომელიც ქერს არხევს\") და \"I, Daniel Blake\" (\"მე, დენიელ ბლეიკი\"). ამ უკანასკნელმა ფილმმა, მისი მძაფრი სოციალური თემატიკის გამო ეკრანებზე გამოსვლის დღიდან დიდი ყურადღება მიიქცია დიდ ბრიტანეთში და უმალ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. წელს კი კანში მისი ბოლო ნამუშევარი, რა თქმა უნდა ისევ სოციალურ თემაზე შექმნილი ფილმი იყო ნაჩვენები - \"Sorry We Missed You\". რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ, სახლში გემრიელად მოკალათებულები, ონლაინ ვყიდულოთ პროდუქციას და შემდეგ კურიერს ველით. რა ხდება ამ დროს კურიერთან, რა გზას გადის ის, როგორია ანდა ვინ არის ის საერთოდ? ლოუჩის ობიექტივში ამჯერად მიტანის სერვისის მძღოლი მოექცა, რომლის ყოველდღიურობას, მისი პატარა ოჯახის წევრების ცხოვრების სურათები ემატება და მძაფრი სოციალური დრამა ეკრანზე ცოცხლდება.

 

კანის 72-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზები ასე გადანაწილდა:

 

  • \"ოქროს პალმის რტო\" - ჯუნ ჰო ბონგის \"Parasite\"
  • \"საუკეთესო რეჟისურა\" - ძმები დარდენების \"Young Ahmed\"
  • \"ჟიურის გრან-პრი\" - სენეგალელი რეჟისორის მატი დიოპის \"Atlantics\"
  • \"ჟიურის სპეციალური ჯილდო\" - ლაჯ ლის \"Les Misérables\" და კლებერ მენდოსა ფილიუს \"Bacurau\"
  • \"საუკეთესო სცენარი\" - სელინ შიამას \"Portrait of a Lady on Fire\"
  • \"საუკეთესო მსახიობი მამაკაცი\" - ანტონიო ბანდერასი ფილმში \"Pain and Glory\"
  • \"საუკეთესო მსახიობი ქალი\" - ემილი ბიჩემი ფილმში \"Little Joe\"
  • \"საუკეთესო დებიუტი\" - ცეზარ დიასი \"Our Mothers\".

 

 

 

 

 

 

 

 

2019-May-27
/web/uploads/saturday-0668-1.jpg

72-ე კანის კინოფესტივალი და ლევან აკინის წარმატებული პრემიერა

\"დამთხვევაა რომ ფილმის პრემიერა 17 მაისს იმართება?\" - ეკითხება კანის კინოფესტივალზე, ინტერვიუს დროს „რადიო თავისუფლების\" ჟურნალისტი გოგი გვახარია ლევან აკინს, ქართული წარმოშობის შვედ რეჟისორს. „არა, მთლად დამთხვევა არაა\", - პასუხობს ლევანი, „ჩვენ ვთხოვეთ ფესტივალის ორგანიზატორებს, რომ თუკი იქნებოდა ამის საშუალება, ფილმის პრემიერა ზუსტად 17 მაისს გამართულიყო. ასეც მოხდა\".

72-ე კანის კინოფესტივალზე სექციაში „რეჟისორების ორკვირეული\" ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ\" იყო ნაჩვენები. სექციის 25 ნამუშევარს შორის წარმოდგენილი აკინის ფილმის პოსტერი, ჟურნალი SCREEN-ის ყდაზე იყო დაბეჭდილი. ფილმის პრემიერას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფესტივალზე. გრძელ აპლოდისმენტებს კი - დადებითი რეცენზიები პრესაში: „Indie Wire\", „The Hollywood Reporter\", \"Screen Daily\", \"Liberation\" და სხვა. რა თქმა უნდა, ფილმის წარმატებული პრემიერა არ გამოჰპარვიათ იმ ქართველ ჟურნალისტებსაც, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალს ლაჟვარდოვანი სანაპიროდან აშუქებენ.

ლევან აკინი შვედური კინოს ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია. ის რამდენიმე წარმატებული ფილმის და ტელესერიალის ავტორია. 2011 წელს სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა მისი ფილმის \"კატინკას წვეულება\" (\"Katinkas kalas\") ჩვენება, რომელსაც პრესაში დადებითი შეფასებები მოჰყვა. თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „უკანასკნელი საქმე\" (\"De sista sakerna\"), რომელმაც 2008 წელს ჰამბურგის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მთავარი ჯილდო მოიპოვა. აკინის ფილმები საკუთარი თავის ძიების, კულტურათა შეჯახებისა და კლასობრივი განსხვავებების თემებს ეხება.

როგორც ლევანი ამბობს, „და ჩვენ ვიცეკვეთ\" არ არის გეი ფილმი. ეს არის ფილმი იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ახალგზრდა და გინდოდეს საკუთარი თავის შეცნობა. გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს ტრადიციები. \"მგონია რომ ქართველი და ევროპელი მაყურებელი სხვადასხვანაირად შეხედავს ამ ფილმს. ქართველმა მაყურებელმა შეიძლება სხვა შრეები დაინახოს მასში. ეს ფილმი ჩემთვის ერთგვარი სასიყვარულო წერილია საქართველოსადმი\". როგორც თავად ამბობს, ამ ფილმით თითქოს უკან, თავის ფესვებთან დაბრუნდა. ამბავში, სადაც ფილმის გმირების ცხოვრება და ქვეყნაში არსებული სიტუაცია ერთმანეთში იხლართება. სადაც ოკუპაცია, ნარკოპოლიტიკა და სოციალური ფონი ერთ მთლიან სურათს ქმნის. ეს ფილმი თავისუფლებაზეა. თავისუფლებაზე, რომელიც ასე გვჭირდება თითოეულს. „როდესაც ვნახე თუ როგორ ივაჟკაცეს 2013 წელს ახალგაზრებმა, რომელთაც ეკლესიის წარმომადგენლებმა ვეებერთელა ბრბო მიუქსიეს, მივხვდი, რომ საჭირო იყო ამ თემაზე რამის გაკეთება\".

ფილმის მთავარი გმირია მერაბი (ლევან გელბახიანი), ქართული ცეკვის ანსამბლის წევრი. მარი (ანა ჯავახიშვილი) მისი მეწყვილე და შეყვარებულია, ისინი ხომ 10 წლიდან ერთად დადიან ცეკვაზე. მოცეკვავეები იყვნენ მერაბის ბებიაც და მამაც, რომელიც ოჯახისთვის ფულის საშოვნელად მანქანების მეორადი ნაწილების გაყიდვაშია ჩართული. მერაბის ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც ანსამბლში ახალი წევრი - ირაკლი (ბაჩი ვალიშვილი) მოდის. ორს შორის მეტოქეობა იწყება, რომელიც ბოლოს თამამ სასიყვარულო სცენებში გადადის.

„საქართველოდან მხარდაჭერა არ მიგვიღია. თანადგომა კი არა, საბოტაჟიც კი მოგვიწყვეს იმ ხალხმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც ფულს იღებენ ევროკავშირის უწყებებისგან და ფონდებისგან და წესით, მხარს უნდა უჭერდნენ დემოკრატიას. მათ უბრალოს გვითხრეს - წადით, თქვენი...\" - ჰყვება ინტერვიუში რეჟისორი. როგორც ირკვევა, მუშაობის პროცესში ფილმის გადამღებ ჯგუფს ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა. გარდა იმისა, რომ სიუჟეტის გამო ბევრმა ადამიანმა უარი თქვა მათთან თანამშრომლობაზე, ბევრი გადასაღები ლოკაციაც დაიბლოკა. საინტერესოა, რომ ფილმში მონაწილეობაზე რამდენჯერმე განაცხადა უარი მისი მთავარი როლის შემსრულებელმა ლევან გელბახიანმა (რომლის კარგი თამაშიც არაერთხელ აღინიშნა უცხოურ პრესაში): „არ იყო მარტივი ასეთ ფილმში და თანაც ესეთ როლზე დათანხმება. ჩემს უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ვისაც ბევრ უსიამოვნო კითხვაზე მოუწევდა პასუხის გაცემა. ჩვენი საზოგადოებიდან გამომდინარე, სადაც სიძულვილი და ძალადობა თითქმის ყოველდღიურობად იქცა, ჩემი უსაფრთხოებაც განხილვის თემა გახდა. გამუდმებით ვუსვამდი ჩემს თავს ერთ კითხვას - გადავრჩები, თუ არ გადავრჩები? მაგრამ, მივხვდი, რომ ეს იყო შანსი, თანაც არა მხოლოდ როგორც კარიერული წინსვლის, არამედ როგორც იმ პრობლემებზე სასაუბროდ, რომელიც საქართველოში არსებობს\", - ჰყვებოდა მსახიობი „სინემანიასთვის\" მიცემულ ინტერვიუში.

ოპერატორული ნამუშევარი და მთავარი როლის შემსრულებლის შთამბეჭდავი თამაში არ გამოჰპარვია \"Awards Daily\"-ის ჟურნალისტს, რომელმაც დაწერა: „ლისაბი ფრიდელის ოპერატორული ნამუშევარი არამხოლოდ ქართული ცეკვის გასაოცარ რიტმს და ენერგიას, არამედ აღბეჭდავს კავკასიის მეტროპოლისის თანამედროვე ცხოვრებას. გელბახიანის შესრულება მშვენიერია, ის შთამბეჭდავად გადმოსცემს თავისი გმირის სახეს, რთული ცეკვის ილეთების თუ მისტიკური, აღმაფრთოვანებელი და ამავე დროს დამანგრეველი პირველი სიყვარულის ჩვენებისას. ქვიარ ფილმები ისეთი პოპულარული გახდა ამ ბოლო წლებში, რომ ზოგჯერ გვგონია - ეს ხომ უკვე ნანახი მაქვს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ფილმები, რომლებიც ადამიანების გამოცდილებაზე მოგვიყვება და დაგვეხმარება წარმოვიდგინოთ თუ რას გრძნობენ, როგორ გადიან ადამიანები ბრძოლის იგივე გზებს სხვადასხვა კონტინენტებსა და კულტურებში. სწორედ ამიტომ „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ\" თანაგრძნობით სავსე, საჭირო ფილმია\".

\"Screen Daily\"-მ კი მიმოიხილა ფილმის თემატიკა და ხაზი გაუსვა მას: „ქართული ცეკვა მარტო კოდიფიცირებული და მასკულინური კი არ არის, არამედ როგორც მას ცეკვის მასწავლებელი ეძახის „ის, ერის სულია\". იმ ერის, რომელსაც ნული ტოლერანტობა გააჩნია ჰომოსექსუალების მიმართ\".

„მეშინოდა, რომ \"და ჩვენ ვიცეკვეთ\" გაიზიარებდა კანში ბედს ქართულ-ამერიკული ფილმისა \"აგვისტოს 5 დღე\", უსაშველოდ პრიმიტიული სპეკულაციისა, რომელიც დღეს, მგონი, აღარც არავის ახსოვს\" - წერს „რადიო თავისუფლების\" ვებ-გვერდზე კინომცოდნე გოგი გვახარია, - \"აქაც ძალიან დიდი იყო საშიშროება საქართველოში დღითი დღე გაძლიერებული და დაუსჯელი ჰომოფობიით სპეკულაციისა, მაყურებლის - განსაკუთრებით, დასავლელი მაყურებლის - გრძნობებზე თამაშისა, ახალი მითების შექმნისა \"ველურ ქართველებზე\", რომლებიც ჩოხებისა და ხმლების კულტურიდან ვერა და ვერ გამოდიან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ \"და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ\" არის ფილმი, რომელშიც ჰომოფობია სულაც არაა მთავარი თემა, უფრო სწორად, ერთადერთი თემა. აღმოჩნდა, რომ ლევან აკინმა გადაიღო ფილმი დროზე, მე ვიტყოდი \"გარდამავალ დროზე\", როცა ძველი და ახალი არა მარტო ებრძვის ერთმანეთს, არამედ ერთმანეთში შეღწევასაც ცდილობს; როცა ახალგაზრდები ტრადიციული კულტურის ნგრევის ნაცვლად ამ კულტურის წიაღში შეღწევას, ამ კულტურის გაცოცხლებას ცდილობენ. კი, რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგობას უწევენ, რა თქმა უნდა, მათ სცემენ, ემუქრებიან, ქვეყნიდან წასვლას ურჩევენ, მაგრამ ახალგაზრდები მაინც ცეკვავენ. თან ბევრად უკეთესად ფლობენ თავიანთ სხეულს, ვიდრე ისინი, ვინც ძველისკენ, მომაკვდავისკენ ექაჩება\".

ლევან აკინის ფილმის ჩვენება საქართველოშიც შედგება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია როდის გაიმართება მისი პრემიერა.

 

 

2019-May-21
/web/uploads/cannes-film-festival-1962-elke-sommer.jpg

მოკლედ კანის 72-ე კინოფესტივალზე

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორიიდან:

მას შემდეგ, რაც 1938 წელს ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ჯილდო ლენი რიფენშტალის „ოლიმპიამ\" დაიმსახურა, პროტესტის ნიშნად ამერიკული და ბრიტანული დელეგაციის წევრებმა კინოფორუმი ხმაურიანად დატოვეს. ფრანგულმა მხარემ კი გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი კინოფესტივალი, რომელსაც დამოუკიდებელი ჟიური ეყოლებოდა. კანის პირველი კინოფესტივალი 1939 წელს უნდა ჩატარებულიყო. მისი ჟიურის დავჯდომარე კი ლუი ლუმიერი იყო. თუმცა, იმ წელს ფესტივალის გახსნა მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო ჩაიშალა. კანის კინოფესტივალის პირველი გამოშვება 1946 წელს გაიმართა.

კანის 72-ე ფესტივალის ჟიური:

„კანის კინოფესტივალი ჩემთვის ყოველთვის ძალზედ მნიშვნლოვანი ფესტივალი იყო. აღფრთოვანებული ვარ, რომ წელს პატივი მხვდა წილად ვიყო საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტი. კინო პლანეტის ვენებში მიედინება და ეს ფესტივალი, მისი გულია\", - აღნიშნა მექსიკელმა რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ მას შემდეგ, რაც ის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტად დასახელდა.
„ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ალეხანდრო ინიარიტუ ჟიურიში მონაწილეობაზე თანხმდება. კანის კინოფესტივალისთვის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მას ლათინო ამერიკელი რეჟისორი უხელმძღვანელებს - სიამაყით აღნიშნა ტიერი ფრემომ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

ინიარიტუსთან ერთად მისი წევრებს შორის არიან 2018 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმის „ბედნიერი ლაზარე\" რეჟისორი ალიჩე რორვახერი (ფილმი ნაჩვენები იყო თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე), რობინ კამპილო (რომელიც 2013 წელს სტუმრობდა ჩვენს ფესტივალს. ხოლო 2017 წელს მისმა ფილმმა „120 დარტყმა წუთში\" კანის მთავარი პრიზი მოიგო), იორგოს ლანთიმოსი (უდაოდ გემახსოვრებათ შარშან ჩვენი კინოფესტივალის დახურვაზე ნაჩვენები მისი „ფავორიტი\") და პაველ პავლიკოვსკი (მისი ფილმი „ცივი ომი\" ასევე ნაჩვენები იყო თბილისის მე-19 ფესტივალზე).

ის, რაც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს:

წელს კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ ბრუნდება ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი \"თეთრი ქარავანი\", რომელიც ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 1964 წელს იყო წარმოდგენილი, თუმცა მაშინ „ოქროს პალმის რტო\" ჟაკ დემის „შერბურგის ქოლგებმა\" დაიმსახურა. \"თეთრი ქარავანი\" სექციაში „კანის კინოკლასიკა\" იქნება ნაჩვენები.

ჟანა მოროს, ვუდი ალენის, ბერნარდო ბერტოლუჩის, ჯეინ ფონდასა და კლინტ ისტვუდის შემდეგ, ფესტივალის საპატიო „ოქროს პალმის რტო\" კინოში შეტანილი წვლილისათვის ალენ დელონს გადაეცემა.

ამ პოსტერზე 26 წლის ანიეს ვარდა თავის პირველ ფილმს იღებს. ტექსნიკოსის მხრებზე შემომდგარი, კამერის პატარა ჭუჭრუტანაში იყურება. სიმბოლურია, რომ 1955 წელს გამოსული მისი პირველი ფილმი „La Pointe Courte\", სწორედ კანში აჩვენეს. მისი ფილმები 13-ჯერ იყო წარდგენილი კანის მთავარ საკონკურსო პროგრამაში. 2005 და 2013 წლებში კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო, ხოლო 2015 წელს საპატიო „ოქროს პალმს რტო\" მიიღო. რეჟისორი ანიეს ვარდა 2019 წლის 29 მარტს გარდაიცვალა.

წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის And Then We Danced მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება. მისი ფილმი სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული\" (Directors fortnight). ფილმში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ასრულებენ.

და რა თქმა უნდა კვენტინ ტარანტინო! მართალია „ერთხელ ჰოლივუდში\" (Once Upon a Time in Hollywood) ვერ მოხვდა საკონკურსო პროგრამაში, როგორც ამბობობენ ამის მიზეზი დროის სიმცირე იყო, თუმცა რეჟისორმა ფილმის დასრულება მაინც მოასწრო და მის პრემიერა კანში მაინც შედგება. ჰოლივუდში განვითარებულ ტარანტინოს ისტორიაში ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, მარგო რობი, ალ პაჩინო, კურტ რასელი და ტიმ როთი თამაშობენ.

„სილვესტერ სტალონე წელს კანში იქნება!\" - იუწყება კანის ოფიციალური ვებ-გვერდი. „ის ხომ არასდროს რჩება შეუმჩნეველი წითელ ხალიჩაზე\" - წერენ მასზე ფრანგი კინოკრიტიკოსები. როგორც აღმოჩნდა, წელს კანის კინოფესტივალზე შეკრებილ მაყურებელს უკან, ბავშვობაში გადავარდნა ემუქრება - 72-ე ფესტივალზე ხომ სტალონეს საკულტო ნამუშევრის „რემბოს\" ახალი სერიის ჩვენება გაიმართება -Rambo V - Last Blood.

გახსნის ფილმის შესახებ:

ფესტივალი 14 მაისს ჯიმ ჯარმუშის საკონკურსო ფილმით „მკვდრები არ კვდებიან\" (The Dead Dont Die) გაიხსნება. მაყურებელს შთამბეჭდავი სამსახიობო დასი და ზომბი-კომედიის ჯარმუშისეული ვერსია ელის, სადაც პოლიციელები: ბილ მიურეი და ადამ დრაივერი, სამურაის ხმლით მებრძოლი ტილდა სუინტონი, ზომბი იგი პოპი, სტიმ ბუშემი, სელენა გომეზი და ტომ უეიტსი მონაწილეობენ. როგორც ფილმის ტრეილერიდან ირკვევა, ჯარმუშის პატარა ქალაქში ყველაფერი მთლად კარგად ვერაა. მთვარე უფრო დიდია და ცოტა ქვემოთაცაა ჩამოშვებული, დღის განმავლობაში დღის შუქი სულ უფრო და უფრო იკლებს და ცხოველებიც უჩვეულოდ იწყებენ ქცევას; ახალი ამბებში საშინელ სიუჟეტებს გადმოსცემენ და მეცნიერები შეშფოთებულები ჩანან. სინამდვილეში, მკვდრები არ კვდებიან თურმე! ისინი საკუთარი საფლავებიდან დგებიან და ცოცხლებზე შეტევას იწყებენ!

მთავარი საკონკურსო პროგრამა:

მთავარ კონკურსში 19 ფილმია წარმოდგენილი:
ჯიმ ჯარმუშის The Dead Dont Die
პედრო ალმოდოვარის Dolor y Gloria (Pain and Glory)
მარკო ბელოკიოს Il Traditore (The Traitor)
დიაო ინანის The Wild Goose Lake
ჯუნ-ჰო ბონგის Gisaengchung (Parasite)
ჟან-პიერ და ლუკ დარდენების Le Jeune Ahmed (Yound Ahmed)
არნო დეპლეშინის Roubaix, Une Lumière (Oh Mercy!)
მატი დიოპის Atlantique
ქსავიე დოლანის Matthias et Maxime (Matthias and Maxime)
ჯესიკა ჰაუსნერის Little Joe
კენ ლოუჩის Sorry We Missed You
ლაჯ ლის Les Misérables
ტერენს მალიკის A Hidden Life
კლებერ მენდოსა ფილიუს Bacurau
კორნელიუ პორომბოუს La Gomera (The Whistlers)
ირა საჩის Frankie
სელინ სკიამას Portrait de la Jeune Fille en Feu
ელია სულეიმანის It Must Be Heaven
ჟუსტინ ტრიეს Sibyl

ცივი უარი „ნეტფლიქს\":

კინოკომპანია „ნეტფლიქსის\" ფილმები ოფიციალურად აკრძალულია კანში. \"ფილმები, რომლებიც \"ნეტფლიქსის\" ფულით არის გადაღებული, არასდროს იქნება ნაჩვენები კანის ფესტივალის კონკურსში\" - გაიძახოდნენ შარშან ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც ასე ცდილობენ დაუპირისპირდნენ სატელევიზიო ინდუსტრიას. სწორედ ამიტომ მოხდა რომ „ნეტფლიქსის\" გამორჩეული პროდუქტი - ალფონსო კუარონის „რომა\" ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს 2018 წელს. სავარაუდოდ, იგივე მიზეზის გამო არ მოხვდა კანის წლევანდელ პროგრამაში მარტინ სკორსეზეს დრამა The Irishman და სტივენ სოდერბერგის The Laundromat.

 

 

 

 

 

 

 

2019-May-14